გაიცანი და აღმოაჩინე საქართველო!

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის მასშტაბური აქცია დაიწყო

“გაიცანი საქართველო”
გიმოგზაურიათ საკუთარ ქვეყანაში? იცნობთ კარგად საქართველოს? სამეგრელო, გურია, აჭარა, იმერეთი, სვანეთი, ხევსურეთი თუშეთი, კახეთი…- არჩევანი ხომ საკმაოდ დიდია… ყველა გემოვნებისა და ხასიათის ადამიანს რომ ერგება… გართობა თუ დასვენება? – და თან ოთხივე სეზონის განმავლობაში! სამწუხაროა, მაგრამ რეალობაა, რომ საკუთარ ქვეყანა კარგად ბევრ ქართველს არ აქვს შემოვლილი.
სწორედ ამიტომ, აქციის “გაიცანი საქართველო” ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კამპანია დაიწყო – უკვე დამზაადა ვიდეორგოლები, რომელშიც ბევრი ცნობილი სახე მონაწილეობს. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საქართველოს კუთხეებზე საუბრით მოუწოდებენ მოსახლეობას, იმოგზაურონ ქვეყნის მასშტაბით და დაუვიწყარი დასვენება მოიწყონ.

ნინო სუხიშვილი (ნაციონალურ ბალეტ `სუხიშვილების~ ხელმძღვანელი): `შიდა ტურიზმის განვითარება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ანსამბლმა `სუხიშვილებმა~ ახლახან გასტროლებით ექვსი რეგიონი მოიარა. უცნაურია, რომ ჩემი ანსამბლის წევრთა დიდ ნაწილს მსოფლიო აქვთ შემოვლილი და სამშობლოს კუთხეებზე წარმოდგენაც კი არ გააჩნიათ… აუცილებელია, ყველა ქართველმა ნახოს თავისი სამშობლო! ანსამბლის მოცეკვავეებს ნანახი აქვთ აფრიკის იმედის კონცხი, მექსიკური პირამიდები, და ამ დროს, ვარძიაში არ არიან ნამყოფი…~

`გვინდა, ჩვენი მოწოდება მთელ ქალაქს ვირუსივით მოედოს, რომ რეგიონებში მოგზაურობის სურვილი გაჩნდეს. შეიძლება ადამიანებს არც ახსოვდეთ, არც ჰქონდეთ დაგეგმილი საქართველოში მოგზაურობა, მაგრამ ჩვენი აქტიურობის მეშვეობით, მშობლიური ქვეყნის კურორტებზე დასვენებისთვის სტიმული გაუჩნდეთ~, – ამბობენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

რეზო გიგინეიშვილი (რეჟისორი): “მოსკოვში ვცხოვრობ და მუდმივად მაქვს საქართველოს ნოსტალგია. მონატრებული ჩამოვდიოდი სამშობლოში და აქამდე ჩემი ვიზიტი შემოიფარგლებოდა თბილისით, ჩემი მეგობრებით, რესტორნებით და ა.შ. საბედნიეროდ, მოხდა ისე, რომ აქ მომიწია ფილმის გადაღებამ, რომელიც თითქმის მთელ საქართველოში მიმდინარეობდა. ბედნიერი ვარ, რომ ვნახე ჩემი ქვეყანა, რომელიც მარტო თბილისი და ქუთაისი არ არის! ამიტომ ბევრი უნდა ვიმოგზაუროთ!

ქარელთან ახლოს, არის ყინწვისის მონასტერი, სადაც ვნახე ფრესკა, რომელმაც ყველა მოლოდინს გადააჭარბა. წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იქ ამ საოცრებას ვნახავდი. ჩემი აზრით, ვიხილე შედევრი და მინდა ეს შთაბეჭდილება სხვებსაც გავუზიარო. წაბრძანდით და ნუ დაიზარებთ, ნახეთ ჩვენი ქვეყანა!”

ზურაბ ინგოროყვა (მსახიობი): “ბევრჯერ მსმენია, რომ საქართველო ძალიან ლამაზია. მე კიდევ ერთხელ ვკითხულობ: სად ხარ ნამყოფი? ალბათ, ზოგი იტყვის, რომ თელავში, ბათუმში, ქუთაისში და ა.შ. ბევრს სამშობლოს კუთხეები არ უნახავს და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ამიტომ, უპირველესად, მივმართავ ქართველებს, რომ ნახონ თავიანთი სამშობლო, ულამაზესი ქვეყანა! მე, პირადად, საქართველო სამჯერ მაინც მაქვს ფეხით შემოვლილი. ამ ქვეყნის შვილი თუ ხარ, უპირველესად, შენი ქვეყანა უნდა ნახო”.

კომენტარები

კომენტარი