ეკოლიტერატურა

ეკოლიტერატურა

შეიძლება ერთი შეხედვით ასეც ჩანს, რომ ეკოლიტერატურა არ არსებობს. არსებობს ლიტერატურა უმბერტო ეკოთი. ითქვას სიმართლე: თუ რომელიღაც სპეციფიკურ წიგნებს არ დავძებნით, მეორე შეხედვითაც ძნელია ამ საქმის გახსნა. აი, მესამე შეხედვით კი, მიხვდებით იმას, რაც სასკოლო სახელმძღვანელოების გავლენით, პირველსავე შეხედვაზე უნდა გეგრძნოთ – ვაჟა-ფშაველა! თუმცა, მესმის თქვენი. „ვაჟა ბუნების მგოსანია“ და მსგავს შაბლონურ გამოთქმებს გაურბიხართ. და მართალიც ბრძანდებით. ვაჟა ის კაცია, რომელიც რომ შიგნიდან უყურებს ბუნებას, მთების ფიქრიდან, ნისლიდან.

აი, ისიც: „ბუნება ღვთაებრივი ჰარმონიის გამოვლინებაა, ადამიანი კი – ამ ჰარმონიის ნაწილი და როგორც არ უნდა იყოს მისი საამწუთიერო ინტერესები, იგი საბოლოოდ განწირული იქნება, თუ ბუნების გრძნეულ ენას არ მიუგდებს ყურს, მის უხილავ სულიერებას არ ირწმენს და მის ტკივილს არ გაიზიარებს“. ვაჟა ამ ტკივილს მისდევდა. ჩვენ ყველამ ვიცით „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და „ია“. ჩემთვის ეკოლიტერატურა სწორედაც რომ ესაა – არადეკლარირებული ენით ნათქვამი დეკლარაცია, მანიფესტი. გნებავთ, პროტესტიც კი.

ცხადია, „გველისმჭამელი“ ღრმა შრეების პოემაა, მაგრამ მისი ერთ-ერთი რაკურსი, რაოდენ ბანალურად და სწორხაზოვნადაც უნდა გეჩვენოთ – ბუნების დაცვაცაა. ნუ შეგვაშინებს მაღალ პოეზიასთან ამ სიტყვების გამოყენება. ის, რომ ვაჟა ბუნების პერსონიფიცირებას მიმართავდა, ნაცადი ხერხია და ეს გენიოსს შესანიშნავად გამოსდიოდა. ტკივილის შეგრძნების დანახვა ხეებში, მცენარეებში, ცხოველებში და კლდეშიც კი, წამკითხველს სხვა „მუხრუჭს“ კარნახობს. „ხმელი წიფელი“ ერთგვარი ქრესტომათიაა ამ მხრივ.

მოკლედ, ვაჟა წაიკითხეთ.

ისე, ესეც მახსოვს:
ახალი წლის მზადების ღამეები სხვა მაგიაა. იგივენი და უფრო მძლავრად დანთებული ღუმელი. მოკოწიწებული ფულით შეგროვებული მასალით, ნამცხვრის ცხობის პროლოგი. სიკვდილმისჯილთა საკნიდან ქათმის შეგუებული დუმილი. და კედელზე შარშანდელი, შარშანწინდელი, იმისწინდელი საახალწლო პლაკატები დიდებული კოლაჟებით (ახალი წლის კალენდარი მოიპოვებოდა ცოტა გვიან): BMW და კლაუდია შიფერი და მამალი, თუ მამლის წელია. შერონ სტოუნი, სახლი ალპებში რომანტიკული, ბაცი ყვითელი ნათებით და დრაკონი. ლეტიცია კასტა, სანტა-კლაუსი და ვირთხა. ნაომი კემპბელი არ მახსენდება. ჰოდა, კიდევ, რაღაც უცნაური პოსტერი – „ტყე შეუნახეთ შვილებსა, გავიხსენოთ ყოველ ახალ წელს“, და ზედ მიწერილი ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ბუნებაზე.

რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებაა, ამასაც ეკოლიტერატურად მივითვლი ჩემთვის.

ვაჟა და პოსტერი. თქვენ – თქვენი გაიხსენეთ.

ავტორი: გიორგი კეკელიძე

კომენტარები

კომენტარი