პარტიზანული მებაღეობა თბილისში

პარტიზანული მებაღეობა თბილისში

პარტიზანი მებაღეები გიჟი ენთუზიასტების დაჯგუფებაა, რომელსაც უნდა დაუმესიჯო ფეისბუქზე შენს უბანში არსებული პრობლემა (იქნება ეს ხის ჭრა თუ ახალი, კოშმარულო კორპუსის მშენებლობაზე გაცემული ნებართვა), და აქ შენი საქმე თუ ჩართულობა დასრულებულია. ამის შემდეგ, პარტიზანები ვალდებულნი არიან „მოქანდნენ“ (თან – სასწრაფოდ) და შენი მითითებული პრობლემა მოაგვარონ. სადმე, რამე, როდესმე თუ უადგილოდ აშენდა ან მოიჭრა, ესეც პარტიზანი მებაღეების პასიურობის (ან მოსყიდულობის) ბრალია.

ასე ხედავს უმეტესობა პარტიზან მებაღეებს.

სინამდვილეში კი რეალობა ასეთია: „Tell me something and I’ll forget it, show me something and mabye I’ll remember it, involve me and I will remember it“ – Confucius. („მითხარი რამე და მე დავივიწყებ, მაჩვენე რამე და შესაძლოა დამამახსოვრდეს, ჩამრთე და დამამახსოვრდება“ – კონფუცი).

ჰოდა, წარმატებულად თუ წარუმატებლად, ამას ვცდილობთ. ვცდილობთ, როგორც შეგვიძლია. ვცდილობთ გავზარდოთ ჩართულობა საკუთარ გარემოზე ზრუნვაში, ვისწავლოთ რა და როგორ გავაკეთოთ და დაგროვილი ცოდნა გავუზიაროთ ყველა მსურველს. ვცდილობთ მაქსიმალური მოვითხოვოთ, რაც გვეკუთვნის – ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში ცხოვრების უფლება. და ამას არა მარტო წერილობით ვითხოვთ, ან მხოლოდ ფეისბუქზე დაპოსტვით – გავდივართ, ვრგავთ, ვიცავთ ხეებს მოჭრისგან და ვცდილობთ, ეს ყველამ აკეთოს – მარტო ან ჩვენთან ერთად. მოკლედ, ვცდილობთ. და გაგვიხარდება, თუ ვინმე მიგვითითებს, უკეთ და უფრო ეფექტურად როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ.

შედეგს, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვერ ვაღწევთ და ამისი მიზეზი ბევრია. უმეტესად, დიდ თანხებთან გვიწევს დაპირისპირება (სასტუმროს ან სახლის მშენებლობა). ხშირად ხალხის სიმცირის გამო გამოვდივართ „50 გიჟი აქტივისტი VS ინვესტიცია და ქალაქის განვითარება“.

ოხ, რა ძნელია ხალხის აქციაზე გამოყვანა, ნეტა ვინმემ იცოდეს. რამდენი უნდა დაპოსტო, როგორ უნდა ეფერო და ეხვეწო, რომ იუზერმა 1 საათი გამონახოს და დაანახოს არჩეულ ხელისუფლებას თავისი ნება. დილიდან კომპიუტერთან უნდა ვისხდეთ და უამრავი ენერგია ჩავდოთ, რომ მაქსიმალურად სწორი მესიჯები გავავრცელოთ. რისთვის?.. იმისთვის, რომ სოც.ქსელის აღშფოთებული მომხმარებელი როგორმე „შევაბათ“ და აქციაზე მოვიტყუოთ. იმისთვის, რომ მიხვდეს ბოლოს და ბოლოს ხელისუფალი, რომ ხალხი მართავს ქვეყანას და ხალხის ნება გადამწყვეტი უნდა იყოს. იმისთვის, რომ ქალაქმგეგმარებლის დაუკითხავად არ შეიძლება ქალაქში მშენებლობების დაშვება ისტორიული ქალაქის განადგურების ხარჯზე. იმისთვის, რომ ისედაც ასეთი მწირი მწვანე საფარი კიდევ უფრო არ გაანადგურონ, იმისთვის, რომ „მილიონი ხის პროგრამით“ თუნდაც ათასმა ხემ გაიხაროს და არ გვაყარონ თვალში ნაცარი. და ბოლოს და ბოლოს იმისთვის, რომ შევდგეთ, როგორც საზოგადოება.

პესიმისტურ ნოტაზე რომ არ დავასრულოთ, ჩვენს ცოტას მიღწევებზეც ვიტყვი: 2013 წლის 11 ივლისს გვქონდა პირველი პარტიზანული გამწვანების აქცია – სანაპიროზე ჰეიდარ ალიევის ძეგლის მიმდებარედ ხეები დავრგეთ. (უნებართვოდ, რა თქმა უნდა. ამიტომ გვქვია „პარტიზანი მებაღეები“) მას მერე 500-მდე ხე დავრგეთ და გავახარეთ, ბევრი აქტიური მოქალაქე შემოგვიერთდა. ერთად შევძელით და ჯერჯერობით შეჩერებული გვაქვს ვაკის პარკში (ქალაქის ბოლო დიდ პარკში) სასტუმროს მშენებლობა, გამწვანების თემა ერთ-ერთი „ცხელი თემა“ გავხადეთ და ჩართულობა ნელ-ნელა, მაგრამ გავზარდეთ. გამწვანების საკითხებით დაინტერესდა პრესა, ტელევიზია, რაც კიდევ უფრო აფართოებს ჩართული მოქალაქეების არეალს.

მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო და მოგმართოთ ყველას: ჩაერთეთ! გააქტიურდით! „პარტიზანული მებაღეობა თბილისში“ არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია. არც ოფისი გვაქვს, არც არანაირი ფინანსური სარგებელი. ეს მხოლოდ მოქალაქეთა ერთობაა, ფეისბუქგვერდით გაერთიანებული. „დაალაიქეთ“ პარტიზანული მებაღეობა თბილისში, ან არ დაალაიქოთ და ისე იაქტიურეთ. ჩვენი მიზანია ჯანსაღ და კომფორტულ გარემოში ცხოვრება, რასაც მოქალაქეების ჩართულობის გარეშე არასოდეს ვეღირსებით.

პატივისცემით
ნატა ფერაძე
par

კომენტარები

კომენტარი