23:55

23:55

მე მგონია, მე ასე ვფიქრობ, რომ ახალი წლის დღესასწაული, ეს მოვლენა, თითოეული ადამიანისათვის ერთდროულად ამაღელვებელი, სასიხარულო და სევდიანიცაა – ვისთვის თვალხილულად და ვისთვის გაუცნობიერებლად. მაგრამ სამივე ემოციას ადამიანი უსათუოდ განიცდის. მუდამ ვფიქრობ, და ვერაფრით ვპოულობ სულ მცირე, უსუსურ პასუხსაც კი – რა არის დრო, სიცოცხლე, ცხოვრება, ჩვენი მოძრაობა, ქმედებები, მიზნები, ემოციები. მაგრამ ეს ღრმად ფილოსოფიური ფიქრები და განსჯანი საპნის ბუშტს ემსგავსება და წამსვე ქრება, როცა ცხოვრების პროზაული ნაწილი – დიდი და ძლევამოსილი სუბსტანცია სწრაფად და მოქნილად ჩააქრობს, გაცრეცს და წაშლის ხოლმე ჩემი გონების ხანმოკლე გამოთიშვას გარესამყაროსგან.
ახალი წლის დღესასწაული, მთელი თავისი მშვენიერებით, ახალი წლის დადგომამდე გარკვეული დროით ადრე, მოსვლისას და მას შემდეგ, ხომ საინტერესო, მრავალფეროვნად ემოციური და თვალგონებაგულის წარმტაცი მოვლენაა, მაგრამ განსაკუთრებულად შინაარსიანი და გრძნობისმიერ-გონებისმიერი მგონია ის რამდენიმე წუთი, სანამ თორმეტი საათი ზარს ჩამოკრავს და ირგვლივ ჟრიამული პიკს მიაღწევს. ჩემი აზრით, დროის ეს მცირე მონაკვეთი ყველაზე საინტერესო და მეტსაც გეტყვით – მისტიკურია, რომელზეც ბევრ ჩვენთაგანს ოდესმე მაინც უფიქრია, ზოგიერთი ყოველთვის ფიქრობს, ზოგს კი არც არასოდეს გაუვლია ეს ფიქრი გონებაში. მაგრამ რაკი დროსა და სივრცეში არსებობს ეს წუთები, ეს მომენტი, შესაბამისად არსებობს მასთან დაკავშირებული აზრიც, ემოციაც, კითხვაც და პასუხიც.
რაზე მიფიქრია მე, და შესაძლოა სხვა ადამიანებსაც, ამ დროს – ახალი წლის დადგომამდე ხუთიოდე წუთით ადრე?
იმაზე, რომ აი, ჩემ წინ მდგარი, მორთული ნაძვის ხე განა გუშინ არ იყო, რომ გასულ წელთან შესახვედრად ბავშვებთან ერთად მოვრთე?..
განა სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი ზამთრის დღის დაღამება და ახალი დღის დადგომა არ არის, რომელიც ადამიანებმა ჩვენებური „ზიზილ–პიპილოებით“ მოვრთეთ და გავალამაზეთ, მნიშვნელობა შევძინეთ და საკუთარი გამონაგონით თავს ვიტყუებთ, თავს ვირთობთ, გემრიელი კერძებისა და სასმელის მირთმევის მიზეზს ვიქმნით, ცხოვრებას ვიხალისებთ, რომელიც „ისედაც ხანმოკლეა“…
ეს ყველაფერი ასე ვთქვათ „საერთო“ ფიქრებია, რომლებიც ჩემ გარდა ალბათ უამრავ ადამიანს მოსვლია თავში ახალ წლამდე ხუთიოდე წუთით ადრე, მაგრამ ის, რაზეც ყოველ 31 დეკემბერს, ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიფიქრებ ხოლმე, ეს არის:
ამ დროს ყოველთვის ვფიქრობ, ნეტავ დროში მამოგზაურა და ცალი თვალით მაინც შემახედა ჩემი, დედაჩემის და მამაჩემის ბავშვობისათვის ახალი წლის ღამეს. მაჩვენა, როგორ უხარიათ ეს დღესასწაული, როგორ ელიან თორმეტი საათის შესრულებას, რითი ერთობიან და რა საჩუქრებს იღებენ. ვოცნებობ ხოლმე, რომ მათ გვერდით მამყოფა, რამე მაკითხინა, მომაფერებინა და გულში ჩამახუტა საკუთარი თავი, დედა და მამა –ბავშვობისას. ეს არ არის სენტიმენტალური აკვიატება და ნაივური თვისება – სრულიად ბუნებრივი სურვილი და ერთგვარად, ვარაუდიც კია, რომ თეორიულად მე შემიძლია ვნახო ისინი ბავშვობაში, ახალი წლის ღამეს… ხომ ვითომ უცნაური აზრი და ფიქრია, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ არის უცნაური. მერწმუნეთ.
ახალი წლის დადგომამდე 5 წუთით ადრე ყველაზე მძაფრად ვგრძნობ დაღლილობას და ჩემი წარმოსახვა, მახსოვრობა, იმ ადგილებში გადამისვრის ხოლმე, სადაც ათეულობით წელია არ ვყოფილვარ და ალბათ აღარც არასოდეს მოვხვდები. მაგალითად, ასეთი ადგილია საბაღე ნაკვეთი თბილისთან ახლოს, ძალიან დიდი ხნის წინ ცხონებულმა ბაბუაჩემმა ჩემს უმცროს ძმას რომ უყიდა, რომელიც მაშინ საოცრად იყო გატაცებული მებაღეობით და ვაზის მოვლით. დავდიოდით მე და ჩემი ძმა იქ, ვბარავდით, მწვანილი და პომიდორი მოგვყავდა, შემოდგომით ყურძენს ვკრეფდით და ღვინოს ვაყენებდით. საღამოობით, ჩვენს დეიდაშვილთან ერთად, ღვინოს ან არაყს ვსვამდით და ვთვრებოდით, მერე გარეთ გამოვდიოდით, ვყვიროდით, ვიცინოდით, ვმღეროდით. ირგვლივ კაციშვილი არ ჭაჭანებდა. დაკეტილი იყო ნაკვეთების ჭიშკრები. ჩვენ დავხეტიალობდით აღმა-დაღმა, ღვინის მოსანელებლად, მერე ვბრუნდებოდით ბაბუაჩემის ნაკვეთში, სადაც სახლი იდგა, და ვწვებოდით. ლოგინშიც დიდხანს ვმხიარულობდით, არ გვეძინებოდა. მერე ის ნაკვეთი გავყიდეთ. ჩვენთან ერთად, ბაბუაჩემმაც და ჩვენმა დეიდაშვილმაც. ნეტავ ახლა, ახალ წლამდე ხუთი წუთით ადრე იქ რა ხდება-მეთქი, ამას გავიფიქრებ ხოლმე ყოველთვის. რატომ – არ ვიცი…
ყოველთვის მახსენდება ბავშვთა და მოხუცებულთა სახლები, უნარშეზღუდულ ბავშვთა პანსიონები. მახსენდება იმიტომ, რომ სამივეგან რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და კიდევ ბევრჯერ წავალ და რითაც შევძლებ, ყველაფრით დავეხმარები. მოხუცებულთა სახლში კი რამდენიმე წლის წინ, სწორედ 31 დეკემბერს ვარ ნამყოფი. და ერთ-ერთ ოთახში გაშლილი საახალწლო სუფრა – ის, თუ რითი ხვდებოდნენ იქაური მოხუცები დღესასწაულს, როგორ გვაყოლებდნენ თვალს, როგორი გამოხედვა ჰქონდათ, როცა მათ ოთახში შევიხედავდით, როგორ ეძინა რამდენიმეს, ისე, რომ ჩვენი სტუმრობა არც გაუგია, და როგორი დავბრუნდი უკან, ჩემს სიცოცხლეში არასოდეს დამავიწყდება… და სწორედ ახალ წლამდე ხუთი წუთით ადრე მახსენდება მუდამ და ყველაზე მძაფრად.
გარდა ამისა, სხვა ადგილებიც, ადამიანებიც მახსენდება იმ წუთებში და საბოლოოდ ჩემი წინასაახალწლო განწყობა ძალიან მრავალგვარი და კონტრასტულია. ერთი სიტყვით რომ ვთქვა, არ შემიძლია უბრალოდ ვიმხიარულო და ჩვეულებრივად, ბანალურად შევხვდე ახალი წლის დადგომას, რომელიც ჩემთვის მაინც პირობითია და ეს აზრი არასოდეს მშორდება.
კიდევ ერთი სიტყვით რომ გითხრათ, ახალი წლის დღესასწაულს, ჩემი აზრით, ძალიან უხდება უცნაური ფიქრები, მახსოვრობა, გარინდება და ღვინო. კეთილი სიმთვრალე და მსუბუქი სევდა, თოვლი და წლობით დავიწყებული ადგილები, ადამიანები და ამბები, რომლებიც შენს წარმოსახვაში თითქოს ფანჯრის შეღებული სარკმლიდან შემოიპარება და ნაძვის ხეზე ჩამოკიდებულ ფერად, ციმციმა სათამაშოს ოდნავ შეარხევს, ესტუმრება შენს გონებას, მერე კი უკან გაუდგება გზას. მახსოვრობისკენ. რომ საჭირო დროს ისევ შენთან დაბრუნდეს.
აი, ამ ბოლო ხუთი წუთის გამო მიყვარს ახალი წლის დღესასწაული, როცა ის ფიქრები და მოგონებები სწორედ იმ დროს და იმ მომენტშია ყველაზე მძაფრი და საგრძნობი, დაუვიწყარი და კარგად ნაცნობი.
ყველაფერი დანარჩენი ფაციფუცია. ამაოებაა. წარმავალი და სასაცილოა.
ჩემი ახალი წლის დღესასწაული ეს არის – 23:55.

კომენტარები

კომენტარი