5 ფილმი დედამიწაზე

5 ფილმი დედამიწაზე

5 ივნისი გარემოს საერთაშორისო დაცვის დღეა. იმ ფილმების დიდი ნაწილი, რომელსაც ჟურნალ „ფოკუსის“ ივნისის ნომრის რუბრიკა „კინორეკომენდაციაში“ გთავაზობთ, თავის დროზე სწორედ გარემოს დაცვის დღეს გამოჩნდა ეკრანებზე. ხუთივე ფილმის ძირითადი დანიშნულება სწორედ ის იყო, რომ საზოგადოებას მათი ნახვისას დედამიწის გაფრთხილებაზე ფიქრი დაეწყო და პირად პრობლემად აღექვა ის, რამაც მსოფლიო ძალიან მალე შესაძლოა დიდ ეკოლოგიურ კატასტროფამდე მიიყვანოს. ამ ფილმებში წარმოდგენილია დედამიწის ყველაზე ლამაზი ადგილები, ბუნება, რომლით ტკბობასაც ადამიანის კათარტულ ეფექტამდე მიყვანა შეუძლია; სილამაზე, რომელიც დაუჯერებელია, და მიზეზები, რომელსაც შეუძლია ეს სილამაზე სამუდამოდ გააქროს.
1.
Baraka „ბარაკა“

bakara

ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: რონ ფრიკე
როლებში: მარკ მაგიდსონი, რონ ფრიკე, კონსტანტინ ნიკოლასი
ქვეყანა: ამერიკა
გამოშვების წელი: 1992
ეს არის ფილმი ადამიანების ცხოვრებაზე, ქვეყნებზე და გარემოზე, რომელსაც ყოველდღიურად ვხედავთ. ფილმი უწყვეტი ვიდეორიგისგან შედგება, რომელშიც დედამიწის ულამაზესი ადგილების კადრებია შესული. ძირითადი აქცენტი მეტწილად სხვადასხვა ტომების რიტუალურ წესჩვეულებებზე და ზოგადად, ადამიანთა თანაცხოვრებაზეა გამახვილებული. წარმოდგენილია გარემო, რომელიც ზოგან მწვანეა, ზოგ ქვეყანაში კი – „ჩაცემენტებული“.
კინოსურათი მუსიკალურად და ვიზუალურად იმდენად შთამბეჭდავია, რომ კინოლექსიკონში მას ფილოსოფიურ-კინო-მუსიკალურ ესსედ მოიხსენიებენ. ფილმს თოთხმეტი თვის განმავლობაში იღებდნენ და გადაღებები 24 ქვეყანაში მიმდინარეობდა. სურათი გადაღებულია 65 მილიმეტრიანი ფირით (კამერა TODD-AO), რომლისთვისაც რეჟისორმა სპეციალური კომპიუტერული სისტემა შეიმუშავა. სწორედ ამ სისტემის საშუალებით, რონ ფრიკემ გადაიღო საოცრად ლამაზი და ბუნებრივი კადრებით სავსე ფილმი, რომელშიც ყველაზე ნათლად და საინტერესოდ არის აღწერილი დედამიწა, ადამიანები და ბუნება.

2.
Home „სახლი“

home

ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ან არტუს ბერტრანდი, ლუკ ბესონი
როლებში: ან არტუს ბერტრანდი, გლენ კლოუზი, ჟაკ გამბლენი
ქვეყანა: საფრანგეთი
გამოშვების წელი: 2009

„სახლი“ არის ფილმი, რომლის პრემიერაც, გარემოს დაცვის დღეს, მსოფლიოს რამდენიმე მსხვილ ქალაქში ერთდროულად გაიმართა. ამ შემთხვევაში საინტერესოა, როგორც რეჟისორის – ლუკ ბესონის, ასევე ცნობილი ფოტოგრაფის – ან არტუს ბერტრანდის, ერთობლივი ხედვა, რომელიც ორივე ხელოვანმა ამ ერთ ფილმში გააერთიანა. ფილმის ძირითადი სიუჟეტი დედამიწის სხვადასხვა ადგილების ჩვენებას ეთმობა. ფილმს პარალელურად მიჰყვება კადრსმიღმა ტექსტი, რომელიც მაყურებელს პლანეტის მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების შესახებ უამრავ ინფორმაციას აწვდის. კინოფილმის მსოფლიო პრემიერა გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს – 5 ივნისს მსოფლიოს 87 ქვეყანაში შედგა. ამ დღეს მაყურებელს კინოსურათის ნახვა კინოთეატრებში უფასოდ შეეძლო. კინოკრიტიკოსებმა ფილმს „ისტორიული სურათი“ უწოდეს, მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ კინოჟურნალებში კი წერდნენ, რომ ფილმი, უპირველესად, დედამიწის დაცვის აგიტაციას წარმოადგენს.

3.
Samsara „სამსარა“

samsara2

ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: რონ ფრიკე
როლებში: ბალინეზე ტარი ლეგონგი, ნი მადე მეგაჰადი პრატივი, პუტი სრი კანდრა დევი
ქვეყანა: აშშ
გამოშვების წელი: 2011

ფილმს, დაახლოებით 4 წლის განმავლობაში, 25 ქვეყანაში იღებდნენ. „სამსარა“ გადაღებულია 70-მილიმეტრიანი ფირით და მსოფლიო კინემატოგრაფიის ისტორიაში, მხატვრობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის სახელით არის შესული. კინოსურათი მაყურებელს 25 სხვადასხვა ქვეყანას წარმოუდგენს. ნაჩვენებია ქვეყნების ფლორა, ფაუნა, არქიტექტურა, წყობა, ადამიანთა ცხოვრება და მათ მიერ გადასხვაფერებული დედამიწა. სურათს ახლავს საოცარი ეთნომუსიკა, რომელიც მაიკლ შტერნს, ლიზა გერარდს და მარსელო ფრანცისცის ეკუთვნით.

გერმანული კინოჟურნალი Zeit-Online „სამსარას“ შესახებ წერს: „ფილმი „სამსარა“ არის ყველაზე თვალისმომჭრელი და ამასთანავე, ამაღელვებელი სურათი, რომელიც გულგრილ ადამიანსაც კი დააფიქრებს დედამიწის სილამაზეზე, და უპირველესად, ამ სილამაზის გაფრთხილებაზე. „სამსარა“, ფაქტობრივად, ერთ-ერთი საუკეთესო ფილმია მსოფლიოში, რომელიც დედამიწას ეძღვნება“.

4.
Planet Earth „პლანეტა დედამიწა“

planeta dedamica

ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: ალასტერ ფოზერგილი
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
გამოშვების წელი: 2006

„პლანეტა დედამიწა“ ტელეკომპანია BBC-ს დოკუმენტური სერიალია, რომელიც 11 ეპიზოდისგან შედგება. ფილმი ტელეკომპანიის ყველაზე ძვირადღირებული პროდუქტია და მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში ერთ-ერთ საუკეთესო დოკუმენტურ ფილმად მიიჩნევა. ფილმის პრემიერა 2006 წელს, BBC-ს ეთერში შედგა. მოგვიანებით, პროდუქტი Discovery-მ შეიძინა, 2007 წლისთვის კი სერიალი მსოფლიოს 130 ქვეყანაში აჩვენეს. მსოფლიო „კინოლექსიკონი“ ფილმს „ბუნებისა და დედამიწის დამცველად“ მოიხსენიებს. ფილმი მაყურებელს დედამიწის მნიშვნელოვანი კომპონენტების: ზღვის, მთების, უდაბნოების, გამოქვაბულების და სხვა საგნებისა და მოვლენების შესახებ უამრავ ინფორმაციას აწვდის. ფილმი საოცრად ბუნებრივი კადრებით ხასიათდება და მსოფლიოში დედამიწის გაფრთხილებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროპაგანდულ სურათად მიიჩნევა.

5.
Inconvenient Truth „უხერხული სიმართლე“

an_inconvenient_truth_by_al_gore

ჟანრი: დოკუმენტური
რეჟისორი: დევის გუგენჰაიმი
როლებში: ელ გორი, ბილი უესტი
ქვეყანა: აშშ
გამოშვების წელი: 2006

ფილმი გლობალური დათბობის შესახებ, რომელიც დევის გუგენჰაიმმა გადაიღო, რომელშიც აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი ალბერტ გორი მონაწილეობს. ფილმის თანმხლები წიგნი, 2006 წელს, გორის ავტორობით, „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერთა სიაში მოხვდა. ფილმის პრემიერა 2006 წელს, სანდენსის კინოფესტივალზე შედგა. 49 მლნ დოლარიანი მოგებით, „უხერხული სიმართლე“ მეოთხე ყველაზე შემოსავლიანი დოკუმენტური ფილმია აშშ-ში („ფარენჰეიტ 9/11“-ის, „პინგვინთა მარშის“ და „სიკოს“ შემდეგ). ფილმის დისტრიბუტორი – „პარამაუნტ კლასიკსი“ კინოჩვენების შემოსავლების 5%-ს, ხოლო გორი მთელ შემოსავალს კლიმატის დაცვის ალიანსს ურიცხავს.
ფილმმა, ზოგადად, დადებითი შეფასება დაიმსახურა, თუმცა გლობალური დათბობის კრიტიკოსთა მტკიცებით, იგი „ზედმეტად გაზვიადებული და მცდარია“. ფილმმა „მცდარი აზრი“ 2007 წელს 2 ოსკარი მიიღო, ნომინაციებში: საუკეთესო დოკუმენტური ფილმი და საუკეთესო მუსიკა კინოფილმისთვის.

კომენტარები

კომენტარი