5 წუთით ადრე ევროპულ შობამდე

5 წუთით ადრე ევროპულ შობამდე

ბერლინის ათასფრად განათებულ საშობაო ბაზრობაზე სანტა კლაუსი გადმომიდგა. მარხილი არ ჰქონდა. წვერი თეთრად დაფერვოდა, მხრებზე წითელი პალტო მოეხურა, შარვალიც წითელი ეცვა, ოღონდ – საკმაოდ განიერი. „დალიეთ გლუვაინი, ცხელი ღვინოა, 2 ევრო ღირს…“
გამეღიმა – როდის იყო თოვლის პაპები და სანტა კლაუსები საჩუქრებში ფულს იღებდნენ-მეთქი, გავიფიქრე. ეტყობა, უკვე მართლა ისეთი დიდი გავხდი, რომ დროა, აღარ მჯეროდეს მათი არსებობა.
მაგრამ როცა ევროპაში შობა დგება, ერთი ნაწილი სანტა კლაუსი ხდება, მეორე კი – მათ მიერ დასაჩუქრებული და რაც უნდა დიდი იყო, იჯერებ, რომ ეს „კეთილი მოხუცი“ მართლა არსებობს.
შობა ევროპაში დიდი დღესასწაულია. ერთი შობა ქართველებთან და გერმანელებთან ერთად ბერლინურ ოჯახში ვიზეიმე. აი, ჩვენებურ საახალწლო-საოჯახო შეკრებას ჰგავდა. ვისხედით გარინდულნი და როცა საათის ორივე ისარი 12-თან ერთმანეთს შეერწყა, ავხმაურდით. 25-ში კი, გარეთ რომ გამოვედი, ქუჩები ცარიელი დამხვდა. სულ ეს იყო ზეიმი? – ვკითხე ჩემ თავს.
კი, სულ ეს იყო, მაგრამ ზეიმი არა 24 დეკემბერს, არამედ ლამის 1 ნოემბერს იწყება.
ერთ საშობაო სეზონზე, ფეხდაფეხ თუ ავტობუს-ავტობუს, ევროპის რამდენიმე ქალაქი შემოვიარე. ბონით დავიწყე, მერე მიუნხენით გავაგრძელე. გავიარე ბრიუსელი, ჩავედი პარიზში, შემდეგ სტრასბურგში ვიხეტიალე. ვარშავაში იმდენი ვიარე, გავიყინე კიდეც, მაგრამ ათასფრად განათებული ქუჩები, ძალიან მხიარული ბაზრობები და საშობაო სასმელი – ცხელი ღვინო მათბობდა და კარგ განწყობაზე მაყენებდა.
25 ნოემბერს ევროპის ყველა ქალაქში უკვე დგას ნაძვის ხე. ისევე, როგორც საშობაო საჩუქრების კულტურა, მე-18 საუკუნეში ნაძვის ხე გერმანელებმა დაამკვიდრეს. შეიძლება ითქვას, რომ საშობაო დღესასწაულების აღნიშვნის კანონმდებლები ისინი არიან. პირველი ვარსკვლავიც ნაძვის ხეზე გერმანელებმა აანთეს, როგორც შობის ღამეს ცაზე აკიაფებული მანათობლის სიმბოლო. ნაძვის ხესთან დაკავშირებით კი, ერთი ასეთი ამბავი არსებობს: როდესაც იუდეველთა მეფემ ჰეროდემ 2 წლამდე ყრმების ამოჟლეტვა ბრძანა, ღვთისმშობელი იესოსთან ერთად ეგვიპტეში გაიქცა. გზად მხედრები წამოეწივნენ. ზამთარი იდგა, ხეებს ფოთლები აღარ ჰქონდა. წმინდა ოჯახი ნაძვს შეეფარა, რომელმაც ტოტები თოვლივით თეთრად შეიმოსა და მდევრებისგან დამალა. გერმანელებმაც სწორედ ნაძვის ხით გადმოსცეს ყრმა ქრისტეს ხსნა.
საშობაო დღესასწაულზე ბერლინში კვლავ მოვხვდი. ათასფრად განათებულ ბაზრობაზე სანტა კლაუსი გადმომიდგა. მარხილი არ ჰქონდა. წვერი თეთრად დაფერვოდა, მხრებზე წითელი პალტო მოეხურა, შარვალიც წითელი ეცვა, ოღონდ – საკმაოდ განიერი. „დალიეთ გლუვაინი, ცხელი ღვინოა, 2 ევრო ღირს…“
გამეღიმა – როდის იყო, სანტა კლაუსები და თოვლის პაპები საჩუქრებს ჰყიდდნენ-მეთქი, გავიფიქრე.
24 დეკემბერი იყო. გერმანულ ოჯახში ქართველებთან ერთად ვიჯექი. ნაძვის ხე თეთრად შემოსილიყო. წვერზე შობის ვარსკვლავი ენთო. შობამდე 5 წუთი რჩებოდა. ყველანი გარინდულნი და მოზომილი ღიმილით ვუყურებდით ერთმანეთს. ვფიქრობდი, რა იქნებოდა, კიდევ მოსულიყო სანტა კლაუსი ან თოვლის პაპა. საშობაო საჩუქრით სწორედ მას გავეხარებინე და ბავშვობაში დავებრუნებინე…

კომენტარები

კომენტარი