აბასთუმანი SOS

აბასთუმანი SOS

აბასთუმნის ფიჭვნარმა და ნაძვნარმა ნუნისი და სურამი გამახსენა. თუმცა, მგონია, რომ აბასთუმანი ერთ-ერთი ყველაზე მიტოვებული და “უპატრონო” კურორტია საქართველოში. ისეთი შეგრძნება, მქონდა, რომ იქ დრო გაჩერდა და გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ირგვლივ ყველაფერს სიძველე და ჟანგი მოდებია. მე-19 საუკუნეში ნაგები, სხვადასხვა ფერის რუსული ყაიდის სახლები დიდი ხანია გადახუნებულან, ალაგ-ალაგ ხის ფანჯრები თანამედროვე მეტალოპლასტმასის ჩარჩოებით ჩაუნაცვლებიათ, ეზოები აქა-იქ ხის მორებითა და დაჩეხილი შეშითაა მოფენილი. საკვამურებიდან ამომავალი შავი კვამლი იმის ნიშანია, რომ სამუზეუმო ექსპონატად ქცეულ დასახლებაში ადამიანები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას. საყვედური იგრძნობა მათ მზერაში, სულ ტყუილად იღებ ფოტოებს, შენამდეც ბევრი იყო მოსული, მაგრამ აქაურობას მაინც არაფერი ეშველაო, დამიძახა შუახნის კაცმა, რომელიც ძალიან ლამაზი, მწვანერიკულებიანი აივნის მიღმა საერთოდ არ შემინიშნავს; ერთსართულიანი, თეთრად შეღებილი ბანკის შენობისთვის დიდი ბოქლომი შეუბიათ. მითხრეს, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ ბანკს აღარ უმუშავიაო. ეს პატარა შენობა, რომელსაც ქართულად და რუსულად დიდი ასოებით “აგროსამრეწველო ბანკი” ეწერა, 25 წელზე მეტია, უფუნქციოდ და უძრავად დგას ალექსანდრე ნეველის ეკლესიის წინ; იქვეა საბჭოთა დროის აფთიაქები, სკოლა, მიტოვებული, გაძარცული და ნახევრად გადამწვარი რომანოვების სასახლე…
აბასთუმანში ცივილიზაციის ნიშანწყალიც კი არ იგრძნობა, თუმცა ამაშიც არის რაღაც რომანტიკა. დროში ვიმოგზაურე – ერთი დღით.
აქ მხოლოდ წარსულზე საუბრობენ ამაყად. ყვებიან, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს, აბასთუმანში, რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის, ნიკოლოზ მეორის ძმა, უფლისწული გიორგი ჩამოსულა, რომელიც ტუბერკულოზით ყოფილა დაავადებული. რომანოვებს ამის შემდეგ აუშენებიათ დაბის ცენტრში სასახლე, სადაც საბჭოთა წყობის დროს, სანატორიუმი “მესხეთი” განთავსდა, ხოლო 1994 წლიდან – წმინდა პანტელეიმონის სახელობის დედათა მონასტერი. იქაურ ჰავას უფლისწული განუკურნებია. როგორც დედა თეკლამ გვითხრა, გამოჯანმრთელებული უფლისწული გიორგი რამდენიმე წელიწადში ავტოავარიაში დაღუპულა. სასახლე რუსეთის რევოლუციის პერიოდში გაუძარცვავთ, ქონების ნაწილი კი თბილისში, აუქციონებზე გაუყიდიათ. დღეს რომანოვების სასახლიდან მხოლოდ კედლებია შემორჩენილი. 2008 წელს შენობაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც სასახლის ნახევარზე მეტი დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი, როგორც ვარაუდობენ, ძველი ბუხრის დაზიანებული ყელი გახდა. ამის შემდეგ დედებისთვის ახალი სენაკები ააშენეს, თუმცა ისინი სასახლის გადარჩენილ ნაწილში კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას.
უფლისწულ გიორგის სურვილით, აბასთუმანში, 1899-1902 წლებში, აშენებულა ზარზმის მონასტრის ანალოგი – ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, რომელსაც “ახალ ზარზმასაც” უწოდებენ. მე-20 საუკუნის პირველ წლებში ეკლესია ცნობილ რუს მხატვარს, ნესტეროვს მოუხატავს.
აბასთუმანს გამორჩეულ ჰაერთან ერთად, სამკურნალო _ თერმული წყლები აქვს. ისტორიკოსი, გეოგრაფი და კარტოგრაფი ვახუშტი ბაგრატიონი წერდა, რომ კურორტ აბასთუმნის ადგილას, ჯერ კიდევ მე-14 საუკუნეში ყოფილა მჭიდროდ დასახლებული ქალაქი ოძრხე, რომელიც სამკურნალო წყლებით იყო ცნობილი. მე-17 საუკუნეში აქ თურქული სტილის აბანოც მოუწყვიათ. აბასთუმნის თერმული წყლების აბაზანებს რევმატული, გინეკოლოგიური, დერმატული, ნერვული დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის მოშლილობების და ქრონიკული წყლულების სამკურნალოდ იყენებენ.
ჩემთვის აბასთუმნის მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ასტროფიზიკური ობსერვატორიაა, რომელიც მთა ყანობილზე, ზღვის დონიდან 1650 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ეს უკანასკნელი 2007 წლიდან ილიას უნივერსიტეტთან იყო ინტეგრირებული და რამდენიმე თვის წინ ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა.
ისტორიას რომ გადავავლოთ თვალი, ვნახავთ, რომ 1932 წელს, პროფესორ ევგენი ხარაძის თაოსნობით დაარსებული აბასთუმნის ობსერვატორია, ყოფილ საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო. ის თავდაპირველად კურორტ აბასთუმნის მახლობლად, ეიფელის პროექტით აგებულ, ე.წ. “გლაზენაპის კოშკში” იყო განთავსებული, ხუთი წლის შემდეგ კი – მთა ყანობილზე გადაიტანეს. ყანობილი შემთხვევით შერჩეული ადგილი არ არის. იქ წელიწადის 365 ღამიდან 200 მოწმენდილია, რაც ციურ სხეულებზე დაკვირვების საუკეთესო შესაძლებლობას ქმნის.
ობსერვატორიამდე საფეხმავლო ბილიკიც ადის, თუმცა ჩვენ საბაგიროთი ასვლა ვარჩიეთ. საბაგირო გასული საუკუნის 80-იან წლებშია აშენებული და როგორც თბილისში დაბრუნებულმა შევიტყვე, დღეს ამ საბაგიროთი მგზავრობა სარისკოდ ითვლება და ადმინისტრაციისგან საერთოდაც აკრძალულია.
ობსერვატორია დაკეტილი დაგვხვდა. იქაურობა დაცვის სამი თანამშრომლის ამარა იყო დატოვებული. მათ გვითხრეს, ობსერვატორია ორ თვეზე მეტია არ მუშაობს, თანამშრომლებს ხელფასები აღარ ერიცხებათ და არც ის ვიცით, როდის გაიხსნებაო.
(ცნობისთვის: აბასთუმნის ობსერვატორიაში უამრავი მსოფლიო დონის აღმოჩენაა გაკეთებული. აღმოჩენილია ორი კომეტა, რამდენიმე მცირე პლანეტა, ექვსი ახალი, ერთი განმეორებადი ახალი და რვა ზეახალი ვარსკვლავი, ჩვიდმეტი პლანეტური ნისლეული, სამი ვარსკვლავთგროვა, მრავალი ემისიური ვარსკვლავი და ა.შ.).
დასაწყისში ვთქვი, აბასთუმანი წარსულის მოჩვენებადაა ქცეული და ამაშიც არის რაღაც რომანტიკა თქო, მაგრამ ვისურვებდი, რომ ეს რომანტიკაც შენარჩუნდეს და ობსერვატორიის სანახავად საბაგიროთი მიმავალმა ტურისტმა სიცოცხლე ყანობილის ფერდობზე არ დაასრულოს, და თუ მშვიდობით ააღწია დანიშნულების ადგილამდე, ობსერვატორიის ყველა კარი დაკეტილი არ დახვდეს, რომანოვების ნახევრადდამწვარ სასახლეს პატრონი გამოუჩნდეს, გასულ საუკუნეში ნაგები ულამაზესი ხის სახლები მეტალის ფანჯრებით არ ჩაანაცვლონ, ჩაშლილი კიბეები ვინმემ შეაკეთოს, ფერდაკარგული აივნები ხელახლა შეღებოს. ვისურვებდი, რომ იქაურები მხოლოდ წარსულზე არ საუბრობდნენ ასე ამაყად…

კომენტარები

კომენტარი