ახალი წელი

ახალი წელი

დეკემბრის შუა რიცხვებია. ჰაერში ახალი წლის განწყობა და არომატია. აქტუალურია, ასევე, კითხვა: „რას აპირებ ახალ წელს?” – წარმოდგენა არ მაქვს! – ვპასუხობ მე და მართლა არ ვიცი. როგორც წესი, ისევე როგორც ყველა, მეც მეგობრების წრეში ვატარებ ამ ღამეს.
ბავშვობაში ახალ წელს აუცილებლად იქ ვხვდებოდი, სადაც სრულიად მთელი ჩემი ნაცნობობა ერთობოდა. ახლა რომ ვფიქრობ, ნამდვილად არ ვიცი, რამდენად ღირდა ღამის 2 საათიდან დილის 5 საათამდე იქ, სადაც თბილისის ნაღები საზოგადოება არაფხიზელ მდგომარეობაში დაბოდიალობს, საპირფარეშოდან ჯერ კორიდორში და მერე უკვე დარბაზში ხეტიალი, სადაც სიგარეტის (და არა მხოლოდ სიგარეტის) კვამლია და ირგვლივ სატორტე კრემივით კარგად მოთქვეფილი სიტუაცია – ფულის გადახდა. დავიჯერო, ასე მიხაროდა ამ აურზაურში გართობა?! – ალბათ კი:) მაშინ ყველა ასე ვერთობოდით, „ზედმიწევნით ჯგუფურად.”
თბილისში ახალ წელს მართლაც რომ განსაკუთრებული მზადება ახლავს. ეს პროცესი ერთი თვით ადრე იწყება: ყიდულობენ კაბებს, იწერენ ფეხსაცმელებს, არჩევენ საჩუქრებს ოჯახის წევრებისთვის, ცოლებისა და ქმრების, უფროსებისა და ბავშვებისთვის. თუმცაღა, სალონის თემა ჩემი საყვარელი განხილვის საგანია.
ყველა ელოდება ახალ წელს: სრულიად მდედრობითი სქესი თმას იჭრის-ივარცხნის-იხვევს-ისწორებს, რომც არ ჰქონდეთ შესაჭრელ-დასავარცხნ-დასახვევი, მაინც ივარცხნ-იჭრ-იხვევენ. აი, რომ აიღო და სცადო, წინასწარი ჩაწერის გარეშე ნატოში ბევრად იოლად შეხვალ, ვიდრე 31 დეკემბერს სილამაზის სალონში. ზოგადად, ხომ ასე ხდება, ჩვეულებრივი დღისთვის სალონში ფულის ხარჯვა გვენანება. ამისთვის აუცილებელია, რომ იყოს განსაკუთრებული დღესასწაული.
და სად მიდის დახვეწილი კულინარიული გემოვნება დეკემბერ-იანვარში? ნოემბრიდან ყველა დიეტაზეა იმიტომ, რომ ახალი წელი მოდის. სამაგიეროდ, 31 დეკემბერს ღამე იწყება… სრულიად საქართველო ღრეობის მორევში თავ-ფეხიანად ეშვება. საცივი, გოზინაყი, გოჭი…. თითქოს აქლემებივით მთელი წლის სარჩო სხეულში უნდა ჩავილაგოთ. მთელი წლის ბიუჯეტი მხოლოდ ამ დღეს იხარჯება. აბა, „ხალადეცის“ გარეშე როგორ შეიძლება.. საცივიც აუცილებლად უნდა იყოს, თორემ რას იტყვის ხალხი..
სიტყვა „ზომიერება“ ამ დროს ყველაზე მეტად უფასურდება. უზომო და უსასრულო სტუმრიანობა, დაუსრულებელი სადღეგრძელოები, სუფრის გაშლა-ალაგებები და გაუთავებელი ფულის ხარჯვა-ჩუქება.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი წლის პერიოდში არ უნდა გაგიწყრეს ღმერთი და არ დაგჭირდეს საქმის გაკეთება – 1 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით (თუ იანვრის ბოლომდე არა), იმიტომ, რომ ვერაფერსაც ვერ გააკეთებ – სრულიად საქართველო ისვენებს. ამავე პერიოდში სუპერმარკეტებში გადასარევად საღდება მჟავე, აფთიაქიდან კი _ „ციტრამონ-ალოჰოლი“.
მაგრამ ზემოხსენებულის მიუხედავად, მაინც ძალიან მიყვარს ახალი წელი. ისე მიყვარს, რომ მოვითხოვ, წელიწადში მინიმუმ 4-ჯერ მის აღნიშვნას. მერწმუნეთ, ავშენდებით! ირგვლივ ყველა ქალი დავარცხნილ-მოწესრიგებული ივლის, კაცი კი – გადასარევ ხასიათზე!

კომენტარები

კომენტარი