ამოიდგი (დედა)ენა!

ამოიდგი (დედა)ენა!

გამართული ქართულით მეტყველება, წერა, კითხვა, კამათი, აზროვნება და თქვენ წარმოიდგინეთ – სიყვარულის ახსნაც კი (თუკი ამას დღეს საერთოდ ვინმე აკეთებს), უკვე დიდი იშვიათობაა. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ენა ამჟამად მუტაციის პროცესშია მეტწილად ინგლისურ და რუსულ ენებთან, სლენგთან და ჟარგონთან, ასევე ინტერნეტსივრცეში დაბადებულ გაუგებარ გამონათქვამებთან, რომელიც მხოლოდ იმ თაობას ესმის, რომელიც თხემით ტერფამდეა დასნებოვნებული სოციალური ქსელების, მაპატიეთ გამოთქმისთვის და, ტრიპერით.
საკუთარ მოსაზრებას ვიტყვი:
დავიწყოთ ქართული ენის, ასე ვთქვათ, „კლინიკური ნიშნებით“ ქალაქის ქუჩებში აღმართულ სარეკლამო ფარებზე – ე.წ. „ბილბორდებზე“. ვიზუალს რომ შევეშვათ (და სადაც ხშირად ნახავთ პროდუქტისა და გამოსახულების აბსოლუტურ შეუსაბამობას – მაგალითად, რუსული წარმოების ერბოს რეკლამაზე ქართულ ჩოხა-ახალუხში შემოსილ ქართველ ბიჭუნას, რომელსაც სრულიად ეროვნული სულისკვეთებით გაუშვერია მარჯვენა მკლავი შორეთისკენ) – ვინაიდან ამ სვეტის თემა არ არის, ქართული ენა სამამულო წარმოების ბილბორდებზე შოკისმომგვრელია.
მაგალითად, ცოტა ხნის წინ შევნიშნე „ბილბორდი“ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ერთ-ერთი მაღაზიის ერთ-ერთი აქციის შესახებ, სადაც თავს იწონებდა შემდეგი შინაარსის სლოგანი: „წაიღეთ სახლში ხარისხი!“
ჩემი მოკლე ჭკუით, ჯერ ერთი, „სახლში“ არა – „შინ“ უნდა იყოს, იმიტომ, რომ ზოგადად, სიტყვა „სახლში“, მსგავს კონტექსტში გამოყენებისას, წმინდა სისხლის რუსული კალკაა („Домой“). და მეორე – მერწმუნეთ, ხარისხს „სახლში“ ვერ წაიღებთ, ხარისხიან ტელევიზორს ან ბლენდერს – კი, ბატონო.
ასევე საოცრად გავრცელებული და „მოთხოვნადი“ (კიდევ ერთი სიტყვა-კოშმარი, რომელიც ბოლო 10-15 წლის მანძილზე ატაცებული უგვანო „მარგალიტია“) ფრაზაა „გააკეთე არჩევანი“, რომელზეც ქართულ კომპანიებს, არც მეტი არც ნაკლები, აბოდებთ. არადა, ესეც ჩვეულებრივი რუსული კალკაა (აბა, დაუკვირდით). ვინმე თუ მეტყვის, როგორ უნდა „გავაკეთო არჩევანი“, ჯანდაბას, დავუთმობ ნახევარ სამეფოს. გაკეთება მე ბავშვების გამიგია, ისიც – გლეხურ, უბრალო ენაზე. რატომ – „გააკეთე“?! როცა არსებობს – „აირჩიე“… გაცილებით სხარტი, ლაკონური და რაც მთავარია – ქართული ფორმა.
საინტერესო სლოგანი აქვს „რომელიღაც“ ავიაკომპანიას (სახელს შეგნებულად არ ვწერ – გამგები გაიგებსო, როგორც იტყვიან): „იფრინეთ ჩვენთან ერთად“…
რასაკვირველია, მესმის, ამით რისი თქმა გვსურს, მაგრამ მომიტევეთ… თქვენთან ერთად ფრენა თუ შევძელი, რატომ უნდა შევიძინო თქვენთან ბილეთები, ან საერთოდ, რა მესაქმება თქვენთან?.. შემოვკრავ ჩემს ფრთებს და ჰაიდა! – მერე ნახეთ ჩემი „ფრენები ნებისმიერი მიმართულებით“…
გარდა იმისა, რომ უხეშადაა დარღვეული ქართული ენის ნორმები, სამამულო წარმოების „ბილბორდებსა“ და ელექტრონულ სარეკლამო ტაბლოებზე ხშირად შენიშნავთ სარეკლამო ტექსტების არაეთიკურ ფორმებსაც. გამგები ხომ გაიგებსო, და მაგალითად, ლაზერული ეპილაციის თითქმის ყველა ფირმა ერთსა და იმავე ფორმის სარეკლამო წარწერებს გვთავაზობს: „ტუჩი – … ლარი“; „ბარძაყები – … ლარი“; „მკლავები – … ლარი“; იღლია – … ლარი; ბიკინი – … ლარი. პირადად ჩემთვის, ეს წარწერა ძალიან არასასიამოვნო სანახავია ქალაქის ქუჩებში გავლისას. წარწერები ასეთი ფორმით თითქოს ადამიანის სხეულის სხვადასხვა ფრაგმენტების ფასს გვთავაზობს, სადაც, როგორც წესი, ყველაზე იაფად ზედა ტუჩი ან მკლავი ფასობს, ყველაზე „ძვირფასი“ კი – ე.წ. ბიკინია.
არანაკლებ პოპულარული სლოგანია „იყავი ფორმაში“, რომელსაც როგორც წესი, ფიტნესდარბაზები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი დაწესებულებები „ღაღადებენ“. აქაც იგივე, ჩრდილოელი „დიადი“ მეზობლის კალკას ვაწყდებით (შეგნებულად აღარ დავწერ რუსულ ენაზე – თავად დაფიქრდით, გადათარგმნეთ და მიხვდებით). საინტერესოა, რის ფორმაში უნდა ვიყო? – სამსახურის უნიფორმაში?.. თუ ნამცხვრის ბისკვიტის გამოსაცხობ ან ფოლადის ჩამოსასხმელ ფორმაში?.. სრული ფანტასმაგორიაა, არა?.. ვერაფერს იტყვი.
ეს გახლდათ მცირე ნაწილი იმ დიდი „ორომტრიალისა“, რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება – სადაც უნდა გაიხედო.
ვიღაცამ შესაძლოა მკითხოს, როგორღა დავწეროთო?
პასუხი მარტივია – ქართულად!
ეძიეთ და იპოვით… ქართულ ენას!

 

კომენტარები

კომენტარი