არ წაიკითხოთ წიგნები

არ წაიკითხოთ წიგნები

შემოდგომის სცენის გამნათებელი ყველაზე შემოქმედებითი კაცი უნდა იყოს დანარჩენ ოთხთა შორის, მზის ნათურას სასწაულს აკეთებინებს. მთავარია ქარი ქროდეს. პარტერიდან და ლოჟიდანაც სასიამოვნო სამზერია.
ამ დროს ხალხი მუშაობას იწყებს, ძნელად თუ ტკბება. ზაფხული გავლილია, ზურგსუკან დგას და მის სუნთქვას კი გრძნობ ყურთან, მაგრამ ნელ-ნელა სუსტდება. ზოგჯერ ამინდია – კოაბიტაცია ამას ჰქვია – მზე და თოვლი ერთმანეთში ირევა. მოკლედ – მაგარი დროა შემოდგომა. განსაკუთრებით საღამოები. აი, წიგნის კითხვის დრო; ან ტელევიზორთან მისხდომის დრო, ან ინტერნეტთან.
ჩემი, როგორც ბიბლიოთეკის დირექტორის, რჩევა, ყველას მოლოდინით, მარტივი უნდა იყოს – იკითხეთ წიგნები, ყველგან და ყოველთვის. მაგრამ არის ხოლმე, მოწოდება გაუგებარად რჩება. განსაკუთრებით ჩემი სტუდენტებისთვის და მათი თაობისთვის – ხალხისთვის, რომელსაც ინფორმაცია შეუძლია რომელიმე ვიკისაიტზე ამოიკითხოს, ხოლო სიამოვნება თუ კათარზისი ფლეისთეიშენის თამაშითაც მიიღოს. მე თუ მკითხავთ, წიგნის კითხვა აუცილებელი მართლაც არ არის. წიგნს, ანუ ამ შემთხვევაში, ცხადია, ვგულისხმობ მხატვრულ ლიტერატურას, ყველა არ უნდა კითხულობდეს. მისი დაძალება დანაშაულიც კია. ლიტერატურის ვინმესთვის შეყვარება წარმოუდგენელია ამბავია, თანდაყოლილი საქმე მგონია ეს _ ავადმყოფობა, გნებავთ, აი, როგორც სცენის მტვერი და ამგვარი ამბები. იწამლები და მათით ცხოვრობ. ასე გრძელდება სულ – ციხეშიც და საავადმყოფოშიც მათ გვერდით გინდა – ვერც შენ შორდები და თითქოს, რაღაც ძალით, არც ისინი გიშორებენ.
ასე რომ, ნუ ვიქნებით მიამიტები. არ წაიკითხოთ წიგნები:
1) თუ მეათე გვერდის შემდეგ, მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებთ თავში – როდის დამთავრდება;
2) თუ სხვების ცხოვრებით ცხოვრება გაფრთხობთ, ან თუ არ – უფრო ადვილი გზა – რამე სერიალის ცქერა გირჩევნიათ;
3) თუ ვაჟასეულ აღაზას სცენაზე დაბურძგვლის ნაცვლად, ხვალინდელ ვახშამზე ფიქრობთ;
4) თუ არტურ რემბოს მთვრალი ხომალდი თქვენც არ გიკარგავთ სიფხიზლეს;
5) თუ ხანდახან არ გავიწყდებათ, რომ ჩაიდანი დუღს. თქვენ კი ამ დროს მარტინ იდენთან წყლის ფსკერს ათვალიერებთ;
6) თუ ედგარ პოს პატარა მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, ერთ პატარა ჭაღარა თმის ღერს მაინც არ შენიშნავთ, დილით რომ სარკეში ჩაიხედავთ;
7) თუ ხანდახან პეპისავით არ ფიქრობთ : ,,ვფიცავ არასდროს გავიზარდო იმაზე მეტი, რომ წვიმაში ყვავილების მორწყვის შემრცხვეს!’’
8) თუ სიცრუის გეშინიათ. რომ დაგამშვიდოთ – სიცრუის სიბრძნის.
ცოტა პათეტიკურია, არა? ასეა. მაგრამ მაშინაც ნუ წაიკითხავთ წიგნებს, თუ მანერულობა გაშინებთ, მაშინაც ნუ გადაშლით. ან ჩართავთ.
ხოლო სხვა შემთხვევაში მათი წაკითხვა ჯანმრთელობას არ ავნებს, მხოლოდ მცირე უკუჩვენებები აქვს. ჩემი საშემოდგომო რჩევებიც ეს არის.

კომენტარები

კომენტარი