არ ვჭამოთ ნაგავი

არ ვჭამოთ ნაგავი

ქართველებს ჭამა განსაკუთრებულად გვიყვარს. ის ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ორგანული ნაწილია. სამზარეულოც ზედმეტად მრავალფეროვანი გვაქვს – ცომისა და ცხიმის გვარიანი სინთეზი, მასიურად შემწვარ-მოხრაკულები, ჭარბად მჟავე და უხვად წიწაკიანი. ხანდახან, რომ ვუფიქრდები, რამდენს იტანს ჩვენი საცოდავი ნაღვლის ბუშტი, გულწრფელად ვწუხვარ. ვჭამთ მაშინ, როცა გაგვიხარდება, რაც გაგვიხარდება, და იმ ოდენობით, რა რაოდენობითაც გაგვიხარდება. მივირთმევთ ყველაფერს, ყოველი ორშაბათიდან ჯიუტად ვართ დიეტაზე, რომელიც სამშაბათს თუ არა, მაქსიმუმ ოთხშაბათს აუცილებლად ირღვევა და მერე ისევ წრეზე – ორშაბათიდან, დიეტის წრეზე.
ჩემი ძველი კურსელები შემხვდნენ იმ დღეს. ბიჭები. ბიჭები კი არა, კაცები – პლუს ათი კილოთი და შეთხელებული თმით. შინ რომ მივედი, პირველი, რაც გავაკეთე, სარკეში ჩავიხედე და საკუთარ თავს დავუწყე თვალიერება – ნუთუ მეც ასეთი შეცვლილი ვარ-მეთქი. ცოტა დავმშვიდდი მას მერე, რაც დარწმუნდი, რომ იგივე ზომის ჯინსი მაცვია, რაც 10 წლის წინ. თმაც საბედნიეროდ ჭარბად მაქვს თავზე და ნაოჭებიც ჯერჯერობით არ მეტყობა. მერე შევხედე ბრედ პიტს, რომელსაც სულ ცოტახნის წინ ჰქონდა ქორწილი და მიმაჩნია, რომ ბევრად სიმპათიურია ეს მამაკაცი მას მერე, რაც 50 წელი შეუსრულდა. აღარაფერს ვამბობ ფარელ უილიამსზე, რომელიც 40 წლისაა და დღემდე არ მჯერა, როგორ ინარჩუნებს ბიჭურ გარეგნობას – არც თმა სცვივა, არც ღიპი ეტყობა. გულწრფელად მაინტერესებს, რა არის პრობლემა? ჩვენი ჰავა თუ კვება? თუ ზოგადად, ჩვენ ვართ პრობლემა? 3-სართულიანი სუფრები თუ „განსხვავებული“ სასმისები? ეს ყველაფერი მაინც კვების ბრალი მგონია. კვებისა და ულუფის რაოდენობის – არასწორი კვების ბრალი.
ან რას ვჭამთ საერთოდ? ოდესმე დავფიქრებულვართ?
კარაქი – ნატურალური კარაქი გადასარევია, მაგრამ იმ შეფუთვაში, რომელსაც აწერია „კარაქი“… ნამდვილად არ არის რძის ეს პროდუქტი გახვეული. ხიზილალა – ყველამ მშვენივრად იცის, რომ ზოგადად, ხიზილალა დიდხანს ვერ ინახება. თუ ნაკლებმარილიანი შეგხვდათ სადმე, აუცილებლად მინარევებითაა გაჯერებული და საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასევე ერიდეთ უცხოური კარტოფილს, რომელიც ნიტრატიანია.
ისეთი პროდუქტები, როგორიცაა დაკონსერვებული სიმინდი-ბარდა, „ჩიფსები“ – რომლებიც ძალიან უყვართ ბავშვებს, კარტოფილი „ფრი“ და თქვენ წარმოიდგინეთ კაკაოც კი, გენმოდიფიცირებული პროდუქტებია და შეეცადეთ მოერიდოთ.
სახოფათოა რძის ის ნაწარმი, რომელსაც ვარგისიანობის ვადა 3 თვეზე მეტი აქვს. ამ ხანგრძლივობით რძის პროდუქტი ფიზიკურად ვერ შეინახება ქიმიის დახმარების გარეშე. იგივეს ვიტყოდი ყურძენზე, რომელიც არ ჭკნება, არ ხმება და ზოგადად, არაფერი ემართება. ხილის ეს სახეობა საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან გაჯერებულია სხვადასხვა ანტიმჟავით.
კეტჩუპს და სხვადასხვა სახის სოუსებს, რომლებსაც დანამატის სახით საღებავი ან ათასგვარი არომატიზატორი აქვთ, ასევე ვნებს ჯანმრთელობას. ჩემთვის და მგონი ყველასთვის საყვარელი მაიონეზი კი მდიდარია ტრანსცხიმებით და კარცეროგენულია.
გახსოვდეთ: პროდუქტი, რომელიც მოჰყავთ საავტომობილო გზასთან ახლოს მდებარე ტერიტორიაზე, ძალზე საშიშია ჯანმრთელობისათვის, რადგან გაჯერებულია მანქანის გამონაბოლქვითა და მტვრით.
ამ ყველაფერს ემატება ისედაც არაჯანსაღი ეკოლოგიური გარემო: დაბინძურებული ჰავა, ძველი და უკატალიზატორო ტრანსპორტი.
არაჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ისიც საკმარისია, რომ მასობრივად, წლიდან წლამდე არავინ არ უთმობს დროს ფიზიკურ დატვირთვას. ამას ემატება ის ე.წ. ნაგავი, რომელსაც მივირთმევთ. შედეგი შემზარავია: ნაადრევი ონკოლოგიური დაავადებები, გულ-სისხლძარღვთა გაახალგაზრდავებული პრობლემები, გახშირებული დიაბეტი ბავშვებში.
პრობლება ჩვენშია! არ ვზრუნავთ საკუთარ მომავალზე. კვების რეჟიმი სერიოზული პრობლემაა. ვიკვებებით ორჯერადად და ვჭამთ ყველაფერს! ან უარესი – მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით და იმიტომაცაა, რომ გვიჭირს წონაში დაკლება. ან გვიან მივირთმევთ, და ამ შემთხვევაში დაკლების შანსი საერთოდ იკარგება. მითუმეტეს, წლებთან ერთად, მეტაბოლიზმი იცვლება. 30 წელს გადაცილებული ადამიანის ორგანიზმს აღარ აქვს ისეთი ნივთიერებათა ცვლა, რაც 20-22 წლის ასაკში ექნებოდა. ამიტომ ოცდაათ წელს რომ გადააბიჯებთ, კარგად დაფიქრდით, რას ჭამთ და რამდენად გიღირთ ამ საკვების მირთმევა.
პროფესიონალები გვირჩევენ:
მიიღეთ 2 ლიტრამდე წყალი დღის განმავლობაში; უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ საკვებს, და არა შემწვარ-მოხრაკულებს. მიირთვით 7 სახეობის ხილ-ბოსტნეული; გაანახევრეთ შაქრისა და მარილის მიღება. პურის დღიურ ნორმად დაიწესეთ თითო ნაჭერი, და არა ნახევარი ბატონი. თონის პური ძალიან გემრიელია, თუმცა რთულად მოსანელებელი პროდუქტია, ამავდროულად – ზედმეტად კალორიული, ამიტომ საგრძნობლად შეამცირეთ მისი მიღება.
იკვებეთ 3 ან 4 საათში ერთხელ და მოერიდეთ კვებიდან კვებამდე დამატებით საჭმლის მიღებას.
შოკოლადი მიირთვით შავი, დღიურად 2-3 ნატეხი, და არა მთლიანი ფილა, რომელიც ძალიან უხდება მურაბიან ჩაის…
კექსის, ნამცხვრისა და სხვა ტკბილეულის მირთმევას სჯობს სადღესასწაულო ხასიათი და სიხშირე მივცეთ, და არა ყოველდღიური… და არა ყოველდღიურად მრავალჯერადი…
საკვები ულუფა არ უნდა აღემატებოდეს 300 გრამს და უნდა მივიღოთ რეგულარულად – საათობრივი გრაფიკით. ყველა ამ წესის დაცვით, თქვენ არათუ არაჩვეულებრივ ფიზიკურ ფორმას შეიძენთ, არამედ გარანტირებულად ჯანმრთელი ორგანიზმი გექნებათ. იქნებით გაცილებით ლამაზები, რადგან მოწესრიგებული კვება სახის კანზე პირდაპირპროპორციულად აისახება. და ესეც რომ არა, რა სჯობს სწორ და ნატურალურ კვებას – ზედმეტი ნაგვის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი