(ასახდენი) ზღაპარი… საახალწლოდ

(ასახდენი) ზღაპარი… საახალწლოდ

საქართველო… ოცდამეერთე საუკუნე… ორიათასრომელიღაცა წელი…
დეკემბრის ბოლო დღეები…
ქვეყანა, ხალხი, სახაალწლოდ ემზადება… ამიტომ ირგვლივ, ყველგან – სოფელსა და ქალაქში წინასაახალწლო სამზადისია.
ქვეყანაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სრული რენესანსის ეპოქაა. საქართველო ევროკავშირისა და NATO-ს სრულუფლებიანი წევრია, აქვს მკაცრად და მკაფიოდ ჩამოყალიბებული, საგარეო კურსი და ეკონომიკური პოლიტიკა, საკუთარი, მყარი პრინციპები და მისწრაფება, რომელსაც ირგვლივ, ახლო თუ შორეული მეზობელი სახელმწიფოები პატივს სცემენ და ანგარიშს უწევენ.
აფხაზეთი და სამაჩაბლო უკვე დიდი ხანია საქართველოს იურისდიქციაშია და ორივე რეგიონში ცხოვრება ისევე მშვიდად, ჩვეული, სტაბილური და უდრტვინველი ტემპით მიედინება, როგორც დანარჩენ საქართველოში.
გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ახალ ათონსა და აფხაზეთის დანარჩენ ზღვისპირეთში ტურისტული ცხოვრება დუღს და გადმოდუღს. აფხაზეთი ვეღარ იტევს ტურისტების მოზღვავებულ რაოდენობას და ამიტომ, რეგიონის ზღვისპირა, აუთვისებელ ტერიტორიებზე გამალებული მშენებლობა და ინფრასტრუქტურული განვითარება მიმდინარეობს.
ასევე, სამაჩაბლოს რამდენიმე სოფელი ტურისტულ დესტინაციად არის აღიარებული და არც იქაურობა უჩივის დამსვენებელთა თუ დამთვალიერებელთა ნაკლებობას.
საქართველო ეკონომიკური განვითარების ზენიტშია!
სახელმწიფო ბიუჯეტში, უკვე მერამდენე წელიწადია, პრეფიციტი ფიქსირდება და მთავრობამ აღარ იცის, რაში დახარჯოს, რას მოახმაროს ზედმეტი ფული. ამიტომ, ერთმანეთის მიყოლებით წესდება ლიტერატურული თუ სამეცნიერო, სახელოვნებო თუ სხვა დარგის პრემიები, სტიპენდიები, წამახალისებელი სასწავლო დაფინანსებები და სხვა მრავალი. ქვეყანაში ეკოლოგიაზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ სახელმწიფო პრიორიტეტად მოიაზრება, ამიტომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს არნახული ბიუჯეტი აქვს საკუთარი პროგრამების გასახორციელებლად.
ქვეყანაში კრიმინალი ნულს ქვევით ზღვარზეა. საზოგადოებაში აღარავის მოსდის აზრად, მოიპაროს, გაძარცვოს, დააყაჩაღოს ან ითაღლითოს. ნარკომანიის ფაქტები, და ზოგადად ნარკომანები, თითზე ჩამოსათვლელნი არიან – მტწილად, ძველი თაობის ხალხი, რომლებიც სპეციალურ კლინიკებში მკურნალობენ და რეაბილიტაციის კურსს გადიან. ახალი თაობა აბსოლუტურად განსხვავებული, ჯანსაღად მოაზროვნე და ჯანსაღი ცხოვრების წესს მიმდევარი ახალგაზრდები არიან. 8 წლის ასაკიდან, ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვთა 99.9% სპორტითაა დაკავებული, მონაწილეობს რეგიონულ ან საერთაშორისო ოლიმპიადებში, სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მათემატიკაში, უცხო ენებში და სხვა საგნებში, და მათი უმრავლესობა წარმატებით ასრულებს თავის მისიას.
ქვეყანაში არსებობს 2 სოციალური ფენა: ძალიან კარგად მცხოვრები საშუალო, და მულტიმილიონერების, მულტიმილიარდერების ფენა, რომლებიც სახელმწიფო ეკონომიკის ერთ-ერთი ბურჯი, მისი ერთ-ერთი გამწევი ძალაა. ქვეყნის მთავრობა კი მათი საქმიანობის ხელშესაწყობად, მაქსიმუმს აკეთებს.
მრეწველობა საქართველოში საკუთარ “ოქროს ხანას” ზეიმობს: სრული დატვირთვით მუშაობს მძიმე და მსუბუქი მეტალურგია, ისხმება ფოლადი, იგლინება მილები, მზადდება ლითონის, ხის, რკინა-ბეტონის, ალუმინის ნაკეთობები, სამშენებლო მასალები. მუშაობს მსუბუქი მრეწველობა – ტრიკოტაჟის, ფეხსაცმლის, კვების, ქაღალდისა და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულების ფაბრიკა-ქარხნები. მუშა-მოსამსახურეები დასაქმებულები არიან, აქვთ ძალიან კარგი, არაჩვეულებრივი ხელფასი, დაზღვევის პლატინის პაკეტი, და პრემიები, უფასო შვებულებები წელიწადში ორჯერ, ასევე შეღავათები, სახელმწიფო დახმარებები თუ წახალისებები.
განათლების სფერო ერთ-ერთი ფლაგმანია აღორძინებულ საქართველოში!
საერთო ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა სრული უმრავლესობა იოლად გადის გამოცდებს და სტუდენტი ხდება. წარჩინებულ სტუდენტთა პროცენტული რაოდენობა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში თითქმის 97-98%-ს უტოლდება და ლამის ყველა მათგანი კვალიფიკაციის ასამაღლებლად თუ სტაჟირების გასავლელად ამერიკისა და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ უნივერსიტეტებში მიემგზავრებიან, სწავლობენ, ცოდნას იღრმავებენ და ისევ სამშობლოს უბრუნდებიან, ოღონდ – ნამდვილი, მაღალი რანგის პროფესიონალები.
კულტურის სფეროში ნამდვილი გარღვევაა!
საქართველოს უკვე ჰყავს… ნობელის პრემიის ორი, და პულიტცერისა და გონკურისაც თითო-თითო ლაურეატი. ნობელის პრემიის მეორე ლაურეატი მშვიდობის სფეროშია, თუმცა ამას მოგვიანებით დავუბრუნდეთ.
ქართულ კინემატოგრაფში უკვე ფიქსირდება “ოსკარის” ორი, “ოქროს პალმის რტოს” ოთხი, “ოქროს გლობუსის” ორი, “ოქროს დათვის” ორი და “ვერცხლის დათვის” ერთი, და ერთიც, “ოქროს ლომის” პრემიები.
თანამედროვე ქართველ მუსიკოსებს, ჯამში, 18 “გრემი” და MTV MUSIC AWARDS-ის 21 პრემია აქვთ მიღებული.
ფეხბურთში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, გასული მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალამდე მიაღწია, თუმცა ერთადერთი უიღბლო შემთხვევის გამო დამარცხდა და ფინალში ვეღარ ითამაშა. ფეხბურთის ქართველი ლეგიონერები ერთ-ერთი ძვირაღირებულნი არიან და მათზე დასავლეთის კლუბების მხრიდან არანორმალური მოთხოვნაა.
საქართველოს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც ნამდვილი ინტელექტუალია, მენტალურად და პოლიტიკურად ჩამოყალიბებული პიროვნებაა, ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა და საკუთარ თავს რიგით მოსამსახურედ მიიჩნევს. კვირაში ერთ დღეს სხვადასხვა პროფესიის რიგით თანამშრომლად მუშაობს – არა პიარის მიზნით და კეკლუცობით, არამედ იმიტომ, რომ გულწრფელად უყვარს საკუთარი ქვეყნის ხალხი, მოქალაქეები, პატივს სცემს მათ საქმეს, ყველა მათგანის პროფესიას და ყველაფერი აინტერესებს, ხალხთან სიახლოვე უნდა. აი, მაგალითად, გასულ პარასკევს (საამისოდ, მან პარასკევი აირჩია) პრეზიდენტი საბავშვო ბაღის რიგით ძიძად მოგვევლინა. მთელი დღე – დილიდან საღამომდე თბილისის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში გაატარა, ბავშვები დააპურა, ჭურჭელი დარეცხა, მასწავლებელთან ერთად, პატარები ბაღის ეზოში გაასეირნა, შემდეგ ეთამაშა, გაართო და დღის ბოლოს, ყველას დიდი სიყვარულითა და სითბოთი დაემშვიდობა. აი, ახლაც, პარასკევი ახლოვდება და პრეზიდენტი “პრომო-ბიჭუნად” აპირებს მუშაობას – ერთ-ერთი მაღაზიის აქციის ფლაერებს ქუჩაში გამვლელებს დაურიგებს.
ერთი სიტყვით, ორიათასრომელიღაცა წელია და საქართველოში ახალი წელიწადი დგება.
12 საათამდე 30 წუთია დარჩენილი…
ჰო, არ დამავიწყდეს: ნობელის მეორე პრემია, მშვიდობის დარგში, ქართველმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწემ აიღო, რომელმაც საკუთარი პოლიტიკური საქმიანობით, მონდომებით, გამოსვლებით, შემუშავებული სამშვიდობო პროგრამით, საკუთარ ქვეყანას არამარტო დაკარგული ტერიტორიები დაუბრუნა, არამედ ახლო აღმოსავლეთის მრავალწლიანი კონფლიქტის სამუდამო დარეგულირებას დიდწილად შეუწყო ხელი. უკვე მთელმა დედამიწამ იცის, რომ სადღაც იქით, აღმოსავლეთისკენ, ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე, არსებობს პატარა, საოცარი, ძლიერი და ლამაზი ქვეყანა – მშვენიერი, ჭკვიანი, მდიდარი და სტუმართმოყვარე ხალხით.
ამ ქვეყანას საქართველო, ხოლო აქ მცხოვრებ ხალხს -ქართველები ჰქვიათ.
ჰოდა, სადაცაა, ახალი წელი დადგება…
აი, ასეთ საქართველოში…
რა ზღაპრებს ყვებიო, მეკითხებით ალბათ, არა?..
ჯერ ერთი, არ არის ეს ზღაპარი. ყველაფერი დროის ამბავია. თანაც – არც ისე ხანგრძლივი დროის.
და მეორე – ვისაც ჩემი ზღაპარი არ მოსწონს, მე იმისი სინამდვილე..!
აი, ასე!

კომენტარები

კომენტარი