ახალი ბრძოლა

ახალი ბრძოლა

იცით, როგორ იყო? ძალიან უცნაურად. რაღაც რუსული სიმღერა, გაუგებარი ტექსტით და მისამღერით: „აზია-ევრაზია, ჩტო ზა ბეზაბრაზია…“ აზია ასე ჩამრჩა, უცნაურად, აცდენილი კონტექსტით. და კიდევ სახელმძღვანელოები. გარდამავალ სახელმძღვანელოებში, საბჭოთა წიგნებში, სადაც საბჭოთა ამბები გადახაზული იყო, აზიას ორი სახით წააწყდებოდი – სოციალისტურს და კაპიტალისტურს. თქვენთვის ცხადია, რომ სოციალისტური ყვაოდა და კაპიტალისტური გულისხმობდა ვიწრო ქუჩებზე გამოფენილ ჭუჭყიან სარეცხს და სანაგვეებს, დაუძლურებული ბავშვების იმედთან აცდენილ მზერას. სინამდვილეში, ალბათ ყველაფერი პირიქით ხდებოდა, მაგრამ იმ წიგნებს ასე ესმოდათ და ჩვენ რასაც ვხედავდით, იმას ვიზეპირებდით.
მერე აზიური ზღაპრები წავიკითხე. სხვა ესთეტიკა. სიცივისა და სიცხის უჩვეულო თამაში. მონაცვლეობა. ისევე, როგორც სიმდიდრისა და სიღარიბის. სიმდიდრისა და სილამაზის.
ეგრეა, რომ აზია ძალიან ბევრია. ჭრელი და ფერადი კი არა – ბევრი. თვისებრივად სხვადასხვანაირი. ჩაკეტილი კულტურების ერთობა. იქით ვედები, მაჰაბჰარატა, არჯუნა და კრიშნა. შუაში ბუდა. აქეთ – კონფუცი და ლაო ძი. მერე ტანკა და ჰაიკუ. გენდაისი. ჩაი. სამურაი. ჩინური კედები. ბრინჯის მოსავალი. კრიშან ჩანდარი. ქენძაბურო ოე.
აზიის სიმბოლო ჩინური კედელიცაა. სიმბოლური მიჯნა. თავის დაცვის სურვილი და შესაძლებლობა. ოღონდ – შეუძლებელი. ამიტომაც, აზიამ ევროპაც შეითვისა. და ევროპამ – აზია. ეს გარდაუვალი ამბავია, მაგრამ ფორმების შენარჩუნებაა მანდ მთავარი გამოწვევა. და ეს აზიამ შეძლო. სურვილის მიზეზი ვიცი და შესაბამისად, მათი ძალების მჯერა. ისტორიის გამო არა, ეგ სხვა თემაა და ზურგსუკან. აი, მზერამისაწვდენ წლებზე ვლაპარაკობ. ცუნამმა რომ ატომური სადგურები დააზიანა, მანდ გაიმართა დიდი ომი ადამიანსა და ბუნებას შორის. მე ვაკვირდებოდი ყოველდღიურად იაპონელი სპეციალისტების ბრძოლას და მტკიცედ მგონია, რომ ეს იყო ახალი აზიის სახე. ეს დაუცხრომელი და თავგანწირული ომი ათასჯერ ძლიერთან და სასტიკთან. აუცილებელი გამარჯვების ბრძოლა. გადარჩენა და გამარჯვება აზიას ნიშნავს.

კომენტარები

კომენტარი