ბედნიერების ამოუცნობი ინდექსი

ბედნიერების ამოუცნობი ინდექსი

არ გამკვირვებია, როდესაც UNICEF-ის მიერ აშშ-სა და ევროპის 28 ქვეყანაში განხორციელებული ბოლო კვლევის შედეგებს გადავაწყდი – ყველაზე ბედნიერ ბავშვებად ჰოლანდიელები დასახელებულან. ამის მიზეზი მათი მშობლები იყვნენ. და უცბად, გულწრფელი დანანებით, დილისდროინდელი პასაჟი წამომიტივტივდა: რის ვაი-ვაგლახით ყვითელ სამარშრუტო ტაქსში ოთხი შვილის დედა ამოდის… უმცროსი ბავშვი „კენგურუში“ ფართხალებს, უფროსი ათი წლისაც არ იქნება. ბავშვების დანახვაზე ყურსასმენებიანი უნივერსიტეტელი ბიჭები უფრო გაფაციცებით იცქირებიან „მარშრუტკის“ ფანჯარაში და ადგილს მხოლოდ მას შემდეგ უთმობენ, რაც წინა სკამზე მჯდომი ასაკოვანი ქალბატონი დგება და ახალგაზრდების მისამართით ხმამაღალ რეპლიკებს ისვრის. დარცხვენილი მრავალშვილიანი დედა ამბობს: „ბრძანდებოდეთ, რატომ შეწუხდით“ და ერთ-ერთი უნივერსიტეტელიც სიხარულით უბრუნდება „კუთვნილ“ ადგილს, ასაკოვანი ქალბატონი კი ფეხზე რჩება…

რეალურია კი ჩვენს სინამდვილეში ოდესმე მაინც მოვხვდეთ ბედნიერების მაღალი ინდექსით UNICEF-ის კვლევებში? ბოლოს და ბოლოს, სად არის დამარხული ძაღლის თავი? „ჰოლანდიელ ქალებს დეპრესია არ ერჩის“ – თუ ამ წიგნის ავტორს ელენ დე ბრუინს დავეკითხებით, ქალთა ბედნიერება მათ თავისუფლებაშია – ჰოლანდიელები თავისუფლად ირჩევენ სექსუალურ ორიენტაციას, რელიგიას, ცხოვრების წესს, ღიად გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, სხვა ქალებივით არ არიან გადაყოლილი გარეგნობას და არც ქართველი ქალბატონებივით დაუპატიჟებელი სტუმრების ფერება ახასიათებთ.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში შემავალ 34 წევრ ქვეყანას შორის ჰოლანდია შვილებიანი ქალების დასაქმების თვალსაზრისით მეოთხე ადგილზეა. ამ ქალთა 68% კვირაში მხოლოდ 25 საათს მუშაობს. შესაბამისად, ის ზომიერად და ზუსტად ანაწილებს დროს საოჯახო და საზოგადოებრივი საქმეებისთვის. ჰოლანდიელი მამებიც ცდილობენ სამუშაო კვირის შემცირებას, რათა მეტი დრო შვილებთან გაატარონ. ჰოლანდიაში „მამის დღესაც“ აღნიშნავენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჰოლანდიელი ბავშვები ნაკლებად სტრესულ გარემოში იზრდებიან. მაგალითად, უმცროსკლასელებს სკოლაში არ ეძლევათ საშინაო დავალებები. 12 წლის ასაკში ბავშვების ინტელექტუალური განვითარების დონეს სპეციალური ტესტებით ადგენენ. არც უნივერსიტეტში უწევთ მკაცრი მისაღები გამოცდების ჩაბარება.

ქართულ ოჯახში ბავშვის დაბადება ყველაზე დიდი სიხარულია, მაგრამ მისი აღზრდა, მისთვის სასურველი განათლების მიცემა და თუნდაც მისი დაოჯახება უზარმაზარი სტრესია, რომელიც მშობლებს მოდუნების საშუალებას არასოდეს აძლევს. ჰოლანდიელი და ქართველი ბავშვების აღზრდის მეთოდები ერთმანეთს მხოლოდ კვების ნაწილში ემთხვევა – მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნებადართულია დილაობით კარაქიან პურზე შოკოლადის მიყოლება (და საერთოდ, იმის ჭამა, რასაც მოისურვებენ). ეს ტრადიციული ჰოლანდიური საუზმე არცთუ სასარგებლოა, მაგრამ ბავშვისათვის – სასიამოვნო. თუმცა, ჩვენი შვილებისგან განსხვავებით, ჰოლანდიელი პატარები არ უჩივიან ჭარბწონიანობის პრობლემას, რომელსაც მშობლები უნდა აკონტროლებდნენ.

ქართველი ბავშვების ბედნიერების ინდექსი გამოცანაა. სკოლაში შეყვანისთანავე მათ ნაკლები შანსი აქვთ მყარი საბაზისო განათლება მიიღონ. სკოლის კედლებში გატარებული პერიოდი უმეტესობისთვის სიხარულსაა მოკლებული. ყველა ჩვენგანს საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ორიოდე სკოლის პედაგოგი თუ გაგვახსენდება. ერთადერთი გაკვეთილი, რომელიც ბავშვებს რეალურად უყვართ, ფიზკულტურაა. დღევანდელ თანამედროვე სკოლებში ამ საგანსაც მეორეხარისხოვანის სტატუსი აქვს მინიჭებული. ამიტომ ისღა დაგვრჩა, რომ შურით ვადევნოთ თვალი ვიეტნამელ მოსწავლეებს, რომლებიც ყოველდღიურად ერთ საათს სკოლაში იოგას გაკვეთილს უთმობენ. უკვე დამტკიცდა, რომ იოგა პოზიტიურად აისახება სწავლის ხარისხზე, ბავშვებს უხსნის დაძაბულობას და აუმჯობესებს კონცენტრაციის უნარს.

ცნობილია, რომ ყველაზე მცირე თანხას განათლებაზე – მილიარდ დოლარს სკოლებისა და სასწავლებლების განვითარებისათვის სომალი ხარჯავს, რის გამოც მოსახლეობის 76% გაუნათლებელია. საქართველოში საშუალო განათლება საყოველთაოდ ხელმისაწვდომია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სხვა ლიანდაგებზე გადასვლის მცდელობას სიკეთე, თუ ცალკეულ ექსპერიმენტულ და კერძო სკოლებს არ ჩავთვლით, არ მოუტანია.

„გზად სკოლისაკენ“ – ხიფათი, ეს არის მთავარი თემა ფრანგული დოკუმენტური ფილმისა სწავლამოწყურებულ ბავშვებზე – ჯექსონსა და სალომეაზე, რომლებიც ყოველდღიურად სავანაში ფეხით 20 კილომეტრს გადიან. მათ შესაძლოა მათ თავს დაესხას გარეული ცხოველი. მსგავსი რამ აქ არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ისინი მზად არიან ნებისმიერ რისკზე წავიდნენ, ოღონდ სკოლის შენობამდე მიაღწიონ და ისწავლონ…

ჩვენ კი, სასათბურე პირობებში გაზრდილებს, სკოლის დამთავრების მერე ათასი რეპეტიტორი გვჭირდება, მომავალ ცხოვრებაში რომ თავი მეტ-ნაკლებად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ. ამავდროულად, ჩვენ არ მოგვწონს მანდატურები, რომლებიც წესრიგის დაცვაში გვეხმარებიან, არც საკუთარი პრობლემებისგან გაავებული, დაბალი ხელფასის მქონე მასწავლებლები, რომელთა მინუსებზე ხშირად დირექციაც თვალს ხუჭავს. თითქოს არც არსებობს მსოფლიო გამოცდილება, რომელსაც კარგი იქნებოდა ვზიარებოდით.

შვედეთში მოსწავლის განცხადების საფუძველზე, თუ ის უკმაყოფილოა სწავლების მეთოდებით, მასწავლებელს სამსახურიდან უპირობოდ ითხოვენ. ქვეყანაში მიაჩნიათ, რომ დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობა მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი, ბავშვსაც აქვს ხმის უფლება და მისი განათლების სურვილი უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე მასწავლებლის მრავალწლიანი ავტორიტეტი… ჩვენც გვინდა ვიყოთ ევროპის ნაწილი, მაგრამ რატომღაც ორიენტირი მაინც აზიისკენ გვაქვს და ვგავართ თურქეთს, სადაც მიიჩნევენ, რომ პედაგოგებისა და მოსწავლეების მშობლების ახლობლობა მოსწავლეების პასუხისმგებლობას ზრდის. თურქული ოჯახები ხშირად ეპატიჟებიან სტუმრად მასწავლებლებს, დღესასწაულებზე კი შვილებს მათთან საჩუქრებს ატანენ… ნაცნობი სიტუაციაა?..

იქნებ იაპონელებივით უნდა გვზრდიდნენ, სადაც ბავშვებს არასოდეს უყვირიან, არ უკითხავენ ნოტაციებს, ფიზიკურად არ სჯიან. იაპონიაში ძალზე გავრცელებულია ე.წ. „გაუცხოების საფრთხე“. ყველაზე მძიმე მორალურ სასჯელად ბავშვის სახლიდან ან ბავშვთა სხვა ჯგუფიდან მოკვეთა მიიჩნევა. იაპონელებს კეთრივით ეშინიათ მარტოობის, კოლექტივის გარეშე ცხოვრების. იაპონური საზოგადოება დაჯგუფებების ერთიანობაა. „ეძიე ჯგუფი, რომელსაც თავს მიაკუთვნებ. იყავი მისი ერთგული და გქონდეს მისი იმედი. მარტოობის ლაბირინთებში ყოველთვის დაიკარგები,“ – ასეთია იაპონური მორალი.

იქნებ ჩვენი გადაჭარბებული ყურადღების ტყვეობაში მოხვედრილი შვილები მაინც მარტონი არიან? დადასტურებულია, რომ მშობლების სიყვარულის მძაფრ დეფიციტს ყველაზე მეტად უმცროსკლასელები განიცდიან. არადა, მეტ ყურადღებას თითქოს სწორედ ამ ასაკის ბავშვებს ვუთმობთ. სინამდვილეში კი, მშობლების დიდი ნაწილი ყოფითი პრობლემების მოგვარებაზეა კონცენტრირებული – როგორ იშოვოს ფული, რომ მის შვილს არ მოშივდეს და კარგად ეცვას. მას ნაკლები დრო რჩება მათთან ურთიერთობისთვის.

ბავშვი საჭმელ-სამოსზე ჩვენს მზრუნველობას ცუდად აცნობიერებს. მას სითბო, მხარდაჭერა, თავისუფალი დროის ერთად გატარება სჭირდება. ტიპური სიტუაციაა, როდესაც პირველკლასელები ხშირად ავადმყოფობენ. ზემზრუნველი მშობლების კალთასაწყვეტილი ბავშვის ორგანიზმს უცხო გარემო სწრაფად ასუსტებს. საქმე ისაა, რომ ავადმყოფობა ქვეცნობიერი ლტოლვაა „დაკარგული სამოთხის“ დასაბრუნებლად… ავადმყოფს ხომ ყველა დაჰფოფინებს, გემრიელ კერძებს უმზადებს და სურვილებს უსრულებს. მოკეთებული პატარა ისევ სკოლაში მიჰყავთ, სადაც მას ისევ უცხო გარემოში უწევს ყოფნა. ის კვლავ ავად ხდება… ვიღაცისთვის ასეთი ქცევა ზრდასრულ ცხოვრებაშიც გადანერგილი მოდელია.

ჩვენი შვილების ფსიქოლოგიური პრობლემები – შფოთვა, შიშები, ურჩობა, გაუგონრობა – ჩვენი პრობლემების ანარეკლია. სამსახურიდან დაბრუნებულები უგუნებოდ ან გაღიზიანებულები ვართ. ბავშვი ამას არავერბალურ დონეზე გრძნობენ და ჩვენს ქცევას ოჯახს მიღმა იმეორებენ.

ერთ-ერთ ამერიკულ ტელეარხზე კარგა ხანს იტრიალა ასეთმა რეკლამამ: პატარა გოგონა დედას თავის ნახატს აწვდის და შეფასებას თხოვს, მაგრამ დედას საქმეები აქვს, შვილს ყურადღებას არ აქცევს. გოგონა იზრდება, ბედნიერია, ველოსიპედი აჩუქეს და მისი მართვა ისწავლა. მამას თხოვს, რომ შეაფასოს, მაგრამ ის მობილურზე საუბრობს და შვილისკენ არც იხედება. ბოლოს, მოზარდი გოგონა ბინძურ კედელთან ზის. მას არაფრისმთქმელი თვალები აქვს. გვერდით კი ერთჯერადი შპრიცი გდია… გოგონას აღარ სჭირდება მათი ყურადღება, ვისაც ასე დიდხანს ეძახდა… ასე რომ, ბავშვის სიურჩისა და ასოციალური ქცევის მიზეზი ხშირად თვითონ ვართ – ჩვენ ვართ მათი ბედნიერების დაბალი ინდექსის პირველი მიზეზი.

ხშირად ველაპარაკოთ შვილებს. ვუამბოთ ჩვენს ბაბუაზე, როგორი იყო, როგორ იცხოვრა, როგორი გვახსოვს, ან ბებიაზე, რომელიც თან გვყვებოდა და რომელსაც ძალიან უყვარდა ბაბუა.

ვუამბოთ მათ სიყვარულსა და მეგობრობაზე. ესეც აღზრდაა.

კომენტარები

კომენტარი