(ჩემი დედა)ქალაქი

(ჩემი დედა)ქალაქი

ქალაქი ძალიან ვრცელი და საინტერესო თემაა. ქალაქთან დაკავშირებით, ისტორიულ და ფილოსოფიურ წიაღსვლებს რომ შევეშვათ და იგი მხოლოდ თანამედროვე ჭრილში განვიხილოთ, აქაც უამრავი სათქმელი და სამსჯელო იქნება. თუნდაც ის, რომ გლობალურად, და განსაკუთრებით ჩვენს ქვეყანაში, ბოლო რამდენიმე ათწლეულია, რაც სოფლიდან, პროვინციებიდან ქალაქებში ხალხის მიგრაციამ ძალზე საგანგაშო ხასიათი შეიძინა. მიზეზი ერთადერთია – მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, საარსებო წყაროს ძიება ინფრასტრუქტურულად და ეკონომიკურად უფრო განვითარებულ დასახლებულ პუნქტში – ქალაქში. ჩვენს შემთხვევაში კი, ეს განსაკუთრებით დედაქალაქში – თბილისში იგრძნობა. ბოლო წლების მანძილზე თბილისი რეგიონებში მცხოვრები ხალხის “გაჭირვების ტალკვესად” და ხსნად იქცა, სადაც სოფლიდან ჩამოსული ადამიანები ცდილობენ, რომ ლუკმაპურის ფული, მუდმივად ანაზღაურებადი სამსახური იშოვონ და ბანკის ვალდებულებას როგორმე გაუმკლავდნენ, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ უმრავლესობას მძიმე ლოდივით აწევს და რომელმაც ბოლო რამდენიმე წელიწადია ტოტალური სახე მიიღო. ეკონომიკის ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ვწერ იმას, რასაც ორთავე თვალით ვხედავ, და მე მგონი, არ ვცდები – ანუ თვალი არ მატყუებს.
თუ ზოგადად ვიტყვით, ქალაქი საკუთარი ცნებით ისტორიაა, ფილოსოფიაა, ესთეტიკა და კულტურაა, თავისი ცოცხალი ორგანიზმით, ცხოვრებით, საზოგადოებითა და ღირსება-ნაკლოვანებებით. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, მრავალფეროვანი, ამოუცნობი და იდუმალი, ერთადერთი მშობლიური ქალაქი – თბილისია. ეს ქალაქი საკუთარი მდიდარი ისტორიული წარსულით, ძალიან ჭრელი, მრავალეთნიკური მოსახლეობითა და არქიტექტურით, ბევრი მინუსითა და უფრო ბევრი ღირსებით, მსოფლიოს არცერთ სახელგანთქმულ ქალაქს არ ჩამოუვარდება. ევროპის, ამერიკისა თუ აზიის არცერთ აღიარებულ და გამოჩენილ ქალაქზე ნაკლები კულტურული ძეგლები და პანორამები, ქუჩები და არქიტექტურა, ისტორია და იდუმალება არ აქვს. პირიქით – ეს ქალაქი, ისტორიულად და არქეოლოგიური კუთხით, ჯერ კიდევ შესასწავლი და გამოსაკვლევია, იმიტომ, რომ თბილისი საკუთარი ისტორიის ბევრად მეტ წილს მიწისქვეშ ინახავს. ბანალურად თუ ვიტყვი, თბილისი წარსული, აწმყო და მომავალია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ დროის სამივე განზომილება თბილისს ერთმანეთისგან უკიდურესად განსხვავებული აქვს – მეტ-ნაკლებად ვიცით, როგორი იყო ჩვენი დედაქალაქი წარსულის სხვადასხვა ეპოქასა და ახლო წარსულში, ვიცით როგორია დღეს, და ისიც ვიცით, დაახლოებით მაინც, როგორი იქნება მომავალში. თუმცა შევეშვათ წარსულსა და მომავალს – ერთმა თავისი საქმე უკვე გააკეთა და ჩაიწერა ისტორიის ფურცლებზე, მეორე კი – არავინ იცის, რას გვიქადის. შესაბამისად, დარჩა აწმყო – სამსჯელოდ ძალიან საინტერესო, კრიტიკული, უღიმღამო და მრავალფეროვანი – ერთდროულად.
ანუ რას წარმოადგენს დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი ქალაქი – თბილისი?
თბილისი იყო, არის და, ალბათ, მომავალშიც დარჩება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისა და პროცესების ეპიცენტრი. თბილისი იყო, არის და მუდამ იქნება ყველაზე ქართული სნობიზმისა და ქართული გლამურის მექა, სადაც (თბილისში) ცხოვრება პრესტიჟსა და respect-ს ნიშნავს, სადაც არავის არაფერი უკვირს და თუ უკვირთ, არ იმჩნევენ, რომ უკვირთ; სადაც უღირსობა და ღირსება ისე აიხლართა ერთმანეთში, რომ უკვე აზრი აღარ აქვს ერთისგან მეორის გარჩევას – ერთი თურმე მეორეს ნიშნავს და მეორე – პირველს. შეგვიძლია, უბრალოდ, თავი დავაქნიოთ და თუ ტაშსაც დავუკრავთ, მით უკეთესი რომელიღაც სატელევიზიო შოუსთვის (იქ ლაპარაკობენ ხოლმე ასეთ რაღაცეებზე).
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ბევრი რამ არ არის მოსაწონი, გასაბრაზებელია, გასაპროტესტებელია, საყვირალია, ამოსაძირკვია და მოსაშორებელია, მაინც მიყვარს თბილისი – ნატანჯი, გაწვალებული, საოცარი მოვლენებისა და დიდი ადამიანების მომსწრე, გადაკეთებული, გადმოკეთებული, დანგრეული, გადაბუგული, დაცხრილული, ჩაბნელებული და გადაღებილი… და მაინც ცოცხალი!
მიყვარს ეს ქალაქი:
მიუხედავად იმისა, რომ ახლა აქ მოდაშია ჩურჩულები და ცრემლების ღვარღვარი კეკელას ან მაროს ტელეშოუებში;
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით, ან ცხვირწინ გადაგეღობებათ, ან ტროტუარზე ამოგიხტებათ და გზას მოგიჭრით, ან უეცრად მოსახვევიდან გამოგენთებათ ერთოთახიანი ბინისტოლა ე.წ. “ჯიპის” ტიპის ავტოები, თავისი გოროზი ტიპი-მძღოლებით – ყოვლისშემძლე “მაჩოებით”, რომელთა “გამანადგურებელი” მზერა დაბურულმინიანი, ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან განუმეორებელია და ვერარა სანახაობას შეედრება დედამიწის ზურგზე;
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ამ ქალაქში ცხოვრობენ (თან როგორ!) ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მთელი დუნია მოიარეს, კიდევ დარჩათ მოსავლელი და ისეთებს, ვინც ჯერ კიდევ ბათუმშიც არ არიან ნამყოფი, ტელეეთერსა თუ გლამურული ჟურნალის ფურცლებზე დიდი სიამოვნებით უზიარებენ ათასგვარი ეგზოტიკური კერძების გემო-არომატებს, პერუსა თუ ჩილეში, გადაშენების პირას მყოფი ქურციკის რომელიღაც სახეობის გამხმარი ცურცლისგან დამზადებული უძვირფასესი ყავის განუმეორებელ პიკანტურობას, 6-ვარსკვლავიან რესტორანში არსებული სერვირების წესებს და საკუთარი გუნება-განწყობილების ცვალებადობას;
მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ქალაქი, თავისი ქალაქური ცხოვრებით, უბრალოდ, მოსაწყენია;
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში მსოფლიოში ყველაზე მახინჯი, ყველაზე ბინძური, ყველაზე იაფი, ყველაზე ბებერი და ყველაზე თავზარდამცემი მეძავები დგანან;
მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ერთადერთი ქალაქი დედამიწის ზურგზე (თუ გნებავთ, გულ-მკერდზეც), სადაც ტელეშოუებში რიგრიგობით იწვევენ ერთსა და იმავე “ტელესახეებს”, საკუთარი, მაყურებლის მიერ უკვე კარგად დაზეპირებულ-დაზუთხული “რთული წარსულითა” და “სამომავლო გეგმებით”, “სიზმრებითა” და “ხილვებით”, “სანუკვარი ოცნებებითა” და “კარგ მეგობრებად დარჩენილი გაყრილი ცოლებითა და ქმრებით”, “ჰობებითა” და ტაშისმომგვრელი “საბოლოო სიტყვით”;
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქის ქუჩებში ავტომობილებით მძღოლების (ორთავე სქესის) და, გნებავთ, ფეხით მოსიარულეების (აგრეთვე ორთავე სქესის) მოძრაობა ყოველგვარ წესს, კანონს, ლოგიკურობას, ეთიკასა და კულტურასაა მოკლებული;
მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში არსებული რესტორნების, კაფე-ბარების, სუპერმარკეტების, ისე მარკეტების, აფთიაქების და სხვა დანარჩენი საზოგადოებრივი ობიექტების უმრავლესობაში მომუშავე პერსონალმა მომსახურების ელემენტარული კულტურისა და წესების ინჩიბინჩი არ იციან;
და კიდევ ვინ მოთვლის, რის აღარ, მიუხედავად…
მაინც მიყვარს ეს ქალაქი. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება აქ გავატარე, და როგორც ვატყობ, დარჩენილ ცხოვრებასაც აქ გავლევ. ამიტომ რაც უნდა ბანალურად და გაცვეთილად ჟღერდეს, ძალიან მაწუხებს და მადარდებს ყველაფერი მახინჯი და უგვანო, რაც დღეს თბილისს სცხია თუ “ამშვენებს”…
მაგრამ მოშორდება. დრო სჭირდება, უბრალოდ. მე აუცილებლად მოვესწრები ამას.
და “მიუხედავად ამისა”-ს ზემოთ იმიტომ ვამბობ, რომ იმ ზემოთ ნახსენებ “სიკარგეებს”, მე, პირადად, არ ვხედავ, ვერ ვხედავ და ასე ვაგრძელებ ამ ქალაქში ცხოვრებას.
სხვა გზა არ მაქვს.
თქვენი კი – არ ვიცი.

კომენტარები

კომენტარი