Coenum et circenses

Coenum et circenses

ნაგავზე, დანაგვიანებაზე, ნაგვად ქცევაზე საუბრისას, როცა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ფიქრობ, კონტექსტი იმდენად ფართოვდება, რომ ლამისაა ყველა საგანი და მოვლენა მოიცვას. ამიტომ გიჩნდება სურვილი, რომ დასრულებლად ისაუბრო იმაზე, რა საგანგაშოა დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილის კულტურული დონე ყველა მიმართულებით, როგორი ნელი ტემპით ვითარდება საზოგადოების თვითშეგნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
რაც შეეხება ნაგავს, დანაგვიანებას, უპირველესად, პირდაპირი კონტექსტით თუ ვიტყვით, მდგომარეობა იმდენად მძიმეა (მსოფლიო მასშტაბით, და მით უმეტეს – საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში) რომ თუ საზოგადოება დროულად გონს არ მოეგო, უმძიმესი ეკოლოგიური შედეგები გარდაუვალი იქნება.
დღევანდელი საზოგადოების დიდი ნაწილის კულტურული დონის მწვავე კოლაფსი, სხვა დანარჩენთან ერთად, დანაგვიანების ფენომენის კუთხითაც თვალსაჩინოა. დედაქალაქში, ავად თუ კარგად, მუნიციპალური დასუფთავების სამსახური მუშაობს – თავისი გაბარჯღულცოცხლიანი მეეზოვეებით და უბინძურესუნიფორმიანი, ნაგავზე მომუშავე თანამშრომლებით – მაგრამ ზოგადად, ხალხის თვითშეგნება, რომ ქუჩაში ნაგავი არ უნდა დააგდო, არ უნდა გადააფურთხო, საყვარელ ოთხფეხა მეგობარს არ უნდა მოასაქმებინო და საკუთარ „გაჭირვებულ“, მცირეწლოვან შვილს იქვე, ნაძვის ხეს ამოფარებულმა არ უნდა მოაფსმევინო, – ნულის ტოლია! ჩვენი თანამოქალაქეები თამამად და ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, შუა ქუჩაში აგდებენ ცელოფნის პარკს, ლუდის ან გაზიანი სასმელის ალუმინის ქილას, ნაყინის შესაფუთ ქაღალდს, სიგარეტის ნამწვს, საღეჭ რეზინს და ბოდიში მომითხოვია და, გამოყენებულ პრეზერვატივსაც კი… აგდებენ ავტობუსის გაჩერებებზე, სამარშრუტო ტაქსიდან და ჩვეულებრივი ტაქსიდან, საკუთარი, მსუბუქი მანქანებიდან, ბინის ფანჯრიდან, მაღაზიიდან გამოსვლისას… ანაგვიანებენ ტროტუარზე და სკვერებში, კინოთეატრებსა და თეატრებში, სუპერმარკეტებსა და რკინიგზის სადგურის ბაქანზე, და პლაჟზე…
ეს, ჩემი აზრით, ერთ-ერთი უმწვავესი თემაა დანაგვიანების კონტექსტში. საქართველოს ზღვისპირეთის პლაჟები საზღვაო სეზონის პერიოდში უმძიმეს მდგომარეობაშია. არანაკლებ მძიმე ვითარებაა საქართველოს ტყის მასივებშიც, განსაკუთრებით თბილისის შემოგარენში არსებულ მწვანე ზოლებში, სადაც მასობრივი სახე აქვს „ღვთის ანაბარა“ დატოვებულ ნასუფრალსა და ნასაქმს, გამოყენებულ პლასტმასის ათასგვარ ჭურჭელს, პოლიეთილენის პარკებს, ალუმინის ქილებს და კიდევ მოთვლის, რამდენი სახის ნაგავს.
საყოფაცხოვრებო ნაგავს ჩვენს რეალობაში დომინანტური ადგილი „ღირსეულად“ უჭირავს – იმიტომ, რომ ნაგავს უჭირავს უდიდესი ადგილი ჩვენს შეგნებაში, ჩვენს კულტურასა და აზროვნებაში.
ნაგავი ჩვენს ირგვლივ ჭარბადაა – საზოგადოების დამოკიდებულებაში იგივე საზოგადოების კულტურული დონის მიმართ, საკუთარი ქვეყნის მიმართ, ერთმანეთისადმი.
თუ უფრო განვაზოგადებ და ფიგურალურ კონტექსტსაც მოვიშველიებ, დანაგვიანებულია თანამედროვე ადამიანთა ყოველდღიური ურთიერთობა ერთმანეთთან – შინ და სამსახურში, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას, პოლიტიკაში, მასმედიაში და კულტურულ ცხოვრებაში. სასტიკადაა დანაგვიანებული ჩვენი საკვები პროდუქტები მაღაზიების თაროებსა და ბაზრებში, კაფეებსა და რესტორნებში. მწვავე დეფიციტს განიცდის ეკოლოგიურად სუფთა საკვები და სასმელი, თქვენ წარმოიდგინეთ (ან რა დიდი წარმოდგენა უნდა!), სამშენებლო მასალები, საწვავი და ტანსაცმელიც კი…
ისევ ფიგურალური ფორმით თუ ვიტყვი (და თუ ასე გაგრძელდა, ფიგურალური აღარ დამჭირდება – ყოველივე ეს ბუკვალურ მნიშვნელობას შეიძენს), ნაგვით და ბალასტითაა სავსე სატელევიზიო და ბეჭდური მედია, პოლიტიკური სივრცე, თითქმის ყველა სახის მომსახურების სეგმენტი, ბევრი ნაგავია კინო და თეატრალურ ხელოვნებაში, ქართულ „შოუბიზნესზე“ ხომ აღარაფერს ვამბობ…
და რომ იცოდეთ (და ალბათ შესანიშნავად იცით), ამ სახის ნაგავი არანაკლებ მავნებელი და სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის, ვიდრე პლაჟზე უსინდისოდ და უტიფრად მიგდებული, უკაცრავად და, „ნაცეცხლი“ სიმინდის ტარო, ლუდის ქილა, პლასტმასის ბოთლი, ბავშვის (და არამარტო…) გამოყენებული ჰიგიენური საფენი, სიგარეტის ნამწვი, ცარიელი კოლოფი, ძაღლის ქაქი (კიდევ ერთხელ ბოდიში) და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი რამ…
ნაგავი ქუჩაში, ტყეში და თეატრის პარტერში პირდაპირ უკავშირდება ნაგავს საზოგადოების შეგნებასა და მენტალიტეტში, ნაგავს ხელისუფლების დამოკიდებულებაში საკუთარი ქვეყნისა და ხალხის მიმართ. ეს ასეა და ტყუილად ნურავინ შემეკამათება. ხოლო იმისთვის, რომ ნაგვისგან გავწმინდოთ პოლიტიკა და კულტურის სფერო, მომსახურების კულტურა და მასმედია, საზოგადოებრივი აზროვნება და ერთმანეთთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები, ჩემი აზრით და გუმანით, პლაჟიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, ტროტუარიდან და სკვერებიდან, საკუთარი სადარბაზოდან და ტყიდან უნდა დავიწყოთ. იქ დაგდებული ნაგავი ჩვენს შეგნებასა და ტვინში ჩატკეპნილ სიბინძურეს და უწმინდურებას ნიშნავს.
დაანაგვიანებ და არ დანაგვიანდები – სანამ გვიანი არ არის…

კომენტარები

კომენტარი