დავუთმოთ გზა გადასასვლელზე ბავშვებს

დავუთმოთ გზა გადასასვლელზე ბავშვებს

,,–ტომ!
–პასუხი არ არის.’’
ეს არის ყველაზე დიდი პასუხი. პასუხი, რომელიც ბავშვობიდან გვესმის და ყველაფერს გვახსენებს. მე არ ვიცი, რა შეიძლება იმ უცნაურ დროს, სიურეალისტურ ოთხმოცდაათიანებში მომხდარიყო ამაზე მნიშვნელოვანი. აუცილებელიც კი. წიგნთან მისვლა, თვალის დახუჭვა, უფრო სწორედ ფართოდ გახელა და უცებ სულ სამყაროში იყავი – გემზე კაპიტან გრანტის შვილებთან, ტყეში ოცეოლასთან, კაპიტან ნემოსთან წყალქვეშ, მაუგლისთან ან ტარზანთან, კარლოსთან და …. შევწყვიტო? აჰა, სახელები არაფერს გეუბნებათ? ვიცი, რომ ამ წიგნებს ახლა აღარ კითხულობენ, ამათ კი არა ჰარი პოტერსაც იშვიათად თუ ჩახედავენ. რაღა დაგიმალოთ და მგონი კომიქსების ერამაც ისე ჩაუფრინა მსოფლიოს, ჩვენ მხოლოდ ფრთა თუ გაგვკრა. სხვა საცდურიც ბევრია და სიმართლე გითხრათ, არც თუ მიუღებელი. მაგალითად, ყოვლად გენიალური ვიდეოთამაშები, საოცრად მიმზიდველი სცენარებით და მაცდური გრაფიკით. მეც გეიმერი ვარ, მოხელთებულ დროს ვთამაშობ ხოლმე, მაგრამ მაინც დავძენ თამაშის დასასრულს: წიგნი სულ სხვაა.
დიახ: წიგნი სულ სხვაა და არა იმიტომ, რომ რაღაც გამორჩეულ ინტელექტუალობანას ვთამაშობთ. არც მთლად იმიტომ, რომ ჩვენი ბავშვობის ერთადერთი გასართობი იყო და ეგოისტური ვნებები მოგვეძალა. ჩემი აზრით ერთი სრულიად სპეციფიკური თვისების გამო: წიგნი გამოტოვების ხელოვნებაა. გამოტოვება ფანტაზიორობას გაიძულებს. ფანტაზია –ინტერეპრეტაციების დაშვებას. ინტერპრეტაცია გონების დაძაბვას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თხის და ვენახის პოზიტიური ვარიანტია მოკლედ. ამიტომაც მგონია, რომ ბავშვებს წიგნი ყველაზე მეტად ჭირდებათ. ამ შემთხვევაში, გამოგიტყდებით და ცოტა დაძალების მომხრეც გახლავართ, ზომიერების ფარგლებში.
არ ვიცი: ეს შეიძლება ნარნიას ქრონიკები იყოს, ან ბეჭდების მბრძანებელი ან სალამურას თავგადასავალი (ნუ დავივიწყებთ სამამულო ამბებსაც). შეიძლება ანდერსენის ან გრიმების ზღაპრები. მივიყვანოთ ბავშვები წიგნებთან. იქ ისწავლიან, რომ არსებობს სიყვარული, რომლის გამო შეიძლება თავიც კი დაივიწყო – თუნდაც ერთი სოფლიდან მეორეში ჩასვლამდე. რომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ადგე და განძის ძებნა დაიწყო და რომც ვერ იპოვო, მაინც ბედნიერი იყო. რომ ხანდახან შეიძლება სრულიად მარტივად უფლისწული მათხოვრად გადაიქცეს და მათხოვარი უფლისწულად და ბოძებულ შანსს მოფრთხილება ჭირდება. ან სულაც არ ჭირდება მოფრთხილება – შეიძლება ცრუ მეფემ და ჰერცოგმა გაგაცურონ და წაგართვან რაც გებადა, შენ კი ტივზე იწვე ლამის დედიშობილა და მაინც ნეტარებდე. მოკლედ შევაგრძნობინოთ, რომ ადამიანები არიან, მრავალმხრივი არსებები, ბევრი გზით და მეტი შესაძლებობით.
დავუთმოთ გზა გადასასვლელზე ბავშვებს. ანუ ბავშვობიდან ,,დიდობისკენ’’ გადასასვლელზე. წავაკითხოთ წიგნები, ნუ გადავეფარებით თაროებსა და კარადებს. ეს აუცილებელია.

კომენტარები

კომენტარი