დედის მოლოდინში

დედის მოლოდინში

ეს ყველაფერი თავიდან ძალიან ჩვეულებრივად დავიწყეთ. სამსახურში სტანდარტული მუშაობის პროცესში გადავწყვიტეთ რომელიმე უპატრონო ბავშვთა სახლს დავხმარებოდით. ტანსაცმლის გაჩუქება ჩემი მოგონილია. გადავარჩიე ერთი კარადა ტანსაცმელი, დავახარისხე და დავდე სამსახურში. ჩვენი კლუბის ყველა წევრმა იგივე გააკეთა. ვაგროვებდით ყველაფერს – ტანსაცმლიდან დაწყებული, სათამაშოებით დამთავრდებული. ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა ჩვენი მხარდაჭერა.
თვის ბოლოს უამრავი ნივთი დაგვიგროვდა. სამსახურის გოგონებმა მაინც ვერ მოვისვენეთ და დამატებით ნამცხვრები, სხვადასხვა ტკბილეული და საჭმელი ვიყიდეთ, დავთქვით ერთი უქმე დღე და გავემართეთ ზესტაფონისკენ.
ვინც ნამყოფია მსგავსი ტიპის დაწესებულებებში, შესაძლოა ჰქონდეს წარმოდგენა, რა დახვდება იქ. მე არაფერი ვიცოდი. როგორც ასეთი, უპატრონო ბავშვი, რომელიც მშობლებისგან შორს ცხოვრობს, ნანახი არც მყავდა… ერთადერთი, ბავშვობაში, კოჯორში, ჩემს აგარაკზე დასვენების დროს მახსოვს პატარა ბიჭი, ისიც – ძალიან ფრაგმენტულად… უპატრონო ბავშვთა სახლის ეზოში გვირილებს კრეფდა. უპატრონო ბავშვებზე მეტი არაფერი მახსოვს.
ჩვენი დიდი სამარშუტო ტაქსი ზესტაფონში ერთი დიდი შენობის ჭიშკრის წინ გაჩერდა. ჭიშკრის იქით შევიხედე თუ არა, გრძივად აშენებული სკოლის ტიპის შენობა მომხვდა თვალში, ვეებერთელა ეზოთი.
შესასვლელთან ჩვენი მასპინძელი – ძალიან სასიამოვნო და დადებითი ადამიანი, ამ სახლის ყოფილი დირექტორი ქალბატონი ციალა დაგვხვდა. რადგან ბავშვებს ეძინათ, ჯერ დარბაზში შეგვიპატიჟეს. დარბაზი დიდია, ნათელი, მაგრამ მაინც ოდნავ ნესტიანი. ოთახში შესვლისთანავე კედლებზე გამოფენილმა ნახატებმა მიიქცია ჩემი ყურადღება. მივუახლოვდი და სუნთქვა შემეკვრა. წერილები ეძღვნებოდა დედას. ყველა იყო პოზიტიური და ძალიან თბილი. თითქმის ყველას თანდართული ჰქონდა ნახატი, მეტწილად დედის პორტრეტი, ან ერთობლივი: ბავშვები და დედა, სახლი, მზე, ყვავილები… ყველა წერილი ისეთი სიყვარულით იყო აღსავსე, ძლივს ვიკავებდი ყელში მობჯენილ ბურთს, საქვეყნოდ რომ არ მეღნავლა. ეს დედის დღეს დახატეს პატარებმა და დედებს წერილი დაუწერესო – მიხსნიდა ქალბატონი ციალა. დედებმა თუ ნახეს–მეთქი? – ირონიულად ვიკითხე, რომელსაც საერთოდ არ წარმომიდგენია, როგორ უნდა იცხოვრო შვილის გარეშე, ცალკე, რაც არ უნდა პრობლემა გქონდეს და საერთოდ, როგორ უნდა გეძინოს ამ შემთხვევაში მშვიდად?! ჯერ არ უნახავთო – მაინც გაამართლა დიასახლისმა დედები, მაგრამ აუცილებად მოვლენ და ნახავენო.
ჩემი პირველი შეგრძნება ძალიან მძაფრი აღმოჩნდა. იმდენად მძაფრი, რომ არ ველოდი. მთელი გზა საკუთარ თავს ვამზადებდი, იმისთვის, რომ მარტივი ვიზიტი არ იქნებოდა, თუმცა ჩემი სიმამაცე მაშინვე გაქრა, როგორც კი ამ დაწესებულების კარი შევაღე.
წარმოვიდგინე ჩემი შვილი ამ ბავშვების ადგილას, პატარა ხელებით როგორ იღებს ფანქრებს, ხატავს ნახატებს, უსწორმასწორო ასოებით მიძღვნის ლექსებს და ითხოვს მხოლოდ ერთს – რომ ხშირად ვნახო.
ყველა დედის დახვრეტა მომინდა მომენტალურად, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ამ დარბაზში ნანახი ნახატები ჯერ მხოლოდ ყვავილები იყო იმის ფონზე, რაც წინ მელოდა.
რიგში დავეწყვეთ და წავედით ბავშვების საძინებლისკენ. გზაში საუბრისას გავიგეთ, რომ ამ დაწესებულებაში არიან ჩვილები, 6 წლამდე ბავშვები და 16 წლამდე გოგო-ბიჭები.
კორიდორი ძალიან სუფთა, მაგრამ ალაგ-ალაგ პარკეტამოყრილი და ნესტიანი იყო. კიბეები ძველი, მოაჯირმორყეული… ბიჭებს და გოგონებს ცალ-ცალკე ოთახები ჰქონდათ. ბიჭების საძინებელით დავიწყეთ. ოთახი დიდი იყო, ნათელი და გრილი. ერთ რიგად ჩალაგებული ხის რიკულებიანი ლოგინებიდან, ათიოდე გადაპარსული ლამაზი თავი დავინაზე. ბავშვებს ეძინათ. მივუახლოვდი და ყველას დავხედე. მე ამდენი ლამაზი ბიჭი ერთად ნანახი არ მყავდა. ოთახში არსებული სიგრილის გამო ბავშვებს თბილად ეცვათ.საძინებელში იგრძნობოდა საპირფარეშოს სუნი, რომელიც რატომღაც ზუსტად ლოგინების წინ იყო განლაგებული და პერიოდულად ხმაურით იღებოდა. გამაჟრიალა. ღრმად ამოვისუნთქე და გოგონების ოთახისკენ წავედი. გოგონებს ეღვიძათ. გაოცებულები გვიყურებდნენ და აღმზრდელებს ეხუტებოდნენ. ახალგაღვიძებული ბავშვები ძალიან რომ არ შემეშინებინა, იქვე რომელიღაცის ლოგინზე ჩამოვჯექი და პატარებს გავუღიმე.
ოდესმე გინახავთ უპატრონო ბავშვის თვალები?! მე მსგავსი არაფერი ვიცი! ასეთი თვალები მხოლოდ იმ ბავშვს აქვს, ვისაც მშობლების მზრუნველობა აკლია. იღიმის, მაგრამ მის თვალებში მაინც დიდ სევდას ხედავ. მზერა მოღრუბლული. იმიტომ კი არა, რომ აქ ცუდად უვლიან? – არა! ამ ბავშვებს მშობელთან სიახლოვე და მათი მოვლა ჭირდებათ.
ჩვილების ოთახში 10 ბავშვია – ყველა ძალიან მოვლილი, გამოცვლილი, სუფთა ტანსაცმლით. ყველაზე პატარა – სოფო, 2 თვისაა. ის 3 დღის იყო, დედამ სამშობიაროდან პირდაპირ აქ რომ მოიყვანა და დატოვა. ნუთუ არ შეიძლება ამ ბავშვების გაშვილება?.. ძალიან ბევრი ძლიერი უშვილო ოჯახია, ვინც სიამოვნებით იშვილებს-მეთქი, ვეუბნები ქალბატონ ციალას. „არა, შვილო, არ შეიძლება. ბავშვი უპატრონოდ მაშინ ითვლება, თუ მას ერთი წლის მანძილზე მშობელი არ მოაკითხავს. და „იმ ერთხელ“ ნამდვილად მოდიან მშობლები. ნუ, რა ქნან, დედა, ალბათ ვერც იცლიან“, – კიდევ ერთხელ გაამართლა ციალამ ჩემი აზრით დასახვრეტი დედები.
„კი მაგრამ, ბავშვები არ განიცდიან ამ არანორმალურ მდგომარეობას?“ – აღშფოთება ვერ დავმალე. ჩვენ ყველანაირად გვერდში ვუდგავართო, – მიპასუხა ციალამ. ყველაზე მეტად ჩამაფიქრა ერთმა ფაქტმა: ამ დაწესებულებაში ერთი ბავშვი ყოფილა, რომელიც ყოველ საღამოს ჯდება ფანჯარასთან და უყურებს ჭიშკარს, უყურებს ერთ წერტილს და ნატრობს დედის გამოსახულების დანახვას. არც თამაში უნდა დიდად და არც გართობა, დედის გარდა საერთოდ არაფერი უნდაო.
დიდხანს ვისხედით ეზოში და ვსაუბრობდით. სევდანარევი ღიმილით ვუყურებდი პატარებს და საკუთარ თავზე ვბრაზდებოდი. მიუტევებელია, ვიწუწუნო ახალი ტანსაცმლის ყიდვაზე, როცა ამ ბავშვებს ახალი ტანსაცმელი არასოდეს ჰქონიათ და სულ გამონაცვალ სამოსში იზრდებიან. სამარცხვინოა, ინტერნეტით გამოვიწერო აქსესუარები, როცა ამ ბავშვებს ელემენტარულად საკვების პრობლემა აქვთ. ყველაზე მეტად კი საბავშვო საფენის დეფიციტს განიცდიან, იმიტომ, რომ ეს საკმაოდ ძვირი პროდუქციაა და ჩვილების გამო, საფენი დიდი რაოდენობით სჭირდებათ.
ძალიან დავმძიმდი…
ვაკვირდებოდი თითოეულ აღმზრდელს და მივხვდი, რომ ძალიან კარგი ხალხი მუშაობს ამ დაწესებულებაში. უზომოდ უყვართ და ზრუნავენ თითოეულ ბავშვზე. ასევე ძალიან აქეს ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც ამ ბავშვების მოვლისა და შეფარების პირველი ინიციატორი ყოფილა. რისი საშუალებაც აქვთ, მაქსიმალურად იხარჯებიან, მაგრამ ჯერ-ჯერობით არავინ ჩანს ისეთი პირი ან ორგანიცაზია (სახელმწიფოზე რომ აღარაფერი ვთქვა), რომელიც გაარემონტებს შენობას, მოაწესრიგებს სანტექნიკას, გაიყვანს ცენტრალურ გათბობას, კეთილმოაწყობს და გამიჯნავს საპირფარეშოებს საძინებლებისგან. შეაკეთებს დარბაზს, უზრუნველყოფს შენობას ავეჯით.
ამ ყველაფერს ემატება დაწესებულების ისედაც ცუდი ლოკაცია. როგორც გავიგე, ზესტაფონში არსებული ფეროშენადნობი ქარხნის გამო, გარემო ძალიან დაბინძურებულია. ამით აიხსნება ქალაქში მომრავლებული ონკოდაავადებათა მაჩვენებელი. უკან რომ გამოვემართეთ, უკვე ბინდდებოდა. გადავეხვიე ქალბატონ ციალას და დახმარებას დავპირდი. გულმა ვერ მომითმინა და ჩანთაში ჩემი შვილის აცრისთვის გადადებული ფული ამოვიღე და ადმინისტრაციას დავუტოვე იმ იმედით, რომ ჩემს სახელზე ორჯერ თუ არა, ერთხელ კარგად ისადილებდნენ პატარები.
მთელი გზა წვიმდა. არასდროს დამავიწყდება ეს ვიზიტი. და ვბრაზდები ყველა ჩემს ახლობელზე, რომლებმაც უარი აქ წამოსვლაზე იმით ახსნეს, რომ ძალიან დაითრგუნებოდნენ. ხალხნო, ჩვენ ერთი საათით ვითრგუნებით, ეს ბავშვები კი წლებია, ასე ცხოვრობენ. მაინც იღიმებიან მოწყენილი თვალებით და გველიან. დედა თუ არა, იქნებ სხვა მაინც მივიდეს და ცოტახნით მაინც გაუფერადოს მოწყენილი ცხოვრება. ცხოვრება მოუწესრიგებელ, თუმცა უკვე შეგუებულ გარემოში.

კომენტარები

კომენტარი