ერთი დღე გლდანის კრიზისულ ბავშვთა ცენტრში

ერთი დღე გლდანის კრიზისულ ბავშვთა ცენტრში

სამი თვის წინ, 26 იანვარს გლდანის კრიზისულ ბავშვთა ცენტრში ჟურნალისტის სტატუსით ან სტატიის დაწერის მიზნით არ მივსულვარ. ჟანუკას დაბადების დღე იყო, 13 წლის გახდა და გვინდოდა მიგველოცა. მიკიმაუსიანი ტორტი ვუყიდეთ და თეთრი, ბაფთიანი დათუნია. ამ ბავშვების შესახებ ერთი ჩემი მეგობრისგან შევიტყვე. ჯული მაშინ იმ ბავშვთა სახლში მუშაობდა და უზომოდ იყო შეყვარებული სამუშაოსა და ბავშვებზე.
გლდანის კრიზისული ბავშვთა ცენტრი მზრუნველობამოკლებულ ბავშვთათვის 24-საათიანი ღია ტიპის დაწესებულებაა. იქ 6-დან 18 წლამდე ბავშვები ცხოვრობენ. სტუმარი და მნახველი ძალიან უხარიათ. ჟანა სიხარულით შეგვხვდა, ჩვენი მისვლა დანარჩენებსაც ძალიან გაუხარდათ. ფოიეში ავანთეთ 13 სანთელი, ჟანუკამ სურვილი ჩაუთქვა და სანთლები მალევე ჩააქრო. შემდეგ პატარა ოთახში შევედით, კედლებზე 11 წლის შოთას დახატული წითელი საახალწლო ნაძვის ხე და მწვანე დინოზავრი ჰქონდათ გამოკრული. კარადაში წიგნები, აქა-იქ სათამაშოები და მათივე ტანსაცმელი ეწყო. მახსოვს, ჟანუკას ბევრი ფერადი ბეჭედი და სამაჯური ეკეთა ხელზე, ბავშვებს ტორტზე ეპატიჟებოდა, გვეხუტებოდა, გვეფერებოდა, უნდოდა სიხარული როგორმე გამოეხატა. ოთახი ბავშვებით გაივსო. აიჩემეს, რამე ვითამაშოთო. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ციოდა, “ორდროშობანაზე” შევთანხმდით. 10-15 მსურველი შეგროვდა. ორ ჯგუფად გაიყვნენ, მე ფოტოებს ვიღებდი. ანას ჩემი ფოტოაპარატი მოეწონა და გადაღებას ალღო მალევე აუღო. ათი წუთის შემდეგ სიცივე აღარ გვახსოვდა. სტადიონი, სადაც ბავშვები “ორდროშობანას” თამაშობდნენ, მაგნიტივით იზიდავდა ცენტრის დანარჩენ ბინადრებს.
მერე მოსაღამოვდა და ჩვენი წამოსვლის დრო დადგა. როგორ ვთქვა, ჟანუკაზე არანაკლებ გახარებული ამ დღეს მე და ჩემი მეგობრები ვიყავით-მეთქი? მაგრამ ასე იყო. მეორედ რომ მივალ, ჟანუკას ლამაზ სამაჯურებს მივუტან, ანას MP3 ფლეიერი და გალიფე შარვალი უნდა, შოთას – პულტიანი “ჯიპი” და მობილური ტელეფონი, ბექას – ველოსიპედი, დორას – პატარა სახატავი ფანქრები და რადიო სიმღერების მოსასმენად, გიოს – ბუცები და ტყავის ქურთუკი, გურამს ტელეფონი…

ჩვენს ქვეყანაში არსებული თითზე ჩამოსათვლელი მსგავსი ტიპის დაწესებულებები მზრუნველობამოკლებული ბავშვების ყველა პრობლემას ვერ წყვეტენ, მაგრამ მათთვის დროებითი თავშესაფრის როლს ასრულებენ. იქ მოხვედრილები ბევრად კარგ მდგომარეობაში არიან, ვიდრე ათასობით სხვა უსახლკარო ბავშვი, რომლებსაც მათხოვრობით გააქვთ თავი და ოჯახის წევრებისა თუ გარეშე პირების მხრიდან ტრეფიკინგისა და სხვა სახის ძალადობის მსხვერპლნი არიან. სხვა საკითხია, რა პირობებია ასეთ თავშესაფარში და რამდენადაა იქ დაცული ბავშვთა უფლებები. იმის გამო, რომ ბევრ მათგანს მუდმივი საცხოვრებელი და პირადობის დამადასტურებელი მოწმობა არ გააჩნია, არც რაიმე სახის შემწეობას იღებენ სახელმწიფოსგან. ბევრმა წერა-კითხვაც არ იცის, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სკოლაში არ უვლიათ და არც ახლა დადიან. ბავშვთა თავშესაფრებში ცხოვრების უფლება მათ მხოლოდ 18 წლამდე აქვთ. რა იქნება მერე – ამაზე პასუხისმგებლობას არავინ იღებს. მათი პრობლემები მოქალაქეების მხრიდან ერთჯერადი, თუნდაც ათჯერადი დახმარებით, გამოწვდილ ხელში ხურდა ფულის მიწოდებით არ გადაიჭრდება. ათასობით მზრუნველობამოკლებულ, უპატრონო, უსახლკარო ბავშვზე პასუხისმგებელი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენციის მიხედვით: სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას ყველა ბავშვის უფლება რელიგიის, ეროვნების, კანის ფერისა და სხვა განსხვავებების მიუხედავად, იზრუნოს ბავშვის განვითარებაზე, აღადგინოს ბავშვის პიროვნულობის გამომხატველი ძირითადი ნიშნები: სახელი, მოქალაქეობა და ოჯახური კავშირები; სახელმწიფომ უნდა დაიცვას ბავშვი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც მისთვის საზიანოა; ბავშვს აქვს უფლება, სარგებლობდეს ხარისხიანი სამედიცინო დახმარებით, სუფთა წყლით, ჰქონდეს სრულფასოვანი კვება და უსაფრთხო გარემო, რათა ჯანმრთელობა შეინარჩუნოს. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ბავშვების 1/4 სიღარიბეში ცხოვრობს, ბავშვთა ნახევარს არ მიუწვდება ხელი სკოლამდელ განათლებაზე. შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა უფლებების კონვენციას საქართველო 20 წლის წინ – 1994 წელს შეუერთდა.

კომენტარები

კომენტარი