ერთი რესტორატორის ისტორია

ერთი რესტორატორის ისტორია

ინტერვიუ ანკა მანჯგალაძესთან

რესტორატორმა ანკა მანჯგალაძემ ჯერ თბილისში არსებული გერმანული სკოლა დაამთავრა, შემდეგ – სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი. ორი წელი მილანშიც იცხოვრა. თბილისში საკუთარი კაფე “დომი” რომ გახსნა, ყველა სარესტორნო ნიუანსი თვითონ გათვალა, მით უფრო, რომ ეს ულამაზესი კუთხის შენობა, რომლის ვიტრინებთან ყოველთვის ყიდიან ცოცხალ ყვავილებს, ბავშვობიდანვე ხიბლავდა.

“აბაშიძეზე ვცხოვრობ. აქაურობას კარგად ვიცნობ. მრგვალი ბაღი ძალიან მიყვარს. იდეა ასეთი იყო: მქონოდა პატარა კაფე, როგორც ევროპაში, სადაც ბევრი სკვერი, საყვარელი მაღაზია და რესტორანი იქნებოდა. “დომი” უბნის კაფესავითაა, მეგობრული გარემოთი. აქ შეგიძლია შეირბინო, მიირთვა ყავა, გემრიელი დესერტი, ლანჩი, ყველას იცნობ-გიცნობენ და ამიტომ თავს კომფორტულად გრძნობ”.

მაგრამ თქვენი, როგორც რესტორატორის ისტორია, ხომ უფრო ადრე დაიწყო?

ათი წლის წინ მამაჩემმა გახსნა რესტორანი “შარდენი 12”, რომელიც შარდენზე რიგით მეორე რესტორანი იყო. მამაჩემი – მიტო მანჯგალაძე კარგი არქიტექტორი გახლდათ და რადგან ახლა აღარ მყავს, მისი ბიზნესი გადავიბარეთ. ამჟამად “შარდენი 12” ოჯახის მართვაშია. წლების განმავლობაში, მენიუს გადახალისებას თუ არ ჩავთვლით, რესტორანში არაფერი შეგვიცვლია. ეს რესტორანი მამაჩემთან ასოცირდება. სტუმრებსაც სწორედ ასეთი მოსწონთ. ახალმა თაობამ მხოლოდ ცოტაოდენი გამწვანება შევმატეთ, ხანდახან კი, მესამე სართულზე, კლუბურ ღონისძიებებს ვაწყობთ.

საკუთარი კონცეფციით, “დომი” “შარდენი 12”-სგან სრულიად განსხვავდება…
“დომში” გარემოსთან შესაფერისი მარტივი ინტერიერი, მენიუ და სერვირებაა. ჩვენთან ხშირად სტუმრობენ გაერო-ს ოფისის თანამშრომლები, ახალგაზრდები. შედარებით ბევრი ხალხი ლანჩის პერიოდში გვყავს. კაფეს სივრცე პატარაა. აქ ერთადერთხელ გვქონდა მუსიკოს მიშა ურუშაძის დისკის პრეზენტაცია. კაფეში სულ ოთხი ადამიანი ვმუშაობთ. ჩემს თანამშრომლებთან მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს.

ამ ოთხი წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ახლა რომ ვხსნიდე “დომს”, მეტი სიმყუდროვისთვის რბილ ავეჯს დავდგამდი. ახალი იდეები მაქვს, მაგრამ რისკებზეც ვფიქრობ. რომ შემეძლოს, უკვე სახელიან კომპანიას შემოვიყვანდი. რთულია საქართველოში სარესტორნო ბიზნესის მართვა. ნებისმიერი მოვლენა ზემოქმედებს: პოლიტიკური, მარხვის პერიოდი, ზაფხული – როდესაც ხალხი ქალაქიდან გადის და ა.შ.

ლეგენდარული მსახიობების – ლია ელიავას და ოთარ კობერიძის შვილიშვილი ხართ. კარგად გახსოვთ ქალბატონი ლია?

ისინი ვარსკვლავები არიან, მაგრამ ცუდ დროს და ადგილას დაიბადნენ. საბჭოთა სისტემა დიდ გაქანებას არ აძლევდათ. მიუხედავად ამისა, ბევრ ფილმში გადაიღეს. ბაბუა იტალიაში, ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში დადიოდა. მას ჯეიმს ბონდის როლიც კი შესთავაზეს, მაგრამ საბჭოთა ბარიერების გამო ვერ წავიდა, ვერც მეუღლე მიატოვა გაურკვეველი ხნით. გული მწყდება… ბებია შინ მახსოვს. მისი კარიერა უკვე მინელებული იყო. დღესაც, ლია ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია. მისი სილამაზე ყველა ეპოქას მოერგება.

თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

მყავს მეუღლე და ერთი წლის ვაჟი – ნიკო, რომელსაც უამრავი “არაოფიციალური” ძიძა ჰყავს: ბუღალტერი, მზარეული, რესტორნის პერსონალი… თუ სხვა კაფეში მივდივართ, პირველად სამზარეულოში ითხოვს შესვლას და იქ ძალიან კარგ დროს ატარებს.

კომენტარები

კომენტარი