გაიცანით – ქართული „ენის სამზარეულო“

გაიცანით – ქართული „ენის სამზარეულო“

„ქართული ენის გზამკვლევის“ მორიგი თემა, უფრო სწორად – მორიგი დანიშნულების ადგილი ქართული ბეჭდური და ელექტრონული მედიაა, სადაც ყველაზე უხვად, და ყველაზე უცნაურ, გამაოგნებელ, მეტსაც გეტყვით – ენით უთქმელ, მაგრამ ვაგლახ, და ნათქვამ თუ დაწერილ „მარგალიტებს“ მოისმენთ და ამოიკითხავთ.
ქართული ელექტრონული და ბეჭდური მედიის დიდი ნაწილი სწორედ იმ ენობრივი ხრწნისა და გადაგვარების ეპიცენტრია, სადაც მშობლიურ ენას ისე ჭრიან და ჩეხავენ, ამახინჯებენ და არგებენ სრულიად არაადეკვატურ კონტექსტს, როგორც მოესურვებათ.
შეიძლება ითქვას, რომ ქართულ მედიაში სრულიად სხვა ენაზე მეტყველებენ და წერენ, აზროვნებენ და კამათობენ. ხოლო ადამიანებს, რომლებსაც არ ესმის მათი ენა, მედიის წარმომადგენელთა თქმით, არც არაფერი ესაქმებათ მათ გვერდით.
ქართულ მედიაში უკვე ისე მყარად მოიკიდა ფეხი ენის უკიდურესად დამახინჯებულმა ფორმებმა, რომ შესაძლოა მათი მესვეურები აქეთ შემოგედავონ კიდეც – თვითონ ლაპარაკობ არასწორი ქართულით და წადი, გაიარეო…
გამაოგნებელ სამეტყველო ენას მოისმენთ საინფორმაციო გამოშვებების წამყვანებისა თუ ჟურნალისტების ბაგეთაგან: „დამნაშავემ მოახდინა გასროლა“… „მკვლელმა განახორციელა მიმალვა“… „ყველა საქართველოს მოქალაქე“… „ახალი ინფორმაციები კეთდება აქ“… და ასე შემდეგ, უსასრულოდ. არ შემიძლია არ გამოვეხმაურო ბოლო ფრაზა-სლოგანს (სლოგანის ფორმა შეგნებულად შევცვალე), რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ტელემაუწყებლობის საინფორმაციო გამოშვების „ქუდის“ წინარე „მშვენება“ იყო. ახალი ინფორმაციები, ძმებო და მეგობრებო, არსად არ კეთდება! ახალი – ამბავი, მოვლენა, პროცესი, – ხდება, მიმდინარეობს, ან უკვე მოხდა. სხვა საქმეა, თუ იმის ხაზგასმა გნებავდათ, რომ ახალ ინფორმაციებს თვითონ იგონებდით, თხზავდით და შემდეგ, ისტერიკული ქუდის დასრულებისთანავე, „აბი-გლუკოზასავით“ „გვაყლაპებდით“. მაგრამ ამის ხაზგასმა რომ ნამდვილად არ გინდოდათ, ვიცი. სხვა რამის თქმა გსურდათ… თუმცა სულ სხვა აზრის მატარებელი სლოგანი გამოგივიდათ. პირდაპირ გეტყვით – უაზრობის!
ცალკერძ აღნიშვნის ღირსია სპორტული კომენტატორებისა და ჟურნალისტების გარკვეული ნაწილის ენა. გასაოცარი, რუსულ-ინგლისურ-არამეულ-რომელიღაცაცხრამთასიქითაველურტომისეული ენის კალკანაზავი ფრაზები და წინადადებები საფეხბურთო მატჩის დროს, პირდაპირი ჩართვისას ან სპორტული თემატიკის გადაცემის მსვლელობისას.
რამდენიმე „მარგალიტი“ ქართული სპორტული ჟურნალისტიკის „პარნასიდან“: „ბურთი თამაშში შეიყვანა“… „შეტევას ახორციელებს“… „…ძირითად ჯგუფში განთესილი“… „მოცელვა გააკეთა“… „ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი“… ასე შემდეგ.
საოცრად საინტერესო და კომიკური სიტუაციაა სპორტული ფორმატის რამდენიმე ქართულ ჟურნალ-გაზეთში: ზემოთ ნახსენები „საგანძურის“ გვერდით, თავს იწონებს არქაული ქართული! დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ სრულიად ზომბირებულ ქართულ წინადადებებსა და სიტყვებს ძველქართული ენა ერწყმის და ერთად, გამაოგნებელ ენობრივ ქსოვილს გვთავაზობს. ასე მაგალითად, ყველაზე „მოთხოვნადი“ არქაული სიტყვები ქართულ ბეჭდურ სპორტულ ჟურნალისტიკაში: „უკეთუ“, „ვითარმედ“, „დაღაცათუ“, „რამეთუ“, „ოდენ“… უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
ცალკე ორომტრიალია სატელევიზიო შოუებსა და სხვა გადაცემებში – რესპონდენტების სამეტყველო ენა! ვინც გნებავთ – პოლიტიკოსი, სახელმწიფო მაღალჩინოსანი, მსახიობი, მეცნიერი, ექიმი, სპორტსმენი, სტუდენტი, მომღერალი თუ მეეზოვე – საზოგადოების უმრავლესობა აბსოლუტურად შეშლილ, მახინჯ, გადაგვარებულ ენაზე მეტყველებს.
მაგალითისთვის მოგიყვანთ რამდენიმე სიტყვას, ზმნას, ფრაზას, რომელიც დღეს პოპულარობის ზენიტშია, და შეიძლება ითქვას, ჩვენს თანამემამულეებს ამ სიტყვა-მუტანტების გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ.

Broken-tv

1.სიტყვა „განვმეორდები“. აბსოლუტურად ეგზისტენციალური ხასიათის ზმნა, რომელიც წარმომთქმელის მიერ უბრალო, ტრივიალურ შინაარსს ატარებს, არადა, სინამდვილეში, სრულ ფანტასტიკას მოიცავს საკუთარ თავში. როგორ შეიძლება, განმეორდე?.. ამის ჩვენება ვინმეს შეუძლია?.. რომ განმეორდეს… რა არის ეს? – დეჟავუ, რეინკარნაცია თუ „არამედ რაღაც სხვა“?.. „არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა“… (ტერენტი გრანელი).
2.ფრაზა „დასტრესილი ვარ“. აბსოლუტური ლექსიკური დეგენერაცია. ხომ არსებობს ცნება „ენის სარდაფი“, რომელიც გულისხმობს უცენზურო სიტყვებს, სლენგს, ჟარგონს, და სხვა არაეთიკურ ლექსიკურ ფორმებს, მე გთავაზობთ კიდევ ერთ ცნებას – „ენის სამზარეულო“, სადაც ფრაზა „დასტრესილი ვარ“ ჩემ მიერ შემოთავაზებული ცნების ერთგვარი „ჭიპლარია“.
3.„ენის სამზარეულოში“ დიდი პატივითა და სიამოვნებით წავუძღვებოდი სიტყვებს: „ანუ“ (რომელიც ბოლო დროს ქართულ სამეტყველო ენაში ერთგვარ „არტიკლად“ იქცა ნებისმიერი ცალკეული სიტყვის ან წინადადების წარმოთქმის წინ), „კიარადა“ (ჩემთვის სრულიად გაურკვეველი დატვირთვის მქონე სიტყვა-ბაღლინჯო), „დაგემოვნება“ (საიდანღაც – უკუნეთიდან წამომდგარი სიტყვა- მაჯლაჯუნა), და მრავალი სხვა, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
ყველაზე სამწუხარო, და ამასთან ერთად, სამარცხვინო ის გახლავთ, რომ ამ საშინელ და სასტიკ ტენდენციას აბსოლუტურად არავინ ეწინააღმდეგება. არავინ იკვლევს, რა ხდება თანამედროვე ქართულ ენაში, არავინ ადგენს ნორმებს და სრულიად თავის ნებაზეა მიშვებული ყველაფერი: ის, თუ როგორ ილაპარაკებს ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, როგორი ქართულით დაიბეჭდება სტატია ჟურნალსა და გაზეთში, როგორი ლექსიკით მიმართავს სახელმწიფო მაღალჩინოსანი საკუთარ მოქალაქეებს…
მოგიწოდოთ, სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის, ერთად ვიფიქროთ მშობლიური ენის გადასარჩენად-მეთქი?..

კომენტარები

კომენტარი