გეზი გონივრული ეკოგანედისკენ

გეზი გონივრული ეკოგანედისკენ

როდესაც ძველი კომპიუტერი გამიფუჭდა, საყოფაცხოვრებო ნაგვის ურნასთან დავდე. როდესაც თერმომეტრი გამიტყდა, ქაღალდში გავახვიე და ისიც ნაგავში მოვისროლე. როდესაც კონსერვის ქილა დავცალე, ცელფონის პარკიანად სხვა ნარჩენებს გავაყოლე. კრიმინალური არაფერი ჩამიდენია გარდა იმისა, რომ დედამიწას სულ ცოტა სიცოცხლე წავართვი.

საქართველოში ნაგვის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების სისტემა აუწყობელია, ნარჩენების მართვის კოდექსი კი პარლამენტს ჯერ არ დაუმტკიცებია. კანონპროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების მხრივაც – მის ერთ-ერთ ძირითად მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს.

კოდექსის უმთავრესი მიმართულების მიხედვით, მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის მეორადი გადამუშავების პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. კერძოდ: პოლიეთილენის, შუშის, ალუმინის ბოთლების გადამუშავებაზე. ცვლილებები ეტაპობრივად შემოვა ჩვენს ცხოვრებაში. 2020 წლისათვის პროექტი უკვე უნდა დასრულდეს. კოდექსის შემუშავებაში ქართულ მხარეს ევროპელი ექსპერტები დაეხმარნენ.

ამასობაში, მე და ჩემნაირები მრავალი წელია სხვადასხვანაირ ნარჩენს ერთ ურნაში ვყრით. ნაგავსაყრელზე ან ბუნებაში მოხვედრილ ამ სახის ნაგვის სრულ დაშლას ძალიან დიდი დრო უნდა. პლასტმასის ბოთლს დასაშლელად 450 (!) წელი სჭირდება, ალუმინს – 500 (!) წლამდე, პოლიეთილენის პარკს – 200 (!) წელზე მეტი. ტრადიციულად, ქართულ ნაგავსაყრელებზე ნაგავს ტკეპნიან, წვავენ. ნაწილი ლპება და ატმოსფეროში მავნე აირებად გამოიყოფა. მიწა ტოქსიკური ნივთიერებებით ბინძურდება და გრუნტის წყლებს ერევა. ამ წყალს შემდეგ ჩვენ ვსვამთ, ამ მიწაში ვთესავთ, ამ ჰაერით ვსუნთქავთ…

ყველაფერს ისიც ემატება, რომ თანამედროვე სამყარო სულ უფრო მეტ „ზედმეტ“ პროდუქციას აწარმოებს. ჩვენ ეს ნაკლებად გვანაღვლებს – ხშირად მხოლოდ იმის გამო ვყრით სამოსს, რომ „მოდიდან გადავიდა“, სრულიად გამართულ ტექნიკაზე უარს ვამბობთ იმ მიზეზით, რომ „მოგვებზრდა“, შუშის ჭურჭელს კი ერთჯერადს ვუნაცვლებთ, რადგან „ასე უფრო მოსახერხებელია“. დედამიწის მოსახლეობა დღითი დღე იზრდება. მაშასადამე, ჩვენ გარშემო სულ უფრო მეტი ნაგავი გროვდება.

წინასწარი გათვლით, 2048 წლისთვის დედამიწაზე 9 მილიარდი ადამიანი იცხოვრებს. კაცობრიობას ბუნებრივი რესურსების მკაცრი დეფიციტი ექნება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია ნარჩენებზე ახლავე ვიზრუნოთ და დღეს მაინც გამოვეხმაუროთ რამდენიმე წლის წინ ტოკიოს ერთ-ერთ ეკოსამიტზე გაჟღერებულ ე.წ. 3R ინიციატივას („ნული ნარჩენი – უდანაკარგო წარმოება“). ვისაც ეს ამბავი არ ახსოვს, ტერმინი 3R ასე განიმარტება: Reduce, Reuse, Recycle.
1. Reduce – ნარჩენების წარმოქმნის შემცირება მოიაზრებს ნაკლების ყიდვას და მოხმარებას.

2. Reuse – ხელახალი გამოყენება მოიაზრებს მოხმარებული ნივთების ხელახლა გამოყენებას ან კარგ მდგომარეობაში არსებული ნივთების გაცვლას.

3. Recycle – აღდგენა/რეციკლირება, ანუ გადამუშავება გულისხმობს გამოყენებული ნივთის ან ნარჩენის გადამუშავებას სხვა პროდუქტად.

ჰოდა, ვიდრე სახელმწიფოს მოვთხოვდეთ პასუხს ნარჩენების მართვის კოდექსთან დაკავშირებით, იქნებ საკუთარ ნაგვის კალათებშიც ჩაგვეხედა. იქნებ ის, რასაც ვყრით, 3R ინიციატივას ეწინააღმდეგება, ანუ იქნებ ნაკლებად ვიყიდოთ/გადავყაროთ და მოხმარებული ნივთები ხელახლა გამოვიყენოთ… გერმანიის ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა გამოთვალეს, რომ თუ ოჯახი ხელმძღვანელობს პრინციპით: „ნუ გაანიავებ, არამედ გამოიყენე“, სხვა ოჯახებთან შედარებით 75%-ით ნაკლები ნაგავი უგროვდება.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ საოჯახო ნარჩენების 60%-ს ხელახალი გამოყენება სავსებით შესაძლებელია. გადამუშავებული მასალიდან შექმნილი პლასტმასი ინახავს იმ ენერგიის 88%-ს, რომელიც საჭირო იყო გაზისა და ზეთისგან ახალი პლასტმასის დასამზადებლად. ერთი ტონა ქაღალდის გადამუშავება ინარჩუნებს 17 ხეს, 25 ათას ლიტრ წყალს, ორ ბარელ ზეთს და 4 ათას კილოვატ ელექტროენერგიას. ასეთი საიმედო ფაქტი უამრავია.

დღეს ნაგვის გადამუშავების მაღალი დონით გამოირჩევა აშშ, სადაც ყოველდღიურად 227 მლნ ტონა ნაგავი მუშავდება.1895 წელს ნიუ იორკში დაიბადა ნაგვის პირველადი დახარისხების იდეაც. ქალაქის მცხოვრებლები ნაგვის შემდგომი გადამუშავებისთვის ქაღალდს, საკვებს, ქსოვილებს და ლითონს აცალკევებდნენ. ორი წლის შემდეგ, აშშ-ში პირველი ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა ამუშავდა.

რა ხდება ამჟამად ევროპაში: 2007 წლიდან ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეები ვალდებულები არიან დაახარისხონ 7 სახის ნარჩენი: ალუმინი, მუყაო, მინა, ქაღალდი, პლასტმასი, ფოლადი და ხის ნაკეთობა. ბევრ ქვეყანაში ნარჩენების დახარისხება-გადამუშავების აწყობილი სისტემის ხარჯზე ნაგავსაყრელებზე ნარჩენების მთლიანი მოცულობის მხოლოდ მეოთხედი ხვდება, დანარჩენი გადამუშავებას ექვემდებარება.
დაწვის გარდა, ევროპაში ნაგვის ჩამარხვის მეთოდსაც იყენებენ: ნაგავი უზარმაზარ ორმოში იყრება და იმარხება. ჩამარხულ ნაგავს გამწოვი მილები აქვთ. მათი დახმარებით ნარჩენებისგან გამოყოფილი აირი სპეციალურ კონტეინერში გადააქვთ, სადაც იგი ელექტროენერგიად გარდაიქმნება. გადამამუშავებელ მასალას ქაღალდი, ბოთლები და ალუმინის ქილები წარმოადგენენ.
არსებობს ალტერნატიული მეთოდებიც. მაგალითად, შვედეთსა და ნორვეგიაში ნარჩენების წვის შედეგად მიღებული ენერგიით დიდი ხანია ათბობენ წყალსა და ბინებს, ხოლო ქალაქებს ელექტროენერგიით უზრუნველყოფენ.
ნედლეულის მეორადი გადამუშავების საკითხებში იაპონელებს ვერავინ ეწევა. პლასტმასის ბოთლების გადამუშავების შედეგად ისინი სპორტულ ტანსაცმელს, საკანცელარიო ნივთებს და ავეჯს ამზადებენ. რესტორნებში კი, კერძის დამზადების შემდეგ დარჩენილი ცხიმისგან სურნელოვან საპნებს ღებულობენ! გონებამახვილმა იაპონელებმა დაკონსერვებული ნაგვისგან ხელოვნური კუნძულიც შექმნეს. საზღვაო ქალაქ კობეში Port Island-ის მშენებლობა 1981წელს დასრულდა. კუნძულზე, რომლის ფართობი 436 ჰექტარია, განთავსებულია სასტუმროები, უნივერსიტეტი, გამაჯანსაღებელი ცენტრები, მაღაზიები…
სპეციალისტები ამბობენ, რომ დანაგვიანების მაჩვენებლის მიხედვით შესაძლებელია ქვეყნის განვითარების დონის განსაზღვრა. საქართველოს დიაგნოზი – ჭუჭყისგან ქაფიანი მდინარეების, ბინძური სანაპირო ზოლის, უკონტროლო ნაგავსაყრელების სიმრავლისა თუ მისი მოსახლეობის გამო, რომელსაც შეუძლია ნაგვით სავსე პარკი მერვე სართულიდან მხოლოდ იმის გამო მოისროლოს, რომ დაბლა ჩასვლა დაეზარა, მძიმე უნდა იყოს. თუმცა, ალბათ ასეთ მოქალაქეს და ნაგავსაყრელების ოპერატორს, რომელსაც ჯერ კიდევ „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ კანონის მიხედვით 2010 წლის 1 იანვრამდე უნდა ჩაეტარებინა ობიექტების ეკოლოგიური აუდიტი, შეედგინა გარემოზე ზემოქმედების შერბილების ღონისძიებათა გეგმა და ამის საფუძველზე მოეპოვებინა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ერთნაირად უნდა მოეკითხოს. არცერთი ნაგავსაყრელის ოპერატორს ეს ღონისძიებები არ განუხორციელებია. შესაბამისად, 2010 წლის 1 იანვრიდან საქართველოში არსებული ყველა ნაგავსაყრელი პოლიგონი ოპერირებდა ნებართვის გარეშე, რაც სრული სამართალდარღვევა იყო.
ახლანდელი ხელისუფლება ცდილობს სიტუაცია გააუმჯობესოს და გვპირდება, რომ რამდენიმე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის უსაფრთხო, სანიტარულ ნაგავსაყრელს გახსნის. თუმცა, მათ მშენებლობას თვითონ კი არა, დონორები დააფინანსებენ. მაგალითად, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში თანამედროვე ნაგავსაყრელები გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების საკრედიტო ბანკის KFW-ს მხარდაჭერით მოეწყობა.
სანიტარული ნაგავსაყრელების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ნარჩენების სეპარირება და მათი გადამუშავებაა – საყოფაცხოვრებო ნარჩენების დახარისხების შემდეგ, შესაძლებელი ხდება მათი ნაწილის კვლავ წარმოებაში ჩაშვება. ნარჩენების წარმოების ციკლში ხელახლა მოხვედრას განვითარებული ქვეყნები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ევროსტანდარტით გადამუშავებადი ნარჩენების 50% მაინც თავიდან უნდა გადაეცეს წარმოებას.
ნიშანდობლივია, რომ თანამედროვე სამყაროში კიდევ ერთი ტერმინი 4R ჩნდება. ეს გულისხმობს მეოთხე პრინციპს – შეცვლას (Replace), რომელიც მოგვიწოდებს შევცვალოთ ცელოფნის პაკეტები ქაღალდით, პლასტმასის ბოთლები და ჭურჭელი – მინის ჭურჭლით და ა.შ. პრინციპში, ეს არცთუ რთულია – ისევე, როგორც მერვე სართულიდან ჩამოსვლა და ურნამდე ნაგვის მიტანა. ოღონდ, სასურველია, ერთის ნაცვლად რამდენიმე ფერადი ურნა გვქონდეს – სხვადასხვა სახის ნარჩენისათვის.

კომენტარები

კომენტარი