Haya, Glasgow – Ciao, Milano!

Haya, Glasgow – Ciao, Milano!

გლაზგოში ედინბურგიდან ჩავედით. მატარებელი ჯერ კიდევ სადგურს უახლოვდებოდა, როდესაც კედელზე დიდი, ფერადი გრაფიტი შემოგვეგება: People make Glasgow. ეს წარწერა მოგვიანებითაც არაერთხელ შეგვხვდა. როგორც შემდეგ დავადგინეთ, თურმე გლაზგოელების და 42 ქვეყნიდან ამ ქალაქის მოყვარულების გამოკითხვა ჩაუტარებიათ, თემაზე – რით გამოირჩევა გლაზგო. უდიდესმა უმრავლესობამ გლაზგოს ღირსშესანიშნაობად მისი მცხოვრებლები დაასახელა. ამაში მართლაც ადვილად დარწმუნდებით, თუკი გლაზგოს ლანარკშირში, ქლაიდის სანაპიროზე გაისეირნებთ, რომ ათასნაირი ხიდების ხედით ისიამოვნოთ; ან თუკი კეთილმოსურნე ველოსიპედისტებს ან ახალგაზრდა არტისტებს და სტუდენტებს გადაეყრებით, რომლებიც კვირის ბოლო დღეებში სანაპიროზე, გრაფიტიანი კედლების მიმდებარე ტერიტორიებზე იკრიბებიან და ღამის კლუბებში წასვლამდე აქ ერთობიან; გამოგელაპარაკებიან და შეგიძლიათ დაასკვნათ, რომ იმ საღამოს უკვე მეგობრები ხართ, თან დაუვიწყარი ისტორიაც შეიძლება გადაგხდეთ… აქვე, ზედ გლაზგოურ გრაფიტიზე ბარბაროსული ქართული წარწერაც ვნახეთ, ამ წარწერის ავტორების სახელების მინაწერით. მაინც სრულიად არ მესმის საკუთარი არსებობის დამტკიცების ეს უაზრო და დაჟინებული სურვილი. კიდევ კარგი, ქართული დამწერლობა ადგილობრივებისთვის არაბულისგან არ განსხვავდება და ამიტომ ეს ბრალი მათ თვალში მოხსნილი გვაქვს.
გლაზგო რომ ძალიან დემოკრატიული ქალაქია, ამაზე მოწმობს თუნდაც თანამედროვე, შუშისგუმბათიანი მეჩეთი. შაბათ დილას, პარასკევის ღამენათევებმა სწორედ ამ მეჩეთისკენ სწრაფი ნაბიჯებით მიმავალი მუსლიმანები შევნიშნეთ. მეჩეთიც, ინდუსტრიული ნაგებობებისა და ქარხნების გამონაბოლქვების ფონზე, უფრო სიზმარში ნანახს ჰგავს… შაბათ დილას კი პარასკევს გართობის მოყვარულების მიერ „გაუბედურებულ-გაპარტახებული“ ქუჩები ისევ „დავარცხნილ“-მოწესრიგებული ვნახეთ, თითქოს წინა დღეს არაფერი მომხდარიყო. თავდავიწყებამდე გართობაც გასაგებია, იმიტომ, რომ კვირის სამუშაო დღეებში ვხედავდით, როგორ მიიჩქაროდნენ სტუდენტები, წიგნებით ხელში, სადღაც – სავარაუდოდ, ბიბლიოთეკებში, შინ, ან საღამოს ლექციებზე. მერე გვიან, „ჯანქ-ფუდ“ დაწესებულებებში მოიბრუნებდნენ ხოლმე სულს და ისევ წიგნებით ხელში, ფეხით ან ველოსიპედებზე ამხედრებულები კვეთდნენ sci-fi, ფუტურისტული თუ ირონიული გრაფიტებით მიმოფენილ გლაზგოს ქუჩებს. ხანდახან ისეთი შთაბეჭდილება გაქვთ, თითქოს ამ ქალაქში მარტო სტუდენტები ცხოვრობენ – ისეთი წარმოსადეგები და ამაყები, დახვეწილები და სიმპათიურები, როგორებიც ბრიტანელები არიან; თან ისეთი უშუალოები, რომ ის სტერეოტიპიც (ხშირად – საფუძვლიანიც) გვიქრება, როდესაც ბრიტანელებში მაინც კოლონიალისტებს ვხედავთ. ალბათ უფრო იმიტომ, რომ ეს უკვე სხვა თაობაა – ჯანსაღი, და არა ის თაობა, რომელიც 1960-1970-იან, ან, თუნდაც, 1980-იან წლებში იყვნენ სტუდენტები. ამათი სამყარო ბევრად უკეთესი იქნება, დარწმუნებული ვარ. ალბათ მათი გლაზგოა ის, რომლის გამოც ქალაქის სლოგანად იქცა: People make Glasgow. საინტერესოა, ნეტავი რამდენად დამაჯერებელია თბილისური სლოგანი: Tbilisi loves you?
სტუდენტური ცხოვრებისგან განუყრელია გართობის ცნება. ეს ქალაქი სწორედ გასართობი საშუალებების თუ დაწესებულებების სიმრავლითაც გამოირჩევა და ბევრი სხვა ქალაქისგან განსხვავებით, სიცოცხლის მაჯისცემა აქ მთელი ღამის განმავლობაში იგრძნობა – იმის მიუხედავად, რომ გასართობი დაწესებულებები მხოლოდ დილის 3 საათამდე მუშაობს. ვიქტორიას ხანის ესთეტიკის შესაბამისად აგებულ შენობებს თუ ჩარლზ რენი მაკინტოშის არქიტექტურულ შედევრებს შორის მაინც თითქოს მუდმივად იგრძნობა წარსულით სიამაყეც და, იმავდროულად, ირონიაც, რაც ყველაზე ცხადად გლაზგოს თანამედროვე ხელოვნების გალერეის წინ მდგარი ველინგთონის ჰერცოგ ართურის ქანდაკების ნახვისას გიჩნდებათ. კარლო მაროკეტის მიერ დამზადებული ეს ქანდაკება აქ 1844 წელს, ჰერცოგის სიცოცხლეშივე დაიდგა. 1980-იან წლებში კი მას თავზე კონუსისებრი საგზაო ნიშანი წამოახურეს. მას შემდეგ ჰერცოგის ქანდაკება ამ თავსაბურავის გარეშე აღარავის უნახავს. ესეც ერთგვარი ანარქისტული და ირონიული დამოკიდებულებაა ხელისუფლების მიმართ, რაც ზესერიოზული ქართველებისთვის, ალბათ, ტანტალოსის და ხილის ისტორიას ჰგავს.
და რადგან არქიტექტურა ვახსენეთ, არც გლაზგოს ზეთანამედროვე ნიმუშები უნდა დაგვავიწყდეს. განსაკუთრებით კი საკონცერტო დარბაზი ჰიდრო, რომელიც 13 000 მაყურებელზეა გათვლილი და ლონდონური არქიტექტურული კომპანიის Foster+Partners-ის მიერაა აგებული. სწორედ ეს, მფრინავი თეფშისმაგვარი შენობა მასპინძლობდა წელს ევროპული „ემთივის“ დაჯილდოების ცერემონიალს; ნაგებობა, რომელიც რაღაცით თბილისის 112-ის შენობას მოგაგონებთ.
ცერემონიალის მთავარი წამყვანი, ასე ვთქვათ, დიასახლისი – ნიკი მინაჟი გახლდათ, რომელიც სცენზე რუხ კოსტიუმსა და სამხედრო ჩექმებში გამოწყობილი დაეშვა. მას დროდადრო წამყვანობაში ენაცვლებოდნენ აფროჯეკი, ბრიტანელი სუპერმოდელი ჯორდენ დანი, ამერიკელი რესლერი და მოდელი ტყუპი დები – ბრი და ნიკი ბელები და ევროპული „ემთივის“ დაჯილდოების ცერემონიალის ლამის ყოველწლიური სტუმარი – სერიალ „მაშველების“ ვარსკვლავი დევიდ ჰასელჰოფი. „ემთივის“ სარეკლამო რგოლებში კი, მინაჟის გარდა, რედფუ და სლეშიც მონაწილეობდნენ.
შოუს მსვლელობისას კანადელი მომღერალი კიესა გამჭვირვალე ტელეფონის ჯიხურიდან გამოვიდა და თავის მოცეკვავეებთან ერთად სიმღერა Hideaway შეასრულა, რომელსაც ცოტა ხანში სცენაზე ბრიტანელი მომღერალი Charli XCX შეენაცვლა და მაყურებელი თავისი ორი სინგლით – Boom Clap-ით და Break the Rules-ით გაამხიარულა.
შემდეგ, ეკრანზე ქეითი პერის წინასწარ ჩაწერილი მიმართვა გაუშვეს, რომელმაც „საუკეთესოდ გამოწყობილის“ და „საუკეთესო ვიდეოს“ ნომინაციაში სიმღერით Dark Horse გაიმარჯვა. პერის გარდა, წინასწარ ჩაწერილი ვიდეოთი მიმართეს მაყურებლებს ასევე „საუკეთესო მამაკაცი შემსრულებლის“ ნომინაციაში გამარჯვებულმა ჯასთინ ბიბერმა და „საუკეთესო როკშემსრულებელმა“ Linkin Park-მა, რომლებიც თავიანთ ფანებს ერთგულებისთვის მადლობას უხდიდნენ. საერთოდაც, ყველაზე სახალისო იყო ის, რომ მუსიკოსების ერთი ნაწილი არ ესწრებოდა ცერემონიალს. ამით ისინი თითქოს გაექცნენ ზედმეტ თავისტკივილს. ასე რომ არ ყოფილიყო, ადვილი წარმოსადგენია, რა ჯოჯოხეთად ექცეოდათ მთელი საღამო იმავე ქეითი პერის, ჯასთინ ბიბერს, ბიონსეს თუ One Direction-ს, რომელთაც თავიანთი ჯილდოების ასაღებად სცენაზე ათასჯერ ასვლა დაჭირდებოდათ. ერთი სიტყვით, 17 ჯილდოს მფლობელიდან მხოლოდ 5 ესწრებოდა ცერემონიალს.
დიასახლისმა ნიკი მინაჟმა ცოტა ხნით თავის კოლეგებს დაუთმო წამყვანის სტატუსი, რადგან მას „საუკეთესო ჰიპ-ჰოპ შემსრულებლის“ ჯილდო უნდა მიეღო. ამ მარათონში მან ისეთი ჰიპ-ჰოპ მუსიკოსები დაამარცხა, როგორებიცაა: დრეიკი, კანიე უესთი, ემინემი და იგი აზალია.
მოგვიანებით, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ედ შირანი, რომელმაც აკრობატ მოცეკვავეებთან ერთად შეასრულა თავისი Thinking Out Loud. მას მოყვებოდა „საუკეთესო მსოფლიო წარმოდგენა“ – ენრიკე იგლესიასი სიმღერებით I’m A Freak და Bailando. ნიკი მინაჟის თანაწამყვან არიანა გრანდეს სცენაზე რამდენჯერმე მოუწია ასვლა, რომ თავისი ჯილდოები მოეგროვებინა, ხოლო ახალი ჯიშის, One Direction-ით შთაგონებულმა ბოიბენდმა 5 Seconds of Summer ზედიზედ ორი ჯილდო მოიპოვა – საუკეთესო „ახალი შემსრულებლის“ და „საუკეთესო აღმოჩენის“ ნომინაციებში. ევროპული „ემთივის“ დაჯილდოების ცერემონიალის თითქმის ყოველწლიურმა სტუმარმა – ჯგუფმა Thirty Second to Mars ჯილდო „ალტერნატიული მუსიკის საუკეთესო შემსრულებლის“ კატეგორიაში დაიმსახურა. ალიშა ქისი, ტრადიციულად, ფორტეპიანოს მიუჯდა და თავისი უკანასკნელი სინგლი We Are Here შეასრულა.
საერთოდ, წელს პოპ და როკშემსრულებლებს შორის ბალანსი იგრძნობოდა. თუკი ამ წარმოდგენაში, ერთი მხრივ, მონაწილეობდნენ არიანა გრანდე ან 5 Seconds of Summer, მეორე მხრივ, სცენას იკავებდნენ ისეთი როკლეგენდებიც, როგორებიცაა U2, სლეში თუ ოზი ოსბორნი. მაგალითად, U2-მ, რომელსაც დღესდღეობით თავის მუსიკალურ კარიერაში საუკეთესო დღეები ნამდვილად არ უდგას, ახალი სიმღერა Every Breaking Wave იმღერა. სლეში კი ამ დარბაზში, ალბათ, თავისი მეგობრის, ოზი ოსბორნის შოუში მონაწილეობამ მიიყვანა, რომელსაც „გლობალური კერპის“ ჯილდო გადასცა, სიტყვებით: „წყვდიადის უფლისწული ოთხი ათწლეულის განმავლობაში როკს უკრავდა მათთვის, ვისაც გამბედაობა ყოფნიდა, რომ მისთვის მოესმინა. ეს ბიჭი ვერასოდეს გახდება ჩვეულებრივი. მან ბევრ ადამიანს დასცა შიშის ზარი, მაგრამ ჩემთვის ის სათნო ადამიანი და ჯენტლმენია“. ოზი ოსბორნმა კი ამასთან დაკავშირებით, მხრები აიჩეჩა, როგორც ჩვევია ხოლმე და თქვა: „კაცმა არ იცის, საიდან მოიტანეს ეს ჯილდო, მაგრამ მაინც ძალიან მიხარია, რომ ამ ღამეს თქვენთან ერთად ვარ“.
ასე დასრულდა 2014 წლის „ემთივის“ ევროპული მუსიკალური ჯილდოების გადაცემის ცერემონიალი და წელს, ამდენი ხნის განმავლობაში პირველად, აქვე დაასახელეს მომავალი წლის ცერემონიალის მასპინძელი ქალაქი – მილანი.

კომენტარები

კომენტარი