ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო

ინდოეთის ორი მხარე ანუ მწიფე პაპაიას გემო

რაბინდრანათ თაგორი, მაჰათმა განდი, სატიაჯიტ რაი, ანიშ კაპური, სალმან რუშდი და ტაჯ-მაჰალი – ეს იყო ჩემი ასოციაციები ინდოეთთან. ამიტომ ბევრი სტერეოტიპის მიუხედავად, ეს ქვეყანა ჩემში ყოველთვის დიდ პატივისცემას იმსახურებდა. მეგონა აჭარბებდნენ, როცა ნაგავზე, სიბინძურესა და გაუსაძლის სუნზე ყვებოდნენ. მინდოდა ყველაფერი საკუთარი თვალით მენახა. ბევრი აღარ მიფიქრია, ჩემოდანი გავამზადე და შუა ზამთარში, ახალ წლამდე „ხუთი წუთით ადრე“, აზიის სამხრეთში, ოკეანისკენ, ინდოეთთან შესახვედრად გავემგზავრე.
მარშრუტის მიხედვით, ხუთი ქალაქი უნდა გვენახა: ინდოეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი მუმბაი, „ვარდისფერი ქალაქი“ ჯაიპური, ტაჯის (ტაჯ-მაჰალის) ქალაქი აგრა, დედაქალაქი დელი და ქოქოსის პლაჟებითა და მილიონერთა ვილებით ცნობილი გოა.

მუმბაი

ინდოეთის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქალაქი არაბეთის ზღვის სანაპიროზეა გაშენებული. მუმბაიში 13 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე მძიმე მოგონებები მუმბაიდან გამომყვა. ქალაქის ცენტრშიც კი ჭირს თავისუფლად სუნთქვა. ყოველ ნაბიჯზე ნაგავი ყრია. დიდი მცდელობის მოუხედავად, ძნელია ამ ყველაფერს თვალი აარიდო. ქალაქის ცენტრშიც კი საშინელი ანტისანიტარიაა. გამთენიისას ცენტრალური ქუჩის ტროტუარები მძინარე ადამიანებით იყო გადავსებული – ჭუჭყიან ტილოებში გახვეულებს ეძინათ. შემდეგ ნელ-ნელა გაღვიძება, იქვე საჭმლის მზადება და საუზმობაც დაიწყეს. შემაძრწუნებელი სანახავი იყო არა სიღარიბე და უსახლკარო ადამიანები, არამედ სიბინძურე და წლებისა და შესაძლოა, საუკუნეების განმავლობაში ქალაქის ქუჩებში დაგუბებული ჭუჭყის სუნი. განსაკუთრებით მწველი ეს სუნი ბაზრისა და ხიდების მიდამოებში იყო.
მაგრამ ინდოეთს ჯადოსნური ძალა აქვს. ამ ყველაფერთან ერთად, შეუძლია ისე გაგაოცოს და ისეთი რამ გაჩვენოს, რომ გავიწყდება ყველა დისკომფორტი, არასასიამოვნო მოგონება და შეგრძნება. იმის თქმა მინდა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ იყო…
ქალაქის სამხრეთ კიდეზე ინდოეთის კარიბჭეა აღმართული, საიდანაც ნავით ელეფანტას კუნძულისკენ გავცურეთ. რამდენიმე წუთში შეივსო ნავი და 40-45 წუთიანი მგზავრობის შემდეგ, კუნძულს მივადექით. მას ადგილობრივები „ჩარაპურის“ უწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც პორტუგალიელებმა იქ გიგანტური სპილოსთავიანი ქანდაკება იპოვეს, კუნძულს „ელეფანტი“ დაარქვეს. ეს ქანდაკება ამჟამად მუმბაის უელსის პრინცის მუზეუმში ინახება.
სანაპიროდან „ელეფანტის“ გამოქვაბულებამდე რკინიგზაა გაჭრილი. მცირე ზომის მატარებელი მგზავრების კუნძულის შუაგულამდე გადაადგილებას უზრუნველყოფს. კუნძულზე სულ შვიდი გამოქვაბულია. აქედან ხუთი ინდუისტური და ორი – ბუდისტური. ინდუისტურ გამოქვაბულებში განლაგებულია ქვის ქანდაკებები, რომლებიც ღმერთ შივას სადიდებლადაა შექმნილი და ინდუიზმის ერთ-ერთ სექტას – შივაიზმს ეკუთვნის. ქვისგან გამოკვეთილი სკულპტურები სავარაუდოდ ახ.წ.აღ. V-VIII საუკუნეებისაა.
უნდა ითქვას, რომ თითქმის ყველა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა რკინიგზის სადგურია. მუმბაის ცენტრალური რკინიგზის სადგურის შენობაც მათ შორისაა. ის ბრიტანელი არქიტექტორის კლოდ ბატლის პროექტის მიხედვით 1930 წელსაა აშენებული. გარდა ამისა, მუმბაიში მდებარეობს მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, მრავალი ინდური კომპანიის შტაბბინა და ქვეყნის კინო და ტელეინდუსტრიის ცენტრი – ბოლივუდი.

ჯაიპური

მუმბაიდან რაჯასტანის დედაქალაქ ჯაიპურში, ე.წ. Pink City-ში გადავფრინდით. ქალაქის ქუჩების ფასადები და თითქმის ყველა შენობა მოვარდისფრო-ნარინჯისფრადაა შეღებილ-მოპირკეთებული. ქალაქმა ეს სახელწოდება 1876 წელს მიიღო – მას შემდეგ, რაც ჯაიპურს უელსის პრინცი და დედოფალი ესტუმრნენ. იქიდან გამომდინარე, რომ ვარდისფერი ინდოეთში სტუმართმოყვარეობის სიმბოლოა, ჯაიპურის მაჰარაჯამ მთელი ქალაქი ვარდისფრად გადაღება.
ქალაქის ერთი-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა მაოტას ტბის ნაპირზე მდგარი ამბერის ციხესიმაგრე, იგივე ამბერის სასახლეა. უზარმაზარი კომპლექსი „არწივების მთაზეა“ (Cheel ka Teela) აშენებული. ის ჯაიპურიდან 11 კილომეტრითაა დაშორებული. XVI საუკუნიდან მოყოლებული, ეს ციხე-სასახლე ინდოელი რაჯებისა და მაჰარაჯების სამფლობელი იყო.
ჯაიპურის სასახლე – City Palace ქალაქის ცენტრში დგას. სასახლე აერთიანებს ცანდრა მაჰალისა და მუბარეკ მაჰალის სასახლეებს, მუზეუმს, მაღაზიებს, სადაც ტრადიციული სამოსი „სარი“ – ე.წ. „ალიბაბას შარვლები“, ფარდაგები და ქსოვილები იყიდება. სასახლის ორ დარბაზში სამეფო ოჯახის ტრადიციული ინდური სამოსია გამოფენილი. ამ დარბაზებში ვიდეო და ფოტოგადაღება აკრძალულია და კანონდარღვევა 500 რუპიით ჯარიმდება. თითოეული მათგანი ხელოვნების ნიმუშია. თვალს ვერ ვაშორებდი მაჰარაჯასა და მისი ოჯახის წევრების ფერად, მაქმანებიან, ნაქარგ სამოსს, ხალათებსა და ღამის საცვლებს, და ვფიქრობდი, რომ ადამიანის ფანტაზიას, ნიჭსა და შესაძლებლობებს დრო და საზღვრები არ აქვს! დღეს ეს სასახლე მუზეუმია, მაგრამ მისი დიდი ნაწილი კვლავ სამეფო რეზიდენციას წარმოადგენს.
განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო ჩანდრა მაჰალის სასახლის შესასვლელის შიდა ეზო, მოხატული ოთხი კარით, რომელიც წელიწადის ოთხ დროსა და ინდურ ღმერთებს განასახიერებს. ფარშევანგების შემოდგომის კარიბჭე ღვთაება ვიშნუს ეძღვნება; ზაფხულის ლოტოსის კარიბჭე – შივა-პარვატის; გაზაფხულის მწვანე, იგივე „ტალღების“ კარიბჭე – ღვთაება განეშას; მეოთხე, ზაფხულის ვარდის კარიბჭე – ნაყოფიერების ქალღმერთ დევის.
ჯაიპურიდანაა შესაძლებელი ე.წ. „სპილოების სოფელში“, Elephant Village-ში გამგზავრება, სადაც სპილოები ყოველგვარი გალიებისა და ვოლიერების გარეშე ცხოვრობენ. ამ გოლიათი ცხოველით გასეირნების საფასური10 დოლარიდან იწყება. ინგლისურის მცოდნე კონსულტანტი გულდასმით გვიხსნის, რომ სპილოზე ასვლა ხორთუმიდან უნდა დაიწყო, მერე ხელები ყურებში უნდა ჩაავლო და რამდენიმე წამში უკვე სპილოზე ხარ ამხედრებული.

აგრა

ჯაიპურიდან აგრაში, ტაჯის ქალაქში გავემგზავრეთ. გზებზე გაშლილი ქალაქების, გარეუბნებისა და სოფლების თვალიერებისას ხვდები, რომ სწორედ ეს არის ნამდვილი, შეულამაზებელი ინდოეთი – ხილისა და ბოსტნეულის ბაღებით, გაშლილ ველებზე წითელი აგურის გროვებით, სამი-ოთხი ფიცრისგან შეკრული თავშესაფრებით, რასაც შეუძლებელია ქოხი, მით უმეტეს – სახლი უწოდო. ტუკტუკებითა და მოტოციკლებით სავსე ქუჩებით, ტროპიკული ხილის – პაპაიას, ქოქოსის, ბანანის, ფორთხოლის, ინდური ვაშლის, მარაკუაის, მანგოს დახლებით. აქ მოხალულ მიწის თხილს პინებშებმული სასწორით გიწონიან და გაზეთის ნაგლეჯში გიხვევენ. ქუჩაში მოუწყვიათ სადალაქოცა და საპირფარეშოც, სარეცხსაც იქვე რეცხავენ და მერე ფერად-ფერად სამოსს გრძელ თოკებზე გასაშრობად ფენენ.
… ბოლო ტურისტები ვიყავით. ტაჯ-მაჰალი მზის ჩასვლისას ვნახეთ. ეს ის შემთხვევა იყო, როცა ემოციის გამოსახატად სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი. მაშინ მივხვდი, რა კონტექსტში უნდა თქვა სიტყვა „საოცრება“. ინდოეთში უპირველესად შთაბეჭდილებას მასშტაბები ახდენს. თეთრი მარმარილოს მავზოლეუმის სიმაღლე 74 მეტრია. არცერთი კამერის ლინზას არ შეუძლია ზუსტად ასახოს ეს სანახაობა. კომპლექსის მოსაპირკეთებლად გამოყენებულია ძვირფასი ქვები: ფირუზი, აქატი, სერდოლიტი და მალაქიტი.
მარმარილოს მავზოლეუმი XVI საუკუნის დასაწყისში მოგოლთა იმპერატორმა შაჰ-ჯაჰანიმ სიყვარულის ნიშნად მეუღლისთვის – მუმთაზ მაჰალისთვის ააგო. კომპლექსს ოც წელზე მეტხანს 20 ათასზე მეტი ადამიანი აშენებდა. „ინდოეთის მარგალიტს“ დღეში ათი ათასამდე ტურისტი სტუმრობს.

დელი

ინდოეთის ქუჩებში შუქნიშნები თითქმის არ არსებობს. მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს არ იცავენ და კომუნიკაციისა და უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი ხშირი, გაბმული სიგნალია. ამიტომ დელიში თვალში მომხვდა სიგნალების ამკრძალველი ტრაფარეტები: Signals Prohobited. ქალაქში შუქნიშნებიც შევნიშნეთ, პოლიცია ტრანსპორტის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. ქალაქის სლოგანი – „სუფთა დელი, მწვანე დელი“ (Clean Delhi, Green Delhi), მხოლოდ სლოგანად არ რჩება. დელი მართლაც არის მწვანე და სუფთა ქალაქი.
დელი მდინარე იამუნას (განგის მარჯვენა შენაკადი) ნაპირზეა გაშენებული. ინდოეთის დედაქალაქი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ქვეყანაში მეორე ქალაქია, 11 მილიონზე მეტი მოსახლით (მუმბაის შემდეგ). არქეოლოგიური გათხრები მოწმობს, რომ დელი მუდმივად დასახლებული ადგილი ყოფილა – სულ მცირე, ძვ.წ.-აღ. VI საუკუნიდან. მის ტერიტორიაზე 60 ათასამდე მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი არსებობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დგას ინდოეთის კიდევ ერთი კარიბჭე, რომელიც სავსეა ტურისტებით, ძვირფასი ქვებით მორთული სამკაულისა და იაფფასიანი ბიჟუტერიის მოვაჭრეებითა და ტკბილეულის დახლებით. აქ უკვე აღარაა თვალშისაცემი სიღარიბე, ჭუჭყი და შიმშილი. დელი თანამედროვე, ცივილიზებული ქალაქია.
დელის ერთ-ერთ მთავარი ღირსშესანიშნაობა და ქვეყნის სიმბოლო ქალაქის წითელი ციხე-სიმაგრე – მოგოლების იმპერიისდროინდელი ციტადელია. ინდოეთის დამოუკიდებლობის დღეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხალხს ამ ციხესიმაგრიდან მიმართავს. ციხის ტერიტორიაზეა რამდენიმე მუზეუმი, მეჩეთი და ჰამამი.
ქალაქის ცენტრში ზოოპარკია, სადაც ცხოველებისა და ფრინველებისთვის იდეალური გარემოა შექმნილი. თითო ვოლიერი თითქმის ფეხბურთის მოედნისხელაა. ცხოველი შეიძლება ისე იყოს სადმე მიმალული, რომ თვალიც ვერ მოკრათ. დელის ზოოპარკის ჟირაფების, მარტორქების, ლომებისა და ვეფხვების თვალიერებისას, ჩვენი – თბილისის ზოოპარკი გამახსენდა და ძალიან მომინდა, ჩვენს ცხოველებსაც ჰქონოდათ ასეთი თავშესაფარი.
დელიში მრავლადაა მეჩეთები, ინდუისტური და ბუდისტური ტაძრები. ქუჩები აქაც სავსეა ტროპიკული ხილისა და ბოსტნეულის დახლებით, ხელნაკეთი აქსესუარებით, სამკაულითა და ყვავილებით, ტუკტუკებით, მოტოციკლებითა და სამგზავრო ველოსიპედებით.

გოა

ინდოეთის ყველაზე პატარა და ულამაზესი შტატი ოთხი საუკუნის მანძილზე პორტუგალიის პროვინცია იყო. გოას დედაქალაქ პანაჯიში მრავლადაა კათოლიკური ტაძრები. ქუჩები, საავადმყოფოები, სახელმწიფო დაწესებულებები დღემდე პორტუგალიელთა სახელებს ატარებს. გოას მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც მისი ცნობილი პლაჟებია. რომელი ერთი ჩამოვთვალო: ბაგა, კანდოლიმი, კალანგუტი, დონა პაულა, მირამარი თუ პალოლემი.
გოა სამოთხეა დედამიწაზე – ოქროსფერი ქვიშით, ოკეანის წყლით, ქოქოსების სანაპიროებით, ტროპიკული ხილის მრავალფეროვნებით, ხელნაკეთი ტყავის აქსესუარებით, ფერადი ქსოვილებით, ნაქარგი ფარდაგებითა და ქაშმირის შარფებით, სულ სხვანაირი მზით და სულ სხვანაირი ცით!
P.S.: ცხრადღიანი მოგზაურობის შემდეგ, ჩემი ასოციაციების „გალერეა“უფრო გამდიდრდა. ინდოეთმა დამიტოვა პაპაიასა და მანგოს გემო, მარჯნისთვლიანი ბეჭედი, ინდონეზიელი გოგონას ნაჩუქარი სურნელოვანი ჟასმინების სამაჯური, ოქროსფერი ქვიშა და ქოქოსის სანაპიროები…

კომენტარები

კომენტარი