კანის 68-ე კინოფესტივალის ქრონიკა

კანის 68-ე კინოფესტივალის ქრონიკა

2015 წლის საკონკურსო პროგრამა კანის ფესტივალის ისტორიაში დარჩება, როგორც ერთ-ერთ ყველაზე სუსტი, 68 წლის მანძილზე.
ამის შესახებ კრიტიკოსები რეცენზიებში, ადამიანები კინოდარბაზებთან, „კილომეტრიან“ რიგებში, პრესის ოთახში საუბრობენ. ერთ-ერთი ფილმის დასრულების შემდეგ, ტიტრების მსვლელობისას, იტალიელმა ჟურნალისტმა მთელი მონოლოგი უძღვნა ჩავარდნილ ფესტივალს. დარბაზში მსხდომნი იცინოდნენ.
წელს ფესტივალს აკლდა „ხულიგნების“ ის ჯგუფი, რომლებიც ყოველ წელს აქ არიან, ყველა ფილმის დაწყების წინ, სპეციალური შეძახილით „ამხნევებენ“ დარბაზს. ეს „ხულიგნები“ ძალიან უყვარს პუბლიკას, რადგან კანის ფესტივალის შემადგენელ ნაწილად იქცა.
ხულიგნობა და ინტრიგა დააკლდა საკონკურსო პროგრამისთვის შერჩეულ ფილმებსაც. იაპონური სურათები ზღაპრებს გვიყვებოდა, ფრანგული სურათების უმრავლესობა შუა ასაკის კრიზისზე – ძალიან ტრივიალურ და უინტერესო გადაწყვეტას გვთავაზობდა. გას ვან სეტის ნამუშევარი „ტყეების ზღვა“ კი გაბრაზებულმა მაყურებლებმა სტვენით და შეძახილებით გააცილეს.
ვეტერანებით იმედგაცრუებულებმა, დებიუტანტი აღმოაჩინეს. კანის ფესტივალის ისტორიაში მეორედ ხდება, როდესაც დებიუტანტის ფილმი სრულმეტრაჟიან საკონკურსო პროგრამაშია ჩართული. და ასევე, კანის ისტორიაში პირველად გრანპრის მფლობელი, სწორედ დებიუტანტის სურათი „სოლის შვილი“ გახდა. უნგრელმა ლასლო ნემესმა კიდევ ერთხელ შეახსენა საზოგადოებას მეორე მსოფლიო ომის სისასტიკე და ოპერატორთან ერთად, ძალიან საინტერესო ფორმა მოუძებნა აუშვიც-ბირკენაუს საკონცენტრაციო ბანაკში გათამაშებულ სულისშემძვრელ ისტორიას. ფილმში მოთხრობილია 1944 წლის ამბავი. ფაშისტები ებრაელ ტყვეებს იძულებით ამუშავებენ. ტყვეების მოვალეობაა ბანაკში მოყვანილი ებრაელი მამაკაცების, ქალების, ბავშვების გაშიშვლება და გაზის კამერაში შეყრა. შემდეგ გვამების დანაწილება, მათი დაწვა და საბოლოოდ, ფერფლის წყალში ჩაყრა. შერჩევითობის თვალსაზრისით, ექიმები გვამებზე ცდებსაც ატარებენ, რაც მიცვალებულის გაკვეთას გულისხმობს. ფილმის მთავარი გმირი სოლი, კრემატორიუმში საკუთარ შვილს აღმოაჩენს, რომელიც ჯერ კიდევ სუნთქავს. შოკში მყოფი ხედავს, როგორ გამოათრევენ მომაკვდავ ბავშვს, რომელსაც ცხვირზე ხელის მოჭერით ბანაკის ექიმი კლავს.
LOBSTER
სოლისთვის მთავარი მიზანი შვილის გვამის გადარჩენა ხდება. შეძლებს თუ არა სოლი მის დახსნას? ნემესმა, კამერასთან ერთად, ხმის დიზაინიც შესანიშნავად გადაწყვიტა. მთელი ფილმის მანძილზე, პერსონაჟები ჩურჩულებენ. დებიუტანტმა რეჟისორმა ისტორიის ყველაზე ხმაურიანი პერიოდი სიჩუმეში გადაწყვიტა, რომლის წარმატება წლევანდელ კინოფესტივალზე ახალგაზრდა რეჟისორებისთვის ყველაზე დიდი სტიმული იქნება.
ხმაურია ნანი მორეტისთან. „პაპს“„დედაჩემი“ მოყვა. ლათინური ენის სპეციალისტი ბებია, რომელიც ალცეჰიმერითაა დაავადებული და მისი კინორეჟისორი ქალიშვილი, რომელსაც პროფესიული, პირადი პრობლემები აქვს და შესაბამისად, საკუთარ თავთან და გარემოსთან გაუცხოებულია. კინორეჟისორი ქალის (მსახიობი მარგერიტა ბუი Margherita BUY) ეგზისტენციალური პრობლემებით, მორეტი იტალიის კულტურის დეკადანსზე გვიყვება: თუ როგორ ღაფავს სულს ყველაფერი ძველი ბებიის მსგავსად და როგორი ტრივიალურია თანამედროვე იტალიური კინოს ფაბულა ფსევდო ჰოლივუდის ვარსკვლავის მონაწილეობით, რომელსაც წარმატებულად ირგებს ჯონ ტურტურო.
წლევანდელ ფესტივალზე, ვნახეთ ტიმ როტის ბრწყინვალე პერფორმანსი მექსიკელ მიშელ ფრანკოს „ქრონიკაში“. მსახიობმა მომვლელი ექთნის პერსონაჟი განასახიერა, რომელიც მომაკვდავ პაციენტებს უვლის. როლისთვის როტიმ რეალურად გაიარა ეს გზა და სასიკვდილო დიაგნოზის პაციენტებთან ერთად იმუშავა. ფილმის დასაწყისიდან გექმნება შთაბეჭდილება, რომ სერიულ მკვლელთან, ან ქალებზე მონადირე მანიაკთან გაქვს საქმე. თუმცა მექსიკელი რეჟისორი სულ სხვა ამბავს ყვება.
მომვლელებზე მიბარებული მომაკვდავი პაციენტები, რომელთანაც ოჯახის წევრებს ურთიერთობა თითქმის არა აქვთ. ეს პრობლემა რამდენიმე ეპიზოდში ისეთი ზუსტი და დამაჯერებელია, რომ ცხადია ხვდები – ავტორს საკუთარი თავგადასავალი აქვს მოთხრობილი. როგორც ფრანკო წერს, ბებიას გარდაცვალების შემდეგ, მომვლელისგან შეიტყვეს ის დეტალები, რაც არასოდეს იცოდნენ ბებიას შესახებ. საკამათოა ფინალის გადაწყვეტა. თუმცა, თუ ამ შესანიშნავ ნამუშევარს ყურადღებით ნახავთ, ჩაწვდებით ბრწყინვალე პერსონაჟის პროტოტიპს, მის ასპროცენტიან მონაწილეობას და ენერგიის ხარჯვას დავრდომილების ბანაობისას, გულყრისას, გადასხმის გაკეთებისას…
როცა ადამიანები ერთმანეთს არ იცნობენ, ცხადია ძნელია მის გვერდით ყოფნა სიკვდილის წინ. მერე რა, რომ ერთ სახლში ცხოვრობენ, ერთ მაგიდასთან საუზმობენ, – ეს ფრანკოს ქრონიკაა ადამიანთა ურთიერთობის დეფიციტის შესახებ.
დრამატურგიის დახვეწილი სტრუქტურა, საინტერესო თანამედროვე გმირის სევდიანი ამბავი, ჟიურიმ საუკეთესო სცენარისთვის დააჯილდოვა. თქვენ ხართ ჩემთვის გმირები – მიშელ ფრანკომ ძმებ კოენებს დახურვის ცერემონიალზე მადლობა გადაუხადა.
სტეფან ბრიზემ – „ადამიანის საზომი“ წარმოადგინა. 51 წლის მამაკაცი თიერი (მსახიობი ვინსენტ ლიდოლი), რომელიც 20 თვეა სამსახურის გარეშეა, სხვადასხვა ორგანიზაციებში გასაუბრებაზე დადის, Skype-ინტერვიუებში იღებს მონაწილეობას, აგარაკის გაყიდვას ცდილობს. შინ მეუღლე და ცერებრალური დამბლით დაავადებული თინეიჯერი შვილი ჰყავს. გარკვეული დროის შემდეგ, თიერი სუპერმარკეტის დაცვის სამსახურში იწყებს მუშაობას. მას უტარებენ მასტერკლასს სუპერმარკეტში ქურდობის შესახებ. შესანიშნავი სცენაა, როდესაც დაცვის უფროსი ასობით სათვალთვალო კამერაში ასახულ ქურდობის მცდელობებს მონიტორებზე უჩვენებს: ქურდს არა აქვს სქესი, ასაკი და ფერი, – ამბობს თიერის უფროსი და ჩვენც ვხედავთ მოხუც, გამოპრანჭულ ფრანგ ქალს, რომელიც წინდებს იპარავს, შემდეგ შეყვარებული წყვილი ქურდობს და მოხუცი მამაკაცი ხორცს იპარავს. თიერი ეჭვმიტანილებს ხელმძღვანელობასთან აცილებს ხოლმე და ესწრება დაკითხვის პროცედურას.
ფულის მოპარვაში დაადანაშაულებენ სუპერმარკეტის თანამშრომელს, რომელიც 23 წელია საუკეთესო თანამშრომლად მიიჩნევა. რა უნდა მოიმოქმედოს ხელმძღვანელობამ? ევროპა კანონმორჩილების გარეშე ევროპა ვერ იქნება. სახის შესანარჩუნებლად, მას ადამიანების გაწირვა უწევს. ზუსტად ასე გაწირავენ თანამშრომელს, რომელიც თავს იმართლებს და პატიებას ითხოვს – ნარკოტიკებზე დამოკიდებული შვილი კლინიკაში უნდა წამეყვანა და ფული ამისთვის მჭირდებოდაო. არ პატიობენ – მას სამსახურიდან აგდებენ. შემდეგ სცენაში კი სწორედ თანამშრომელი ქალბატონის პანაშვიდს ვხედავთ.
ამ ფაქტების შემსწრე თიერი ბოლოს დილემის წინაშე დგება – გააგრძელოს ძლივს ნაშოვნი სამუშო, თუ წავიდეს?
„ადამიანის საზომში“ შესანიშნავადაა დახატული უზრუნველყოფილი ევროპის ავტოპორტრეტი, სადაც განაჩენი ხშირად სასტიკია – იმისთვის, რომ დიდი ორგანიზმი შეუფერხებლად და სტაბილურად მუშაობდეს.
ვინსენტ ლიდოლი ჟიურიმ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დააჯილდოვა.
კანში, 5 წლის შემდეგ, „ოქროს პალმის რტოს“ მფლობელი ტაილანდელი ვირასეტაკულის ფილმი საკონკურსო პროგრამაში არ ჩართეს.
ტაილანდის ჩრდილო-აღმოსავლეთის დასახლებაში, ჯარისკაცებს უცნაური დაავადება სჭირთ – სძინავთ და ვერ იღვიძებენ. იშვიათ შემთხვევაში გამოღვიძებულები კი მოულოდნელად ისევ ღრმა ძილს ეძლევიან. ჯარისკაცები საავადმყოფოში წვანან, სადაც მომვლელები ახვევიათ.
ეს ფილმი ჩემთვის დღიურივითაა, – ამბობს აპიჩატპონგ ვირასეტაკული, – ეს ძალიან პირადია.
რეჟისორი, რომელსაც მიაჩნია, რომ მის ქვეყანაში გაუსაძლისი კრიზისია და იქ ცხოვრება შეუძლებელი, მაინც ბავშვობისდროინდელი იმიჯებით, ისტორიებითა და ესთეტიკით იკვებება.
„ბრწყინვალების სასაფლაოში“ ყველა კადრი ნაგრძნობია, დინამიკა – მოცემულობის შესაფერისი. ხმა კი როგორც თავად ამბობს – საყვარელ ხმის დიზაინერთან ერთად შექმნა. „მან ზუსტად იცის, რომელი ტონალობის ჟღერადობა მჭირდება. როდის რომელი ჩიტის ხმა უნდა შემოვიდეს“.
ვირასეტაკული ამბობს, რომ სიზმარს კინოსგან ასხვავებს, თუმცა ყველაზე ხშირად, სწორედ საკუთარ სიზმრებს გარდაქმნის ხოლმე კინოკადრებად. ამ შემთხვევაში, მან შესანიშნავად შეძლო საკუთარი ტკივილის გაზიარება – სპეციფიკური იუმორით, არაგადაპრანჭული ესთეტიკითა და მეტაფორაში მოქცეული სათქმელით.
მეტაფორების გარეშე გათამაშდა ჟაკ ოდიარის ისტორია ფილმში სახელწოდებით „დიპანი“. შრი-ლანკის სამოქალაქო ომიდან თავის დასაღწევად ჯარისკაცი, ქალი და პატარა გოგონა ოჯახად გაასაღებს თავს. პარიზის შემოგარენში დასახლდებიან და ერთობლივ ცხოვრებას იწყებენ იმის მიუხედავად, რომ საერთოდ არ იცნობენ ერთმანეთს. საინტერესო ფაბულა ფინალისკენ გაფერმკრთალდა, ჰეფი ენდით კი ბევრი კითხვა გააჩინა.
თუმცა, რვაკაციანმა ჟიურიმ ყველაზე დამაჯერებელი პასუხი თანამედროვე, მწვავე კითხვებზე სწორედ ამ ფილმში იპოვა. ევროპა, როგორც ღია სამყარო ემიგრანტებისთვის. ტოლერანტი და თვითკრიტიკული. საკუთარი პრობლემებით დამძიმებული, მაგრამ მზად ხელის გასაწვდომად. „ოქროს პალმა“ ჟაკ ოდიარს ამ საჭირო ნამუშევრისთვის მისცეს. ალბათ ახლა ასეა საჭირო, რადგან ისევ ომია და ევროპას ყველა მხრიდან აწყდება ემიგრანტთა ტალღა.
არასაკონკურსო პროგრამაში ვუდი ალენის „ირაციონალური კაცი“ უჩვენეს. პრესკონფერენციაზე რეჟისორმა თავი აარიდა პასუხს შეკითხვაზე იმის შესახებ, თუ როდის გადაიღებს უფრო სერიოზული შინაარსის ფილმს. ფილოსოფიის ლექტორისა და მისი სტუდენტის სასიყვარულო ისტორია და მის პარალელურად ჩადენილი მკვლელობა. ნაცნობი ფაბულა, ცოტათი უფრო მოსაწყენი, ვიდრე სხვა ბოლო ნამუშევრები. ტრადიციულად, ბრწყინვალე კოსტიუმები და ხოაკინ ფენიქსის მშვენიერი პერფორმანსი.
საუკეთესო ქალის როლის ტიტულს, სავარაუდოდ, თანაბარი კონკურენციით ელოდნენ მარიონ კოტიარი – ლედი მაკბეტის განსახიერებისთვის და ქეით ბლანშეტი „ქეროლისთვის“. თუმცა არცერთი მათგანი არ აღმოჩნდა სცენაზე. ჯილდო ორმა მსახიობმა გაიყო – ემანუელ ბერკო ფილმისთვის „მონ როი“ და რონი მარა ფილმისთვის „ქეროლი“.
მე-9 საუკუნის ჩინეთის ისტორიის თხრობისთვის საინტერესო რეჟისურით და ბრწყინვალე გამოსახულებით დაჯილდოვდა ჰო ჰსიაო-ჰსიენი (Hou Hsiao-Hsien) ჟიურის პრიზი კი ირგოს ლანთიმოსმა მიიღო ფილმისთვის „ლობსტერი“.
MATTEO GARRONE k
წელს საკონკურსო პროგრამაში ფრანგული ფილმები ჭარბობდა. კულუარებში ამბობდნენ, ვირასეტაკული ფრანგების ხარჯზე დაიბლოკაო. იმასაც ლაპარაკობდნენ, ახალ დირექტორს ბევრი გააკრიტიკებსო. ფაქტია, ფესტივალი კრიტიკოსთა უმრავლესობამ დროზე ადრე დატოვა. საკონკურსო პროგრამამ იმედები გაუცრუა საერთაშორისო პრესას.
სხვა ყველაფერი ტრადიციულად მოწოდების სიმაღლეზე იყო: ვარსკვლავცვენა: კატრინ დენევი, ვუდი ალენი, შონ პენი, ჰოაკინ ფენიქსი, კოლინ ფარელი, ნაომი უოთსი, ჯულიან მური, შარლიზ ტერონი, ნატალი პორტმანი, იზაბელ იუპერი, იზაბელა როსელინი, ემა სთოუნი, ვინსენ კასელი. წლევანდელ ფესტივალს მომღერალი რობი უილიამსიც სტუმრობდა.
კანის ფესტივალმა 2015-შიც განაცხადა, რომ უყვარს არაორდინარულობა. სწორედ ამიტომ, ჟიურის თავმჯდომარეობა არა ერთ, არამედ ორ ადამიანს ერთად დააკისრეს – ძმები, ჯოელ და ეტან კოენები ჟიურის 7 წევრთან ერთად მუშაობდნენ. მათ შორის მსახიობი სოფი მარსო, ჯეიკ გილენჰაალი, პედრო ალმოდოვარის მუზა როზი დე პალმა; ძალიან ახალგაზრდა კანადელი რეჟისორი ჰავიერ დოლანი, რომელმაც შარშან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაყურებელზე და პრიზითაც დაბრუნდა შინ.
ცხადია ჩემ წერილს ქართული კინოს შესახებ საუბრით დავიწყებდით, შარშანდელის მსგავსად, რომელიღაც პროგრამაში რომ ვმონაწილეობდეთ, მაგრამ სამწუხაროდ წელს არ გაგვიმართლა. თუმცა ვივარაუდოთ, რომ ქართულ პავილიონში კინოცენტრის წარმომადგენლებისა და დამოუკიდებელი პროდუსერ-რეჟისორების შეხვედრები სხვადასხვა კინომწარმოებლებთან, შედეგიანი იქნება. ყველაფერი ხდება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, წელს, პირველად, კანის ფესტივალის ისტორიაში დებიუტანტმა გრან-პირ მოიგო.
P.S.: წლევანდელი საპატიო წოდებით, 1928 წელს დაბადებული ანიეს ვარდა დააჯილდოვეს, რომელმაც სცენაზე, აცრემლებულმა მოყვა კინოსთან გადაკვეთის საკუთარი ისტორია. წელს, თითქმის ყველა გამარჯვებული ტიროდა სცენაზე. არადა, სწორედ წელს არ უტირიათ კინოკრიტიკოსებს…

კომენტარები

კომენტარი