კანის მცირე გზამკვლევი

კანის მცირე გზამკვლევი

ამბობენ, ფრანგები არასოდეს აგვიანებენ პირისპირ შეხვედრებზე. რაც შეეხება ხალხმრავლობებს და თუნდაც ბავშვის დაბადების დღეებს – ძალიან ხშირად. ფრანგებზე რას აღარ ამბობენ… მაგრამ ამჯერად ვიტყვი იმ ქალაქის შესახებ, ერთ დროს მეთევზეების პროვინცია რომ იყო და დღეისთვის, ქვეყნის ბიუჯეტს საკმაოდ სოლიდური თანხით რომ ამდიდრებს.
კანი ის ქალაქია, სადაც დილით ყველაზე ადრე ვიღვიძებ ხოლმე. მზე ამოსულია. რვის თხუთმეტი წუთია. კანის დილა განსაკუთრებით მიყვარს. ცენტრისკენ მომავალი, პატარ-პატარა ქუჩებს მოუყვები და შენს თვალწინ აწყობენ ქოთნებში ყვითელ და ცისფერ ყვავილებს. თბილ-თბილი კრუასანები ხის კალათებშია მოთავსებული, უკვე გაჯერებულია ქუჩები ყავა ესპრესოს სურნელით და ახლადმორწყული ქუჩების ტროტუარებზე უკვე ისმის ქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა.
ეჭვი მაქვს, კვლევა რომ ჩატარდეს, ყველაზე მეტი საშუალო ზომის ქუსლის ფეხსაცმელი საფრანგეთში აღმოჩნდება.
ფრანგები გიჟდებიან თამბაქოზე. კანში, სწორედ ზემოთ ხსენებულ დილის რვის თხუთმეტ წუთზე პირველ ჭიქა ყავას სიგარეტს აყოლებენ.
ამ დროისთვის უკვე ასი პროცენტით მომარაგებულია კანის ბაზარი, სადაც თქვენს განსაკუთრებულ ყურადღებას ზღვის პროდუქტები მიიქცევს, ძვირფასი და ეგზოტიკური თევზის სახეობებით სავსე აკვარიუმები. სხვა დანარჩენი თითქოს ყველგან გინახავთ, მაგრამ მაინც მგონია, რომ მათზე კარგად ვერავინ ფუთავს, თუნდაც სატაცურს, ან ქათმის ხორცს… შავ წიწაკას ან ფრანგულ ბაგეტს. მოკლედ, რადგან ბაზარი ვახსენეთ, იქ წამსვლელმა ისიც დაიმახსოვროს, რომ შაბათ-კვირას ძველ ქალაქში ფლიუ მარკეტი ეწყობა – რაიმეს ყიდვა თუ ვერ მოახერხეთ, დამიჯერეთ, თვალის შევლება ძალიან გაგამხიარულებთ. მე მიყვარს ძველი სუნამოების ფლაკონების კოლექციის ხილვა, თან როცა ეს სუნამო ფრანგულია. ლუი ვიტონის ჩემოდნების სერია – ძვირი რომ ღირს და გამყიდველი გეუბნება, აბა მიდი ქუჩის ბოლოს მაღაზიაში, შედი, იქ რა ღირსო. მაქმანებისა და გულსაბნევების მილიონნაირი სახეობა, მილიონი წინასიტყვაობით და ანოტაციით. ცილინდრები და ბერეტები, პოსტერები და ფირფიტები, ფოტოაპარატები, ნახატები – ყველაფერი ის, რაც ჩვენს საყვარელ „მშრალ ხიდზე“ გვხვდება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ იმ ნივთებს თავიანთი, განსხვავებული ისტორიები ხდის მიმზიდველს. და როგორც უნდა ჰგავდეს ამბები ერთმანეთს, განცდა ყველას თავისებური აქვს.
კანი კომფორტული ქალაქია. გაფიქრებას ვერ მოასწრებ – იმ წამსვე ახდება. ასე მაგალითად, თუ გაწვიმდა და ქოლგა თან არ გაქვთ, საიდანღაც, ვერც მიხვდებით როგორ, სენეგალელი გადამყიდველი გაჩნდება და ქოლგების და საწვიმრების ფართო არჩევანს შემოგთავაზებთ. თავიდან ათი ევროთი დაიწყებს და გახსოვდეთ, რომ ეს ვაჭობა ხუთი-სამი ევროთი უნდა დასრულდეს.
სენეგალელი კეთილი მამაკაცები შეგხვდებიან სანაპიროებზეც. იქ სათვალეს, ქუდებს და ათასგვარ სამკაულს დაატარებენ.
სანაპიროზე, ასევე არალეგალური სერვისია ტაილანდური მასაჟი. ფეხის ტერფის, თავის, მთლიანი სხეულის. ეს ტაილანდელი გოგონები ნამდვილი პროფესიონალები არიან, უბრალოდ, ტაილანდისაგან განსხვავებით, მასაჟი ლაჟვარდოვან სანაპიროზე ძვირია.
„მარტინესი“, „მაჯესტიკი“, „კარლტონი“, – ეს ის ძვირფასი სასტუმროებია, სადაც მაისისთვის ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან. უსაფრთხოების ზომების უპრეცედენტო დაცვით, ეს სასტუმროები მსოფლიო ვარსკვლავებს უკვე თითქმის სამოცდამეათე წელია მასპინძლობენ.
არავარსკვლავებისთვის კანში 2-3 ვარსკვლავიანი სასტუმროებიც არსებობს, თუმცა ამ სასტუმროებს სტუდიოებს და აპარტამენტებს ამჯობინებენ, რომელთა მოძიება ყველა შესაბამის ვებმისამართზეა შესაძლებელი.
კანში, ცხადია, კულინარიული ფესტივალია. აქ ყველანაირი რესტორანია. შესაბამისად, ბიუჯეტის გათვალისწინებით, ყველა გასტრონომიულ სურვილს დაიკმაყოფილებ. ხელმისაწვდომ ქსელს მიეკუთვნება ფრანგული კრეპების დიდი არჩევანი: თხის ყველით, ლორით, ისპანახით, შოკოლადით… პიცა – ათასგვარი. ფრანგული სუპები… გირჩევთ ხახვის სუპს. ცოტათი თუ გააფართოვებთ მენიუს, თევზსაც მიირთმევთ, დორადოს კარგ როზეს მიუსადაგებთ. სუში ბარში კომფორტულად მოეწყობით, და ტაილანდურ რესტორანშიც 18-ევროიან ლანჩმენიუს ლიჩის დესერტით დააგვირგვინებთ.
ასეა – კანში ჩინური და ტაილანდური საჭმელიც ძვირია. ამიტომ, განსაკუთრებით კინოფესტივალის პერიოდში, აპრობირებულია სუპერმარკეტის პროდუქტი. ამ მხრივ, „მონოპრი“ყველაზე მოსახერხებელი ქსელია.
კანის შოპინგი უცნაურად უინტერესოა. მთავარ ქუჩებზე იმ ბრენდების მაღაზიებია, რომლებმაც მსოფლიო მოდის და არამხოლოდ მოდის ტენდენციები განსაზღვრეს. გაჩერდება მოტოციკლი „შანელის“ მაღაზიასთან, ჩაფხუტიანი გოგო მაღაზიაში შედის. უკან მალევე გამოდის, „შანელის“ ყუთს პატარა საბარგულში ათავსებს და მიდის.
ხელმისაწვდომი ბრენდების მაღაზიები კანში ცოტაა, ამიტომ იქ ჩასულები, შოპინგისთვის ნიცაში დადიან.
კანი თითქოს მისი მიმდებარე პატარ-პატარა ქალაქებისაგან შედგება. ყოველ შემთხვევაში, კანში ჩასული, რკინიგზის საშუალებით, ანდა სულაც, ერთევროიანი ავტობუსით, რომელიც კანიდან ნიცაში მიდის, სწორედ იმ გზაზე აირჩევ და ჩამოხვალ ანტიბესში, სადაც მაგალითად, პიკასოს პატარა, მაგრამ მშვენიერი მუზეუმია. ჟუან ლე პიანში კი – შესანიშნავი სანაპიროები. კანის სადგურიდან იტალიაშიც მარტივად გაემგზავრები – პირველი იტალიური ქალაქი ვენტიმილიაა. სწორედ ეს გახლავთ ბოლო გაჩერება. აქ ფრანგულს იტალიური დროშა ცვლის. იქ ირჩევ სხვა მატარებელს, რომელსაც სურვილისამებრ – 7 წუთის სავალზე, სან-რემოში, ორ საათში კი – მილანში ჩაჰყავხარ.
ერთი სიტყვით, კანში ჩასვლა კანიდან გასვლასაც გულისხმობს, რადგან ასეთი ღიაა ეს ქალაქი. ღია და მსუბუქი. ის მიჩვეულია საინტერესო, ძვირფას და შემოქმედებით ცხოვრებას. კანს ამ ძირითადი გზამკვლევის გარდა, პატარ-პატარა საიდუმლოებები აქვს, რაც არ გულისხმობს არც საყვარელ ადგილს და აკვიატებულ ქუჩას. ამ საიდუმლოებებს ქმნის ის ჩუმი და მიმზიდველი კომუნიკაცია, რომელიც ჯადოსნურ Bonjour madame- ში გამოიხატება. ეს ფრანგული თამაშია. მხოლოდ მათი. ეს ის ხალხია, ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცები რომ ჰგონიათ მთავარი. მაგალითად, შეხება… თვალის თვალში გაყრა. ეს ქმნის საიდუმლოებებს. ეს ფლუიდებია მთავარი არტერიები. ასე მოძრაობს სისხლი.

კომენტარები

კომენტარი