კარგები და „სხვები“

კარგები და „სხვები“

ნანიკო 14 წლისაა. მოკლე, აგრესიული „ჩოლკა“ აქვს. სკოლაში წასვლამდე სარკესთან ნახევარ საათზე ნაკლებს არ ატარებს.
თორნიკე 18-ისაა. ასე ამბობს უცხო გოგოებთან, სინამდვილეში კი 17-ის გახდა. მარჯვენა წარბი აპარსული აქვს. ფრჩხილები თუ არ დაიკვნიტა, ვერ იძინებს.
სალი 16 წლისაა. უყვარს ლუდი. შინიდან ორჯერ არის გაქცეული. მისი უფროსი ძმა როკ–ჯგუფში უკრავს და მწვანეთმიან გოგონასთან ერთად ოთახში ხშირად იკეტება.
15 წლის თიკო „მამიკოს გოგოა“. ერთი სული აქვს, საქართველოდან ბრიტანეთში „მოხიოს“.
14 წლის ალექსა ლექსების რვეულს თაროს უკან მალავს. მისი გატაცების შესახებ ბავშვობის ძმაკაცმა თორნიკემ არ იცის, იმიტომ, რომ რაგბისტია და მამაც რაგბისტი ჰყავს…
ისინი მოზარდები არიან. ისინი საკუთარ თავზე საუბრობენ და საკუთარ თავებს 2 პირობით კატეგორიად ჰყოფენ: „კარგი თინეიჯერები“ და „სხვა თინეიჯერები“.
სინამდვილეში ვინ არიან ჩვენი შვილები?
გთავაზობთ თინეიჯერების თინეიჯერულ სტერეოტიპებს თინეიჯერებზე (სტილი შენარჩუნებულია):
* ბავშვი არ ვარ, მაგრამ ბავშვივით ვიქცევი. მინდა ვიყო დიდი, მაგრამ არ ვიცი, დიდი როგორ იქცევა. მინდა ვიყო ის, ვინც ვარ, მაგრამ არ ვიცი, ვინ ვარ.

* ჰიპსტერი თინეიჯერი ნიშნავს იყო უმრავლესობისგან განსხვავებული და ცინიკური.

* კარგი თინეიჯერები ვერ იტანენ ჰიპსტერებს, მაგრამ თვითონაც „წაუჰიპსტერებენ“.

* კარგ თინეიჯერებში კარგი ტონია უსმინო ინდის, როკს, პანკს და ცუდი ტონია, უსმინო რუსულ „მუზონებს“.

* არ ასწორებს „ძაან გასული“ თინეიჯერი. კარგი თინეიჯერი ღადაობს „ძაან გასულ“ თინეიჯერზე.

* „ბაბულიკა“ თინეიჯერები – ძველი ბიჭები, რომლებიც ბირჟაზე დგანან, სამშობლოს „სემიჩკის“ ფურთხებით იცავენ, უკეთიათ „ჰერმესის“ ქამრები, არიან ჰომოფობები და კარგ შემთხვევაში Pink Floyd-ს უსმენენ.

* „ბაბულიკები“ ახერხებენ ნაშების აგდებას. „კაი ბიჭის“ და, არის „ბაბულიკას“ ნაშა.

* „ბაბულიკებს“ ხადური ევასებათ. და ვინაა, აზრზე არ არიან.

* „კაი ბიჭის“ თინეიჯერი და, რაც უნდა გაიჭინთოს, ფლაერების გამავრცელებლის გარდა, საქართველოში სხვა სამსახურს ვერ ნახავს.

*„კაი ბიჭი“ თინეიჯერის ბაბუამ „ვეფხისტყაოსანი“ ზეპირად იცის და ბებია ზვიადისტი ჰყავს.

*პოპულარული თინეიჯერული გამოთქმა: „გეები არიან საშინელები და ლეზბიანკებს არაუშავთ“.

*პოპულარული თინეიჯერული გამოთქმა: „ღრმა არტი არის არტი, რომელიც არის ღრმა“.

* დაკომპლექსებული თინეიჯერები – მათი უმრავლესობა სკოლის დერეფნებში ცელოფნის პარკით მოძრაობს, რადგან ბებია შინიდან ბუტერბროდებს ატანს.

* კარგი ბიჭი თინეიჯერები სპორტულ დარბაზებში დადიან და კუნთებზე უფრო ბევრს ლაპარაკობენ, ვიდრე გოგონებზე.

* კარგ თინეიჯერ გოგონებს კარგი დაკუნთული თინეიჯერი ბიჭები არ მოსწონთ.

* კარგ თინეიჯერ ბიჭებს მხიარული გოგონები მოსწონთ.

* კარგ თინეიჯერს შეიძლება ჰქონდეს სექსი 16 წლის შემდეგ, მაგრამ არა აქვს.

* პოზიორი თინეიჯერები – ყველაფერს სხვის დასანახად აკეთებენ. მაგალითად, კაფეში ნამცხვრებს ფოტოებს უღებენ, რომ ინსტაგრამზე დადონ.

* კარგი მოზარდები „კუბიკ რუბიკს“ აწყობენ. პოზიორ თინეიჯერებს „კუბიკ რუბიკი“ ჩანთაში ტყუილად უდევთ.

* 14 წლამდე თინეიჯერს თმა სახეზე უნდა ჰქონდეს ჩამოშლილი და დეპრესიაში იყოს.

* თუ 13 წლამდე თინეიჯერი ხარ, პიშკებს ყიდულობ, თუ 13 წლის ზემოთ – დონატებს.

* ყველა თინეიჯერმა იცის, რომ სახეზე მუწუკები არ უნდა აწვალოს, მაგრამ ერთიც რომ ამოიღოს, რა დაშავდება?..

* 13 წლამდე თინეიჯერები რელიგიაზე არ ლაპარაკობენ.

* კარგი თინეიჯერები tV-ს არ უყურებენ.

* კარგი თინეიჯერები მეგობრებთან ერთად „პახოდებში“ ისვენებენ, დანარჩენები – ქობულეთში, მაგრამ „კვარიათში სუფთა ზღვაა“.

* კარგი თინეიჯერები დედას სახელით არ მიმართავენ.

* კარგი თინეიჯერები დადიან კაფეში „არსად“, დანარჩენები – გლდანის საშაურმეში.

* კარგ თინეიჯერებს „ჰარი პოტერი“ უნდა უყვარდეთ და უფრო კარგებს „ბეჭდების მბრძანებელიც“.

* კარგ თინეიჯერს ინგლისურენოვანი ერთი წიგნი მაინც უნდა ჰქონდეს წაკითხული და ქართულად რომ გადათარგმნიან, უნდა ეწყინოს, იმიტომ, რომ გაპაპსავდება. „სხვა“ თინეიჯერებს (მათ შორის, „ბაბულიკებს“) უნდა ჰქონდეთ წაკითხული „მექანიკური ფორთხალი“ და „მგლები“.

* კარგი თინეიჯერები საატესტატოებზე ნერვიულობენ.

* თუ მშობლებს ფულს თხოვ, ცუდი პონტია, თუ თვითონ გაძლევენ – კარგი.

* კარგი თინეიჯერი ღამე ისე მაგრად ერთობა, რომ მეორე დღეს გაკვეთილზე ძინავს.

* კარგი თინეიჯერი ორ ლარად ყიდულობს „სექონდ ჰენდში“ შარვალს და „დანარჩენები“ „ნაიკის“ მაღაზიაში 300-ლარიან ბოტასებს.

* ფართიზე სელფშოტებს მოხტუნავე გოგო თინეიჯერები იღებენ. იგივე მოხტუნავე გოგოები ხალხმრავალ აქციებზე ფოტოების გადასაღებად დადიან.

* სენტიმენტალური 13 წლის თინეიჯერი გოგოები ფბ-ზე – თუ გაწვიმდა, ეგრევე დააშეარებენ რაიმე სიმღერას წვიმაზე.

* „ძერსკი“ თინეიჯერები – ფბ-ზე კომენტების წერისას Caps Lock-ზე სპეციალურად ეჭირებათ და შრიფტი უსწორმასწორო გამოდის.

* „ძერსკი“ თინეიჯერების ამოცნობა კომენტარებში შეიძლება: „ჩემო ყველაზე ლამაზო“-თი, რომელსაც პასუხობენ: „შენ ჩემზე ლამაზო“/„ფეხები გამიცვალე“/„ჩემი ცხოვრების ოკეანევ“/„მესამყაროები“.

* „ძერსკი“ თინეიჯერი გოგონები სმაილებს ორი წერტილის გარეშე და ბევრი ფრჩხილით წერენ, ასევე უყვართ ფერადი სმაილ-გულების დადება (ანუ ვისაც „აიფონი“ აქვს და ვისაც არ აქვს, ეგრევე იშიფრება).

* „ძერსკი“ თინეიჯერ გოგონებს პატარასახელურიანი ქალის ჩანთები მოკეცილ ხელზე აქვთ გადაკიდებული. ჩანთაზე ჩჰანელ იმხელა ასოებით აწერია, რომ ნამდვილ შანელს შეშურდება. იმავე ხელში „აიფონი“ ან სმარტფონი ისე უჭირავთ, რომ ჩაკბეჩილი ვაშლის ლოგო გამოკვეთილად გამოჩნდეს.

* „სხვა“ თინეიჯერს პროფილის სურათად ოთხი თვის განმავლობაში შეიძლება ბანკეტის ფოტო ეყენოს.

* უსახელო გოგო თინეიჯერების სექტა – თავს აჯერებენ, რომ ფეხბურთი უყვართ, მუდამ ფეხბურთელებზე ლაპარაკობენ, დადიან სპორტული ტანსაცმლით და ფეხსაცმლით (მათ შორის არიან სასულიერო აკადემიის სტუდენტებიც).

* „სხვა“ თინეიჯერებს მუდამ გახეული ჯინსი და თეთრი „ბენსიმონები“ აცვიათ. კარგ თინეიჯერს სულერთია – კედები და უჯრედებიანი პერანგი, ზურჩანთა კი აუცილებლად ორივე მხარზე უნდა ჰქონდეს გადაკიდებული.

* კარგი თინეიჯერი ერკვევა ფილმებში, გემოვნებიან მუსიკაში, ზოგადად, ადამიანებში, რადგან ცხოვრებისეული სიბრძნე აქვს… 🙂

* კარგი თინეიჯერები მარიხუანას დეკრიმინალიზაციის აქციაზე დადიან, „სხვა“ თინეიჯერების ნახევარი ამას სადღეგრძელოებში აპროტესტებს. მეორე ნახევარი, ანუ „ბაბულიკები“, ქუჩაში დგანან და მთავრობას აგინებენ, მაგრამ ჯარში რომ გაიწვევენ, ბრტყელტერფიანი ან დედისერთები აღმოჩნდებიან.

* თინეიჯერი ბლოგერის შიდა ხუმრობა – „ბლოგერი ოღონდ სადმე წაიყვანე, აჭამე და ყველაფერს დაწერს“.

* რა დროს ემოებზე ლაპარაკია, თემაში არ არიან.

* აი, „დაჩექინება“ თემაშია.

* თუ რამე კარგი ზმანი გაქვს, OPEN AIR-ზე უნდა ჩაიცვა (პატარა თინეიჯერ გოგონებს დიდი, შავი და წარწერებიანი მაისურები და ძალიან-ძალიან მოკლე შორტი უნდა ეცვას).

* ორსახელიანი თინეიჯერული ფბ სახელწოდებით „ლია-გიო“ რომეოს და ჯულიეტას ამბის გაგრძელებაა.

* დიდყურსასმენებიანი თინეიჯერი შეიძლება იყოს კარგიც და „სხვაც“.

კომენტარები

კომენტარი