ხევსურეთი – მთაში ნაპოვნი სამოთხე

ხევსურეთი – მთაში ნაპოვნი სამოთხე

პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთს სამანქანო გზით დათვისჯვრის უღელტეხილი აკავშირებს. მისი სიმაღლე ზღვის დონიდან 2700 მეტრამდეა. წესად არის ქცეული, რომ პირიქითა ხევსურეთში მიმავალები ამ ადგილზე ჩერდებიან, წაიხემსებენ, 1-2 სადღეგრძელოს იტყვიან და მხოლოდ ამის შემდეგ აგრძელებენ გზას. უღელტეხილიდან ულამაზესი ხედი იშლება. აქედან რამდენიმე საათში შატილში ხარ. სამანქანო გზა მიდის მუცომდე და იმ კლდის ძირამდე, რომლის თავზეც ხევსურეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი – არდოტია. ჩვენი იმჟამინდელი მოგზაურობა სხვა გზით წარიმართა. გეგმა ასეთი იყო: დათვისჯვრის უღელტეხილიდან, საფეხმავლო ბილიკით, უნდა გადავსულიყავით წუბროვანას მთაზე, გაგვევლო ჭანჭახის ხეობა, მიგვეღწია სოფელ ხახაბომდე, ახალი ხახაბოს გავლით ჩავსულიყავით არდოტში და იქ დავბანაკებულიყავით. მეგზურმა წინასწარ გაგვაფრთხილა, რომ 25 კილომეტრი გვქონდა გასავლელი, მდინარის გადაკვეთა ბევრჯერ მოგვიწევდა ფეხით, რადგან ხახაბომდე არც ერთი ხიდი არ შეგვხვდებოდა. ერთი სიტყვით, უნდა გვეჩქარა, რომ არდოტში დაღამებამდე ჩავსულიყავით.
ივნისის ბოლო, მზიანი დილა იყო. მწვანე მთები თოვლისა და ყინულის ლაქებს ზებრასავით აეჭრელებინა. გზადაგზა, მთის ძირებში, ყინულის გროვები ზვავებად ჩამოწოლილიყო. მოცისფრო-მოლურჯო-მოყვითალო-მოიისფრო ყვავილები ხალიჩასავით გადაკვროდა მინდვრებს. მიწას დავყურებდი და მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი – ისე მევლო, რომ ყვავილებზე ფეხი არ დამედგა.
გრძელი აღმართის ავლის შემდეგ – არა, აღმართი ამას არ ერქვა, ჩვენ მთა ავიარეთ, წუბროვანას მთას კიდევ უფრო მივუახლოვდით და სულ მალე მის წვერზე აღმოვჩნდით. უზარმაზარი მთების ალყაში თითქმის ღრუბლების გასწვრივ ვიდექი. თავი მართლა ცაში გამოკიდებული მეგონა. ეს ის შემთხვევაა, როცა განსაკუთრებული მიზეზის გარეშე ხარ ბედნიერი, გავიწყდება უკან მოტოვებული დამღლელი გზა და წინ გასავლელი კილომეტრები.
შუა აღმართზე, 15-16 წლის ორი ბიჭი დაგვეწია, ანანურიდან არდოტში ხუთი თუ ექვსი ბოჩოლა გადაჰყავდათ. ერთი ანანურელი იყო, მეორე – პანკისელი. ყველაზე პატარა, მოყავისფრო ხბო შუა გზაში დაცემულა და პანკისელ ისმაელს მხრებზე ჰყავდა შემოსმული – აბა გზაში ხომ არ დავტოვებდიო. არდოტამდე ასე ჩასვლა ნამდვილად გაუჭირდებოდა, მაგრამ თავი მხნედ ეჭირა და არც ტვირთის სიმძიმე აშინებდა. ისეთი სითბოთი და სიყვარულით ლაპარაკობდა ამ უმწეო ცხოველზე, გულს აგიჩუყებდა.
…ხახაბომდე დაახლოებით 18-19 კილომეტრი ვიარეთ. ყინულივით და თან ჩქარი მდინარის გადაკვეთას ერთმანეთის დახმარებით ვახერხებდით. მხოლოდ მოლაშქრე-ტურისტებსა და მწყემსებს უწევთ ამ გზებზე სიარული და მათთვის ხიდების დამგები ჭანჭახისა და ხახაბოს ხეობაში არავინაა. მზე გადასული იყო, ხახაბოს რომ მივუახლოვდით. ყვითელი ყვავილებით აჭრელებული მწვანე ხახაბო სიზმარივით დარჩება ჩემს მეხსიერებაში. სოფელი ნასახლარადაა ქცეული. ფართო მინდორში სხვადასხვა ფერის ცხენებს მოვკარი თვალი, მთაზე კი მწყემსებისგან მიტოვებული საქონელი შეფენილიყო. ჩვენი მიახლოებისთანავე ძაღლებმა საშინელი ყეფა ატეხეს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩვენში საფრთხეს, საშიშროებას ხედავდნენ და ყეფით არა მხოლოდ საქონლის, მიტოვებული ნასახლარების დაცვას ცდილობდნენ. ძაღლებმა მხოლოდ მაშინ შეწყვიტეს ყეფა, როცა თვალს მივეფარეთ.
ხახაბოს შემდეგ, ახალ ხახაბოს მივუახლოვდით. ახალშეკეთებული ხიდი და ხის ჭიშკარი, დამუშავებული მიწა და პატარა ბოსტანი, მზის ენერგიის წყარო და გზად მინდვრებზე შეფენილი საქონელი, ეზოში დადგმული წითელპერანგიანი “საფრთხობელა” და მიმობნეული რკინის სათლები და გობები იმის მანიშნებელი იყო, რომ ამ სოფელში ჯერ კიდევ ცხოვრობდნენ ადამიანები. ახალი ხახაბოდან არდოტამდე შედარებით უკეთესი გზა იყო, მდინარეებზე ხიდები დაგვხვდა, ეს ხიდებიც ახალი ხახაბოს ერთადერთ მოსახლეს – ბადრი მინდიკაურს შეუკეთებია.
არდოტში დღის ბოლოს ჩავედით, მზე უკვე ჩადიოდა, მალე კარვები გაიშალა, ცეცხლი დაინთო, კოცონის გარშემო შეკრებილები ერთმანეთს შთაბეჭდილებებს ვუზიარებდით და ენერგიის აღსადგენად მხოლოდ დაძინება გვინდოდა.
ალბათ, ბევრჯერ მომენატრება ის ხევსურული დილა: ბანაკი ნელ-ნელა იღვიძებს, ცეცხლი ანთებული გხვდება, ხელ-პირს მდინარის წყალზე იბან, რკინის ჭურჭელში წყალი დუღდება, დილის სუსხში, თბილ ტანსაცმელში, ღია ცის ქვეშ, ცეცხლთან ზიხარ, ცხელ ყავას სვამ და ამაზე მეტი კომფორტი არ გჭირდება. საერთოდ წყდება კავშირი გარე სამყაროსთან, გავიწყდება ყოველდღიური პრობლემები, აზრს კარგავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, აღარ გაინტერესებს, ვინ რას იტყვის ორშაბათის საინფორმაციო გამოშვებაში და ვინ რას დაპოსტავს სოციალურ ქსელში. ხვდები, რომ ეს ყველაფერი ნაკლებად საინტერესოა და ცხოვრების გასართულებლად, ადამიანის მიერ ხელოვნურადაა მოგონილი.

კომენტარები

კომენტარი