ლიტერატურა და მაკულატურა

ლიტერატურა და მაკულატურა

საბჭოთა სკოლაში მოსწავლეებს ყოველწლიურად გვაბარებინებდნენ მაკულატურას. მახსოვს, მთელ უსარგებლო გაზეთებს და ჟურნალებს, რომლებიც იმ დროს /დეზ/ინფორმაციის თითქმის ერთადერთი წყარო იყო – კომუნისტდროშაპრავდებს ერთად ვუყრიდი თავს და ზემოდან რატომღაც ყოველთვის რომელიმე ლამაზგამოსახულებიან კინოჟურნალის გარეკანს ვადებდი ხოლმე – ალბათ „ლამაზად“ რომ გამოჩენილიყო ჩემი შეკვრა – გარეთ ატლასი, შიგნით – ათასი… ნაგავი 🙂
რა არის ლიტერატურული თრეში, ე.წ. ნაგავი, ან მაკულატურა? ღირებული ლიტერატურა და მაკულატურა – ასეთი დაყოფა უთუოდ რაციონალისტური ხანიდან უნდა მომდინარეობდეს, სადაც აქცენტი ადამიანის ზნეობრივ იმპერატივებზე იყო გადატანილი და ის, რაც ფართო საზოგადოებისთვის მიუღებელი იყო, ვულგარულად მიიჩნეოდა. თავის დროზე, მარკიზ დე სადის რომანები, თავიანთი გულახდილობის გამო, გემოვნების თუ ზნეობის „მეტრებმა“ განდევნეს, სანამ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ეს ტექსტები ხელახლა არ „აღმოაჩინეს“ როლან ბარტის მსგავსმა ფილოსოფოსებმა და ისინი სერიოზული განსჯის საგნად არ აქციეს. მაგრამ ამგვარი კვლევები მნიშვნელოვანს არაფერს მატებს ტექსტს, თუკი მისი მხატვრული ხარისხი არადამაკმაყოფილებელია – ისინი უფრო კონკრეტული ეპოქის ანალიზისთვის აუცილებელ მასალად ან სოციოლოგიური დანიშნულების მატარებლებად რჩებიან. თვითონ ლიტერატურული თრეშის გაგება უფრო მე-20 საუკუნის მეორე ნახევარს უკავშირდება, როდესაც პოსტმოდერნიზმის ხანაში ე.წ. „მაღალ“ და „დაბალ“ ლიტერატურებს შორის ზღვარი წაიშალა. ასევე, პრიორიტეტი მიენიჭა მასობრივ წარმოებას და მოხმარებას – მეტი გაყიდული წიგნი შესაბამისი ფინანსური მოგების ტოლფასია. ანუ ყველაფერი, მეტ-ნაკლებად, მასაზე ორიენტირებული გახდა.
მაგრამ აქაც საჭიროა ზღვარის გავლება. როგორც წესი, თრეშ-ლიტერატურა პროფესიონალების მიერ იქმნება და ამისთვის აუცილებელია ოსტატობა. ოსტატობა კი იმას გულისხმობს, რომ მწერალმა ზუსტად უნდა იცოდეს ბაზრის მოთხოვნები და ყოველი დეტალი საგანგებოდ უნდა გათვალოს მკითხველზე – მკითხველზე, რომელიც სამსახურიდან დაღლილი, საზოგადოებრივ ტრანსპორტში დეტექტივის ან მომავლის სამყაროში აღმოჩნდება და დროებით დაავიწყდება პრობლემები. დეტექტივის შემთხვევაში მაინც პირველად ისევ ჩვენშიც ერთ დროს პოპულარული დარია დონცოვა და მისი დეტექტივები მახსენდება, რომლის კიტჩურგარეკნიანი სერიებიც უხვად იყიდებოდა აწ უკვე აღარარსებულ წიგნებით გარემოვაჭრეებთან. და ავტორის არაპროფესიონალიზმის შესახებ მითი მაშინვე დამემსხვრა, როდესაც გადაცემაში „Школа Злословия“ თავი საკმაოდ ღირსეულად ეჭირა და საკუთარი საქმიანობის შესახებ პროფესიონალურად და პრაგმატულად მსჯელობდა.
სხვათა შორის, ლიტერატურული თრეშის ერთ-ერთი დამახასიათებელი თავისებურება ისაა, რომ ყველაზე ხშირად მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში კითხულობენ. თან, რაც უფრო დიდი ქვეყნის დიდ ქალაქზეა ორიენტაცია აღებული, მით უფრო სქელტანიანი წიგნები იწერება – დიდ ქალაქებში საზოგადოებრივ ტრანსპორტში ხომ საათობით მგზავრობენ ადამიანები, სანამ ერთი პუნქტიდან მეორემდე მიაღწევენ. იმის მიუხედავად, რომ თითქოს სქელტანიანი წიგნების დრო გავიდა, გამონაკლისი მხოლოდ სათავგადასავლო ფენტეზი და სასიყვარულო რომანებია, ალბათ, რომელიც გაგრძელებების სერიით ჩვენს ხანაში პოპულარულ სერიალის კონცეფციას სრულიად მიესადაგება.
ჩვენს სინამდვილეში ბოლო პერიოდში თრეშ-ლიტერატურა აღარ მომხვედრია თვალში – შეიძლება ამისთვის უკვე გავრცელების სხვა გზები არსებობს. მაგრამ 1990-იანების ბოლოდან 2000-იანების დასაწყისამდე ნამდვილი შემოტევა იყო. იყო ასეთი წიგნი „და გაფრინდა ქალი“, რომლის ავტორის სახელიც აღარ მახსოვს. იყო ამ წიგნში რაღაც გაბედული პასაჟები და ჩამთრევი სიუჟეტი ქალის შურისძიებაზე. ასევე კიტჩურგარეკნიანი რამდენიმე მცირეტანიანი რომანი, მაგალითად ასეთი სათაურებით – „გაბზარული გული“, „სისხლიანი ვარდი“ და ა.შ. ან რომანები, რომლებიც შავ სამყაროზე მოგვითხრობდნენ. შავი სამყაროს ხსენებაზე ყველას, ალბათ, გოჩა მანველიძის ყბადაღებული „მგლები“ გაახსენდება, რომელიც გარკვეულ პერიოდში საქართველოში მიიჩნეოდა ერთ-ერთ წიგნად, რომელიც ძალიან კარგად იყიდებოდა. მაგრამ ამ შემთხვევაში ძნელი სათქმელია, თრეშია თუ არა ეს წიგნი, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ლიტერატურული თრეშის წერა პროფესიონალიზმს მოითხოვს. თუმცა, ესეც კონკრეტული ქვეყნის და მისი საზოგადოების განვითარების დონით განისაზღვრება – რაც მოთხოვნაა, ის პროდუქციაა.
ლიტერატურულ თრეშს ზოგჯერ ისეთ წიგნებს მიაკუთვნებენ, რომლებიც ყველაზე კარგად იყიდება. მაგალითად, ინგლისური ჟურნალი Guardian ყოველწლიურად აქვეყნებს ყველაზე შემოსავლიანი წიგნების ოცდახუთეულს, რომლის სათავეშიც თითქმის ყოველთვის ე.წ. სერიული წიგნები ხვდება. მათ შორისაა ჯოან როულინგის, სტიგ ლარსონის, დენ ბრაუნის წიგნები. მაგრამ ამ ავტორების წიგნებს, განსაკუთრებით კი „ჰარი პოტერის“ სერიებს ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივაკუთვნებდი მაკულატურის კატეგორიას, რადგან მასში აქამდე გაუგონარ ფანტაზიასთან ერთად, დიკენსის თუ სხვა კლასიკოსი ავტორების საფუძვლიანი ციტირებები, ეზოთერული ცოდნის კვალი იკითხება და ის საკითხებია დასმული, რაზეც დღეს უკვე კლასიკურად აღიარებულ ნაწარმოებებშია საუბარი. ბოლოს და ბოლოს, მასზე მთელი მსოფლიოს თაობები აღიზარდა და დღესაც იზრდება. და თუკი ამ რომანებს ე.წ. „მაღალი“ ცოდნის პროფანიზებაში დავდებთ ბრალს, მაშინ რაღას ვიტყვით უმბერტო ეკოზე? მან ხომ „ვარდის სახელში“ ფილოსოფიური თემატიკა დეტექტივის სახით მოგვაწოდა?
ჩემთვის მაინც ლიტერატურული თრეშის კატეგორიაში ერთიანდება ყველა ის წიგნი, რომელსაც არ შეუძლია ადამიანის სულიერი მდგომარეობის შეცვლა, თუნდაც სულ ცოტა ხნით. გახსოვთ სპილბერგის „ხელოვნური ინტელექტის“ სცენა, სადაც ნაგავსაყრელში ათავსებენ ყველაფერს, რაც ადამიანურობასთანაა ნაზიარები? ლიტერატურის შემთხვევაშიც, მემგონი, ასეა – ყველაფერი ის, რაც ადამიანურობისგან დაცლილია და დროს ვერ უძლებს, მაკულატურაა.

კომენტარები

კომენტარი