makaazia@gmail.com

makaazia@gmail.com

რამდენიმე წლის წინ, „ქარვასლაში“, კიმონოების გამოფენაზე, საქართველოში იაპონიის ყოფილი ელჩის მეუღლეს – ჯუნკო კამოჰარას შევხვდი. მან თავადაც მოისინჯა რამდენიმე კიმონო და მეც დამეხმარა საქორწილო კიმონოს – ჰონ-ფურისოდეს ჩაცმაში. მითხრა, რომ ის, რაც გარეგნულად, ზედაპირზე ჩანს, სულაც არ არის ყველაფერი – იაპონიაში კიმონოს, ან მისი მოსასხამის შიდა ფენას არავის უჩვენებენ, მხოლოდ პატრონის საკუთრებაა, ისევე როგორც მისი შინაგანი სამყაროო.

ზღაპარივით მახსოვს კიდევ ერთი ამბავი. დარწმუნებული ვარ, სიტყვებით რომ გადმოვცე, მაშინვე დაკარგავს საკუთარ მაგიურობას, მაგრამ მაინც გეტყვით: ჩემმა ნაცნობმა მითხრა, აღმოსავლეთში ყველაზე ძვირფას ფარდაგებსა და ხალიჩებს კედლებზე არ ფენენ, დაკეცილს სკივრებში ინახავენ და თავადაც იშვიათად ნახულობენ. ამას მხოლოდ იმიტომ კი არ აკეთებენ, რომ უფრთხილდებიან, არამედ – სულ რომ უყურონ, ისეთი ძვირფასი აღარ იქნებაო.

ის, რაც ვიცი და რასაც ვხედავ, აზიის მხოლოდ ზედაპირია. ვცდილობ მეც გავხსნა დაგმანული სკივრები და ყოველ ჯერზე ემოციით ვივსები.

მანამდე აზია „ათას ერთი ღამის“ ზღაპრებში აღმოვაჩინე. მერე იყო: ფარაჯანოვის „სურამის ციხე“, აკუტაგავას MENZURA ZOILI და „უსიერ ტყეში“, აითმათოვის „და დღე იყო უფრო გრძელი წუთისოფელზე“ და „საქონდაქრე“, კავაბატას „ათასფრთიანი წერო“, მისიმას „პატრიოტიზმი“, კობო აბეს „ქალი ქვიშაში“, რუშდის „შუაღამის შვილები“, კუროსავას „სიზმრები“ და „რასიომონი“, კიაროსტამის „ალუბლის გემო“, ბაჰმან გობადის „კუებსაც შეუძლიათ ფრენა“, ჩან-ვუუკ პარკის „მე ვარ კიბორგი და ეს ნორმალურია“, ჰაიაო მიაძაკის ანიმე, აზერბაიჯანული და ინდური ჩაით, ხილით, სამკაულით, ათასნაირი ნუგბარითა და სანელებლებით გადავსებული დახლები, ტაჯ-მაჰალი და ცისფერი მეჩეთი, ინდოელი რაჯების სასახლეები და ჩემი ოცნების ფუძიამა…

P.S.: როცა ნაცნობები და უცნობები ჩემს ელექტრონულ მისამართს იგებენ, გაკვირვებული სახით მეკითხებიან – რატომ აზია და არა ევროპა? (დღეს ხომ ასე მოდაშია ევროპასთან ინტეგრაცია?) მე თითქოს თავის მართლებას ვცდილობ და ვპასუხობ: მიყვარს აზია!

კომენტარები

კომენტარი