მაროკო: ინტერზონიდან ატლასის მთებამდე

მაროკო: ინტერზონიდან ატლასის მთებამდე

მახსოვს, სანამ მაროკოში წავიდოდით, მოგზაურმა მეგობარმა გვითხრა, მაროკო არცერთ იმ ქვეყანას არ გავს, სადაც აქამდე ყოფილხართო. მართალი აღმოჩნდა. მაროკო ზღაპარში და ამავე დროს, უკან, ისტორიულ წარსულში მოგზაურობას გავს. ჩრდილოეთ აფრიკის ამ ქვეყანაში ესპანეთის პატარა ქალაქ ალგესირასიდან გადავედით ბორნით. იქამდე დაახლოებით 2 საათის გზაა, რომლის შემდეგაც მაროკოს ფორთოხლისფერი სანაპიროს, კერძოდ ტანჟერის ხედი გადაიშლება, რომელიც თავის დროზე ევროპელი ინტელექტუალების თავშესაფრად და შთაგონების წყაროდ იქცა, თენესი უილიამსით და ბიტნიკებით დაწყებული, მიკ ჯაგერით დამთვრებული. ტანჟერში მართლაც უხვად ნახავთ ლიტერატურულ ადგილებს, კაფეს, სადაც უილიამ ბაროუზი (და მისი პერსონაჟები) დადიოდა და ატლანტის ოკეანის სანაპიროს, რომელმაც ბობ დილანი შთააგონა. ბაროუზის “შიშველ საუზმეში” ხომ ტანჟერს ინტერზონა ქვია და მართლაც, იმ პერიოდში ეს ნეიტრალური ზონა იყო, სადაც თავშესაფარს პოულობდნენ ევროპელი და ამერიკელი არტისტები, პოლიტიკოსები თუ თაღლითები.
ქვეყანამ ესპანეთისა და საფრანგეთისგან დამოუკიდებლობა 1956 წელს მოიპოვა და მას შემდეგ მას მაროკოს სამეფო ეწოდა. სამეფო, ზოგადად, ზედგამოჭრილი სახელია მაროკოსთვის, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუკი ატლასის მთებში საჰარის მიმართულებით მოგზაურობთ. ჩვენც ასე გავაკეთეთ: სამი დღით ატლასის მთებში და შემდეგ საჰარაში ვიმოგზაურეთ. მართლაც ვერაფერს შეედრება ის სილამაზე, რაც ატლასის მთებში ვიხილეთ – თავისი ბიომრავალფეროვნებით, უამრავი სახეობის ყვავილებით და უზარმაზარი კაქტუსებით, 400-ზე მეტი სახეობის ფრინველით და რა თქმა უნდა, ზღაპრული, ათას ერთი ღამის მსგავსი, თიხით და ბამბუკით ნაგები ციხე-კოშკებით, რომელთაც კაზბაჰებს უწოდებენ და რომლებიც მართლაც გაფიქრებინებთ, რომ ბავშვობის ზღაპრულ სამყაროში მოხვდით. ეს კაზბაჰები დღემდე კინოინდუსტრიაში მოღვაწე ადამიანების ინტერესის სფეროშია მოქცეული, რადგანაც აქ უამრავ ფილმს და ვიდეოს იღებენ, “ბენ ჰურით” დაწყებული, “გლადიატორით” დამთავრებული – რომ რეალურად ზღაპრული გარემო შექმნან..
ზოგადად, ატლასის მთებიდან საჰარამდე მიმავალ გზაზე უფრო მეტად მაროკოული გარემოა – უზარმაზარი, ცათამბჯენისხელა კლდეებით, რომლის წინაშეც გრძნობ საკუთარ უსუსურობას სამყაროს წინაშე; ან სიცოცხლის სიყვარული ადამიანების მხრიდან, რომლებიც ამ უსუსურობის მიუხედავად, მთელი სისავსით, აფრიკული სიჯანსაღით და სიცოცხლის ხალისით ეძლევიან მხიარულებას; ან კიდევ ფერების საოცარი შეგრძნება, რასაც სხვაგან ვერსად შევხდებით. და ისეთი გრძნობა გრჩებათ, რომ აქ ნებისმიერი ადამიანი ესთეტია, რადგან ბავშვებიც და უფროსი ასაკის ადამიანებიც პატარა დეტალებში ავლენენ სილამაზის შეგრძნებას – მათ მიერ გაკეთებულ ნივთებში, შენობების შეღებვისას ფერების შერჩევაში.. ულამაზეს ფერად ტანსაცმელში გამოწყობილი, ჩალმებით თავშებურული მაროკოელები კინოეკრანიდან გადმოსულ პერსონაჟებს გვანან; ფერადი ქსოვილები მათ გარუჯულ კანზე შეუდარებელია..
მაროკოს თავისებურება ასევე იგრძნობა ე.წ. ცისფერ ქალაქ შეფშაუენში, სადაც თითქმის ყველა სახლი ცისფერი, ან პასტელის ფერებშია. მიუყვები ვიწრო ქუჩებს და ასე გეგონება, სიზმარში ხარ. მხოლოდ უკიდურესად გაჭირვებული, სასოწარკვეთილი ქუჩის მოვაჭრეების თავგამოდებული და დაჟინებული დევნა გაგრძნობინებს, რომ რეალურ სამყაროში ხარ. მთაზე შეფენილი მულაი იდრისი ფერად იაპონურ გრავიურას გავს, მწვანესახურავიანი ტაძრებით და ახლადაყვავებული ვარდისფერი მიმოზებით თუ ფორთოხლის ხეებით.
ისტორიული ნაკვალევის და ეროვნული თავისებურებების სანახავად ნურც ქალაქ ფეზის მონახულება დაგავიწყდებათ, თავისი ისტორიული, მე-8 საუკუნის მედინათი, რომელიც თითქმის უცვლელი სახით გადაურჩა დროის ქარტეხილებს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად ითვლება. სწორედ აქ, ცხადად გავიგე განსხვავება მექასა და მედინას შორის, სადაც მექა – ძლიერთა ამა ქვეყნისათა საცხოვრებელია, მედინა კი – ჩვეულებრივი მოკვდავების ყოველდღიური სამყოფელი. მედინა ნამდვილი შუასაუკუნეების ბაზრობაა, სადაც ათასგვარი სუნი, ფერი, ნივთი, ადამიანი და ცოცხალი ტრანსპორტი ერთმანეთში ირევა, ვიწრო, ლაბირინთისებური გასასვლელებით, სადაც შეიძლება ადვილად დაიკარგო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თან ქუჩის გამყიდველები დაგედევნებიან და მოსვენებას არ მოგცემენ. ამიტომაც გამოცდილი ადამიანების რჩევებს მივყევით და არავის ველაპარაკებოდით, თორემ გზის ჩვენებაშიც კი ანაზღაურებას ითხოვენ და ბოლოს შეიძლება ადგილობრივი ფულის ერთეული – დირჰამიც კი სანატრელი გაგიხდეთ. მაგრამ თუ ამ ყველაფერს ყურადღებას არ მიაქცევთ, შეგიძლიათ ისიამოვნოთ ზღაპრული ხელით ნაქსოვი ხალიჩების თვალიერებით, ფერადი ბუნებრივი საღებავებით, ხელნაკეთი ნივთებით, ნატურალური ტყავის ნაკეთობებითა და ათასი სხვა რამით. კიდევ კარგი, რომ აქ მაღალქიმიურ ტექნოლოგიებს ჯერ არ შეუღწევიათ და ყველაფერი ნატურალურია. ბუნებრივი აუცილებლობიდან გამომდინარე, აქაური მოსახლეობა, თვით ყველაზე სასოწარკვეთილი უსახლკაროების ჩათვლით, დაახლოებით 7-8 ენაზე მეტყველებს. ნამდვილი ბაბილონია! თან იმ ფონზე, რომ მოსახლეობის დიდი პროცენტი წერა-კითხვის უცოდინარია. მაგრამ ესეც გასაგებია, რადგან უცხო ენაზე მეტყველება ხომ ტურისტებთან კომუნიკაციის და სავარაუდო შემოსავლის ერთადერთი წყაროა, რომელმაც უსახლკარო მაროკოელები შეიძლება შიმშილით სიკვდილს გადაარჩინოს.
იმავდროულად, მაროკოში სხვადასხვა კულტურის ნაკვალევი ცხადად იგრძნობა. აქ ხომ ჯერ კიდევ მე-7 საუკუნიდან ცხოვრობდნენ ჯერ ფინიკიელები და შემდეგ რომაელები, ბიზანტიელები, ესპანელები, ინგლისელები და ფრანგები, რომელთა წინააღმდეგაც იბრძოდნენ ადგილობრივი ბერბერები. რომაელების ნაკვალევი აქ ძველი ქალაქის – ვოლუბილისის სახითაა შემორჩენილი – იმპერატორის ტრიუმფალური თაღით, ცხელი წყლის გაყვანილობებით თუ რომაელთა სხვადასხვა ღმერთის სადიდებლად აგებული, მოზაიკით მორთული იატაკებიანი დარბაზებით.
არსებობს სხვა მაროკოც – უფრო ევროპული, მდიდრული, ტურისტების სიამოვნებაზე გათვლილი მაროკო, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მილიონობით ტურისტს იზიდავს. ასეთია დედაქალაქი რაბათი, თავისი ცათამბჯენი სასტუმროთი თუ ულტრათანამედროვე სავაჭრო ცენტრებით, და კასაბლანკა, ან კასა, როგორც ადგილობრივები უწოდებენ მას – ატლანტის ოკეანისპირა ოქროსფერი სანაპიროთი და ოკეანის პირას უძვირფასესი სახლებით თუ კლუბებით; მსოფლიოში ყველაზე მაღალი და ძვირადღირებული მუსულმანურ ტაძრით; ზღაპრული კორნიშით, რომელსაც ხშირად ნიუ ჯერსის სანაპიროს ადარებენ და არტ-დეკოს შენობებით; ქალაქი, რომელმაც ინგრიდ ბერგმანის და დირკ ბოგარტის მონაწილეობით გადაღებული ამავე სახელწოდების მელოდრამით გაითქვა სახელი; და კიდევ სიმღერით ამ ფილმიდან – “As time goes by”. მაროკოს ძველმა დედაქალაქმა – მარაკეშმა, რომელიც დღეს ტურისტების ერთ-ერთ საყვარელ დასასვენებელ ადგილად იქცა, შეიძლება ფილმის – “სექსი დიდ ქალაქში-2” კადრები გაგახსენოთ, თუკი მარაკეშის მედინაში გაისეირნებთ, სადაც სამანტას ფემინისტური გამოსვლა ქონდა და ქერიმ აღმოსავლური ფეხსაცმელი შეიძინა; აეროპორტის მაქმანივით კედლების და ჭერის დანახვისას კი მაშინვე გაგახსენდებათ სცენა, სადაც მაროკოდან (ფილმში: აბუ დაბიდან) დევნილი ოთხი მეგობარი ავიარეისზე თავქუდმოგლეჯილი გარბის..
მაროკოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში მუდმივად გრძნობთ ათასგვარი სანელებლის, ხანაც – მუშკის და ამბარის სურნელს, რომლებიც აღმოსავლურ ზღაპრებს და “ვისრამიანს” გვაგონებს. კერძებიდან აქ ყველაზე ხშირია მაროკოული კუსკუსი: მხოლოდ ბოსტნეულით, კარამელით და ქიშმიშით; და ხორცით, რომელსაც აღმოსავლური აბანოს ფორმის თიხის ჭურჭლით, ტაჟინით მოგართმევენ ხოლმე. მაგრამ ძირითად კერძამდე, როგორც წესი, გიმასპინძლდებიან ნახევრად მოხარშული ახალი ბოსტნეულის სალათებით და უგემრიელესი პურით და ფორთოხლის წვენით, რომელიც მაროკოში კოკა კოლაზე გაცილებით იაფი ღირს. სადილის შემდეგ კი საუკეთესოა პიტნის ფოთლების ჩაი, რომლის სურნელი ყოველ ნაბიჯზე გხვდებათ და ზოგჯერ უდაბნოს გრილ ნიავს მოგაგონებთ – უდაბნოსი, სადაც აქლემებით სეირნობის შემდეგ, ერთი ღამე გავათიეთ. და ალბათ არასოდეს დაგვავიწყდება საჰარას უდაბნოში, კარვების წინ გაშლილი ხალიჩები, ტამტამიანი ბედუინები და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, რომელიც უნებლიედ კანტის სიტყვებს გვახსენებს: “ორი რამ მაოცებს ამ ქვეყანაზე – ვარსკვლავებით მოჭედილი ცა ჩემს ზემოთ და ზნეობრივი კანონი ჩემში.”

კომენტარები

კომენტარი