მე მიყვარს თბილისი

მე მიყვარს თბილისი

მე მიყვარს თბილისი, სადაც ბევრი მანქანა დადის, ამ მანქანების უმეტესობას კი კატალიზატორი არ უყენია და შესაბამისად, ბევრი ტყვიაა ჰაერში.
მე მიყვარს თბილისი, სადაც იმდენი და იმხელა კორპუსი დგას, რომ ჰაერი არ ნიავდება და სუნთქვა საშიშია ჩვენი ჯანმრთელობისთვის; სადაც ხეებს ყოველგვარი დაგეგმარების გარეშე ჭრიან ინვესტორები და ნაცრისფერ კორპუსებს დგამენ მის ადგილას; სადაც ბინების ფასი ევროპის ფასებს გაუტოლდა და სადაც „ევრორემონტი“ უყვართ.
მე მიყვარს თბილისი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაუმართავია, სამარშრუტო ტაქსებისა და ავტობუსების მძღოლები კი ისე მართავენ, თითქოს რბოლებში მონაწილეობენ; სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის 100 პროცენტი შავ ბოლს უშვებს და წამლავს ყველას და ყველაფერს;
სადაც არ ესმით, რომ ეს ყველაფერი ძალიან ამოკლებს გზას ონკოლოგიური საავადმყოფოს მიმართულებით.
მე მიყვარს თბილისი, სადაც ქუჩაში ნაგვის დაყრა ძალიან ჩვეულებრივი ამბავია და მაშინვე გიჟად შეგრაცხავენ, როგორც კი შენიშვნას გამოთქვამ.
მე მიყვარს თბილისი, სადაც ნაგვის მანქანები ძირითადად პიკის საათებში დადიან და საოცარ საცობებს ქმნიან.
მე მიყვარს თბილისი, სადაც ყველა შუა ქუჩაში დადის, იმიტომ, რომ ხალხს ავიწყდება ტროტუარის არსებობა, თან გაოცებული სახით შემოგხედავენ, თუ გაუბედავ და მანქანით მიმავალი მოკრძალებული საყვირით შეახსენებ, რომ ხელს გიშლის გადაადგილებაში.
მე მიყვარს თბილისი, სადაც მძღოლებისთვის მანქანის ციმციმა არფერს ნიშნავს, სადაც საგზაო ნიშნები მხოლოდ გაფორმებაა და დატვირთვა არ აქვს. მიყვარს თბილისი, სადაც ბავშვს ქუჩაში ეტლით ვერ გაასეირნებ იმიტომ, რომ ტროტუარზეც შეიძლება ჩვეულებრივ რეჟიმში ძალიან თავხედურად მოსიარულე რიგითმა მანქანამ (გნებავთ სამარშრუტო ტაქსმა) ისე ჩაგიქროლოს – წაგიყოლოს.
ჩემს ქალაქში ევრორემონტიანი ბინებია, თან ეს კორპუსები ერთმანეთისგან იმდენად პატარა დაშორებით შენდება, რომ შეგიძლია, აივანზე გასულმა, შენს მეზობელ კორპუსის შენს პირდაპირ მცხოვრებ რეზოს ხელი თამამად ჩამოართვა და თუ ოდნავ გადაიწევი, გადაკოცნო კიდეც.
ამ ქალაქში ბევრი დიდი, შავი ჯიპი დადის. მათ მძღოლებს ძალიან რცხვენიათ ბუნებრივი აირის სისტემის დამონტაჟების და ამიტომ საწვავს ავზში გამთენიისას, ან ღამის 2 საათზე ამატებენ.
მიყვარს თბილისი ჩამქრალი და ნომერჩამოხსნილი სამარშრუტო ტაქსებით. ასეთ დროს სულ მეშინია, ზედმეტად არ გავმოძრავდე და ისეთი მიმართულებით არ გაქანდეს ეს ყელამდე გაძეძგილი ვაგონი, რომ საბოლოოდ ვერ დაიმორჩილოს მძღოლმა.
თბილისი არის ქალაქი, სადაც ყველა ტაქსის მძღოლს 2 დიპლომი აქვს, აქ ყველა ძველი ბიჭია. ამ ქალაქში ყველა პირველია, იმიტომ, რომ პირველობა კარგი ტონია და თუ მეორე ხარ, „ტეხავს“.
ამ ქალაქში უმეტესობა ერთნაირად ცეკვავს. გოგონები ერთნაირად მოძრაობენ, თუმცა არც ერთი ბიჭი არ ცეკვავს, იმიტომ, რომ კლუბში ბიჭის ცეკვა ასევე „ტეხავს“.
მიყვარს თბილისი, სადაც ვარჯიში მხოლოდ გაზაფხულის მიწურულს ახსენდებათ და კლებაც მყისიერი უნდათ, ერთ თვეში 10 კილოგრამის. უმრავლესობას კი, ფიზიკური დატვირთვის ნაცვლად, გამოშტერებამდე შიმშილი ურჩევნია. თვალებჩაშავებული და ხასიათგაფუჭებული რომ გიმტკიცებს, რომ საერთოდ არ უჭირს დიეტა. ამ დროს კარგად შენიღბულზეც კი რომ ემჩნევა, სიბრაზით როგორ ემღვრევა თვალები. მაგრამ მაინც ამტკიცებს, რომ მთელი დღე კეფირის სმა ჯადოსნურია და საერთოდ არ აშიებს!
აქ მოდაშია რამდენიმე კონკრეტული პიროვნების ჩაბჟირებამდე აჩემება, ვის ირგვლივაც ბრუნავს ქვეყნის ჭორ–მართალი და კიდევ უარესი ისაა, რომ ეს ხალხს მაინც აინტერესებს.
აქ სკოლის მოსწავლესაც მკაცრად ჩამოყალიბებული პოლიტიკური ხედვა აქვს და შეუძლია ბოლომდე გეჩხუბოს ყოფილი ან ახლანდელი მინისტრისა თუ პარლამენტარის გამო. (როცა ვთვლი, საერთოდ არ უნდა იყოს ამ ასაკის ბავშვი პოლიტიზებული).
ამ ქალაქში ყველა საკუთარი საქმის პროფესიონალია, თუმცა უმრავლესობას ავიწყდება (ჩემი საყვარელი საკითხი) – სატელეფონო ზარების დროულად პასუხი და ასევე დროული მოწერა სამსახურეობრივი იმეილიდან.
თბილისში ყველა ცოლი მაშინ ლამაზდება, როდესაც ქმარი ტოვებს და გვიან ხვდება, რომ კაცს სახლში ქალის დანახვა უნდა და არა ხალათში კომბოსტოსავით გახვეული გორგალის, რომელსაც სულ თავი სტკივა, ყოველი ორშაბათიდან (უსასრულოდ) დიეტაზეა (2 მშობიარობა მაინც თავისას შვრება – ფსიქოლოგიით) და თითქმის სულ აგვიანდება სალონში თმის შესაღებად ჩაწერა.
მე მიყვარს ჩემი ქალაქი, რომელიც არაფრით გავს მამაჩემის თაობის მონაყოლს, რომლის ანალოგიითაც ფეისბუქზე სახუმარო გვერდიც კი გაჩნდა „თბილისი იყო ურთიერთობა“. მე აღარ მესმის ამ ურთიერთობების.
არ მომწონს, როდესაც ერთმანეთს გზას არ უთმობენ, არ უღიმიან, ბოდიშს არ უხდიან.
არ მომწონს, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ;
არ მომწონს „მაფიოზური“ გამომეტყველება საკუთარი კომპლექსების დასაფარად;
არ მომწონს ის, რომ ქუჩაში იფურთხებიან;
არ მომწონს ევრორემონტიანი ბინების მიღმა დარჩენილი ბინძური სადარბაზოები;
არ მომწონს, რომ ჩვენ არ გვიყვარს ქალაქი, სადაც ვცხოვრობთ.
ეჰ, ჩემო თბილის ქალაქო…

კომენტარები

კომენტარი