მოგზაურობა აზიაში

მოგზაურობა აზიაში

მალაიზია და სინგაპური, 10-დღიანი დაუვიწყარი მოგზაურობა… მხარე, რომელიც ეგზოტიკით, კონტრასტებითა და საოცარი სუბკულტურით გამოირჩევა.

პირველი, რასაც მალაიზიაში ჩასვლისას ყველაზე მკაფიოდ იგრძნობთ, ტროპიკული კლიმატია, რომელიც მთელი წლის მანძილზე თითქმის უცვლელია.აქ მხოლოდ ერთი სეზონი – ზაფხულია, წლის მანძილზე საშუალო ტემპერატურა 35-40 გრადუსამდე მერყეობს, ამ კლიმატს მალაიზიის ადგილმდებარობა განაპირობებს, რომელიც ზუსტად ეკვატორზეა და, შესაბამისად, გაზაფხული, შემოდგომა და ზამთარი აქ არ არსებობს.

პირველად მალაიზიის დედაქალაქ კუალალუმპურში გავჩერდი.დედაქალაქი მდიდარია კულტურული ძეგლებით, ნაციონალური კერძებით, მაღალი ცათამბჯენებით და მრავალი სხვა ღირსშესანიშნაობით.
დედაქალაქის დათვალიერება მისი გარეუბნებით დავიწყე, რადგან სწორედ აქ ნახავთ ისტორიულ მუზეუმებს, სხვადასხვა კულტურულ ძეგლსა და ძველ სასახლეებს.ერთ-ერთი სანახობა, სადაც კუალალუმპურში ყოფნისას, აუცილებლად უნდა წახვიდეთ.ეს ეგრეთწოდებული “ბატუ”-სმღვიმეებია, სადაც უამრავი ტაძარია განთავსებული.ის ინდოელებისთვის წმინდა ადგილია.მღვიმეს მთავარ კარიბჭესთან მისასვლელად 272-ზე მეტი კიბე უნდა აიაროთ. აქ ნახავთ ბუდას ქანდაკებას, რომელიც მთელ მსოფლიოში ცნობილია სიდიდით.გაითვალისწინეთ, რომ ამ ტერიტორიაზე უხვად არიან თავისუფალი და ონავარი მაიმუნები, რომლებიც ქურდბაცაცობით გამოირჩევიან.მოერიდეთ მათთან ახლო კონტაქტს და გაუფრთხილდით ჯიბეებს.

ძველ კუალალუმპურში საგანგებოდ არის ერთი ქუჩა, სადაც ეგრეთწოდებული “სთრითფუდ” (ქუჩის საკვები) იყიდება.ვისაც გიყვართ ეგზოტიკური სამზარეულო, ზღვის პროდუქტები და ტროპიკული ხილი, მაშინ გეტყვით, რომ ეს ქუჩა თქვენთვის სამოთხეა.

ახალი კუალალუმპური იგივე დედაქალაქის ცენტრია, რომელიც ნამდვილი ლაბირინთია, დიდი შენობებით, უამრავი სავაჭრო ცენტრით, კაფეებითა და სასტუმროებით.

გირჩევთ, აუცილებლად ნახოთ ქალაქის ცენტრში მდებარე ეგრეთწოდებული “თვინთაუერი”, რომელიც კუალალუმპურის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობაა: ორი 88-სართულიანი სრულიად იდენტური შენობა, რომელსაც ერთი პატარა ხიდი აერთიანებს. იგი ქალაქში ყველაზე მაღალი ცათამბჯენია.შიგნით განთავსებულია სავაჭრო ცენტრები, ოფისები და კაფე-ბარები.გარემოს კი ულამაზესი მოცეკვავე, ფერადი შადრევანი ამშვენებს.

ქალაქი მელაკა, ძირითადად, ჩინელებითაა დასახლებული.ამიტომ აქ ძალიან ბევრ ადგილას ნახავთ ჩინურ კვარტლებს, რესტორნებს, მუზეუმებს და კულტურულ ძეგლებს.აქ შეძლებთ დააგემოვნოთ ჩინური ნაციონალური კერძები, ან შეიძინოთ ძვირფასი და ძველებური ანტიკვარული ნივთები.ეს ქალაქი პატარა ჩინეთია მალაიზიაში.

ქამერონ ჰაილენდი–მთებისა და ჩაის მოყვარულებს აუცილებლად გირჩევთ ესტუმროთ მას.ესაა ადგილი, რომელსაც ჩაის სამოთხეს უწოდებენ.ეს მალაიზიის ყველაზე მაღალი რაიონია, რომელიც პახანგის შტატში მდებარეობს და კუალალუმპურიდან 200 კილომეტრითაა დაშორებული. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ, მოიწყოთ სამთო ტური და ნახოთ ულამაზესი ჩაის პლანტაცია.პლანტაციებთან ახლოს აუცილებლად ესტუმრეთ მაღაზიას, სადაც უამრავი სახეობის ჩაი დაგხვდებათ.ეგზოტიკის მოყვარულებს გირჩევთ, აუცილებლად მოინახულოთ ტერარიუმი, სადაც სხვადასხვა სახეობის მწერი და ქვეწარმავალი დაგხვდებათ.გამბედავ ადამიანებს მათი ხელში აყვანაც შეგიძლიათ.

პენანგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.როგორც ადგილობრივებისგან გავიგე, აქ დაახლოებით 1000-დან 2000-მდე აუცილებლად სანახავი კულტურულ-ისტორიული ძეგლია, რომელიც მთელ კუნძულზეა მიმოფანტული.მათი ნახვა შეგიძლიათ როგორც ფეხით, ისე ავტობუსით, რომელსაც სახელმწიფო ტურისტებს უფასოდ სთავაზობს.

აუცილებლად უნდა მოინახულოთ: პენანგის ნაციონალური პარკი, ჩიტების ბაღი, სადაც დაახლოებით 800 სახეობის ფრინველი ბინადრობს. “გველის ტაძარი” 1850 წელს აშენდა, ბუდისტი ბერი-მკურნალის, ჩორსუ კონგას პატივსაცემად.”ბირმული ბუდისტური ტაძარი”, რომელიც ძალიან ლამაზი და ფერადია (როგორც გარედან, ასევე შიგნიდან).დღისმ ანძილზე, ამ ტაძარში ბევრ ბუდისტს ნახავთ, რომლებიც სალოცავად იკრიბებიან.ეს იმ კულტურული ძეგლების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც აქ უხვადაა.

კუნძულის ერთი მხარე ინდუსტრიულ ნაწილს წარმოადგენს, მეორე კი კურორტია, სადაც უამრავი ტურისტი ჩამოდის.პენანგზე აუცილებლად უნდა ესტუმროთ “ღამის ბაზარს”.

სინგაპური საოცარი კუნძულოვანი სახელმწიფოა, რომელიც ტერიტორიულად ძალიან პატარაა და სიგრძეში სულ რაღაც 42, სიგანეში კი 23 კილომეტრია.

საინტერესოა, რომ სინგაპურში არ იყიდება საღეჭი რეზინა, აკრძალულია მისი ტარება და განსაკუთრებით ქუჩაში დაგდება.ისინი თვლიან, რომ ძალიან დიდი ზიანის მიყენება შეუძლია საღეჭრეზინას ფრინველებისთვის, ასფალტისთვის რომლიდანაც მისიმოშორება ძალიან ძნელია, აგრეთვე ზიანს აყენებს სხვადასხვა მექანიზმს.ამის ბევრი მაგალითი არსებობს.საღეჭმა რეზინამ ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა ერთ-ერთ ქარხანაში, სადაც აგრეგატში მოხვდა და აფეთქება გამოიწვია.

სინგაპურის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად ითვლება ქალაქის არქიტექტურა, აქ ძალიან ლამაზად არის ერთმანეთთან შერწყმული თანამედროვე შენობები ძველთან, აქ თქვენ ნახავთ ულამაზეს სასტუმროს “მარინაბეი”-სრომელიც სამი შენობისგან შედგება, თავზე კი გემის ფორმის ნაგებობა ადგას, სადაც პალმები, აუზები და კაფე-რესტორნებია განთავსებული. შენობას გარშემო შუშის ულამაზესი ხეები ამშვენებს, რომელიც ღამე ისე ანათებს, რომ ტურისტები ციცინათელებივით ეხვევიან.

აუცილებლად ესტუმრეთ სინგაპურის ზოოპარკს, რომელიც პატარა ჯუნგლებია.აქ ცხოველები თავისუფლად სეირნობენ ადამიანების გვერდით.

მადლობა “კაპიტან+”-ს ამ დაუვიწყარი შეგრძნებებისთვის და იმ თავგადასავლებისთვის, რომლებიც არასოდეს დამავიწყდება

კომენტარები

კომენტარი