მოგზაურობა ეფესოს კულტურაში და დასვენება კუშადასში

მოგზაურობა ეფესოს კულტურაში და დასვენება კუშადასში

ვიდრე კუშადასს ვნახავდი, მეგონა, რომ იგი თურქეთის სხვა საზღვაო კურორტებისგან არაფრით იქნებოდა გამორჩეული. თუმცა, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
ეს არა მხოლოდ გამჭვირვალე ეგეოსის ზღვის ქალაქია, არამედ, გასაოცარი ათასწლოვანების ისტორიის აკვანიც. ჩემთვის სიურპრიზი იყო, როცა გავიგე, რომ კუშადასი ბათუმთან დაძმობილებული ქალაქიც ყოფილა.
სულ რაღაც ხელის გაწვდენაზეა დიდი და მნიშვნელოვანი ანტიკური ქალაქი ეფესო, სადაც უძველესი ბიბლიოთეკა და მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი ანტიკური თეატრი მდებარეობს, ასევე ძალიან ახლოს ყოფილა მსოფლიოს ძველი 7 საოცრებიდან ერთ–ერთი – არტემიდას ტაძარი, ჰეროსტრადემ საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად რომ დაწვა, ან კიდევ, ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც წმინდა მარიამი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, და სადაც მსოფლიო მესამე საეკლესიო კრება გაიმართა.
შეიძლება, ითქვას, რომ თურქეთში საზღვაო კურორტების განვითარება სწორედ კუშადასიდან დაიწყო. მე–20 საუკუნის 70–იანი წლებიდან დამსვენებლებისთვის აქ ჯერ ბინების გაქირავება დაიწყეს, რამდენიმე წელიწადში კი მაღალი კლასის სასტუმროებიც გაჩნდა. 1990–იანი წლებიდან კუშადასში უკვე ტურისტთა ბუმი იწყება. განსაკუთრებით კი დასავლეთ ევროპელ ტურისტებს იაფი და თვალწარმტაცი კურორტი იზიდავდათ.
ქალაში სასიამოვნო დასვენებისთვის ყველა პირობაა შექმნილი და ამიტომაც აქ ყოველთვის ბევრი ტურისტია.
ქართველი დამსვენებლები მართალია ადრეც დადიოდნენ ეგეოსის ზღვის ამ პოპულარულ სანაპიროებზე, მაგრამ საერთაშორისო ტურ-ოპერატორმა „პეგას ტურისტიკმა“ ჩვენს თანამემამულეებს პირდაპირი, და თანაც, იაფი კარი გაუღო.
„თურქეთის ავიახაზებს“ დამსვენებლები თბილისიდან პირდაპირ იზმირში ჩაჰყავს, რომელიც თურქეთში სიდიდით მესამე ქალაქია. შემდეგ ავტობუსით კუშადასისკენ 1–საათიანი მგზავრობაა.
მე იმ პირველ მგზავრებს შორის მოვხვდი, რომელმაც „პეგას ტურისტიკის“ სიკეთით 2014 წლის ივნისში ვისარგებლე.
რადგან პრეს-ტური იყო, საშუალება მომეცა არა მხოლოდ ზღვით დავმტკბარიყავი, არამედ იმ ისტორიით „მესუნთქა“, რითაც ასე მომხიბლა აქაურობამ.
ქალაქს კუშადასი 1924 წლიდან ჰქვია. ეს ის პერიოდია, როდესაც თურქეთში ყველაფრის გადარქმევა აუცილებლობად მიიჩნეოდა. „კუშ“ თურქულად ჩიტს ნიშნავს, „ადა“ – კუნძულს. მართალია, ქალაქზე ერთი კუნძული მიბმულია და სხვაც ბევრია მიმდებარედ, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ აქაურობა ჩიტებს მიაქვთ. თუმცა, ქალაქში ფრინველთა ძალიან ბევრი ქანდაკება დგას და თითქოს ეს ამართლებს კიდეც სახელს.
კუშადასსა და მის შემოგარენში ცხოვრება ჯერ კიდევ 4 ათასი წლის წინათ დაიწყო. ქრისტეს შობამდე მე–11 საუკუნეში აქ ძველი ბერძნები დასახლდნენ, მე–9 საუკუნეში ისინი იონიელებმა ჩაანაცვლეს, დაარქვეს ნეოპოლისი და ქალაქი მცირე სანავსადგურედ და მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად გადააქციეს. შემდეგ ლიდიელებმა დაიპყრეს. ალექსანდრე მაკედონელმაც, ქრისტეს შობამდე 334 წელს, ტერიტორია თავის იმპერიას დაუქვემდებარა. სხვადასხვა პერიოდში ნეოპოლისს რომაელები, სპარსები და შემდეგ ოტომანთა იმპერია ფლობდნენ. ოტომანების შემდეგ, ნეოპოლისი ვენეციის სამეფომ დაიპყრო და ქალაქს სკალანოვა, ანუ „ახალი ნავსადგური“ ეწოდა. 1413 წლიდან ქალაქში უკვე ოსმალები ბატონობენ. ქალაქისთვის მე–20 საუკუნეშიც კი იბრძოდნენ: ჯერ იტალიელებმა დაიპყრეს, შემდეგ ბერძნებმა და 1922 წელს ათათურქის რეჟიმმა საბოლოო კონტროლი დაამყარა. მთავრობათა შეთანხმებით, ამას გენოფონდის სრულიად შეცვლა მოჰყვა. აქაური ბერძნები საბერძნეთში გადასახლდნენ, იქიდან კი თურქები გადმოსახლდნენ.
ყველა ამ ერმა უნიკალური კულტურა და ისტორია შექმნა, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. კუშადასზე, სამანქანო გზით მიბმულ კუნძულზე, გენუელების აშენებული და შემდეგ ოსმალების მიერ გადაკეთებული დიდი ციხესიმაგრე მდებარეობს. იგი კარგად ასახავს ქალაქის მიერ თავს გადახდენილ ქარტეხილებს.
კუშადასშივე მდებარეობს მეჰმედ ფაშას ქარვასლა, რომელიც აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. ხოლო თუ ქალაქის სანაპიროზე გადმომდგარ მთაზე ახვალთ და ათათურქის ძეგლს მიუახლოვდებით, თვალწინ ულამაზესი ხედი გადაგეშლებათ. მათ შორის დაინახავთ ნავსადგურს, სადაც 500–მდე იახტა და გემი ჩერდება. ევროპელების ნაწილი სწორედ იახტით შემოდის და ქალაქში რამდენიმე დღე ჩერდება. ნაწილი ბინასაც კი ქირაობს.
ძალიან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა 30 კმ–ში მდებარე ეროვნულმა საზღვაო პარკმა, რომელიც საბეძნეთის კუნძულ სამოსს ესაზღვრება. ვისაც როუმინგი აქვს, კუშადასში ბერძნული სატელეფონო ოპერატორებიც „ამოუვარდება“.
ერთკვირიან გაცნობით ტურში ვერ მოესწრო პერგამენტის ქაღალდის სამშობლოს – ისტორიული პერგამონისა და ტროას ნახვა.
ეფესმა კი აღმაფრთოვანა. ეს ათასჯერ განადგურებული ქალაქი, რომელიც რომის იმპერიის სიდიდით მეორე დასახლება იყო დედაქალაქის შემდეგ და 250 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, მაინც მიმზიდველია. მით უფრო, როცა გრძნობ, რომ 200 წლის წინათ დაწყებულ არქეოლოგიურ კვლევებს მისი იდუმალების ამოსახსნელად საბოლოო პასუხი ჯერაც არ გაუცია. შეუძლებელია, არ აღფრთოვანდეთ ძველი ბიბლიოთეკით, მარმარილოს გზით და შემდეგ უკვე გული არ დაგეწვათ არტემიდას ტაძრის ერთადერთი შემორჩენილი კოლონის ნახვით.
არადა, ძველი ბერძნები წერდნენ, რომ მისი ნახვა მტერსაც და მოკეთესაც ერთნაირად აღაფრთოვანებდა.
ბიბლიოთეკის დათვალიერება ცალკე დიდი სიამოვნება იყო. მშენებლობა რომის იმპერიაში პირველმა ბერძენმა კონსულმა ცელსუსმა საკუთარი ხარჯებით დაიწყო და შვილმა ქრისტეს შობამდე 135 წელს დაასრულა. მასში 12 ათასი გრაგნილი ინახებოდა და იმპერიაში უდიდეს მწიგნობრულ ცენტრად იქცა. ცელსუსს, ღვაწლის გამო, პატივი მიაგეს და სწორედ ბიბლიოთეკის დახურულ სივრცეში, სარკოფაგში დაკრძალეს, რაც რომის იმპერიაში იშვიათობა იყო.
ეფესო ქრისტიანებისთვის მნიშვნელოვანი ქალაქია. აქ ღვთისმშობლის გარდა, ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ პავლე მოციქული და იოანე ღვთისმეტყველი.
431 წელს ალექსანდრიის პატრიარქის კირილეს მოთავეობითა და იმპერატორ თეოდოსის ბრძანებით, აქ, ღვთისმშობლის ტაძარში, მესამე მსოფლიო საეკლესიო კრების 7 სხდომა გაიმართა. ამ კრებაზე დაიგმო ნესტორიანული მოძღვრება, რომლის მიხედვითაც იესო ადამიანია და არა ღმერთი. შესაბამისად, მარიამი ქრისტეს მშობელია და არა ღვთისმშობელი. კრება დაძაბული იყო და თითქმის მთელი ზაფხული გრძელდებოდა. ეპისკოპოსები 2 ბანაკად გაიყვნენ და სხვადასხვა კრებაც კი ჩაატარეს. მათი მოთავეები, მათ შორის კრების მოწვევის მოთავე, კირილე ალექსანდრიელი დროებით დააპატიმრეს კიდეც.
საიმპერატორო კარი სხდომებს მუდმივად თვალს ადევნებდა. სწორედ ამის გამო, აქ საფუძველი ჩაეყარა მსოფლიო საეკლესიო კრებათა აქტების შედგენას და დაიწყო სტენოგრაფიული ჩანაწერები, რომელიც იმპერატორ თეოდოსს ცნობების სახით ჩასაყენებლად ეგზავნებოდა.
საბოლოოდ, კირილე ალექსანდრიელმა და მისმა მომხრეებმა გაიმარჯვეს. კრებამ ქრისტეს ორბუნებოვნება დაადასტურა. თუმცა, ქრისტეს თემაზე დავა კიდევ ბევრ წელიწადს გაგრძელდა. ცოტა ხნის შემდეგ არქიმანდრიტმა ევტიქიმ მტკიცება დაიწყო, რომ ქრისტეში კაცობრივი ბუნება ღვთაებრივმა შთანთქა და მხოლოდ მისი ღვთაებრივი ბუნებაა ასაღიარებელიო.
449 წელს, ისევ ეფესოში, ერესში მხილებული მღვდელმთავრების ნაწილმა საეკლესიო კრება მოიწვია, რომელსაც ბედის ირონიით, მესამე კრების მოთავის და ქრისტეს ორბუნებოვნების ამღიარებლის – კირილე ალექსანდრიელის მემკვიდრე, ერეტიკოსი დიოსკორე თავმჯდომარეობდა. თუმცა, თუ ერეტიკოსი ნესტორი მიიჩნევდა, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება ჰქონდა და მხოლოდ სულიწმინდის საშუალებით ჩასახლდა სიტყვა ღვთისა, კირილეს მემკვიდრე დიოსკორე ამტკიცებდა, რომ ქრისტეს არა ადამიანური, არამედ მხოლოდ ღვთიური ბუნება ჰქონდა.
კრებაზე ევტიქისა და დიოსკორის მომხრეებმა ეკლესიიდან თვით რომის პაპიც განკვეთეს და სასურველ განჩინებას ძალადობრივად მიაღწიეს. ამიტომ ამ თავყრილობას „ავაზაკთა კრება ეფესოში“ ეწოდა. მოგვიანებით, იმავე იმპერატორმა თეოდოსიმაც კვლავ დაიცვა ქრისტეს ორბუნებოვნების ამღიარებლები და მხარი დაუჭირა კრების განჩინების უკანონობას. 2 წლის შემდეგ კი, ქალკედონში მომდევნო იმპერატორმა მარკიანემ მეოთხე საეკლესიო კრება მოიწვია. დაიგმო ნესტორისა და ევტიქი-დიოსკორეს მოძღვრებანი და ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ დოგმატი საბოლოოდ ჩამოაყალიბეს.
ამ კრებების შემდეგ, ეფესომ თითქოს მნიშვნელოვანი ქალაქის ფუნქცია დაკარგა. მით უფრო, რომ უკვე ქალაქ კონსტანტინოპოლის როლი იყო გაძლიერებული.
ქალაქ სელჩუკთან მდებარეობს ტაძარი, სადაც გადმოცემით ღვთისმშობელი ბოლო წლებში ცხოვრობდა, მოღვაწეობდა და მიიძინა კიდეც. ეს ერთი პატარა ნაგებობაა, მაგრამ ღვთიურობის განცდა უმალ გეუფლება. ბოლო წლებში, რომის სამმა პაპმა: პავლე მეექვსემ 1967 წელს, იოანე-პავლე მეორემ 1979 წელს და ბენედიქტე მეთექვსმეტემ 2006 წელს, ტაძარი მოინახულეს და ძღვენი შეწირეს, რომელიც ღვთის ამ სახლში საგანგებოდ არის გამოფენილი. იოანე-პავლე პირველი 1978 წელს სულ რაღაც 1 თვე იყო რომის პაპი. იგი მალე გარდაიცვალა, რის გამოც ვერ მოასწრო ტაძარი პაპის რანგში მოენახულებინა.
მახლობლად „ნატვრის კედელია“ აღმართული, რომლის ღიობებშიც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ფურცელზე დაწერილ სურვილებს ამაგრებენ.
ტაძარიც, და შემდეგ ჩვენს მიერ ნანახი ქალაქი სელჩუკი ეფესოში შედიოდა. სელჩუკი პატარა, მაგრამ მოხდენილი ქალაქია, სადაც 30 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს. თურმე ის ქობულეთთან არის დაძმობილებული.
ქალაქში ბევრი ტურისტია. ამის მიზეზი, ისტორიული წარსულის გარდა, ისიც არის, რომ აქ თურქეთის ერთ–ერთი დიდი, 12–კილომეტრიანი სანაპირო მდებარეობს.
არტემიდას ტაძრის ნაშთი სწორედ აქ არის. და კიდევ, ქრისტიანთათვის მნიშვნელოვანი წმინდანის – იოანე ღვთისმეტყველის საფლავია. ქალაქის 1914 წლამდე არსებული სახელი აიასოლუკი სწორედ ამ წმინდანს უკავშირდება.
პრეს-ტურის ფარგლებში, ერთი კოხტა სოფელი – სირინჯე ვნახე. მართალი გითხრათ, მის შესახებ არც არაფერი გამეგო. მიუხედავად იმისა, რომ აქ ქრისტეს შობამდეც სახლობდნენ, სოფლის დაარსების თარიღად ეფესოს საბოლოო დაცემის შემდგომ პერიოდს მიიჩნევენ და ბერძნებს უკავშირებენ. მას ბერძნულად ჩირკინჯე დაარქვეს, რაც „უშნოს“ ნიშნავს. 1926 წელს კი თურქებმა დასახლებას სირინჯე უწოდეს, რაც „მოხდენილ, ლამაზ სოფელს“ ნიშნავს.
სირინჯემ რაღაცნაირად სიღნაღი გამახსენა. სოფელში 500-600–მდე თურქი მოსახლეა. მათი წინაპრები ათათურქის მმართველობის დროს მაკედონიიდან გადმოსახლდნენ. სირინჯელები ქსოვენ და ნაკეთობებს სუვენირებად ყიდიან, მაგრამ ბოლო წლებში აქ მეღვინეობის ცენტრი გახსნეს. ჩემმა ქართველმა კოლეგებმა ღვინო შეიძინეს და როცა დააგემოვნეს, ერთხმად აღნიშნეს, რომ დიდი ვერაფერი იყო.
სუვენირებად მაცივრის ისეთი მაგნიტები იყიდება, რომელზეც რელიეფურად გამოკვეთილია ღვინის ბოთლები. მათ შორის ქართული ღვინოებიცაა დატანებული.
სოფელი 1 საათში შემოვიარე. ძველი ბერძნული ტაძარიც ვნახე, სადაც ქრისტიანული წეს-ჩვეულებების კვალი აღარც ჩანს. ამ ადგილიდან სოფლის შესანიშნავი ხედი იშლება.
სირინჯეზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ქალაქი სელჩუკი, რომელიც ყოველთვის ეფესოს ნაწილად განიხილებოდა. 1914 წლამდე მას აიასოლუკი ერქვა, რაც წმინდა ღვთისმეტყველს ნიშნავს. იგი ქობულეთთან დაძმობილებული ქალაქია. აქ ციხე-სიმაგრე და ტაძარი მდებარეობს, სადაც იოანე ღვთისმეტყველი, იგივე იოანე მახარობელია დაკრძალული. ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, ქრისტეს ერთ–ერთი საყვარელი მოწაფე ეფესოში ბრუნდება და ქრისტიანულ მოღვაწეობას აგრძელებს. 100 წელს იყო გადაცილებული, როდესაც გარდაცვალების მოახლოება იგრძნო, მოწაფეებს ჯვრის ფორმის საფლავი გაათხრევინა, ჩაწვა და მათ მიწის მიყრა სთხოვა…
სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებმა მოწაფეებმა წმინდანის მიცვალების ამბავი რომ გაიგეს, ქალაქში ჩამოვიდნენ და პატივის მისაგებად საფლავი გაათხრევინეს. ნეშტი კი არ დახვდათ… ის ქრისტესა და ღვთისმშობლის მსგავსად, ზეცად ამაღლდა და ამიტომაც მისი წმინდა ნაწილები ქრისტიანულ ეკლესიას არ გააჩნია. თუმცა, მრავალი წლის მანძილზე საფლავიდან თხელი მტვერი ამოდიოდა, რომელსაც მორწმუნენი განსაკურნებლად იყენებდნენ.
დღეს საფლავზე მარმარილოს დიდი ლოდი დევს და მოლოცვა ადვილად შეიძლება.
მიიჩნევა, რომ ქრისტეს 12 მოციქულიდან იოანე ერთადერთია, რომელიც მოწამეობრივად არ აღესრულა და თანაც ყველაზე დიდხანს იცოცხლა.
იოანეს საფლავთან ახლოს, 1375 წელს აგებული აიდინიდის საგვარეულოს წარმომადგენლის, ისა ბეის მეჩეთი მდებარეობს. იგი თურქეთის მნიშვნელოვანი ძეგლია. მეჩეთს 2 მინარეთი ჰქონდა, რომელთაგან ერთ–ერთი მიწისძვრამ დაანგრია. მე–19 საუკუნეში აქ ქარვასლაც დაარსდა. მეჩეთი მხარის ერთ–ერთი უძველესი ისლამური საკულტო ნაგებობაა. გასაოცარია, რომ არტემიდას ტაძრის შემორჩენილი კოლონაც იქვე, ახლოსაა.
სელჩუკი კიდევ იმით არის საინტერესო, რომ მას თურქეთში ყველაზე გრძელი, 12–კილომეტრიანი საცურაო ზოლი აქვს.
დაბოლოს, ორიოდე სიტყვა იზმირზეც. ქალაქი უმნიშვნელოვანესია თურქეთისთვის. მისი ბერძნული სახელი სმირნა იყო და თურქულიც აქედან მომდინარეობს. პირველი დასახლებები ქრისტეს შობამდე გაჩნდა. შემდეგ მანაც ეფესოს ბედი გაიზიარა და ერები და მმართველებიც ათასჯერ გამოიცვალა.
იზმირი მოსახლეობის რაოდენობით თურქეთის მე–3 ქალაქია – სტამბოლისა და ანკარის შემდეგ. აქ ქვეყნის დასავლეთის ერთ–ერთ დიდი ნავსადგური მდებარეობს. თურქეთის ხელისუფლება ქალაქის როლს საერთაშორისო ასპარეზზე ზრდის და ბოლო წლებში ხშირად მართავს დიდ გამოფენებსა და სპორტულ ღონისძიებებს. ქალაქში ბევრია სავაჭრო ცენტრი, სადაც შესაძლოა მთელი დღეც კი დაჰყოთ.
მაგრამ მე მაინც აღვფრთოვანდი ძველი ქალაქის ცენტრში მდგომი საათი-კოშკით, მიმდებარე ბაზრობებით, სადაც კარგად ჩანს თურქული იზმირი და კიდევ – საათიდან არცთუ შორს მდებარე ძველი ბერძნული აგორათი. აქაურობა გახსენებს, რომ ქალაქს დიდი წარსული აქვს.
ჩემი მეგზური, წარმოშობით აზერბაიჯანელი, მეუბნებოდა, რომ იზმირში ყველაზე ლამაზი ქალები ცხოვრობენ, და ამასთან, ეს ყველაზე უფრო შემწყნარებლური და ევროპული ქალაქია თურქეთში.
თავს არ შეგაწყენთ ისტორიებით. ჩვენ კიდევ ბევრ ადგილას ვიყავით. სჯობს, თავად ჩახვიდეთ ეგეოსის ზღვის რაიონში და ნახოთ ძველი და ახალი, დატკბეთ შესანიშნავი ხედებით, ჰავით და თანაც, განსხვავებული ნამზეურით დაბრუნდეთ სამშობლოში.

კომენტარები

კომენტარი