მსხვერპლშეწირვა ცრუთა სახელით

მსხვერპლშეწირვა ცრუთა სახელით

გლობალურ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულმა ასურელი ბავშვების ფოტო და ვიდეომასალამ, საქართველოს გარდა, დანარჩენი მსოფლიოც ააფორიაქა. მასალების გავრცელებიდან ზუსტად ერთ საათში, სოცქსელების ქართველმა მომხმარებელმა სირია-ერაყში ჯიჰადისტების სისასტიკე დაგმო და ტერორისტული დაჯგუფების მიერ ჩაგრული ქრისტიანებისადმი სოლიდარობის ნიშნად, პარლამენტთან აქცია დაგეგმა. პარალელურად, ასურელებით კომპაქტურად ჩასახლებულ ქანდაში უამრავმა ოჯახმა გამოთქვა მზადყოფნა დევნილი ბავშვების შესაფარებლად.

დაანონსებულ აქციაზე, როგორც გვჩვევია, იმაზე გაცილებით ნაკლები ადამიანი მოვიდა, ვიდრე ამის მოლოდინი იყო. სამაგიეროდ, სოლიდარობის ტალღამ ბათუმს, ქუთაისს, ფოთს, ახალციხესა და თელავს გადაუარა. ასურელ ქრისტიანთა სატკივარი გულთან ახლოს თოქშოუებისა და გადაცემების წამყვანებმაც მიიტანეს და ამ თემას ძვირფასი საეთერო დრო ერთჯერადად, მაგრამ მაინც დაუთმეს.

საზოგადოებრივ აქტივობებს მოწინააღმდეგენიც გამოუჩნდნენ: ზოგიერთი მათგანი აღმოსავლეთელი ქრისტიანების საქართველოში ჩასახლების იდეამ გააწბილა, ზოგი სოლიდარობის აქციის ორგანიზატორთა გულწრფელობაში დაეჭვდა, ზოგმა კი სიფრთხილით განაცხადა – ეს ყველაფერი ანტიმუსლიმურ მოძრაობაში არ გადაიზარდოს ან ისე არ დაგვემართოს, რომ დევნილებს ჩვენი ტერიტორია დავუთმოთ და მერე მაგათგან თავი ვეღარ ვიხსნათო. სხვათა შორის, „ყველასათვის კარის გაღებაზე“ უარი საპატრიარქოს პრესსამდივნომაც განაცხადა: „ასურელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ გახლავთ და ეს შესაძლოა სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს“.

მოკლედ, ქანდაში მოღვაწე პატიოსანი სასულიერო პირი მამა სერაფიმი, რომელიც თავად ასურელი გახლავთ და რომელმაც ასურელი ბავშვების შეფარების ინიციატივა ხელისუფლების ზედა ეშელონებშიც კი გააჟღერა, სამ-ოთხ დღეში ტელეეკრანებიდან გაქრა. უკვალოდვე გაქრა ის ფოტო-ვიდეო მასალაც, რომლის თვალიერებაც ძარღვებში სისხლს გვიყინავდა და ბავშვების ცოცხლად დაწვასა და თავის კვეთას ასახავდა.

ტერორისტების რისხვას ყოველწლიურად ასობით ადამიანი ეწირება მსხვერპლად. ათასობით ოჯახი მასობრივად ტოვებს მშობლიურ მიწას. დევნილებს ბევრი სახელმწიფო იფარებს და ვიდრე ომია, არავინ იცის, ვინ როდის დაუბრუნდება საკუთარ სახლს, უფრო ზუსტად – ადგილს, სადაც სახლი ჰქონდა და ქრისტიანად დაიბადა. ჩვენ კი, რაც უნდა ბევრი ვიმსჯელოთ დევნილთა თემაზე, თუ გვინდა, რომ ჰუმანური სახელმწიფო გვერქვას, დახმარების ხელიც დაუზარელად უნდა გავუწოდოთ მათ, ვინც ამას საჭიროებს (მუდამ უნდა გვახსოვდეს აფხაზეთი და ჩვენი 300 ათასი დევნილი, რომელთა ნაწილი არაერთმა ქვეყანამ უპირობოდ შეიფარა).

ასურელი ბავშვების მასობრივი ხოცვა 2011 წლიდან, სირიის კრიზისის დაწყებიდან გრძელდება. ამ პერიოდში 8 ათასზე მეტი ბავშვი დაიღუპა. მდგომარეობა გასულ წელს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (Islamic State in Iraq and Syria – ISIS) გააქტიურების შემდეგ გართულდა. დაჯგუფების თავდასხმებმა 3500 ბავშვი, მათ შორის – ასურელი ქრისტიანები შეიწირეს. ამ დაჯგუფებას უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ჩრდილში გადასული „ალ-კაიდას“ ბედს უწინასწარმეტყველებენ, თუმცა გამოცდილი სამხედრო ანალიტიკოსები ISIS-ს არატიპურ ტერორისტულ დაჯგუფებად მოიხსენიებენ. მას კარგად შეიარაღებული და გაწვრთნილი „ბოევიკები“ ჰყავს, რომელთა ნაწილი ერაყის, ნაწილი კი – სირიის ტერიტორიაზეა მიმოფანტული.
დაჯგუფების საბოლოო მიზანი მკაცრი შარიათის კანონ-დებულებებით გამყარებული „იდეალური ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაა. რადიკალური სარწმუნოების მოწინააღმდეგეები სიკვდილით ისჯებიან, მათ კიდურებს აჭრიან, ბოევიკები ანადგურებენ ძეგლებსა და სასაფლაოებს. ისინი გონივრულად იყენებენ პროპაგანდის მასობრივ საშუალებებს. საკუთარ ვებგვერდებზე უხვად ათავსებენ ფოტო-ვიდეო მასალას, ატარებენ ონლაინსემინარებს მათ რიგებში გაწევრიანების მსურველთათვის, უშვებენ ბეჭდურ პროდუქციას და სწორედ ამ ღიაობით მოიპოვებენ მოსახლეობის ნდობას.
2012 წლიდან დღემდე, საქართველოს თავშესაფარი 2 114-მა ერაყელმა დევნილმა სთხოვა. დევნილის სტატუსი 77-ს მიენიჭა. ამჟამად თავშესაფრის მაძიებლად რეგისტრირებულია 355 ადამიანი, 333-მა სტატუსის მინიჭებაზე უარი მიიღო. რაც შეეხება სირიას, ამავე პერიოდში საქართველოს სირიის 167-მა მოქალაქემ მიმართა, აქედან ლტოლვილის სტატუსი 5, ჰუმანიტარული კი 62 ადამიანს მიენიჭა. სავიზო რეჟიმი სირიასთან და ერაყთან აქ ჩამოსულ დევნილებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის. გარდა ამისა, სირიელ დევნილთა ნაწილი თავშესაფრის მიღებაზე თვითონაც აცხადებს უარს, რადგან ამის შემდეგ მესამე ქვეყანაში გადასვლის შესაძლებლობას კარგავს. დევნილთა უმრავლეობას სტატუსის მიღება ევროპულ ქვეყნებში სურს.

ჩვენ კი ევროპული ქვეყანა არ ვართ. ჩვენ, უბრალოდ, კეთილი გული გვაქვს და გვსურს ცრუ რელიგიის სახელით ბავშვთა და უფროსთა მსხვერპლშეწირვა დასრულდეს.

საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს ასურელი ბავშვების დროებით ჩამოყვანას და დასახლებას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა უნდა მიიღოს. ელექტორატი კი სოციალურ ქსელში დებატებს დაჯერდება, როგორც ყოველთვის.

კომენტარები

კომენტარი