მწვანე სვეტი

მწვანე სვეტი

„მწვანე მოგონებაზე“ გამახსენდა მამაჩემის დარგული ხეები სოფელში, ჩვენს ეზოში; როგორ ამყნობდა ბაბუა სხვადასხვა ჯიშის ვაშლსა და მსხალს ერთ ხეზე და მერე ნაჭრებით როგორ ფუთავდა, რომ ყლორტები ზამთარში არ მოყინულიყო; მახსენდება ფეხით გადავლილი დათვიჯვრის უღელტეხილი და 25 კილომეტრის გავლის შემდეგ, უკაცრიელი, ხახაბოს ყვავილებით მოფენილი მინდორი; კატიწვერას გზაზე ნანახი ალპური შავი ტიტები და კვავლოს მთაზე ნაპოვნი მინდვრის ფოლიო; ზღვის დონიდან 2700 მეტრ სიმაღლეზე, წუბროვანას მთაზე, მინდვრის ყვავილებით მოქარგული ფერადი ხალიჩები და მწვანე ხავსივით ხასხასა მინდვრიან მთებზე თოვლისა და ყინულის ზოლები…

კიდევ მახსენდება უკანონო ხეების ჭრა ქალაქის ცენტრში, ვაკის პარკსა და იპოდრომთან, საპროტესტო აქციები მერიასა და საკრებულოსთან…

გვგონია, რომ გარემოზე, ტყეებზე, მინდვრებსა და იმ ჰაერზე ზრუნვა, რომელსაც ვსუნთქავთ, ჩვენი საქმე არ არის და მასზე ჩვენს ნაცვლად სხვები – გარემოსდამცველები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახური იზრუნებს. მაგრამ ახალი რესტორნებისა და სასტუმროების შენების მიზნით, დღესაც ნადგურდება თბილისში მწვანე საფარი და სოფლის ტყეებიდან კვლავ ჩუმ-ჩუმად ეზიდებიან უკანონოდ მოჭრილ, მათ შორის წითელ ნუსხაში შეტანილ ხეებს, და ამისთვის არავინ ისჯება.

სწორედ ამიტომ, ჟურნალი „ფოკუსის“ 73-ე ნომერი იქნება „მწვანე“ და მისი ყველა ავტორი შეეცდება თავისებურად აუხსნას სიყვარული დედამიწას.

მანამდე კი, შედით ფეისბუქზე, საძიებელ ველში აკრიფეთ „პარტიზანი მებაღეობა“, მოიწონეთ გვერდი, რომელსაც 2015 წლის 31 მაისის მონაცემებით, უკვე 20 046 მოწონება აქვს, და გახდით საკუთარი ეზოს, ქუჩის, ქალაქის პარტიზანი მებაღე!

კომენტარები

კომენტარი