მზის ამოსვლა ბახმაროში

მზის ამოსვლა  ბახმაროში

ბახმაროს ეგზოტიკა ხის კოტეჯებსა და მარადმწვანე ნაძვის ხეებშია. იქ მხოლოდ ორი ფერია: მიწისფერი და ბალახისფერი. ხის სახლები სოკოებივითაა ამოზრდილი ლანდშაფტზე და მის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. ბახმაროს კლიმატი რომ სასწაულებს ახდენს და ჭლექიანებს კურნავს, ადრეც გამიგია, მაგრამ ჩემი ინტერესი სხვა რამემ განაპირობა. მეგობარმა მითხრა, ბახმაროში მზე ყველაზე ლამაზად ამოდის, მაგრამ ამის სანახავად განთიადისას ბახმაროს აღმოსავლეთით მდგარ გადრეკილის მთაზე უნდა ახვიდე და თან იდეალური ამინდი _ მოწმენდილი ცა უნდა იყოსო. მეც დავიწყე ფიქრი და ოცნება ბახმაროზე და ყველაზე ლამაზ მზის ამოსვლაზე.

…მიუხედავად იმისა, რომ გამგზავრება 5 აგვისტოს დაიგეგმა, გამაფრთხილეს, თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, ბოტები და ფანარი წამოიღეო, რადგან მზის ამოსვლის სანახავად მთაზე ასვლა შუაღამისას უნდა დაგვეწყო და ყველანაირი ამინდისთვის მზად უნდა ვყოფილიყავით.
ბახმაროში რომ ჩავედით, ღამის ორი საათი იქნებოდა. ნაწვიმარი იყო. ისევ ცრიდა. კოტეჯებიდან შუქი ილანდებოდა. აქა-იქ დანთებულ ცეცხლს დამსვენებლები ეფიცხებოდნენ, არაყს სვამდნენ, მღეროდნენ… კითხვა-კითხვით გავიკვლიეთ გზა. ადვილი მისახვედრი არ იყო, რომ ამ ამინდში, მეგზურის გარეშე გაგვიჭირდებოდა მზის ამოსავალ გორამდე მისვლა. გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება: ჩვენმა ერთმა თანამგზავრა ადგილობრივ პოლიციაში საერთო ნაცნობი იპოვა. ცოტა ხანში პატრულის თანამშრომელმა, თანამგზავრთან ერთად, “პიკაპის” ჯიპით მოგვაკითხა და დახმარება შემოგვთავაზა. ჩვენც ჩავსხედით მის ჯიპში და იმ გორისკენ მიმავალ გზას დავადექით, საიდანაც მზის ამოსვლა უნდა გვენახა. გავცდით კურორტის ტერიტორიას, გავიარეთ აჭარლების დასახლება. როგორც გაირკვა – ბარიდან მთაში აჭარლები, თავიანთ საქონელთან ერთად, აქ გაზაფხულიდან ამოდიან და სექტემბრამდე რჩებიან. სახლის პირველ სართულზე ე.წ. ბოსელია, მეორეზე კი _ თავად ცხოვრობენ. (მათი სახლის არქიტექტურა უკანა გზაზე შევისწავლე. დილის 7 საათი იქნებოდა. ერთ-ერთი სახლის წინ მდგარ შუახნის კაცს წყალი მოვთხოვე. სახლში ცოლი და თოთო ბავშვი ჰყავდა. რამდენიმე წუთი ველოდე, მერე, როგორც იქნა, გამოჩნდა ჭიქა წყლით ხელში, ფეხაკრეფით გამოვიდა სახლიდან, ხის კიბე ჩამოიარა, ბავშვს სძინავს და არ მინდოდა გამეღვიძებინაო, მითხრა. ალბათ, ყველაზე ძვირფას ჭიქას არჩევდა და იმიტომ შეაგვიანდა-მეთქი, ვიფიქრე). “პიკაპიანი” პატრულის თანამშრომელი სიტყვაძუნწი იყო, მისი თანამგზავრი კი სულ ლაპარაკობდა და ლაპარაკობდა: გურიას აქებდა, ბახმაროზე ამბობდა, საუკეთესოაო. აქ სიცოცხლე მაისიდან იწყება, ზამთარში კაცის ჭაჭანება არაა, გარშემო ყველაფერი თეთრია, თოვლის სიმაღლე 5-6 მეტრს აღწევს, მხოლოდ ხის სახლები უძლებს თოვლის ასეთ დატვირთვას, ქვა ასეთ სიმძიმეს ვერ გაუძლებდაო და ა.შ.
სამანქანო გზა, როგორც იქნა, დასრულდა. ამის შემდეგ გამოგვიცხადეს: მოვედითო. ჩვენი დაბნეული სახეები რომ დაინახეს, ისიც დაამატეს: ამ მთას უნდა აუყვეთ, საათნახევარი მაინც უნდა იაროთ, მის წვერზე ჯვარია აღმართული და იქამდე უნდა მიხვიდეთო. უკანა გზაზე დაგვირეკეთ, მოგაკითხავთო და წავიდნენ.
დავრჩით უკუნ სიბნელეში ზურგჩანთააკიდებულები. ისევ ცრიდა, ირგვლივ ნისლი იდგა, ცაზე არც მთვარე ჩანდა და არც ვარსკვლავები.დიდი შანსი იყო, რომ მზე საერთოდ არ გამოჩენილიყო. ნეტავი სად მივდიოდით? მაგრამ აქამდე მოსულები უკან ხომ არ გავბრუნდებოდით? ჩანთებიდან თბილი ტანსაცმელი ამოვიღეთ, საგულდაგულოდ შევიმოსეთ(მე თბილი ჟაკეტი, ჟილეტი, ზამთრის კაშნე და ბოტები მეცვა), მოვიმარჯვეთ ფანრები და აღმართს ავუყევით. არსად გავაკებულა. მივიწევდით მიზნისკენ, მაგრამ მიზანს, რომელიც ზღვის დონიდან 2500 მეტრზე მაღლა იყო, ვერ ვხედავდით. თავი საშინელებათა ფილმში მეგონა. პირიდან ორთქლს ვუშვებდით, ხშირ-ხშირად ვისვენებდით, გზას ბოლო არ უჩანდა, მაგრამ მაინც გვიხაროდა.
მოულოდნელად, 20-25 მეტრის მოშორებით, მოწითალო-ოქროსფერი ნათება დავლანდეთ. მალე მეორე და მესამე ასეთი შუქიც გამოჩნდა. მივდიოდით და ისინიც გვიახლოვდებოდნენ. ავტეხეთ განგაში, ყვირილი. მგლების ხმაურით შეშინება გვინდოდა. პანიკაში ჩავცვივდით. ყველამ დაიჯერა, რომ მგლების ხროვა გვიახლოვდებოდა. ვფიქრობდი, ახლა დედაჩემი მხედავდეს მგლების პირისპირ რომ ვდგავარ, რა მინდოდა, სად მოვდიოდი-თქო. მაგრამ მალე გაირკვა, რომ ეს ბახმაროს ხის სახლებიდან მომავალი შუქი იყო და ნისლი “გვატყუებდა”, ამ შუქს გამადიდებელი შუშასავით აახლოებდა და აშორებდა ჩვენგან. ამ აღმოჩენამ გაგვახარა. ბედნიერები ვიყავით, რომ მოვტყუვდით.
როგორც იქნა, აღმართი დამთავრდა. უკვე მთის წვერზე ვიდექით, მაგრამ ჯვარი არსად ჩანდა. აი, როცა საბოლოოდ გადავიწურეთ იმედი და ვიფიქრეთ, საერთოდ სხვაგან ვართ, მგონი დავიკარგეთო _ ერთ-ერთმა დაიძახა: ვიპოვეო. დაღლილებმა, გათანგულებმა და ნახევრად სველებმა ფეხს ავუჩქარეთ და ჯვრამდე მივაღწიეთ. მთა გადრეკილის თავზე პირდაპირი მნიშვნელობით ყინვა იყო. ჩანთებიდან საძილე ტომრები ამოვიღეთ, მათში გავეხვიეთ, საწვიმარები მიწაზე გავშალეთ და მზის ამოსვლის საცქერად მოვეწყვეთ. უკვე დილის 6-ის ნახევარი იყო. მზე კი არა და არ ჩანდა. თავი დიდი კინოთეატრის ეკრანის წინ მეგონა, სადაც ეს-ესაა ტიტრები უნდა გამოჩენილიყო და ფილმიც დაიწყებოდა. დაიწყო კიდეც! სხვადასხვა ფერის ღრუბლები ფენა-ფენა ჩალაგებულიყვნენ, მიდი-მოდიოდნენ, ერთმანეთში ირეოდნენ, შიგადაშიგ მწვანეხავერდგადაკრული მთები ჩნდებოდნენ, ნამდვილი სასწაული იყო. მერე ისეთი ადგილის ძებნა დავიწყეთ, საიდანაც მზეს ყველაზე უკეთ დავინახავდით. იმედს მიანც არ ვკარგავდით. სადღაც ამოკითხული და უკვე შეყვარებული ფრაზა გამახსენდა (The sun is always shining above the clouds) და ის მზე, რომელიც ყოველთვის ანათებს ღრუბლებს მიღმა _ ჩვენთვისაც გამოჩნდა. თან, იცით როგორი მზე? ბავშვობაში რომ ვხატავდით: ცხრათვალა, გაბნეული სხივებით _ სწორედ ისეთი! გაოგნებულები შევყურებდით. ცის პეიზაჟი ყოველ წუთს კი არა, ყოველწამიერად იცვლებოდა. შეუძლებელი იყო ყველაფრის აღქმა, დამახსოვრება, ფირზე აღბეჭდვა.
მაშინ მივხვდი, რომ მაიკროსოფტისა და ეფლის დესკტოპის ეკრანის ვერც ერთი ფონი ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რისი ნახვაც ბუნებაში, რეალურ ცხოვრებაში შეიძლება. ადამიანის ფანტაზია ვერასოდეს შეძლებს სამყაროს გაკვირვებას. კომპიუტერულ სპეცეფექტებსა და ფოტოშოპს მხოლოდ მცირედის კოპირება შეუძლია. სამყარო ჯერ კიდევ ამოუცნობია…

P.შ. თბილისში ჩამოსულმა, ფეისბუქის კედელი ბახმაროს ფოტოებით ავავსე. ყველამ დაიჯერა, რომ ეს არ იყო ფოტოშოპი. იმავე სოციალურ ქსელში ამოვიკითხე, რომ 6 აგვისტოს ღამეს ბახმაროში თოვლი მოსულა. ვიფიქრე, აი, ჩემს იქ ყოფნაში რომ მოეთოვა, რა სიგიჟე იქნებოდა-მეთქი! მაგრამ მაშინ ყველაზე დიდ ეკრანზე ოთხგანზომილებიან მზის ამოსვლას ხომ ვეღარ ვნახავდი? ჰოდა, ღირდა: შიშის დაძლევა, მგლების მირაჟი, ყინვაში სველ ბალახზე აღმართ-აღმართ სიარული, დაღლილობისგან სუნთქვის შეკვრა… ამად ღირდა!

კომენტარები

კომენტარი