ორი სიტყვა ერთ ამბავზე

ორი სიტყვა ერთ ამბავზე

ბავშვებს, ბავშვობას, ბავშვურობას, საოცრად დიდი ადგილი უჭირავს თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრებაში. იმაზე გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩვენ გვგონია და წარმოგვიდგენია. ბავშვობაზე დგას ყველა სრულფასოვანი მოზრდილი ადამიანის შეგნებული ცხოვრება, ბავშვობის მოგონებაა ყველაზე მძაფრი, ნათელი, და დასამახსოვრებელი – სიცოცხლის ბოლომდე. მოკლედ თუ ვიტყვი, ბავშვობა დიდი იდუმალებაა ადამიანის ცხოვრებაში – ამოუცნობი ფენომენია, რომელიც სამუდამოდ იმკვიდრებს ადგილს ჩვენს სულიერ სამყაროში, ჩვენი გონების ყველაზე ღრმა ფოსოებში ილექება და რჩება, ხან თვლემს, ხან უეცრად გამოფხიზლდება, ამოტივტივდება გონების ოკეანის ზედაპირზე და თავს გვახსენებს: ზოგჯერ გასაგებს, ზოგჯერ კი გაუგებარ სიგნალებს გვიგზავნის, უნდა დაგვეხმაროს, რაღაც გვიკარნახოს, მიგვანიშნოს, მიგვითითოს… ჩვენც – ხან ასე ვრეაგირებთ, ხან ისე, ხან ვუჯერებთ, ხან ნერვები გვეშლება, ვღიზიანდებით, უკან, გონების იმ ღრმა ფოსოებისკენ ვდევნით, საიდანაც ამოტივტივდა. არადა, არასდროს, დარწმუნებული ვარ, არასდროს არის ბავშვური გრძნობა, ბავშვობის მოგონება, ბავშვური ემოცია ზედმეტი, უსარგებლო, მით უფრო – ზიანის მომტანი ჩვენთვის.
შესაძლოა ძალიან ბანალური ვარ და ათასჯერ ნათქვამს ვიმეორებ, მაგრამ ბავშვი – ეს არის უზარმაზარი, უკიდეგანო სულიერი სამყარო – დატეული პატარა, ციცქნა სხეულში. ზღვაა წვეთში, ტრიალი მინდორია ბალახის მცირე ღეროში, მთელი წიგნია ერთ ასო-ბგერაში…
ცოტა ხნის წინ, თებერვლის თვეში, ჩემი მეგობრისა და კოლეგის ილია ჯიბღაშვილის თხოვნით, თბილისის 202-ე სპეციალიზირებულ სკოლაში სტუმრად ვიყავი. სკოლა პანსიონის ფუნქციასაც ითავსებს, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე უსინათლო და სუსტადმხედველი მოზარდები სწავლობენ. კავშირის „ვიზრუნოთ ერთმანეთზე“ – მიერ შემუშავებული პროექტის „გავაფართოვოთ მხედველობის არე“ – ფარგლებში სკოლაში „კითხვის კლუბი“ ამუშავდა. ილიას თხოვნით, რომელიც „კითხვის კლუბის“ ხელმძღვანელია, შეხვედრაზე ჩემი რამდენიმე ნოველა წავიღე. შევხვდი ბავშვებს. დავსხედით სპეციალურად მოწყობილ კომფორტულ ოთახში, ერთმანეთს გავეცანით და კითხვა დავიწყე. ერთი ნოველა რომ წავიკითხე, ცოტა შევისვენეთ. ბავშვები მეკითხებოდნენ – სულ ჭკვიანურს, სულ გააზრებულს, გონივრულს. გასაოცარი ნაკითხობა, ნიჭიერება და მონდომება შევამჩნიე მათში, ისეთი კარგი გოგო-ბიჭები იყვნენ. როგორი ყურადღებით მისმენდნენ, მერე კი ერთმანეთს როგორ აცდიდნენ შეკითხვის დასმას, აზრის გამოთქმას. ხუმრობდნენ საოცრად კარგად, დახვეწილად. ხანდახან აჟრიამულდებოდნენ: იცინოდნენ, კისკისებდნენ გოგონები, გარდატეხის ასაკისგან გაბზარული ხმით იცინოდნენ ბიჭები. კარგი იყო. და ჩემთვის ძალიან სევდიანი და ძალიან ნაღვლიანი ამავე დროს. მე ვხედავდი მათ. ისინი მე… ზოგიერთი საერთოდ ვერ მხედავდა… მხოლოდ ხმა ესმოდათ ჩემი. ვცდილობდი, ხმით მეგრძნობინებინა ჩემი მხარდაჭერა, სითბო და სიყვარული, და მღელვარება, რომელსაც მათი ნახვისგან განვიცდიდი… და მათგან ჩემი უნახაობისგან ვგრძნობდი… და არა მარტო ჩემი უნახაობისგან…
მერე შესვენება იყო. საჭმელი და გაზიანი სასმელი შემოიტანეს. ყველას დაურიგეს. ღვეზელები იყო. და ტკბილი სასმელი. თქვენც უნდა მიირთვათ ჩვენი ღვეზელიო, შემომთავაზეს. მომერიდა, მაგრამ რომ მითხრეს, ხომ უნდა გაგვისინჯო ჩვენი ღვეზელიო, უარი ვეღარ გავბედე. მართლა ძალიან გემრიელი იყო.
მერე კითხვა გავაგრძელე. მერე ისევ მეკითხებოდნენ. სულ, სულ ჭკვიანურს, ნაფიქრს. რამდენიმე ბიჭმა და გოგონამ განსაკუთრებით გამაოცა. არა, სულყველა გასაოცარი და ოქროს გოგო-ბიჭები იყვნენ, მაგრამ რამდენიმე მათგანმა მართლა გამაოგნა. ყველაფერს გეფიცებით, ეგეთი განათლებული და წიგნიერი, თანამედროვე და განვითარებული მოზარდები თვალით არ მენახა… ხოდა, ახლა ვხედავდი ორთავე თვალით. ისინი – მისმენდნენ… და იყვნენ ჩემზე და ბევრ სხვაზე უფრო მხნე, ენერგიული, ჭკვიანი, მხიარული, კეთილშობილი და ლამაზი – როგორც გარეგნულად, ისე შინაგანად. მე კი ვიჯექი და დიდი ამბით ვუკითხავდი ამ ჩემს ნოველებსა თუ რაღაცეებს.
რად უნდოდათ-მეთქი ეს ჩემი ნაჯღაბნები, – სკოლიდან რომ წამოვედი, მაშინ გავიფიქრე, – თვითონ არიან ყველაზე მაგარი მოთხრობები და ნოველები-მეთქი, იმ გამხდარი, გალეული თითებით, ერთ-ერთ გოგონას რომ დავუნახე, როცა ბრაილის შრიფტით მოთხრობას მიკითხავდა და თითით ტექსტს გრძნობდა; იმ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ბიჭის ზემოთ აპყრობილი თვალებით, როცა მისმენდა და თავისთვის, ჩუმად, ულვაშებში ეღიმებოდა, მერე კი ისეთებს მეკითხებოდა, რომ ლამის პირი მრჩებოდა ღია; დივანზე ჩამომსხდარი 9-10 წლის რამდენიმე გოგონათი, ერთმანეთს სიფრიფანა ხელებით რომ ჩაჭიდებოდნენ და სამივე ერთ წერტილს მიჩერებოდა – იმიტომ, რომ სამივე ხედავდა ისეთ რამეს, რასაც მე, ჩვენ, და დანარჩენები ვერ ვხედავთ და ვერც დავინახავთ ალბათ…
ეს არ არის რაღაც ეგზისტენციალური კეკლუცობა და მისთანები. ეს მართლაც ასეა. არავინ იცის, ვინ არის თვალხილული და ვინ – უსინათლო. მე მხოლოდ ის ვიცი, რომ 2014 წლის 12 თებერვალს, თბილისის 202-ე სკოლა-პანსიონში, „კითხვის კლუბში“ სტუმრობისას, გასაოცარი ადამიანები – ბავშვები გავიცანი. ნამდვილი, ღირსეული პიროვნებები, და გულწრფელად ვამბობ: მე თითოეული მათგანის წინაშე ქედს ვიხრი და თითოეული ბავშვი მიყვარს, ვგულშემატკივრობ და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ! თქვენ კი, ვინც ამ ბავშვებს არ იცნობთ, წერთ თუ არ წერთ, გცალიათ თუ არ გცალიათ, შეგიძლიათ თუ არ შეგიძლიათ, წადით, ესტუმრეთ ამ საოცარ ადამიანებს და გაიცანით. მოუყევით თქვენი ამბავი, მერე ისინი თავისას გიამბობენ, წაგიკითხავენ, შემოგხედავენ და უსათუოდ დაგინახავენ (არ გეგონოთ არცერთი წამით, რომ ვერ დაგინახავენ. ეგენი რომ დაგინახავენ, დანახვაც ეგეთი უნდა!), მერე დაემშვიდობეთ და წამოდით…
და ნახავთ, თქვენ თვითონ…
და ისინიც ნახავენ… უსათუოდ ნახავენ…
რას ნახავთ თქვენ და რას ნახავენ ისინი?..
ესტუმრეთ ამ ბავშვებს და ნახავთ…

კომენტარები

კომენტარი