ორი წიგნის რეცენზია

ორი წიგნის რეცენზია

მალალა იუსაფზაი – „მე ვარ მალალა“ (ქრისტინა ლემთან ერთად), ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
2015
მთარგმნელები: ლიკა ჩაფიძე, ნიკა სამუშია

დღევანდელ სამყაროს თუ გადავხედავთ, თავისი მრავალფეროვანი, „კრეატიული“ ძალადობრივი სისტემებით ან რეპრესიული აპარატით, ძალიან ძნელი იქნება იმის თქმა, რომ კაცობრიობა ინკვიზიციის ხანიდან ბევრად შორს წავიდა. ინკვიზიციის ხანაც პირობითად ვახსენეთ, თორემ ძალადობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა, რომლის ჩარჩოებში მოქცევა მხოლოდ სინათლეს, განათლებას შეუძლია. ამას თუ გავითვალისწინებთ, მაშინ სულაც აღარ გაგვიკვირდება პატარა პაკისტანელი გოგონას, მალალა იუსაფზაის თავდადება, ან ის, რომ ამ წიგნის ავტორი – 15 წლის გოგონა, ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა მშვიდობის დარგში. უბრალოდ, შესაძლოა მისმა ძალისხმევამ და შეგნების უნარმა გაგვაოცოს, ასაკიდან გამომდინარე. მშვიდობა კი განათლების გარეშე არსად და არასოდეს არსებობს.

„მე ვარ მალალა“, რომელშიც მუდმივად იგრძნობა გადაძახილი „ანე ფრანკის დღიურებთან“, მოგვითხრობს პაკისტანელი თინეიჯერი გოგონას შესახებ, რომელიც 11 წლის ასაკში სტივენ ჰოკინგის წიგნებს კითხულობს, 12 წლისა კი უკვე „ბიბისისთვის“ ფსევდონიმით ბლოგებს წერს. წიგნი იმ განსაცდელის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მას და მის ოჯახს უწევთ ცხოვრება. იმ დროში, როდესაც ქვეყანა ექსტრემისტების მუდმივი მუქარის პირობებშია, სადაც მწერალი შესაძლოა ლიტერატურული ტექსტის გამო განდევნონ, როგორც ეს სალმან რაშდის შემთხვევაში მოხდა.

წიგნში გოგონა მამამისის შესახებაც გვიამბობს, რომელიც წლების წინ, უმეცრების აღმოსაფხვრელად, სკოლის დასაარსებლად – გოგონებისთვის განათლების მისაღებად იბრძოდა. ეს კი იმ დროს ისლამისტ რადიკალებთან დაპირისპირებას ნიშნავდა. მალალა სწორედ მის დაარსებულ სკოლაში დადის და ერთ დღესაც, სკოლის ავტობუსთან, გოგონა მისი აქტივობით გაღიზიანებული რადიკალი თალიბის მსხვერპლი გახდება. მალალას მხოლოდ შეკითხვა ახსოვს: „რომელია მალალა?“ ის თავში დაიჭრება, მაგრამ მკურნალობის შედეგად, გადაარჩენენ.

მალალა იუსაფზაი დღესაც ცოცხალია და აქტიურადაა ჩართული არა მხოლოდ ქალების, არამედ ზოგადად, ადამიანთა განათლების საქმეში.
უჩვეულო ალბათ არც ისაა, რომ მალალა შურისძიების გრძნობას დღემდე არ განიცდის იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც სასიკვდილოდ გაიმეტა. თუმცა ესეც გასაგებია, რადგან ადამიანთა მიმართ სიყვარული არა რადიკალური ფანატიზმი, არამედ თუნდაც იმ რელიგიური ტექსტების ცნობიერი წაკითხვაა, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს ქადაგებენ და რომლის სახელითაც, რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ფანატიკოსები ყოველთვის აჩენდნენ და დღემდე აჩენენ სისხლის ზღვებს.

ჰარუკი მურაკამი – „კაფკა პლაჟზე“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014
მთარგმნელი: თამარ სუბელიანი

მურაკამის რომანში უცნაური ამბები ხდება – ხან თევზების წვიმაა, ხან კატები ადამიანებს ესაუბრებიან. რომანში „კაფკა პლაჟზე“, რომელიც გმირების განვითარების ამბებს მოგვითხრობს, სავსეა პარალელები ფანტასტიკურ ლიტერატურასთან, მარკესისმაგვარ სამხრეთ ამერიკულ მაგიურ რეალიზმთან თუ ფრანც კაფკას მოთხრობებისთვის დამახასიათებელ, ერთი შეხედვით აბსურდულ სიტუაციებთან. მაგრამ, როგორც პოსტმოდერნისტული ლიტერატურისთვისაა ნიშანდობლივი, აქ მურაკამი უფრო ახლოსაა ბორხესის ესთეტიკასთან, რომლის სამყაროში თითქოს არაფერია ხელმოსაჭიდი და იქაურობა წარმოსახვისა და სინამდვილის განზომილებათა ზღვარზეა. ალბათ, ბორხესის ანალოგიით ჩნდება აქ ლაბირინთის სიმბოლო, რომელიც ერთსა და იმავე დროს, მითის სამყაროსაც ეკუთვნის და თითქოს ადამიანთა შინაგან არსსა და შინაგან ორგანოებს – ნაწლავებსაც გულისხმობს. შინაგან არსს, რომელშიც მუდმივად იმალება მინოტავრი – ესეც მადონას ახალი ვიდეოს Living for Love-ის ანალოგია და ვიდეოს ბოლოს ციტირებული ნიცშეს სიტყვები ადამიანთა შინაგანი მანკიერებების შესახებ.

მკითხველთა გულთამპყრობელი მურაკამი, თავისი ინტელექტუალური სიღრმეების პარალელურად, ამჯერადაც მოახერხებს ბევრის გულის მოგებას – თავისი დეტექტიური წიაღსვლებით თუ სასპენსით, იუმორით თუ მითოლოგიური სიუჟეტების, კერძოდ, ოიდიპოსის მითის გადააზრებით.

რომანში თითქოს ორი განსხვავებული სამყარო თანაარსებობს – ცნობიერი და არაცნობიერი, ისევე როგორც მიშელ გონდრის „ძილის მეცნიერებაში“ თუ დევიდ ლინჩის ფილმ-იგავებში. წიგნში რომანის კენტი თავები მოგვითხრობს თინეიჯერი კაფკას ისტორიას, რომელიც ოიდიპოსის მსგავსად, საკუთარი ბედისგან თავის დასაღწევად – რომ იგი თავისი დედისა და დის საყვარელი გახდება – ტოკიოდან გარბის. რომანის ლუწ თავებში მოთხრობილია მოხუცი ნაკატას ამბავი, რომელიც ბავშვობაში კომაში ვარდება და შემდეგ კატებთან საუბრის უნარი აღმოაჩნდება. ეს ორი პერსონაჟი თითქოს ერთი და იგივე ადამიანის ორი იპოსტასია და ამ მოტივმა, ბევრ პასაჟთან ერთად, შესაძლოა ირაკლი ჩარკვიანის „მშვიდი ცურვა“ გაგვახსენოს, სადაც მთხრობელი და რუმი ერთმანეთის ალტერ ეგოები არიან.

როგორც მურაკამი ინტერვიუში ამბობს: „ჩემთვის რომანის წერა სიზმარივითაა. რომანის წერის პროცესი საშუალებას მაძლევს, ცნობიერად ჩავიძირო სიზმარში, ოღონდ – ფხიზელ მდგომარეობაში. ასეთ დროს შემიძლია გავაგრძელო გუშინდელი სიზმარი – ანუ ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც წესი, ვერ ვახერხებთ. ეს საკუთარ არაცნობიერში ჩაძირვის საშუალებაცაა“.

რომანში ბევრია გამოცანა. თუკი მურაკამის დავუჯერებთ, რომანი რამდენჯერმე უნდა წაიკითხოთ, რომ ამა თუ იმ მოვლენას შორის მიზეზ-შედეგობრივ კავშირს ჩაწვდეთ. თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ რომანი ძნელი წასაკითხია. პირიქით, „კაფკა პლაჟზე“ ერთი ამოსუნთქვით იკითხება და ვისაც ბორხესის წიგნები, ლინჩის კინო და პოსტმოდერნისტული ლიტერატურა უყვარს, სიამოვნებით „დააჭაშნიკებს“ მურაკამის „კაფკას“.

კომენტარები

კომენტარი