ორი წიგნის რეცენზია

ორი წიგნის რეცენზია

მიშელ უელბეკი – „კუნძულის შესაძლებლობა“
თარგმანი: მერაბ ფიფია
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015

მიშელ უელბეკის რომანს „კუნძულის შესაძლებლობა“ რამდენიმე მთხრობელი ჰყავს – დანიელი და მისი ორი კლონირებული ვერსია, რომლებიც საუკუნეების შემდეგ ცხოვრობენ. დღევანდელობაში მცხოვრები დანიელი კომიკოსია, რომელიც თანამედროვე პრობლემების შესახებ კომედიურ პერფორმანსებს მართავს და ამით საკმაოდ დიდ შემოსავალს შოულობს – როდესაც, ვთქვათ, მუსლიმების თემაზე საუბრობს. ამ დროს ის ცინიკოს დიოგენეს ემსგავსება, რომელიც კომედიანტივით, სიმართლეს ლაპარაკობდა და შეშლილად მიიჩნევდნენ. შეშლილის როლი ხომ ისევე კომფორტულია, როგორც დანიელისთვის კომედიანტობა. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც დანიელს ელოჰომიზმი იტაცებს – სწავლება, რომელიც სამუდამო ცხოვრებას პირდება. როდესაც დანიელი თავს იკლავს, მისი დეენემის საშუალებით, საუკუნეების შემდეგ ჩნდება ორი კლონი – დანიელ24 და დანიელ25, რომლებიც სრულიად განსხვავებულ, პოსტაპოკალიპტურ სამყაროში ცხოვრობენ.

არის ერთგვარი ირონია უელბეკის რომანში, იმ თვალსაზრისით, რომ მომხმარებლურ საზოგადოებაში, რომელიც გამუდმებით გაახალგაზრდავებას გვპირდება და ეიჯისტურ ღირებულებებს ამკვიდრებს, ელოჰომისტები ბოლომდე ახორციელებენ ამ პროექტს, როდესაც კლონირების საშუალებით, შესაძლებელი ხდება არამხოლოდ მუდმივი ახალგაზრდობა, არამედ სამუდამო ცხოვრებაც. ამ გაგებით, რომანი სვიფტის „გულივერის მოგზაურობის“ ერთ ეპიზოდს ემსგავსება – უკვდავების მხარეს, სადაც ადამიანები დიდხანს არ ბერდებიან. მაგრამ სამაგიეროდ, მეხსიერება ღალატობთ და თანამედროვე სამყაროსთან საკუთარი კონტაქტის დამყარების ყველაზე მნიშვნელოვან იარაღს – ენას ვეღარ ფლობენ.

ორი საუკუნის განმავლობაში, ბევრი რამ მოხდა: ჯერ პოლარული ყინული დადნა და კაცობრიობა 14 მილიარდიდან 700 მილიონამდე შეამცირა, რასაც შემდეგ დაშრობა მოყვა და ამან კიდევ გაანადგურა ადამიანები. დანიელის ასლები ადამიანებისგან დაცლილ სამყაროში ცხოვრობენ. მათ თავიანთი „წინაპრის“ მთელი მეხსიერება მოყვებათ, ოღონდ ახალ გარემოში მათთვის გრძნობები უჩვეულო ხდება. კლონებისთვის ემოციები სრულიად უცხოდ იქცევა. სინამდვილეში, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, გაუკუღმართებული სექსი ნორმად იქცევა – სექსუალური კონტაქტი აქ ინტერნეტის საშუალებით მასტურბაციას გულისხმობს.

ბოლოს, იმედგაცრუებული დანიელ25 ხვდება, რომ უკვდავებამ არ გაამართლა და როგორც ალეხანდრო ხოდოროვსკის „წმინდა მთაშია“, სიკვდილს ამჯობინებს. თითქოს ესაა მიზანთროპად შერაცხული უელბეკის ერთგვარი გაფრთხილება, თუ რა შეუძლია მოუტანოს კაცობრიობას უტოპიურმა აზროვნებამ და ამ გაგებით, მას მეორე მიზანთროპთან – ჯონათან სვიფტთან აახლოებს.

gaga
ნანა ექვთიმიშვილი – „მსხლების მინდორი“
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015

„გრძელი ნათელი დღეების” ეკრანებზე გამოსვლისა და საერთაშორისო წარმატების შემდეგ, ნანა ექვთიმიშვილი მოულოდნელი რაკურსით წარდგა, როდესაც მისი რომანი „მსხლების მინდორი“ გამოიცა; თუმცა ლიტერატურულ ასპარეზზე კინორეჟისორის დებიუტი ასე მოულოდნელიც არ ყოფილა, ვინაიდან კინოსა და ლიტერატურას მაინც აქვთ საერთო. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკვე წიგნის რამდენიმე გვერდს წაიკითხავთ და დეტალიზაციისკენ მიმართული ავტორის თხრობის ხერხი კინოკადრებად აღიქმება. საერთოდ, დასაწყისი, ტექსტისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. „მსხლების მინდორის“ დასაწყისიც ბიოგრაფიული თუ დოკუმენტური პროზის ასოციაციას აღძრავს და მთხრობელის პოზიციაც, თავისი ინტონაციით, რეალური ამბების თხრობაზე მიგვანიშნებს. ვფიქრობ, წიგნი ძალიან წარმატებული იქნება როგორც საკუთარი ცოცხალი ენის, ისე თემატიკის წყალობით. აქ ნებისმიერი სიტყვათშეთანხმება თუ დიალოგი ბუნებრივი, სასაუბრო ენითაა გადმოცემული და ზოგჯერ, თავისი გულახდილობით, აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებს“ მახსენებს, სადაც არაფერია ხელოვნური. თემატიკა კი ჩვენში დღემდე სტიგმატიზებულ საკითხებს ეხება – ერთი მხრივ, ოფიციალური სახელწოდების თანახმად, გონებადაქვეითებულ ბავშვთა სკოლა-ინტერნატს, რომელსაც ჩვენი, ჯერ არშემდგარი საზოგადოება „დებილების სკოლის“ სახელით მოიხსენიებს; მეორე მხრივ – ქალის როლი პატრიარქალურ საზოგადოებაში, რომელშიც მთავარ პერსონაჟს – 18 წლის ლელას ბიჭურად გადაცმა უწევს და რომელსაც, ისევ პატრიარქალური პოზიციიდან, ორგაზმის განცდა აკრძალული აქვს მხოლოდ იმიტომ, რომ ორგაზმი მამაკაცის პრივილეგიაა. არ შემიძლია არ აღვნიშნო ძალიან ბუნებრივად, იუმორის ზომიერი დოზით გაჯერებული სექსუალური სცენები, რომლებიც ტექსტს აცოცხლებს.

ექვთიმიშვილის რომანის სკოლა-ინტერნატიც ჩვენი საზოგადოებაა – აკრძალვებითა თუ სტერეოტიპებით, ჯალათებითა თუ მსხვერპლით სავსე სივრცეა, რომელშიც ყველა ჩვენგანი ცხოვრობს, თავისი პედოფილი ვანოთი თუ ინფანტილური ირაკლით; და რომლისგან თავის დაღწევაზე ოცნებაც მხოლოდ ინტერნატის გამორჩეული, გაბედული ბინადრების ხვედრია, ისევე როგორც კენ კიზის რომანში „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“.

კომენტარები

კომენტარი