ორი წიგნის რეცენზია

ორი წიგნის რეცენზია

ვირჯინია ვულფი – „გზა შუქურისკენ“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2014)
მთარგმნელი: ლელა დუმბაძე

ვირჯინია ვულფის რომანებში ისეთი სიმძაფრითაა აღწერილი ადამიანებს შორის ურთიერთობების დეტალები, ცალკეულ ადამიანთა შეგრძნებები, რომ მათზე ფიქრი მკითხველს კიდევ დიდხანს მიყვება. „გზა შუქურისკენ“ – ამ მხრივ მის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული რომანია. ნაწარმოებში წარმოდგენილი პერსონაჟები – მისიზ და მისტერ რემზები თვით ვირჯინია ვულფის მშობლებთან ასოციაციას აღძრავს; მით უმეტეს, რომ მისიზ რემზის მსგავსად, ვულფის დედაც ადრე გარდაიცვალა და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე გაჭირვებით უხდებოდათ ამ ტრაგედიასთან შეგუება. მისიზ რემზი რომანის შუა ნაწილში გარდაიცვლება, მაგრამ ის მაინც რომანის ღერძია.

რომანში სიუჟეტი, როგორც ასეთი, არ არის. უფრო ზუსტად, აქ მოთხრობილია ადამიანების ურთიერთობებისა და მათი განცდების, ფიქრების შესახებ. ის ე.წ. ცნობიერების ნაკადის ტექნიკითაა დაწერილი, როდესაც პერსონაჟის ფიქრები, ხშირად ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობრივიც კი, უწყვეტად მიედინება და ეს ყველაფერი ლიტერატურულ ნაწარმოებში აისახება. ამის გამო, რომანის თითოეული პერსონაჟი ინდივიდია, რომელსაც თავისი სიმართლე გააჩნია. ამიტომაც „გზა შუქურისკენ“ სამი ნაწილისგან შედგება და თითოეული სხვადასხვა მთხრობელის მიერაა ნაამბობი.

ერთი მხრივ, ოჯახის ქალაქგარეთ გამგზავრებების, ნაცნობ-მეგობრების წრეში გატარებული დღეების რუტინის, და მეორე მხრივ, ამ რუტინაში ადამიანებს შორის ფაქიზი ურთიერთობებისა და თითოეული პერსონაჟის ინდივიდუალური, ხშირად ერთმანეთის მიმართ წინააღმდეგობრივი პოზიციების ფონზე, ვირჯინია ვულფი ცხოვრების შესახებ შედევრს ქმნის. რომანს თითქოს რეფრენის სახით გასდევს პატარა ჯეიმს რემზეის ოცნება, რომ მშობლებთან ერთად შუქურის სანახავად წავიდეს, რომელსაც დედა განუმტკიცებს, ხოლო მამა – წინააღმდეგობას უწევს. ეს მამის მიმართ დაპირისპირებაში გადაიზრდება და თითქმის რომანის ბოლომდე გრძელდება. ამაში თითქოს იკითხება კიდეც რომანზე ფროიდის ფსიქოანალიტიკური თეორიის გავლენა.

სერიოზული და ხარისხიანი ლიტერატურის მოყვარულთათვის „გზა შუქურისკენ“ ის წიგნია, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ.

მარჯან სატრაპი – „პერსეპოლისი“ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2015)
მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი

მახსოვს, დაახლოებით ხუთი წლის წინ, როცა „პერსეპოლისის“ ფრანგული გამოცემა ხელში ჩამივარდა, მარჯან სატრაპის მინიმალისტურმა შავ-თეთრმა გრაფიკამ და დახვეწილმა იუმორმა მძაფრი შთაბეჭდილება მოახდინა. იუმორმა, როდესაც შეგიძლია საკუთარი „მე“ გარედან დაინახო. სწორედ ეს დისტანცირებაა ამ გრაფიკული რომანის, და ზოგადად, ჯანსაღი აზროვნების ერთ-ერთი წინაპირობა. მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ფუნდამენტალისტური ირანის ისტორიაში მომხდარი მოვლენები ოდესმე საქართველოსთვისაც აქტუალური გახდებოდა, სადაც ნებისმიერი სახის ძალადობა, მათ შორის ქალზე ძალადობაც, წახალისებულია. არადა, ხშირად გვავიწყდება, რომ თითოეული ჩვენგანის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც სხვისი თავისუფლება იწყება. თავისუფლება კი მარჯან სატრაპის წიგნის მიხედვით გადაღებულ ანიმაციურ ფილმში შავ-თეთრი ირანის და ფერადი ევროპის დაპირისპირებითაა ნაჩვენები.

რომანში სატრაპი მოგვითხრობს საკუთარი ბავშვობის შესახებ, როდესაც მან არ იცის, რა ხდება მის გარშემო. სატრაპის მშობლები მარქსიზმზე საუბრობენ, სკოლაში არწმუნებენ, რომ შაჰი ღვთაებრივი წარმოშობისაა, მარჯანს კი უნდა, რომ წინასწარმეტყველი გახდეს. შემდეგ შაჰს ამხობენ და ქვეყნის სათავეში ახალი ისლამისტური რეჟიმი მოდის. სკოლებს უკვე სქესის მიხედვით ყოფენ: გოგონები ცალკე, ბიჭები – ცალკე. ქალებს თავსაბურავის ტარებას აიძულებენ. შაჰის სურათები სახელმძღვანელოებიდან ქრება. რევოლუციონერი მშობლების შვილისთვის – მარჯანისთვის, ახალი გარემო გაუსაძლისი ხდება. ამიტომაც იძულებული არიან, 14 წლის გოგონა ევროპაში გაუშვან.
შეუდარებელია სატრაპის ბავშვური, ნაივური ენისა და გრაფიკული ეპიზოდების კომბინაცია; ან ბებიას ეპიზოდი, რომელიც ყოველ დილით ჟასმინის ფურცლებს იფენს მკერდზე, რომ სასიამოვნო სუნი ჰქონდეს, რაც ქვეყანაში გამეფებული ფუნდამენტალიზმის ფონზე, განსაკუთრებულად ემოციურ დატვირთვას იძენს. რაც მთავარია, აქ იგრძნობა მარჯან სატრაპის სიყვარული თავისი ქვეყნისა და ერის მიმართ, და გარკვეულწილად, იმ სტერეოტიპის მსხვრევაც, რომლის თანახმადაც, მთელი ირანული სამყარო ექსტრემისტულია. არადა, ირანი პოეტების ქვეყანაცაა.

კომენტარები

კომენტარი