პიარი და მარკეტინგი ქართულად, ანუ – გრიფით საიდუმლო

პიარი და მარკეტინგი ქართულად, ანუ – გრიფით საიდუმლო

არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ყველას ერთ ქვაბში ვხარშავ – ნამდვილად არა. მადლობა ღმერთს, ჩემს ირგვლივ ბევრი პიარის და მარკეტინგის სპეციალისტია, რომლებიც, უდაოდ, საქმის მცოდნე, გულისხმიერი და მოწესრიგებული არიან (დიდი სიამოვნებით ჩამოვთვლიდი მისაბაძებს; უბრალოდ, კორექტული არ იქნება ჩემი მხრიდან). ასე რომ არ იყოს, პირადად მე ნამდვილად ვერ ვიმუშავებდი. თუმცა, ამასთან ერთად, საქმე გვაქვს გლობალურ პრობლემასთან, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ერთ ბედნიერ დღეს, ამავე განწყობით ერთ-ერთ კომპანიის მარკეტინგის მენეჯერთან დავრეკე რაღაც შეთავაზებით. (უი, სულ დამავიწყდა მეთქვა, რომ, ზოგადად, მოდაში ყოფილა ყურმილის „არასოდეს არ აღების“ ინსტიტუტი, სადაც ყველა მაღალი ქულით მოხვდა და, ასევე, საკმაოდ წარმატებით სწავლობს, ჩემს თანამშრომელს ვთხოვე ორჯერ: შენი ჭირიმე, გადაეცი, რომ შენი ახლობელი ვარ და იქნებ, მიპასუხოსთქო. „ქართულმა ახლობლობამ” გაჭრა და კომუნიკაციის დასამყარებელმა საერთაშორისო სიტყვამაც არ დააყოვნა:
_ ალო!
_ გამარჯობა! _ ვიწყებ მოწიწებით, ესა და ეს ვარ, ცუდ დროს ხომ არ გირეკავთ?
_ არა! _ მესმის იმავე ტონალობაში.
_ იცით ძალიან კარგი შემოთავაზ..
_ მეილზე გადმომიგზავნეთ! _ ძალიან მშვიდად მაწყვეტინებს მარკეტინგის მენეჯერი.
მოულოდნელობისგან დავიბენი
_ კი მაგრამ, ორი სიტყვით მინდოდა განმემარტა, _ გაოცებული ვაგრძელებ.
_ არაა პრობლემა, ისედაც გავეცნობი! _ მპასუხობს მონოტონურად იგი.
გავთიშე ყურმილი და ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, რა სტილის ადამიანს ვესაუბრე. დავასკვენი, რომ ეს იყო ცხოვრებისგან განადგურებული ერთი რიგითი ქართველი, რომელიც, უბრალოდ, ცუდ ხასიათზე იყო იმ დილით და ნაკლებად ედარდებოდა ჩემი მოწიწებული ტონი. მიჩნდება კითხვა: უკაცრავად, მაგრამ მე რა შუაში ვარ? ფიქრით მივედი იქამდე, რომ ესაა მარკეტინგ-პიარების პირველი კატეგორია, რომლებიც უხეშობენ და არც ედარდებათ, რომ ასე იქცევიან.
ასევე მორიგი შეთავაზებით ვრეკავ ერთ-ერთი კომპანიის პიართან. ამჯერად, პიარმა მიპასუხა, თუმცაღა მხოლოდ პირველ დარეკვაზე. მას მერე აგერ უკვე 1 თვეა ვრეკავ, არ მპასუხობს. ყოველ ჯერზე, დარეკვიდან 1 წუთში, მომდის შეტყობინება: „შეხვედრაზე ვარ, მოგვიანებით დავრეკავ.“ მოგვიანებით ყავას ვსვამ და სალათს მივირთმევ, ის არსად ჩანს. ამ კვირის დასაწყისშიც იგივე ტიპის მესიჯი რომ მომივიდა, უკვე აღარ გამცინებია. (არადა, მთელი ეს ერთი თვე ვიცინი). რა უბედურებაა! რა დაუსრულებელი „შეხვედრობანა“ გვჭირს?! _ მოკლედ, თავიდან მოშორების ასეთი საოცარი მეთოდი აქვს მარკეტინ-პიარების მეორე კატეგორიას.

მესამე კატეგორია: _ დიახ, დიახ, მე ვარ, არა, ცუდ დროს არ რეკავთ, მეილი? ახლავე, ჩაიწერეთ (ცოტა რომ გაოცდები, იმდენად კარგად რომ გესაუბრება) შემდეგ დარეკვაზე უკვე სახელით რომ მოგმართავს: _ მეილი მივიღე, კი, კი, გავაცნობ ჩემებს და შეგეხმიანებით. მესამე დარეკვაზე კი „ძალიან სამწუხაროა, მაგრამ უარი თქვეს, იცით“ _ გულწრფელად სწყდება გული. ცოტა მიკვირს ასეთი ტიპის კომპანიისგან პატარაბიუჯეტიან სარეკლამო აქტივობაზე უარი და საუბარს ვაგრძელებ: უცნაურია, ასეთ მცირე თანხაზეც უარია? _ მცირეზე? _ უკვირს მას, _ უი, მე რა შეთავაზება ვნახე, აბა? უი, ალბათ ამერია სხვაში და თავიდან რომ გადმოაგზავნოთ, შეიძლება?…
მეოთხე და ურთულესი კატეგორია არის „გრიფით საიდუმლო“: მარკეტინგ-პიართა ჯგუფი, რომელიც სახელს, გვარსა და პირად ნომერს ისე მალავს, კოცონზე რომც დაწვა, გაუტეხლად დაიფერფლება. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს ქვეყნის სპეცდანიშნულების მოქმედ და აქტიურ რაზმთან, რომელთა ვინაობაც უკუნითი უკუნისამდე გასაიდუმლოებულია: _ ვერ გეტყვით, იცით, არ მაქვს უფლება, არაფრით არ შემიძლია, ვერ მოგცემთ პირად ნომერს, დარეკეთ ისევ აქ და გადაგრთავთ. ერთ-ერთი საუბრისას უბრალოდ წყობიდან გამოვედი და ცოტა მკაცრად დაველაპარაკე მდივანს: თქვენი მარკეტინგის მენეჯერის სახელი მაინც მითხარით, შეჭმას ნამდვილად არ ვუპირებ და საზოგადოებასთან ურთიერთობის (დავმარცვლე მეტი ეფექტისთვის) მენეჯერი, ან მარკეტინგი, იმიტომ არის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, რომ ელემენტარული კომუნიკაცია დაამყაროს რიგით ხალხთან, საქმის კეთებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ-მეთქი. პასუხად, რაღა თქმა უნდა, დაკიდეს ყურმილი – თავის დაცვის უკულტურო მექანიზმი.
ამ პირობებში საქმის კეთება, დამეთანხმებით, რომ, პრაქტიკულად, შეუძლებელია _ ან უნდა იყო დირექტორი, აპრიორი რომ ყურადღებით მოგექცნენ, მოგისმინონ და ზრდილობიანად გაგესაუბრონ, ნუთუ ასეთი “წონიანი” თანამდებობაა დირექტორობა?! _ ფაქტია, რომ არის. აი, მაგალითად, თუ იტყვი, რომ მარკეტინგის დირექტორი ხარ, პიარ-მარკეტინგთა უმრავლესობასთან დალაპარაკების ალბათობა საკმაოდ დიდია, ვიდრე მაშინ, როცა რეკავ და ამბობ (ძალიან ზრდილობიანად), რომ ხარ პეტრე და ხარ შესანიშნავი შეთავაზებით.
მინდა ყველა ზემოხსენებულ კატეგორიას გულწრფელად მივმართო და დავარწმუნო, რომ ასე საქმე არ კეთდება და ვინ თვლის, რომ კეთდება, ნამდვილად არ ვიცი. ასე არც მოქცევა შეიძლება, არც საუბარი და არც მიდგომა. თუ თვლით, რომ ამ საქმისთვის არ ხართ, პრობლემა უმარტივესად წყდება – არც უნდა აკეთოთ. ყურმილის აღება, შეთავაზების განხილვა და ელემენტარულად საუბრის მოსმენა ამ სპეციალობის პირდაპირი ვალდებულებაა, რომელიც სათანადოდ უნდა შესრულდეს. ყველამ ჩვენ-ჩვენი საქმე კარგად რომ ვაკეთოთ, მსგავსი პრობლემა არასდროს აღარ იქნება.
დაბოლოს, იქნებ მართლა პეტრე ვარ, საკმაოდ შემდგარი ადამიანი, წარმატებული კომპანიიდან და უბრალოდ გცდით, ამაზე არ გიფიქრიათ?.. გიგზავნით შეთავაზებას, ან გირეკავთ და თვალყურს ვადევნებ, რამდენად პროფესიონალი ხართ. ახლა? არც ახლა მოიქცევით ყურადღებით?!

კომენტარები

კომენტარი