პირველი „სოციალური კაფე“ ჩვენს სოციუმში

პირველი „სოციალური კაფე“   ჩვენს სოციუმში

სოლოლაკში გავიზარდე, ყველა კუთხე-კუნჭული ჩემთვის ძალიან ნაცნობი და საყვარელია. ადრეც მომხვდრია თვალში ეს კაფე, მაგრამ ვერასდროს მოვიცალე, რომ მივსულიყავი. გზის ნაპირას კი დგას, მაგრამ ახალაშენებული შენობის ქვეშაა განლაგებული და კარგად არც ჩანს. მეგონა, კაფე გალერი იყო, ერთი ჩვეულებრივი თბილისური კაფე და სხვა არაფერი.
იმ დღეს ქუჩაში ვსეირნობდი და რატომღაც განსაკუთრებული ინტერესით დავიწყე ჭონქაძის მიმდებარე ტერიტორიის თვალიერება. კაფის პატარა, ლამაზ, მოკირწყლული ეზოს კუთხესთან პანდუსი შევნიშნე. ეს ფაქტი რომ არა, ალბათ არც გავჩერდებოდი. ისე ვარ თბილისში პანდუსის მსგავსი რამის ნახვას გადაჩვეული, უცბად ევროპაში მეგონა თავი. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ადგილას, რადგან არაჩვეულებრივი სიტუაცია შევნიშნე, ბევრი აღარ მიფიქრია, კარი შევაღე და კაფეში შევედი.
კაფეში თბილოდა. პირველი რაც თვალში მომხვდა ლამაზი ბარი და დიდი სივრცე იყო. შესასვლელში შევედი თუ არა, განიერი, ლამაზად გაფორმებული ბარი დამხვდა. იქვე დახლთან სახლში გამომცხვარი პატარა ნამცხვრები იყიდებოდა. ბარის ბოლოს ჩვენ ბავშვობასთან ასოცირებული, ფერადი ლაღიძის წყალი შევნიშნე.
მარჯვნივ ვენური სტილის სკამები და მაგიდები მომხვდა თვალში. კედლებზე ფოტოები ეკიდია. ბევრი, ფერადი ფოტოები. ერთი სიტყვით, გარემო საოცრად მყუდრო იყო.
აღმოვაჩინე, რომ ამ კაფეში 4 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა მუშაობს. იმ დღეს ცვლაში ნინო და ხათუნა დამხვდნენ. ირივე დახლთან იდგნენ და მიღიმოდნენ.
ცოტახანში ნინოს შავი ჩაი, მონატრებული ლაღიძის წყალი შევუკვეთე და სკამზე ჩამოვჯექი თუ არა,ინტერიერს დავუწყე თვალიერება.
„ნეტა ვინმემ თუ იცის, ამ კაფეში ასეთი საინტერესო ამბავი რომ ხდება“ – გავიფიქრე ჩემთვის. ბოლომდე გულწრფელი რომ ვიყო, ძალიან შემრცხვა, როცა დავადგინე, რომ ეს სოციალური კაფე უკვე წელიწად ნახევარია ფუნქციონირებს და სახელად „გალერი“ კი არა , არამედ „რეას ციყვები“ ჰქვია.
აღმოჩნდა, რომ „რეას ციყვები“ კავშირ „რეას“ მიერ შექმნილი სოციალური საწარმოა. ამ კავშირის მიზანი იმ ადამიანთა ინტეგრაციისა და დასაქმების ხელშეწყობაა, ვისაც ინტელექტუალური შეზღუდულობის პრობლემა აქვს. ამ იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი ადგილზე დამხვდა. ეს ქალბატონი აღმოჩნდა ძალიან განათლებული და მიზანდასახული პიროვნება – ელისო რეხვიაშილი.
ელისომ მომიყვა, რომ მსგავსი ობიექტის ჩამოყალიბების ისეა, დიდი ხანია ჰქონდათ: „ქალთა კავშირი “რეა” 2002 წლიდან მუშაობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და მათი მშობლების საჭიროებებზე. ჩვენი საქმიანობის უმთავრესი მიზანი განვითარების თავისებურებების მქონე მოზარდებისა და ახალგაზრდების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებაში მათი ფართო ინტეგრაციაა.
დღეს ჩვენს ბაზაზე ფუნქციონირებს 4 საინტეგრაციო ცენტრი. ერთი მათგანი, სამოდელო, თბილისშია განთავსებული, ხოლო დანარჩენი სამი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში (ადიგენის, ასპინძის და ახალქალაქის რაიონები). ამ ცენტრებში მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარებისა და სახელობო ცოდნის მიღების შესაძლებლობა აქვს 50 მოზარდსა და ახალგაზრდას (მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსაც).
განვითარების თავისებურებების მქონე ახალგაზრდების დასასაქმებლად თბილისში, პირველად ავამოქმედეთ სოციალური საწარმო კაფე-გალერეა „რეას ციყვები“, სადაც სხვებთან ერთად აქ უკვე გოგონები დავასაქმეთ თბილისის საინტეგრაციო ცენტრიდან.
გარდა ამისა, 2009 წლიდან, ყოველწლიურად, ჩვენს პარტნიორებთან – „რაგბის მხარდამჭერთა ლიგასთან“ ერთად, ასპინძაში ვაწყობთ საზაფხულო მულტისაინტეგრაციო ბანაკებს ქართველი, სომეხი, რუსი და პოლონელი შშმ ახალგაზრდებისთვის და მათი თანატოლებისთვის.
ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ 2014 წლის სექტემბერში აქვე ჩატარდა ჩვენს ქვეყანაში პირველი საერთაშორისო სპორტულ-შემოქმედებითი ფესტივალი შშმ პირების მონაწილეობით და აგრეთვე, სოციალური კინოს დღეები.
ამ საქმიანობის განხორციელებაში გვეხმარებიან ჩვენი მხარდამჭერები და პარტნიორები: გერმანული “პური მსოფლიოსთვის” (Brot für die Welt) ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) და avstriuli diakonia (Diakonie), საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქო, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია, ახალქალაქის სამოციქულო ეკლესია, ადიგენისა და ასპინძის რაიონების მუნიციპალიტეტი და სხვ.
სოციალური საწარმო-კაფის გახსნის სამზადისი ასეთი იყო: ბიზნესგეგმის შემუშავებაში საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი დაგვეხმარა, პიარის საკითხებში კი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებმა იაქტიურეს. შემდეგ რამდენიმე ადამიანმა ეს გაწერილი ბიზნესგეგმა და კაფის სავარაუდო დიზაინერული მონახაზი ვენაში პარტნიორებთან შეხვედრაზე წავიღეთ. ავსტრიელებს ძალიან მოეწონათ იდეა და შედეგად კავშირ “ რეას“ ფინანსური მხარდაჭერა აღმოუჩინეს“.
ქალბატონ ელისოსთან საუბარში გავარკვიე ისიც, რომ „რეას ციყვებს“ დანიშნულებიდან გამომდინარე, შემოსავალი დიდი არ აქვს. ის ფაქტი რომ აქ 4 არაჩვეულებრივი, შეზღუდული უნარის მქონე გოგონა უკვე დასაქმდა, იმაზე მიუთითებს, რომ ის ამოცანა, რაც ასეთი სოციალური კაფის შექმნით უნდა განხორციელებულიყო, ნაწილობრივ უკვე მიღწეულია. ელისო ფიქრობს, რომ თუ ამ ექპერიმეტმა გაამართლა, მომავალში მსგავსი სოციალური საწარმოები რეგიონებშიც გაიხსნება.
ელისო რეხვიაშვილთან საუბრის მერე გოგონებისკენ გავემართე. ნინო 31 წლისაა. ეს მისთვის პირველი სამსახურია. სამსახურში დედას დაჰყავს. გარემო ძალიან მოწონს და არც იღლება.
ხათუნა 37 წლისაა. ის სახლში დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სამსახურის დაწყება მისთვის ძალიან დიდი ემოციასთან იყო დაკავშირებული. ერთი სული მქონდა, აქ მოვსულიყავიო- იღიმის ის.
ახალი წელი მოდის და რას ინატრებდითქო ვკითხე გოგონებს. ნინოს ლამაზი ბეჭედი უნდა, ხათუნას ბრჭყვიალა მძივი. ისინი დიდი სიხარულით ელოდებიან დამდეგ დღესასწაულს და კიდევ მეტი ენთუზიაზმით მუშაობენ, რადგან იმედი აქვთ, რომ ახალი წლის დღეები მეტი ხალხი ეყოლება კაფეს.
სასიხარულოა ის ინფორმაცია, რომ 2014 წლის 3 დეკებერს, სოციალურ საწარმო „რეას ციყვებში“ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის და თანადგომის მემორანდუმი კავშირ „რეას“ თბილისი სახლწიფო სამედიცინო უნივერსიტეტსა და მედიაჰოლდინგ „პალიტრას“ შორის და აგრეთვე, მოხდა კლუბ „ტრირეას“ წარდგენა.
მე ზუსტად ვიცი, რომ გოგონებს საახალწლო სურვილები აუსრულდებათ! ისიც ზუსტად ვიცი, ამ ნატვრებს ვინც აუსრულებს. სამომავლოდ კი მინდა ბევრი ასეთი სოციალური საწარმო-კაფე შეემატოს თბილისს. ადგილი სადაც ყველა თანასწორია და ქრომოსომებსაც არავინ ითვლის.

კომენტარები

კომენტარი