პლანეტა თუშეთი სად და როგორ უნდა იპოვო ბედნიერება

პლანეტა თუშეთი სად და როგორ უნდა იპოვო ბედნიერება

სილვია პლათი „ზარხუფში“ წერს: „ალბათ არსებობს რამე, რასაც ცხელი აბაზანა ვერ კურნავს, მაგრამ მე ასეთი ქვეყნად არაფერი მეგულება. როცა კი სევდიანი ვარ, ან სიკვდილის პირას ვარ, ან ისე ვნერვიულობ, ძილი არ მეკარება, ან ვიღაცაზე ვარ შეყვარებული და მთელი კვირა ვერ ვნახულობ, შინაგანად ვნადგურდები ხოლმე და თავში ესღა მომდის: „ცხელ აბაზანას მივიღებ“.

ამ მეთოდით მეც ბევრჯერ მიცდია „მკურნალობა“ და გამიხარდა სილვია პლათიც რომ იზიარებდა ჩემს გამოცდილებას. მაშინვე გამოჩნდნენ სკეპტიკოსები – არც შენი გვჯერა და არც სილვია პლათისო. ჰოდა, მათ გასაგონად უნდა ვთქვა, რომ არის ადგილი, სადაც მოხვედრა ყველა იმ დარდს დაგავიწყებთ, რასაც სილვია პლათის „ცხელი აბაზანა ვერ შველის“.

კოსმოსში გამოკიდებული ეს პატარა პლანეტა საქართველო-დაღესტან-ჩეჩნეთის საზღვარზეა. წოვათის, გომეწრის, პირიქით და ჩაღმა თემების 10 სოფელს აერთიანებს. განსაკუთრებით სასწაულმოქმედი ძალა მთაზე შეფენილ დართლოს აქვს. აი, სოფელ დართლოში თუ მოხვდი, თორმეტმსაჯულიანი სასამართლოს თორმეტი მსაჯულის თორმეტი ქვა თუ ნახე – ე.ი. სწორ გზას ადგახარ! ყვებიან, რომ ფიცის რიტუალის აღსასრულებლად მსაჯულებს ულვაშის თითო ღერი უნდა მოეგლიჯათ და ფიცის ქვაზე დაედოთ. მე-18 საუკუნის ბოლოს მთავარი ბჭე-მოსამართლის ადგილი ქალს, თუში სახალხო გმირის – დევდრის ანთას ასულს ეკავა.

სასამართლოდან რამდენიმე მეტრში, თუშთაგან წმინდად შერაცხულ მიწაზე, ე.წ. „სალოცავზე“, XIX საუკუნეში აგებული ნახევრადჩამონგრეული ეკლესია დგას. ტაძრის წინ მოზრდილი ტრაფარეტია დარჭობილი. მასზე გადახაზული ცხენის, ქალისა და მანქანის გამოსახულებები იმის ნიშანია, რომ ამ ადგილზე ცხენის, ქალისა და ავტომობილის შესვლა არ შეიძლება (აივანზე გადმომდგარმა ოქროსფერთმიანმა თუშმა ჩვენი დამშვიდება სცადა და გადმოგვძახა: „ნამდვილმა თუშმა სამი რამე არ უნდა ათხოვოს სხვას: ქალი, მანქანა და ცხენიო“. არ დაგვიმალავს, რომ მისი ხუმრობა მოგვეწონა).

ასეთი წმინდა ადგილები თუშეთში მრავლადაა და ადგილობრივების რწმენით იქ ქალის ფეხის დადგმა აკრძალულია. თუშები „მხეცად“ იქცევიან, როცა მათი სიწმინდეების სიახლოვეს ქალს ხედავენ. ამდენად, ცოტა გაუგებარი იყო, რატომ უნდა აეშენებინათ ასეთ ადგილზე ქრისტიანული ტაძარი? ნუთუ, იქ მხოლოდ კაცებს უნდა ელოცათ?.. ქალების შესაშინებლად ყვებიან, ეკლესია მალევე იმიტომ დაინგრა, ქალმა დადგა ამ მიწაზე ფეხიო. მეორე ვერსიით, ეკლესიის გახსნის დღეს, მღვდელს ტაძრის კარი რომ უნდა გაეღო, კლიტე შინ დარჩენია. მის მოსატანად მეზობელ სოფელში წასულა, მაგრამ უკან მობრუნებულს ტაძარი ჩამონგრეული დახვედრია.

ეკლესიის ნანგრევებს რომ მოშორდები და ტაძარს ზურგს შეაქცევ, მთაზე შეფენილი დართლოს პირისპირ აღმოჩნდები. აქ თითოეული სახლი ღირსშესანიშნაობაა. აივნებზე ძველი ჭურჭელი და ავეჯი – უცნაური ფორმების ხის სკამები, მწვანე და ღია ცისფერი, სახასიათო ფიგურებით მოხატული კარადები გამოუწყვიათ. ლურჯად შეფერილი სახლის შიდა ფასადები ივ კლეინის ლურჯ ფერს მოგაგონებს. ერთმა თუშმა მითხრა, თუშებს საღებავები სად ჰქონდათ? – სადღაც შორს, მთებში ლურჯი მიწა მოიპოვება და ლურჯ ფერს იმ მიწისგან ამზადებდნენო. თვალში მოგხვდება კარგად შემონახული მაღალი კოშკები და ბოქლომშებმული კარები. გამოსაზამთრებლად ბარში წასულ თუშებს, ნადირის შიშით თუ ჩაურაზავთ დაბალჭერიანი სახლები.

თუ გინდა ბედნიერება ნამდვილად იპოვო – აქ უნდა შემოგაღამდეს. დაბინდებამდე სოფლის თავზე მდგარ კვავლოს აღმართს უნდა დაადგე. ერთ საათი მაინც უნდა იარო ციცაბო ბილიკებზე. გზაზე ღია მელნისფერ ცის ფოლიოს გადაეყრები… მოგაჯადოებს, მაგრამ მოწყვეტით არ უნდა მოწყვიტო. კვავლოში დაღამებულზე უნდა ახვიდე, ისე უნდა ბნელოდეს, უკან დასაბრუნებულ ბილიკს ვეღარ აგნებდე. უკანა გზაზე, შეიძლება ნამიან ბალახზე ფეხიც დაგიცდეს… მაშინ გულაღმა ეცემი, შენდაუნებურად ცას და უთვალავ ვარსკვლავს უსწორებ ორივე თვალს და საერთოდ აღარ გინდა ადგომა – თავს კოსმოსში დაკარგულად გრძნობ და ბოლო ხმაზე ყვირი, რომ აღარ გინდა დაბრუნება, აღარრრ…

თუშეთში მოსახვედრად საქართველოში ყველაზე ექსტრემალური აბანოს უღელტეხილი უნდა გადაიარო, რომელიც ზღვის დონიდან 2950 მეტრზეა. თუშეთის ცენტრად ომალო მიიჩნევა. ომალოს გარდა, აუცილებლად უნდა ნახო შენაქო, სადაც ყველაზე ლამაზი თუშური სახლი დგას – მრგვალი, სახასიათო ფანჯრის თაღებით, ხის აივნებითა და ლურჯად შეფერილი შიდა ფასადებით; დიკლოს ციხე, რომელიც თვრამეტი თუშის გმირობის ამბავს უამბობს მნახველს; ხევში ჩაკარგული დოჭუ – სოფელი, რომლის მაცხოვრებლები ჭოგრიტებში წამდაუწუმ ცქერით იცავენ თავიანთ წმინდა ადგილებს – მის სიახლოვეს „უწმინდურმა“ (იგულისხმება ქალი) ფეხი არ დადგასო, მერე კი შინ გეპატიჟებიან, ღვინო-არაყს და თუშურ კილტს გაძალებენ, ყველა სადღეგრძელოში ძველ და თანამედროვე ქართველ გმირებს იხსენებენ და სამშობლოსთვის სიკვდილს ნატრობენ. მირგველა, დანო, ბეღელა, ილურთა, ფარსმა, ჰეღო, გირევი, რომელი ერთი… სოფლები გიგანტურ მთებზეა მიმობნეული. გგონია, რომ 3D-ში უყურებ „იურული პერიოდის პარკის“ გაგრძელებას და სადაცაა ტირანოზავრი ან დინოზავრი უნდა გამოჩნდეს…

მაგრამ ეს კინო არ არის. ეს სინამდვილეა!

კომენტარები

კომენტარი