ქალაქობანა

ქალაქობანა

,,დავით სთქვი იყავნ ქალაქნი და აღმოცენდნენ ქალაქნი’’

ასეც იყო: ქალაქი ადრე ბევრი ელექტრონათურა მეგონა, ერთად თავმოყრილი. კიდევ ჩემი დეიდაშვილების ბინა, სადაც ზაფხულობით ჩავყავდი დედაჩემს. ჩემ ცხოვრებაში პირიქით ხდებოდა – სხვები თუ სოფლად ჩამოდოიდნენ დასასვენებელად, მე პირიქით – ქალაქში მივდიოდი. მთელი ერთ თვით. იქ კინო იყო. სხავდასახვანაირი ნაყინიც. და ბევრი მანქანა. აი ზემოთ ნახსებიც ელ–ენერგიაც – მართალია ლიმიტირებულად, მაგრამ მაინც. მოკლედ სხვა ამბები მხვდებოდა. და ძალიანაც მიხაროდა. და მიყვარდა. ისე ,,სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ’’ – ის შესანიშნავი ადგილიც ქალაქად მოიხსენიება, მაგრამ როგორც ქართული ურბანული ცენტრების უმეტესობა, რაღაც გარდამავალი უფრო ეთქმის. მე, სიმართლე გითხრათ, გრანდიოზული პოლისების მოტრფიალე ვარ – გასაგები ამბავია, რაც შენთან არ არის, ის გესურვილება სულ – ცნობილი მოდელია, გნებავთ კომპლექსი. ისიც კომპლექსია – ოზურგეთი, რაღაც გარდამავალია მეთქი რომ დავწერე.
მაგრამ ცხადია, რომ სიტყვა ქალაქი – არც უზარმაზარი შენობების გროვას ნიშნავს და არც დაბალი სახლები გამორიცხავს მის არსებობას (ბოლობოლო მიუნხენში ვწერ ამ წერილს, ზომიერი არქიტექტურის მსოფლიო ცენტრში). ქალაქი სხვა რამეა. არა ,,თბილისი იყო ურთიერთობა’’–მდე არ მივდივარ, ნუ დაფრთხით. ურთიერთობა ყველგანაა. ქალაქი კი..ქალაქი კი, აი ვთქვათ იოსებ გრიშაშვილის ,,ძველი თბილისის ლიტერატურული ბოჰემაა’’. ქალაქი ნიშნავს – იეთიმ გურჯს, ჭავჭავაძიანთ ქალს, ბარათაშვილს, საიათნოვას, კინტო–ყარაჩოღელებს, დიმიტრი ყიფიანს. ანუ ძალიან ბერვ რამეს ერთად. აქ აღარ მინდა ცნობილ ,,ერთ ქუჩაზე რომ მეჩეთიცაა, სინაგოგაც და ტაძარიც’’ ვისაუბრო – სხვა, უახლოესი, სრულიად არაშემწყნარებლური ამბების ასოციაცებს მიგვაჯაჭვავს, ტოლერანტობის ამბავს რომ საეჭვოს ხდის. ქალაქი არის სიჭრელე. სრული, თავადავიწყებული სიჭრელე. თუ გნებავთ სიფერადეც, მაგრამ უფრო ვულგარული სიტყვა ჯობს. ქალაქი ვულგარიზმაც ნიშნავს. სიცივესაც. ფლეგმატიზმსაც. ბევრ უცხოსაც ერთად, ერთ დიდ ოთახში სხვადასხვა საქმით, სურვილით, მიდრეკილებით და ა.შ. ამ უკანასკნელის უკეთ აღსაქმელად დაძებნეთ ზბიგნევ რიბჟინსკის ტანგო,10 წუთიანი ფილმია – დროს არ წაგართმევთ. სიტყვაზე გამახსენდა, ქალაქი დროის მუდმივი ნაკლებობაა. შესაბამისად სიკვდილის დავიწყებასაც ნიშნავს – დრო არ გრჩება, მასზე იფიქრო. სულ ცოცხალი ხარ. გაძალებს სიცოცხლეს. დიახ, ქალაქი სიცოცხლის დაძალებაა და ამით ტკბობა. მაზოხიზმია. სადიზმია. მაგრამ მაგარი რამეა, განუმუეორებელი და მარადიული.
და ეს ყველაფერი ქმნის რომანს. არა, სასიყვარულოს არ ვგულისხმობ. ამასაც ცხადია. მაგრამ ამ შემთხვევაში ლიტერატურის ჟანრზე გესაუბრებით. დიახ, უმცირესი გამონაკლისების გარდა (ალბათ ე.წ. მაგიური რეალიზმის რამდენიმე ტექსტი) რომანს ქალაქი ქმნის. მისი პროდუქტია. ჩვენ ქალაქების სიმრავლეს ვუჩივით. და კარგი რომანებისაც. ასე, რომ მე ორმაგად ქალაქისტი ვარ. მოვინდომოთ, შევქმნათ ქალაქები (და არა თავკომბალა ქვეყანა, სადაც ყველაფერი ერთ წერტილშია თავმოყრილი) და ქალაქები შობენ რომანებს. ჩვენ ხომ გვიყვარს კარგი კარგი ლიტერატურა.

კომენტარები

კომენტარი