ქართველები თვითმფრინავში

ქართველები თვითმფრინავში

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონიათ სხვ(ებ)ის მაგივრად სირცხვილის განცდის მძაფრი შეგრძნება, ხომ ასეა? სავარაუდოდ, იმაშიც დამეთანხმებით, როგორი მწველი და საშინლად უხერხული გრძნობაა; მე მგონი საკუთარ სირცხვილის გრძნობაზე ბევრად უფრო მძაფრი და შემაწუხებელი, რადგან ორმაგად ითრგუნები, ორგზის ნერვიულობ და სირცხვილისგან წელში იხრები.

ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ იშვიათად მემართება, სამწუხაროდ… ალბათ, თქვენც.ახლა მრავალიდან იმ ერთი სახის სირცხვილზე მოგიყვებით, რომელიც ცალკე რუბრიკად გასდევს ჩემს ცხოვრებას, სათაურით “არაფერიგვეშველება”.კერძოდ, საუბარია ჩემისთანა მემამულეების მიერ დაწესებულ-შემოღებულ განსაკუთრებულ ქცევით წესებზე თვითმფრინავში.

უზომოდ მიყვარს ფრენა.ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი საქმიანობაა, რომელიც იწყება მოზღვავებულ ადრენალინთან ერთად, აფრენით, გრძელდება ყოველდღიურ რუტინასთან დროებითი გამომშვიდობებით და ყველაზე სასიამოვნო დღეების გატარებით.სრულდება ისევ მოზღვავებული ადრენალინიანი დაშვებით.თუმცა ამ ძალიან სასიამოვნო პროცესსაც ლაიტმოტივად გასდევს გურამიშვილის უკვდავი სიტყვების ჰარმონია, რომლის დედააზრიც ტკბილი დესერტის მიღებამდე მწარე წიწაკის ჭამას გვაიძულებს.ჰოდა, რა არის წიწაკა?…ჩემი საყვარელი ქართველები თვითმფრინავში.

ქართველები ხაზგასმით არ ვცნობთ ზღვარის შეგრძნებას, არავითარი ზღვარი ამბიციაში, ლანძღვაში, სამართლიანობა-უსამართლობაში, სმა-ჭამაში და აეროპორტში მესაზღვრესთან კონტროლის გავლის დროს–ერთი აბსოლუტურად უწყინარი, არაამბიციური და თითქმის შეუმჩნეველი წითელი ზოლი იატაკზე, რომელიც იმდენად უხმოდ და ზრდილობიანად მიგითითებთ, რომ სანამ წინგასული მგზავრი არ გადაკვეთს საზღვარს, თქვენ, უმჯობესია, მის უკან იდგეთ, რომ ჩემი ხმაურიანი, ყარაჩოღელი, სიცოცხლით სავსე ქართველები ვერც კი ამჩნევენ მას; ან და აი, რანაირად უნდა შეამჩნიონ ახლა, ძირს ხომ არ დაიწყებენ ყურებას, როცა ძმაკაცი ძმაკაცს უყვება, როგორ დაჩინჩლა წინა ღამეს “ძაააან მაგარი ნაშა, შეჩემა; ანდა როცა სამგზავროდ მობილიზებული ოთხი ქართველი ჯეელი ხალისიანი ზმუილითა და ხითხითით განიხილავს ოდნავ წინ მდგარი უცხოელის “ჩერეზჩურ სტრანნ”ბოტასებს და საკმაოდ სერიოზული ფსიქოანალიტიკური გათვლებით ასკვნის, რომ აღნიშნული უცხოელი სინამდვილეში ჩიტია და არა ადამიანი. ჩვენ დიდი ერი ვართ, ჩვენი ტვინი მნიშვნელოვანი იდეებითაა გადატვირთული და ვერ ვამჩნევთ წითელ ხაზს, წითელმა ხაზმა შეგვიმჩნიოს იქეთ, თუ კაია.

მოკლედ, გავიარეთ კონტროლი, ვეძებთ ჩვენი რეისის კარს (შემდგომში”გეითი”).მაგრამ თუ საქართველოში მოფრინავთ, გილოცავთ, ნუ დაიღლით თავს თქვენი გეითის მოძებნით, რადგან ის თავად გაპოვნინებთ თავს.თუკი თქვენს თვალსაწიერში აღინიშნება წრის მსგავს ტრაექტორიაზე შეჯგუფებული, ხმამაღლა მოყაყანე ბრბო, რომელიც რეისის გამოცხადებისთანავე უცვლელი ფორმით, ოღონდ უფრო მაჟორული ზუზუნით და ხმაურით მიაწყდება ცოტა არ იყოს შეშინებულ მაკონტროლებელ ოფიცერს, ესეიგი, გეითმა მოგძებნათ.ცოტაც და თვითმფრინავში ხართ.

აი, აქ იწყება ნამდვილი თავგადასავალი.თქვენს ადგილამდე გაჭირვებით მიღწეული და ოფლში გაწურულ მდგომარეობაში სკამზე დამსკდარი, ამჩნევთ, რომ თქვენს ფეხსაცმელს გარეული ცხენების რემამ გადაუარა და მხოლოდ ხარისხიანი ქიმწმენდა თუ უშველის.ჩემი პირადი გამოცდილებით გაფრთხილებთ, ნურასდროს ჩაიცმევთ თვითმფრინავით მგზავრობისას ზამშის ან ღია შეფერილობის ფეხსაცმელს.ამის შემდეგ იწყება ყველაზე დინამიური პროცესი: ჩვენ, ქართველები, მეტისმეტად ფრთხილი ხალხი ვართ. ამიტომაც “ჩემი ოქრო ჩემთან”-ისპრინციპით, გვირჩევნია, ჩვენი ჩემოდნები ჩვენადვე დავიგულოთ. ამგვარად, თვითმფრინავის ადგილიდან დაძვრამდე პერიოდი ეთმობა თვითმფრინავის საკმაოდ მოკრძალებულ ხელბარგის განყოფილებაში მოზრდილი ჩემოდნების, ჩანთების და ასე შემდეგ ბარგის ორი ხელითა და ორი ფეხით შეტენვას, მერე უკმაყოფილო ზუილით საბარგულის მიკეტვის მიზნით, დაახლოებით ათწუთიან ჯახირს (ცოტა დიდ თაროებს ვერ გაუკეთებენ ეს შობელძაღლები, ბლიად?!!) და ბოლოს კმაყოფილი ოხვრით “მტერზე”გამარჯვებას! ესეც ასე.

შემდეგი ეტაპი, სახელად “ფისი გვინდა! ფისი გვინდა სასწრაფოდ ყველას!!!”თვითმფრინავის დაძვრასთან ერთად, იწყება კოლექტიური სვლა ტუალეტისკენ, ტუალეტის კართან დალოდება-ჩადარაჯება და “აუ შენს მერე მე ვიქნები რა”.პარალელურად ორგანიზდება სალონში რამდენიმე”კუტოკის”სახელდახელო ჩამოყალიბება.უცბად იბადება სალაპარაკო თემა, იქვე აღმოჩნდება რამდენიმე ანალიტიკოსი, ექსპერტი და კომპეტენტური პირი ზოგადსაკაცობრიო საკითხებში.შესაბამისად, მთელი მგზავრობის პერიოდში, სალონის რამდენიმე კუთხეში გარანტირებულად ტარდება მკვეთრად ხმამაღალი, პროფესიონალური დონის და სრულიად კომპეტენტური სემინარი-ტრეინინგი ფეხბურთის, პოლიტიკის, ქალიშვილობისა დაა.შ.საკითხებზე. სემინარის ახალგაზრდა მესვეურები უზრუნველყოფენ აქტუალური თემის იუთუბისეული საინფორმაციო მასალით გამდიდრებას – რა თქმა უნდა, მაღალ ხმაზე.ამგვარად, თუ თქვენ დაღლილი ხართ და გეძინებათ, გირჩევთ დროულად გამოიგლოვოთ თქვენი ტრავმირებული ფსიქიკა და არსებულ რეალობას შეეგუოთ, ასე სჯობს.

დასასრულს, ბორტიდან სამშვიდობოს რის ვაი-ვაგლახით გამოღწეულებს, ქვეყანაში შემშვებსა საზღვროპუნქტთან ნაცნობი წითელი ზოლის დანახვისას, გული გეკუმშებათ, ფეხებში თქვენს უკან მდგარი მგზავრის (რა თქმა უნდა, ქართველის) ჩემოდნის მოუთმენელი ბორბლები გიღიტინებთ.თქვენ კი სხვა რა დაგრჩენიათ; უბრალოდ, გრცხვენიათ.ძალიან, ძალიან გრცხვენიათ…

კომენტარები

კომენტარი