ქართველი მოზარდის ამბავი

ქართველი მოზარდის ამბავი

საქართველოში მოზარდი ასაკის ადამიანების, ე.წ. „თინეიჯერების“ ცხოვრება ერთ-ერთი ძალზე საინტერესო სასაუბრო და განსახილველი თემაა, რომელსაც მინიმალურ ყურადღებას უთმობს საზოგადოება, მასმედია და თქვენ წარმოიდგინეთ, ხელისუფლებაც კი. როგორც წესი, ძალიან მცირე საეთერო დროა გამოყოფილი ამ ასაკის ადამიანების პრობლემებზე სასაუბროდ ტელე და რადიოსივრცეში, მათი სულიერი, ფიზიკური და მორალური მდგომარეობის შესახებ ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს ეპოქაში, ჩვენს სინამდვილეში. ცალკე აღსანიშნავია ქართველი მოზარდის ფენომენი – მისი ისტორია, მისი ბედი, მისი სულიერი სამყარო, მაგრამ ჩემთვის ამჯერად ყველაზე საინტერესო ქართველი მოზარდის ბედია, რომელიც თითქმის ერთნაირია უხსოვარი დროიდან დღემდე. რაც უნდა გასაკვირი იყოს…
ზოგადად, ქართველ მოზარდს არცერთ ეპოქაში – არც შუა საუკუნეებში და არც კომუნისტური საქართველოს „ოქროს ხანაში“ არ ულხინდა. ვგულისხმობ იმ სრულფასოვან ცხოვრებას, რა ცხოვრებითაც მოზარდმა უნდა იარსებოს, გაატაროს საკუთარი სიყმაწვილის წლები და ჩამოყალიბდეს ნორმალურ, განვითარებულ და პერსპექტიულ მოზრდილ ადამიანად. ეს მეცნიერული დისკურსის მცდელობა იქით იყოს, და მართლაც ძალიან საინტერესოდ მეჩვენება ქართველი მოზარდის ბედი საქართველოში – ნეტავ რომელ თაობას ჰქონდა იდეალური, ნათელი, სრულყოფილი მოზარდობის ხანა? მე მგონია, რომ არცერთს. ამის ნათელი დასტური ჩვენი ქვეყნის მთელი მე-20 საუკუნის, და უახლესი ისტორიაა. და მე ისიც მგონია, რომ დღევანდელი მოზარდები, საკუთარი ფასეულობებით, სულიერი და ინტელექტუალური მდგომარეობით, უნარ-ჩვევებით, სწორედ წინა თაობების, წინა წლების ერთგვარი გამოძახილია, შედეგი და „მოსავალია“. არაფერს ვერჩი მათ, პირიქით – მთელი გულით ვგულშემატკივრობ, მივესალმები და საკუთარი საქმით, როგორც შემიძლია, ვცდილობ დღევანდელი მოზარდების ცხოვრება უფრო საინტერესო და შინაარსიანი გახდეს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანამედროვე მოზარდების მიმართ არ გამაჩნდეს, და ზოგადად, არ არსებობდეს კრიტიკული მოსაზრებები, შენიშვნები და სურვილები, რომ ისინი უფრო განვითარებული, დახვეწილი და სრულფასოვანი თაობა იყოს. შესაძლოა პედაგოგის ენით ვწერ, მაგრამ ქართველი პედაგოგების გარკვეული ნაწილისგან განსხვავებით, დღევანდელ მოზარდებს წრფელი გულით ვგულშემატკივრობ, უფრო მეტი მონდომებით ვცდილობ მათ სულიერ სამყაროს ჩავწვდე და ყოველთვის ვეძებ განსხვავებებს, სხვადასხვაობას – ჩემს თაობასა და ამ თაობას შორის, ჩვენი დროის მოზარდებსა და დღევანდელ მოზარდებს შორის. განსხვავება კი, დამეთანხმებით, უზარმაზარია. ასევე ბევრი გვაქვს საერთო – ჩვენ, მოზარდობისას, და მათ, დღეს.
განსხვავებებით დავიწყებ:
ჩემი თაობის მოზარდობის წლები ავადსახსენებელ 1990-იან წლებს დაემთხვა – დროს, როცა ამ სიტყვის ბუკვალური გაგებით, ქვეყანაში არაფერი სუფევდა: სრული უკუნი, სიცივე, უიმედობა და ოხრობა ხარობდა ირგვლივ;
არც დღესაა „ივერიაგაბრწყინებული“ დრო, მაგრამ სრულიად სხვა რეალობაა ქვეყანაში – მეტი შანსი, მეტი უფლებები, და გაცილებით ნაკლები სტრესია ირგვლივ;
ჩემი თაობის მოზარდები ძირითადად 4 სატელევიზიო არხს უყურებდნენ ტელევიზორში: თბილისის პირველ და მეორე არხს, და მოსკოვის პირველ და მეორე არხს;
დღეს სატელევიზიო სივრცე უკიდეგანო ოკეანესავითაა, სადაც მხოლოდ სურვილი და მართვის პულტის მომარჯვებაა საკმარისი;
ჩემი თაობის მოზარდებმა ყურმოკრულითაც არ იცოდნენ, რა არის კომპიუტერი, და მათი გასართობი ტექნიკის ყველაზე მოწინავე მოწყობილობა საბჭოური წარმოების ე.წ. „ნუ პაგაძის“ სათამაშო იყო – პორტატული ელექტრონული „გაჯეტი“, რომლის რუხ დისფლეიზე ერთგანზომილებიანი კურდღელი ზემოდან, სხვადასხვა მიმართულებით კვერცხებს (არა წითელს) უგორებდა კალათმომარჯვებულ მგელს, რომელიც, ჭირის ოფლში გაწურული, ცდილობდა ყველა კვერცხი მოეთავსებინა კალათში და არცერთი არ დავარდნოდა. იყო, ასე ვთქვათ, მითადქცეული მოარული ინფორმაციაც, რომ თუ თამაშის ბოლო ტურამდე გააღწევდი, სათამაშო „ნუ პაგაძის“ ერთ სერიას გიჩვენებდა…
ჩემი თაობის მოზარდობის დროს კარგი, ხარისხიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი „ხელზე“, „სპეკულიანტთან“ იყიდებოდა, რომელიც „გაცდიდა“ თუ იმ მომენტში ფული არ გქონდა, ხოლო თუ ვინმეს ადგილობრივი, „სამამულო“ წარმოების შარვალი ან ფეხსაცმელი ეცვა, ეს იმ მოზარდის ოჯახის ხელმოკლეობის ამოსაცნობი ნიშანი იყო.
დღევანდელი თაობის მოზარდებს აღარაფერი სჭირთ „ხელზე შესაძენი“, თუმცა ხელმოკლეობის ერთგვარი „სტიგმა“ მაინც არსებობს – თუ რომელიღაც მათგანს მუდამ „მეორადებში“ შეძენილი სამოსი აცვია…
ჩემი თაობის მოზარდები გაცილებით ჩაკეტილი, მორიდებული, სევდიანებიც კი იყვნენ. აკლდათ სილაღე და სითამამე, აზრის გამოთქმის სურვილი და ამბიციურობა, ქარიზმა და ცნობისმოყვარეობა.
დღევანდელი თაობის მოზარდები ჩემი თაობის მოზარდების სრული ანტიპოდები არიან: რასაკვირველია კარგია, რომ გააჩნიათ გასაოცრად მეტი სითამამე და ამბიცია, მაგრამ ხშირად მათ სითამამეს სითავხედე, ხოლო ამბიციას ნარცისიზმი ენაცვლება ხოლმე. იქნებ ყოველივე ამას რაიმე გამართლება აქვს?.. ვინ იცის?..
მე თუ მკითხავთ, ყველაზე დიდი პრობლემა ის კი არ არის, რომ დღევანდელი მოზარდები, ჩვენი ე.წ. „თინეიჯერები“ სრულიად თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ ჭკვიანურ თუ სულელურ აზრს სადაც მოისურვებენ, როცა ინებებენ და როგორც მოუნდებათ, ის კი არა, რომ შესაძლოა ჩვენს თაობაზე გაცილებით ნაკლები წიგნი აქვთ წაკითხული, ის კი არა, რომ ტრანსპორტში ვინმესთვის ადგილის დათმობა „ეგოიმებათ“, ის კი არა, რომ სიგარეტის მოწევას ლამის 10 წლიდან იწყებენ, ის კი არა, რომ საშინლად წამხდარი აქვთ მუსიკალური, კინემატოგრაფიული და სხვა მიმართულებით გემოვნება, ატროფირებული აქვთ ესთეტიკური და სულიერი გრძნობები, არამედ პრობლემა ის არის, რომ ჩემი თაობიდან დღევანდელ თაობამდე, არცერთ მათგანს, არცერთი თაობის „თინეიჯერს“ პატრონი და გამკითხავი არ ჰყოლია – არც სახელმწიფოს და არც საზოგადოების მხრიდან.
პათეტიკის გარეშე ვამბობ (მეზიზღება პათეტიკა): მიუხედავად ამისა, ჩემმა თაობამ თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ახლაც აკეთებს – თავისით, წვალებით და კისრისტეხითაც კი. და წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ დღევანდელი თაობაც იმავე გზას გაივლის – დამოუკიდებლად, საკუთარი გამოცდილებით, ისიც წვალებით, მაგრამ ჩვენგან განსხვავებით, უფრო თამამად, ხმამაღლა და თავხედურადაც კი. მერე რა? მე ამათი სითავხედე მირჩევნია ჩვენს თავმდაბლობას და მობუზულობას, ამათი სისულელეების ყვირილი მირჩევნია ჩვენს დროს ჩურჩულით ნათქვამ ციტატებს კლასიკური პოეზიიდან, ამათი პრაგმატულობა მირჩევნია ჩვენი დროის „სიდინჯეს“.
არა. განა ჩემი მოზარდობის დროინდელი რამე არ მიყვარს… პირიქით – ჩემი ცხოვრების ერთი უზომოდ მნიშვნელოვანი ნაწილია და მიყვარს და მენატრება, მაგრამ დღევანდელები რომ ასეთები არიან…
მაინც მაგრები არიან!
მერე რა, რომ საოცრად სხვანაირები არიან?
მერე რა, რომ ჩვენთან შედარებით ძალიან შეიცვალნენ?
რამე ხომ უნდა შეიცვალოს ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში!!!
ესენი შეცვლიან!
თან – ძალიან კარგად!

კომენტარები

კომენტარი