რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

ვწერ ჩემი ბავშვობის ცნობიერებაში ყველაზე მძაფრად დალექილი ერთ-ერთი
პერსონაჟის შესახებ:

დამახასიათებელი სიარულის მანერა ჰქონდა. ამაყს ჰგავდა და ქუჩაში თამბაქოს
მოწევა უყვარდა. იმ დროს ქალები ან არ ეწეოდნენ, ან ეწეოდნენ მეზობლის
სამზარეულოში. ჩუმად.
ბებიაჩემი თინა დემეტრაძე კი ქუჩაში ღრმა ნაფაზებს ურტყამდა. არ ეშინოდა.

ყველაზე მძაფრად, მაინც მისი მორთული საკურთხის სუფრა მახსოვს:
ჯადოსნური ინსტალაცია. ცეცხლმოკიდებული სანთლებით.
თან მიცვალებულებისთვის მიძღვნილი და თან ასეთი სადღესასწაულო. ვარდისფერ
დედლებს მსხვილი მარილი ზუსტად ისე ეყარათ, როგორც მე მაყრია ხოლმე
თვალის ქვეშ მბზინავი ჩრდილები. ყველიანი კვერები კი, ფაქტურით და ფერით,
მსუქანი ჩვილის ლოყებს ჰგავდა.

ბავშვობაში, თინა ბაღდათში, სადემეტრაოში, ორ დასთან და ძმასთან ერთად
ცხოვრობდა. საკუთარი ცხენებით მდინარის პირას სეირნობდნენ ხოლმე. მზის
ჩასვლისას კი, დიდ იმერულ ხის აივანზე მდგარ, საგულდაგულოდ გაწყობილ
ოვალურ მაგიდას მიუსხდებოდნენ და ვახშმობდნენ. ოთხივეს თეთრი ქათქათა
ხელსაწმენდი ეფინა მუხლებზე.

1937 წელს თინას მამა დახვრიტეს.

იმ წელსვე გიმნაზიიდან გამოყარეს თინა და მისი და-ძმა.
მაინც გაგრძელდა ცხოვრება, იმიტომ რომ არ ეშინოდა.
თინას ბიცოლა ჰყავდა – ნუნუ თაყაიშვილი. ნუნუს ბიძა ექვთიმე თაყაიშვილი
გახლდათ. უკიდურეს გაჭირვებაში გარდაცვლილი მეცნიერის დაკრძალვას
40-მდე ადამიანი რომ ესწრებოდა, ერთ-ერთი თინა იყო. არ შეშინებია. ისტორიულ
პროცესიას თამამად გაჰყვა.

ქალ-ვაჟი ჰყავდა.მერე კიდევ ერთი ბიჭი იშვილა.
ჩემთვის, ის ყველაზე მამაცი, შემდგარი და ემანსიპირებული ქალია! იმიტომ, რომ
არასოდეს არაფრის ეშინოდა.

ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ დაცულია.
რომ უყვართ და არ დატოვებენ.

კომენტარები

კომენტარი