რედაქტორის სვეტი

რედაქტორის სვეტი

მოწოდება კლიმატის ცვლილების საშიშროების შესახებ ნელ-ნელა სიგარეტის კოლოფზე მიწერილ გაფრთხილებას – “მოწევა კლავს” – ემსგავსება: ყველამ იცის ამის შესახებ, მაგრამ არაფერი იცვლება. როგორც 2007 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის დარგში – ალ გორი და რაჯიენდრა პაჩაური ამბობენ, მთავარია “შევურიგდეთ პლანეტას”. მსოფლიო დადგა იმ კატაკლიზმის წინაშე, როცა საფრთხეს ისეთი რესურსების განადგურება მოყვება, როგორიცაა წყალი, მიწა და საკვები. თავისთავად ცხადია, ეს მსოფლიო სტაბილურობაზე ყველაზე მძიმე გავლენას მოახდენს. აქ იგულისხმება კუნძულების და სანაპირო დასახლებების წყლით დაფარვა, ეპიდემიების ზრდა, მასიური მიგრაციები, რაც მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დაძაბულობაში გადაიზრდება. ყველაფერი წინ გვქონია! “ფოკუსის” ამ ნომერს კლიმატის ცვლილებას ბევრი სხვა მიზეზის გარდა, იმიტომაც ვუძღვნით, რომ ჩვენში ამ საშიშროების თვალსაზრისით არც სახელმწიფო, კერძო თუ საზოგადოებრივი აქტივობა არ შეინიშნება. რატომ?

  1. ჩვენთან ფიქრობენ, რომ კლიმატის ცვლილება შორეულ და ნაკლებდამაჯერებელ ფანტასტიკას გავს.
  2. ჩვენი საზოგადოება არ არის მზად, ძლივს მოპოვებულ ფუფუნებაზე უარი თქვას და, მაგალითად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გადაადგილდეს ავტომობილით; ეკონომიურად მოიხმაროს ელექტროენერგია, მოახდინოს ნაგვის დიფერენცირება, ნაკლები მოწიოს და, რაც ყველაზე მთავარია, ნაკლებად გამოყოს უარყოფითი ენერგია.
  3. და ბოლოს, კატაკლიზმებში გამობრძმედილ ხალხს, უბრალოდ, არ ეშინია!

კი, ბატონო, ჩვენ შეგვიძლია არ შეგვეშინდეს და შესაბამისად, არც არაფერი ვიღონოთ. ისევ საკუთარი ინფანტილიზმის ამარა დავრჩეთ, რამაც დღემდე მოგვიყვანა, რაც მიმზიდველს გვხდის დამპყრობთათვის და რაც გვეხმარება ერთსა და იმავე მდინარეში ასჯერ შესულები, მშრალები და უდანაშაულოები დავბრუნდეთ ხოლმე ნაპირზე. უბრალოდ, საქმე ისაა, რომ ერთ დღეს, შესაძლოა, დედამიწაზე არც ასეთი მდინარე იყოს და არც ნაპირი.

კომენტარები

კომენტარი