სექსის ქორეოგრაფია, ვიზუალური მუსიკა და ბევრი სისხლი კანის 66-ე კინოფესტივალი

სექსის ქორეოგრაფია, ვიზუალური მუსიკა და ბევრი სისხლი კანის 66-ე კინოფესტივალი

წლევანდელ გამარჯვებულებს პატივცემული ჟიურ ავლენს – ქრისტიან მუნჯიუ, ქრისტოფ უოლცი, ნიკოლ კიდმანი, ენგლი, ლინრა მსეი, დანიელ ოტეი, ვიდია ბალანი ინდოეთიდან, ნაომი კავასე იაპონიიდან. ამ საპასუხისმგებლო მისიას სათავეში კინო ინდუსტრიის ყველაზე წარმატებული რეჟისორი სთივენ სპილბერგი უდგას.

ძმები კოენები ძველი ოდეკოლონით

INSIDE LLEWYN DAVIS DIRECTED BY ETHAN COEN, JOEL COEN

ძმებმა კოენებმა კანში ტკბილი მოგონებების აღმძვრელი ოდეკოლონის სურნელი დაატრილეს.

ესაო და კინოს კეთება კარგად ვიცითო, თანაც ბოლო დროს გადავიღალეთო და ერთმანეთის და, ცხადია, მაყურებლის გასართობად, 1960-იანი წლების ფოლკლორული მუსიკის ხმებით გაჯერებული ნამუშევარი წარმოგვიდგინეს.
ჟანრებით მოთამაშე ძმები არც “მოხუცების” (“მოხუცების ადგილი აქ არ არის”) კარგად დასამახსოვრებელ სისასტიკეს იმეორებენ, არც ჩემი საყვარელი ფილმის “ბარტონ ფინკის” მისტიურ ხაზს აგრძელებენ; ცხადია, ისევ იუმორით, ნაცნობი მსახიობებით, შთამბეჭდავი მხატვრობით… თუმცა მათი ძველი ოდეკოლონიდან ამჯერად ჯინი არ ამომხტარა. სურნელმა მომღერლის, ლევინ დევისის თავგადასავალი გვიამბო. ეს 60-იანი წლების ამერიკელი მომღერლის, დეივ ვანრონკის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია გახლდათ – ახალგაზრდა ფოლკ-მომღერლის ემოციური, სევდიანი და სასაცილო მოგზაურობა გრინვიჩის სოფლის ღამის კლუბებში, სასტიკი ზამთრისგან გაყინულ ნიუ-იორკში და შორ გზაზე მიმავალ მანქანებში.

“ფილმის მთავარ გმირად შეგვიძლია კატაც მივიჩნიოთ: ფილმში არის ამბავი, ამიტომაც კატა დავამატეთ. დიახ, ფილმი კატის ისტორიის გარშემო ვითარდება,” – ამბობს ჯოელ კოენი, ნახევრად ხუმრობით. თუმცა ფილმს მაინც სიმღერები კრავს – ოსკარ აიზეკის სიმღერები, რომლებსაც პერიოდულად, არც მეტი, არც ნაკლები, ჯასთინ თიმბერლეიკიც უერთდება.

ეს ფილმი კანის 66-ეკინოფესტივალზე ბოლოწუთს ჩართეს საკონკურსო პროგრამაში. ასე, ორაზროვნად დავასრულებ წერას შესანიშნავი ორი ბიჭის შესახებ. ისე, ზოგადად, კინოს ისტორიაში ძმები ყოველთვის ამართლებდნენ იმედებს.

ფლირტი ეშმაკთან და დაკარგული ედემის ბაღი

“ბორგმანი” –რეჟისორი ალექს ვან ვარმერდამი
BORGMAN BY ALEX VAN WARMERDAM

მღვდელი, სხვადასხვა იარაღით შეიარაღებულ ორ მამაკაცთან ერთად, ტყეში სანადიროდ გადის. მიწის ქვეშ რაღაცას ეძებენ. ბოლოს მიაგნებენ და ვხედავთ წვეროსან მამაკაცს, რომელსაც მიწისქვეშ საცხოვრებელი ბინა მოუწყვია და რომელიც გვირაბების საშუალებით დაუსხლტება “მონადირეებს”. ბორგმანი–ასე ქვია მთავარ პერსონაჟს. ის გზად მიწისქვეშ მცხოვრებ თანამოაზრეებს მიადგება და აფრთხილებს, რომ თავს უშველონ, რადგან მათ ეძებენ. ბორგმანი საცხოვრებელ სახლს მიადგება და მასპინძელს პირდაპირ გამოუცხდებს, დიდიხანია არ მიბანავია და თქვენს აბაზანაში ვიბანავებო. ბორგმანს კარს მიუხურავენ.
მეორე სახლის დაზვერვისას, ბორგმანი თვალს მოჰკრავს ფანჯარასთან მდგარ ქალს. კართან მისულს მამაკაცი დახვდება, რომელიც უცხო კაცის უცერემონიო მოთხოვნას აგრესიული უარით პასუხობს. “თქვენს ცოლს ადრე ვიცნობდი”, – იტყვის ბორგმანი, რაც მამაკაცის აგრესიას გამოიწვევს. მეუღლე–მარინა ბორგმანთან ნაცნობობას უაყოფს. მამაკაცს კარს მიუხურავენ.

ბორგმანი ეზოში მდებარე საკუჭნაოში იდებს ბინას. მის იქ ყოფნას მარინა უჩვეულოდ დადებითად მიიღებს, მისთვის საჭმელი მიაქვს, თუმცა ქმრისგან დამალვას თხოვს.

უცნობს ოჯახში უნდა დამკვიდრება. პირველ ჯერზე, ეს წარუმატებელი აღმოჩნდა. ბორგმანი თავის სცენარს შეიმუშავებს და იმიჯშეცვლილი, მებაღის ვაკანსიაზე მოსული, ოჯახის წევრი ხდება. სწორედ აქ იწყება დრამა.

უზრუნველყოფილ ნიდერლანდურ ოჯახში, ერთი შეხედვით, ყველაფერი თავის ადგილასაა: ფეშენებელური საკუთარი სახლი ტყეში. ბაღს მებაღე უვლის. შუახნის ცოლ-ქმარი გემრიელი სადილებით იქცევს თავს, მამაკაცი ტელევიზიაში პროდიუსერად მუშაობს, მათ სამ შვილს კი ძიძა–ახალგაზრდა გოგონა უვლის. ერთ დღესაც, ამ ოჯახში ეშმაკი მიდის.

სრულ განადგურებამდე შავი იუმორით და დრამატურგიული თარგის მოულოდნელი ლიანდაგებით მივდივართ.

არალეგალი ემიგრანტების, ეშმაკის, ედემის ბაღის და ევას სიმბოლოები დანიელმა მწერალმა და რეჟისორმა თითქმის ერთ ლოკაციაში მოაქცია. ერთად მოამწყვდია უზრუნველყოფილი ადამიანებიც და უმუშევრებიც, არალეგალებიც და ჯარისკაცებიც, ბავშვებიც და ეშმაკებიც, პერიოდულად ცხოველების სახეს რომ იღებენ.
ეს სინოპსისის მაგიერ. რეალურად კი, ფილმი მეტაფორებით, სიმბოლოებით და ალეგორიებით არის სავსე, რასაც თანმდევი და ჭარბი შავი იუმორი საინტერესოს და დამაჯერებელს ხდის.

ეს, ფაქტობრივად, არის კიდეც“ედემის ბაღის”დაკარგვის ამბავი – ჩინებული მხატვრობით დაგვირგვინებული ულტრა თანამედროვე ფაბულით. ეს გემოები ერთმანეთს ენაცვლება: სადღაც მჟავე ჭარბობს, ოდნავ ტკბილი, მთლიანობაში კი დესტრუქციულობის სიმწარე სდევს ყველაფერს.

ჰოდა, ბავშვის ენაზე რომ ვთქვათ, ბოროტება იმარჯვებს, რადგან ეშმაკი იბრძვის. ამ ბრძოლაში მისი მოკავშირე ინტრიგის მაძიებელი ქალბატონია, რომელსაც ფლირტი აქვს ეშმაკთან და რომელიც ედემის ბაღის განადგურებას ცდილობს. ასეც მოხდება–სამოთხე დაიკარგება.

ივ სენ ლორანის მელანქოლიური მოდელი

“ახალგაზრდა და მშვენიერი” –
ფრანსუა ოზონი

JEUNE & JOLIE (YOUNG & BEAUTIFUL) DIRECTED BY FRANÇOIS OZON

გაზეთები წერდნენ: ეს ოზონის პირველი ფილმია, სადაც სცენარის და ფილმის ავტორიც თავადაა. ის მეორედ მონაწილეობს საკონკურსო პროგრამაში, მას შემდეგ, რაც 10 წლის წინ, ოქროს სანაპიროზე“აუზი”უჩვენა. უყვარს

ფრანგულ პრესას სტატისტიკის ლექსად თქმა. დრესინგი მათთვის მთავარია. და თუ ახალგაზრდა და ლამაზი გოგო ნახეს“მათსავე”რეჟისორის ფილმში, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი წლის მანძილზე ამის შესახებ ისაუბრებენ.

ასეც უნდა იყოს, რადგან ფრანსუა ოზონმა საინტერესო ნამუშევარი წარმოადგინა. სიღრმე მსუბუქად მოიტანა და არც ერთი მაყურებელი არ დატოვა გულგრილი. ის მთავარზე ლაპარაკობს: ერთ ჭერ ქვეშ მცხოვრები ადამიანების ურთიერთობის კრიზისზე, მარტოსული გოგონას ეგზისტენციალურ ხაზზე, შავსა და თეთრზე.

ოზონს უყვარს, როცა მაყურებელი კომფორტულად გრძნობს თავს. ამიტომ ახალი ნამუშევრის ფორმა კიდევ უფრო სასიამოვნო გახადა–ოთხი სიმღერა და ოთხი სეზონი საშუალო ფენის წარმომადგენელი“ახალგაზრდა და მშვენიერი”ფრანგული ოჯახის ამბავს გვიამბობს, რომელსაც პირველად ზღვისპირა ქალაქში, არდადეგებზე შეკრებილებს ვეცნობით. მელანქოლიურ, ახალგაზრდა და ლამაზ იზაბელს (მარინვაქტი) სწორედ აქ უსრულდება 17 წელი. აქვე აბარებს ქალიშვილობას მისივე ასაკის ბიჭს და საკუთარ თავში ჩაკეტილი, ოჯახთან ერთად პარიზში მალევე ბრუნდება.

სოციალურ ქსელებში მამაკაცების გაცნობით და პორნოსაიტებზე ქექვით, იზაბელის თავგადასავალი იწყება. ლეა – ამ სახელით იზაბელი შიშველი სხეულის ფოტოებს ავრცელებს და საკმაოდ ძვირად ღირებული მეძავი ხდება.
სასტუმროდან სასტუმროში, თავისზე 50 წლით უფროს მამაკაცებთან ერთად გატარებულ ღამეში, ლეა 300 ევროს იღებს. მისთვის ეს თამაში სულ უფრო აზარტული ხდება და იქამდე გრძელდება, სანამ მის პარტნიორს, 60 წლის მამაკაცს, სექსის დროს მოულოდნელად გული არ გაუჩერდება და მოკვდება.

დედისთვის თავზარდამცემი აღმოჩნდება ამბავი საკუთარი შვილის საქმიანობის შესახებ. ოდესღაც მამისგან მიტოვებული, მელანქოლიური, ახალგაზრდა და ლამაზი იზაბელი ფსიქოთერაპევტს უტყდება, რომ მას სითბო სიამოვნებდა. ოზონი აქ შედარების საშუალებას აძლევს მაყურებელს. ამიტომაც შესაძლოა, ის ადამიანი უფრო სასტიკი იყოს, ვისაც იზაბელისნაირი ცხოვრება ყოველთვის სურდა, მაგრამ მასსავით ვერ იცხოვრა; ანის, ვინც ოჯახს გარეგნულად ინარჩუნებს, რეალურად კი სხვა იზიდავს და როცა შანსი ეძლევა, ცხადია, ხელიდან არ უშვებს.

მარინ ვაქტი ივ სენ ლორანის სახლის მოდელია, რომელიც ოზონმა ფილმის მთავარ გმირად აიყვანა. ახალგაზრდა და მშვენიერი მარინი შესანიშნავად თამაშობს 17 წლის მელანქოლიურ გოგონას, რომელსაც, უბრალოდ, სითბო ჭირდება.

იაპონიაში…

“რაც მამა, ის შვილი” –
კორე-ედაჰიროკაზუ
LIKE FATHER, LIKE SON DIRECTED BY KORE-EDA HIROKAZU

ბუნდოვნად მახსოვს, 1970-იანი წლების საქართველოში აქტუალური თემა: ახალ ნამშობიარებ დედებს რომ ეუბნებოდნენ, თქვენიშვილი ავადმყოფი დაიბადა და გარდაიცვალაო, რეალურად კი ამ ბავშვებს სხვადასხვა ქალაქში და ქვეყანაში ყიდდნენ.
თანამედროვე იაპონიაში არაიდენტური, თუმცა მსგავსი ამბავი ხდება: სამშობიაროში ჩვილებს გაცვლიან. ამბავს კი, ექვსი წლის შემდეგ გებულობს ბავშვის მამა რიოტა და დედა მიდორი.
ოჯახები სისხლის ანალიზის ტესტის გაკეთებას და ერთმანეთის გაცნობას გადაწყვეტენ. პედანტი რიოტა, მეუღლესთან ერთად, სამ შვილიან მხიარულ წყვილს შეხვდება.
ოჯახები, იაპონური მოკრძალებით, დამეგობრებას და ერთმანეთისთვის ბავშვების ხშირად ჩვენებას თავადვე გადაწყვეტენ. გასართობი ცენტრები, დაბადების დღეები, სეირნობა, თევზაობა…
თანდათან ირკვევა, რომ ექვსი წლის მანძილზე, რიოტასთვის შვილთან ურთიერთობა მოჩვენებითი იყო. წარმატებული არქიტექტორისთვის საქმე ყველაფერზე მაღლა დგას.

გაცვლიან თუ არა ექვსი წლის წინ შეცვლილ შვილებს მშობლები? რეჟისორისთვის ეს არ არის მთავარი. მას უფრო ის აინტერესებს, მთელი ამ ხნის მანძილზე, იყო თუ არა რიოტა შვილისთვის“მამა”.

ოთხი ტრაგედია ჩინეთში

„ცოდვის ხელი“ – ძია ჩჟანგკე
A TOUCH OF SIN BY JIA ZHANGKE

ძია ჩჟანგკეს კინო რეპორტაჟი ჩინეთიდან ყველაზე მძიმე ისტორიას გვიამბობს. უფრო ზუსტად კი, ის უკანასკნელ წლებში ჩინეთში მომხდარ ოთხ ინციდენტზე მოგვითხრობს, სადაც ადამიანები არიან ან ხდებიან მკვლელები, ზოგჯერ კი – თვითმკვლელობით ასრულებენ ცხოვრებას.

მაიკლ დაგლასის და მეთ დეიმონი საყვარლები არიან

შანდალს მიღმა – სთივენ სოდერბერგი
BEHIND THE CANDELABRA DIRECTED BY STEVEN SODERBERGH

“სექსი, ტყუილი და ვიდეო”, – სოდერბერგს ამ ფილმმა 1989 წელს ოქროს პალმის რტო მოუტანა.

2013-ში კი ის, ცნობილი პიანისტის, ვალენტინო ლიბერაჩის და მისი საყვარლის ისტორიით, ვარსკვლავური შემადგენლობით დაბრუნდა. მათ, ვისაც, ჩემსავით, არც მაიკლ დაგლასი გიყვართ და არც მეთ დეიმონი, ფილმის შემდეგ, წარმოუდგენელია, ეს აზრი არ შეგეცვალოთ.

რთული იყო როლებზე მსახიობების დათანხმება. არც დაგლასი და დეიმონი მოხიბლულან პირველივე შეთავაზებით. თუმცა თავიანთ როლებს წყვილმა ბრწყინვალედ გაართვა თავი – არც სექსის სცენები გასჭირვებიათ და კოსტიუმების მხატვრის ჩინებული ნამუშევრის წყალობით, ფანტასმაგორიული კოსტიუმებიც ადვილად მოირგეს.

ფეშენებელური ვილები, საკუთარი თვითმფრინავი, მდიდრული საძინებლები, ხავერდგადაკრული ტახტები, ოქრო და ატლასები… აბაზანები, აუზები, აუზში ლიბერაჩი–თავის საყვარლებთან ერთად…

მუსიკოსის ცხოვრებაში ჰომოსექსუალობა საიდუმლო თემა იყო. მასზე სიგიჟემდე შეყვარებული ქალბატონების წყალობით, ის მშვენივრად ახერხებდა ჰეტეროსექსუალური ფასადის შექმნას.
მაიკლ დაგლასი ამბობს, რომ ფილმზე მუშაობა სიმსივნის დამარცხების შემდეგ დაიწყო და ეს მისთვის საჩუქარია. ლიბერაჩი დაგლასმა პირველად, მამასთან ერთად, 12 წლის ასაკში ნახა. იმდენი სამკაული ეკეთა, ანათებდაო, – ამბობს დაგლასი, რომელსაც ფილმში სწორედ ამდენივე სამკაულის გაკეთება მოუწია.
მეთ დეიმონი და სოდერბერგი გადასაღებ მოედანზე მეშვიდედ ხვდებიან. სოდერბერგს გადაღების პერიოდში ვებ მისამართი ქონდა შექმნილი, რომელშიც მხოლოდ ჯგუფის წევრებს შეეძლოთ შესვლა. “ყოველ საღამოს ვუყურებდით, თუ რა გადავიღეთ დღისით. ეს ჩემთვის, როგორც მსახიობისთვის, მნიშვნელოვანია,” – ამბობს დეიმონი, რომელიც ფილმში გარდატეხის სამ ეტაპს გადის. ცხოველების მომთვინიერებელი, სიმპათიური და მხიარული ბიჭი ლიბერაჩის საყვარელი ხდება. თავიდან თავს უხერხულად გრძნობს, მოგვიანებით კი ვხედავთ, რომ მშვენივრად ერგება ამ ცხოვრებას.

და რადგან ბოჰემურ იდეას თითქმის ყოველთვის თან ახლავს ნარკოტიკები, დეიმონის გმირი–სკოტიც მისი მსხვერპლი ხდება. თუმცა ის ლიბერაჩის მსხვერპლიც არის, რადგან მათი ურთიერთობის დასრულებისთვის ლიბერაჩის გამოაქვს განაჩენი.

რეალური ცხოვრების მსგავსად, მის ცხოვებაში ხშირად ჩნდებიან ახალ-ახალი საყვარელი მამაკაცები. მაგრამ ლიბერაჩის და სკოტის ურთიერთობა სიყვარულია, ნამდვილი სიყვარული. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ მოგვითხრობს სთივენ სოდერბერგის ნამუშევარი.

ინტელექტუალური ბლოქბასტერი

“ჩალის ფარი” – ტაკაში მიიკე
SHIELD OF STRAW DIRECTED BY TAKASHI MIIKE

ჩალის ფარი“უორნერბრაზერსთან”ერთად შექმნილი პროდუქტია. ეს ფილმი დიდ შემოსავალსაც მოიტანს და იდეოლოგიური გავლენის ფუნქციასაც შეასრულებს.

“1 მილიონი იენიმას, ვინც ჩემი შვილიშვილის მკვლელის, კიომარუს ლიკვიდაციას იკისრებს,” – ასეთი ვიდეო მიმართვა ვრცელდება იაპონიაში, რომლის ავტორიც მილიონერი ნინაგავაა.

სერიული მკვლელი კიომარუ, რომლის სამიზნეც პატარა გოგონები არიან, პოლიციის მიერ დაკავებულია. თუმცა პოლიციის ოთხ ოფიცერს, მკვლელის დანიშნულების ადგილამდე–ტოკიომდე ჩამოყვანა, საკუთარი სიცოცხლის ფასად უჯდება.
მილიონის მსურველი ბევრია, მთელი იაპონია ამ ამბით არის მოცული. ამიტომაც მკვლელობის ინიციატორი ხან იზოლატორის ექიმი აღმოჩნდება, ხანაც – პოლიციის თანამშრომელი, ხანაც – უბრალოდ, მოქალაქეები. ოთხი პოლიციელის მიზანი სწორედ ის არის, რომ დამნაშავე ფიზიკურ განადგურებას გადაარჩინონ და ტოკიოში სასამართლომდე მიიყვანონ.

ინტელექტუალური ბლოქბასტერი – ჩემთვის ასეთი განსაზღვრება აქვს იაპონურ ფილმს, რომელიც კაზუჰირო კიუჩის რომანის ეკრანიზაციაა.

ვინ არის დამნაშავე? სერიული მკვლელი, რომელმაც პატარა გოგონები მოკლა, თუ მსხვერპლის მშობელი, მილიონერი ნინაგავა, რომელიც დამნაშავის “თავში” მილიონს იხდის. მილიონს კი ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება?

ტაივანის რკინიგზებზე გადაღებული ბლოქბასტერი (იაპონიამ, უსაფრთხოების მიზნით, უარი თქვა გადაღებების რკინიგზის სადგურებში წარმოებაზე), არის ამბავი პოლიციელებზე და კრიმინალზე, მათზე, როგორც ადამიანებზე, მათ სისუსტეებზე, გრძნობებსა და პროფესიონალიზმზე.

სექსის ქორეოგრაფია

ადელის ცხოვრება„. თავი 1 და 2“ – აბდელატიფ კეშიში
LA VIE D’ADÈLE – CHAPITRE 1 & 2 (BLUE IS THE WARMEST COLOUR) DIRECTED BY ABDELLATIF KECHICHE

კინოს ისტორიაში არ მოიძებნება სხვა ფილმი, სადაც ლესბოსელების სექსის სცენას ასეთი ხანგრძლივი ქრონომეტრაჟი ქონდეს.

აბდელატიფ კეშიშის ფილმი”ადელისცხოვრება. თავი 1 და 2″ (იგივე”ლურჯი ცხელია”), ამავე სახელწოდების რომანის, თითქმის სამ საათიანი ეკრანიზაციაა, სადაც 15 წლის ადელი (ადელ ექსარქოპოლოსი) ცდილობს სექსუალურ ორიენტაციაში გაერკვეს. ფრანგული ლიტერატურით გატაცებული სკოლის მოსწავლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, როდესაც ემას (ლეა სიდოქსი) –ცისფერთმიან არტისტ გოგონას გაიცნობს. სწორედ ამ დროს იწყება ადელისთვის საკუთარი თავის პოვნის, დაკარგვის და კვლავ პოვნის პროცესი.

მთავარი გმირი რეჟისორმა მაშინ იპოვნა, როდესაც ადელი კაფეტერიაში ლიმონის ტარტს მიირთმევდა; მიირთმევდა მანერულად, ისე, თვალს რომ ვერ მოაშორებდი. შესაძლოა ამიტომაც, ფილმში ადელს ჭამის პროცესში ხშირად ვხედავთ – ცოტათი ისტერიულს, ემოციურს და დასამახსოვრებელს.

ეს ფილმი არამხოლოდ საზოგადოების დემონსტრირებულ თუ ლატენტურ გაუცხოებაზე გვიყვება, როდესაც, მაგალითად, ადელს სკოლაში კლასელები დაკითხვას უწყობენ და ლესბოსელს უწოდებენ… არც მხოლოდ ჰეტეროსექსუალი მშობლების სურვილზე–შვილი ოჯახის კლასიკურ მოდელს უნდა გაყვეს – უნდა ყავდეს ქმარ-შვილი… ეს სამყაროებს შორის კონფლიქტია. ემა წარმატებული არტისტია და მისი წრეც, შესაბამისად, ანდერგრაუნდის ბურჟუებისგან შედგება. ისინი მუდმივად ხელოვნებაზე საუბრობენ, იმპრესიონიზმიდან კონცეპტუალურ ხელოვნებამდე, რემბოდან–კამიუმდე. ადელი კი, სწავლის დასრულების შემდეგ, სკოლის მასწავლებლობაზე ოცნებობს (რასაც ისრულებს კიდეც). მხატვრებიდან მხოლოდ პიკასო ვიციო, ეუბნება ემას. ემას სურს, რომ ადელმა წეროს, რადგან თვლის, რომ კარგად წერს. რეალურად კი, ემას უნდა, რომ მის წრეში ინტეგრირდეს 15 წლის გოგონა, რომელიც საშუალო ფენის ოჯახიდან მოდის.

თუმცა სანამ ემა ღალატს მოიმიზეზებს და ადელს სახლიდან გააგდებს, ჩვენ იმპრესიული სკულპტურების შეჯვარებას ვხედავთ: როგორ გადადის ერთი დახვეწილი სხეული მეორეში, როგორი გამჟღავნებულია ხვევნა-ალერსი, რომლის შესრულებაც ბრწყინვალედ შეძლეს ახალგაზრდა მსახიობებმა. სწორედ ამ სცენებზე დაიხარჯა ყველაზე მეტი დრო და ენერგია: “ჩვენ ამ სცენებს ვიღებდით, როგორც ნახატებს, როგორც სკულპტურებს, ბევრ დროს ვხარჯავდით განათების დაყენებაში, რომ გამოსახულება შესანიშნავი ყოფილიყო”.

სექსის ქორეოგრაფია და სულის მოგზაურობა – ფილმი, სადაც სათქმელი ღრმაა, შრეები საინტერესო და მთლიანი ისტორია – გულისამაჩუყებელია.
წითელ ხალიჩაზე ემა და ადელი ყველაზე ლამაზები იყვნენ. ცხოვრებაში სულ სხვანაირები ჩანდნენ, რაც ნიშნავს, რომ ითამაშეს, ბრწყინვალედ ითამაშეს.

ჯარმუშის ვამპირები

“მხოლოდ საყვარლები გადარჩებიან” –ჯიმ ჯარმუში
ONLY LOVERS LEFT ALIVE DIRECTED BY JIM JARMUSCH

პოლანკსი და ჯარმუში კინოფესტივალმა საკონკურსო პროგრამაში დესერტად შემოინახა. ბოლოსდაბოლოს, წინა დღეს გადაღლილ ჟურნალისტებს და კინოკრიტიკოსებს მაყვლის და ატმის ტარტივით მოართვეს ცოცხალი კლასიკოსების ახალი ნამუშევრები.

ჯარმუში შეყვარებული ვამპირების ისტორიას ყვება, რომლის გადაღებაზეც 7 წელი ოცნებობდა და თანხებს ეძებდა.

ადამი და ევა, ასე ქვიათ ტილდა სუინთონის და ტომ ჰიდლსტონის გმირებს, რომლებიც სამყაროს სხვადასხვა პოლუსზე გვევლინებიან და რომლებიც საზრდოს, ანუ ახალ სისხლს სხვადასხვა გზით მოიპოვებენ.ადამი დეტროიტში, ადგილობრივი კლინიკის ექიმისგან სოლიდური თანხის სანაცვლოდ ყიდულობს სისხლს. ევა კი ტანჟერში, მაროკოში, ადგილობრივი მოხუცი ვამპირის სისხლით იკვებება.

ევა ადამთან მიდის. ჯერ აიფონით უკავშირდება მას, შემდეგ კი თვითმფრინავით გადაიფრენს სამყაროს და დეტროიტში ჩადის.

როგორ ცხოვრობენ ვამპირები დღეს, როგორ უყვართ ერთმანეთი, როგორ გადაადგილდებიან, მიირთმევენ სისხლის ნაყინებს, უსმენენ მუსიკას და კითხულობენ წიგნებს, სეირნობენ მანქანით.

ჯარმუში თავისი ოსტატობით თავადვე ერთობა. ფორმით ეთამაშება მსახიობებსაც და მაყურებელს.

ჯარმუში ამბობს, რომ ვამპირული ლიტერატურა ინგლისიდან მოდის, და რომ არის ამაში რაღაც ძალიან ბრიტანული.

ფილმში შემთხვევითი არაფერია. დეტროიტი რეჟისორისთვის პერსონალური და კონცეპტუალურია. იქ, საიდანაც სამყაროსთვის მუსიკალური საკვები მოდიოდა ხოლმე, დღეისთვის დეპრესიული და უსახურია. მუსიკა ფილმში მთავარია.

ვისაც ჯარმუში უყვარს, ამ ფილმსაც შეიყვარებს; ვისაც მხოლოდ მუსიკა უყვარს–ის ჯარმუშსაც შეიყვარებს.

თითქმის ერთნაირი თმის ვარცხნილობით, ჯიმ ჯარმუში და ტილდა სუინთონი წითელ ხალიჩაზე მოხდენილად და დახვეწილად პოზირებდნენ და ამაყობდნენ იმით, რომ 7 წლის წინანდელი ოცნების ფილმის პრემიერა შედგა; ფილმი, სადაც გვიყვებიან მათზე, ვინც არ კვდება და ვისაც უყვარს.

ფესტივალის დასრულება ქალაქსაც იმწამსვე ეტყობა: ადამიანები კანტი-კუნტად გხვდებიან… მიიმალებიან სენეგალელი ქოლგების გადამყიდველებიც, დაიკეტება სპეციალიზებული კაფე-მაღაზიები… არც შეძახილი – “ლიბერასიონ” – იქნება ისე შთამბეჭდავი მოსასმენი, როგორც ფესტივალის დღეებშია: ათიათოსობით სტუმარი, ჟურნალისტი და კინოკრიტიკოსი გრძელ რიგში რომ დგას და ფილმის დაწყებას ელოდება.

კომენტარები

კომენტარი